"ევროპის უკანასკნელი დამალული მარგალიტი: თუშეთი - საქართველოს ულამაზესი კუთხე" - რას წერს თურქული გამოცემა?
02-08-2021
"ევროპის უკანასკნელი დამალული მარგალიტი: თუშეთი - საქართველოს ულამაზესი კუთხე" - რას წერს თურქული გამოცემა?
თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ "დეილი საბაჰში" (Daily Sabah) 30 ივლისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ევროპის უკანასკნელი დამალული მარგალიტი: თუშეთი - საქართველოს ულამაზესი კუთხე".
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"შორეული ქვისკოშკებიანი მთის სოფლები და ღრმა ხეობები, ძველი ღმერთები და კერპები, რომლებსაც ტაძრებში ეთაყვანებოდნენ... ევროპაში ისეთ ადგილს თითქმის ვერსად ვერ იპოვით, რომელიც ისე პირველყოფილად გამოიყურება, როგორც თუშეთი საქართველოში.
თინათინ იდიძეს მტკიცე წესი აქვს, როცა საქმე მის მშობლიურ საქართველოში მოგზაურობას ეხება: "
თუშეთი სულ ბოლოს უნდა ნახოთ. თუ ჯერ თუშეთს ნახავთ და შემდეგ სხვა კუთხეებს, ისინი უკვე თქვენზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენენ".

თიკოს ნათქვამი (ასე ეძახიან მას შინაურები), შეიძლება ობიექტურად არ ჩავთვალოთ, რადგან ცხრა თაობის მანძილზე მისი ოჯახი თუშეთის ხეობაში ცხოვრობს - იმ რეგიონში, რომელიც რუსეთთან საზღვრის ახლოს, კავკასიის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მაგრამ
თიკომ იცის, რასაც ამბობს: 37 წლის ქალმა სამი წელი ესპანეთში, ანდალუზიაში გაატარა, თბილისში კი პედაგოგის სპეციალობას დაეუფლა. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს და ამას წინათ საკუთარი ტურისტული სააგენტოც შექმნა.

თიკოს ემპირიული წესის ნამდვილობა სულ მალე დადასტურდება, როგორც კი ჩვენ სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე აბანოს უღელტეხილს გადავივლით იმ ერთადერთი გზით, რომელიც თუშეთში მიდის.
ყველგანმავალი ძლივძლივობით მოძრაობს დაკლაკნილ გზაზე, მკვეთრ მოსახვევებში და ზოგჯერ იძულებულია გაჩერდეს, რათა ცხვრების ფარა გაუშვას. თიკო იმედოვნებს, რომ ეს გზა კიდევ დიდხანს არ იქნება მოასფალტებული: "წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მასობრივი ტურიზმის მოწმენი ვიქნებით".

პირველი გაჩერება: ომალო
ხუთსაათიანი საგზაო თავგადასავლის შემდეგ ომალოში შევდივართ. თუშეთის მთავარი დასახლებული პუნქტი შუასაკუნოვან ეპოსში გადმოცემულ ადგილს მოგვაგონებს - თავისი სახლებით, კლდეებზე აგებული ათობით კოშკით, რომელიც სოფელს იცავს.
კორონავირუსის პანდემიამდე ომალოში ტურიზმი ჰყვაოდა და თითქმის ყველა სახლი სასტუმროდ იყო გადაქცეული. თუმცა შეკეთებულ სახლებს შორის ძველი და მიტოვებული, ნახევრად დანგრეული შენობებიც ჩანს.
თუ თუშეთის ეროვნული პარკის ადმინიტრაციულ ცენტრს ეწვევით, ძალიან ბევრს გაიგებთ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურაზე, თუმცა ნუგზარ იდიძეს, რომელიც 1980-იან წლებში თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის თუშეთის განყოფილების უფროსი იყო, უფრო მეტი ისტორიები აქვს მოსაყოლი თქვენთვის. იგი თავის მშობლიურ მთიან კუთხეში 20 წლის წინ დაბრუნდა და უფროსი თაობის მონათხრობებს იწერს.
"თუშეთი საქართველოს ერთადერთი რეგიონია, რომელმაც მესაქონლეობის უძველესი კულტურა შეინარჩუნა", - ამბობს ნუგზარი. დღემდე ტურიზმი თუშების ძველ ტრადიციებს არ ემუქრება. მან თუშებს მოუწოდა ძველი და მივიწყებული ხელობები აღედგინათ. ახლა ქალები ისევ ქსოვენ წინდებს, ფერად ხალიჩებს, თექას და თავსაბურავებს. საცხენოსნო ტურებმა ცხენების ადგილობრივი ჯიში შეინარჩუნა.

სოფლიდან სოფელში - მწყემსის ბილიკებით
მეორე დღეს თიკო გრუნტის გზით ხეობაში ჩადის და თავის ცხენს ეფერება. გზის გასწვრივ საბჭოეთის დროინდელი ტრაქტორების დაჟანგული მუხლუხები ყრია. ბაღებში ვაშლის ხეები ჰყვავის, ხოლო მათ ზემოთ თოვლიანი მწვერვალები მოჩანს.
როგორც თიკო გვიხსნის, თუშეთის მთების დიდი ნაწილი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ამიტომაც მწვერვალები მიუდგომელია. ტურისტები, ძირითადად, ხეობებში დადიან და ადგილობრივ, ტრადიციულად ნაგებ სოფლებს ეცნობიან.

შენაქოში მოსახლეობა სამკურნალო მცენარეებს აგროვებს და ახმობს, რომელიც მოქსოვილ წინდებთან და გამაშებთან ერთად, კედელზე არის გამოფენილი. სუვენირების გაყიდვა ღია ცის ქვეშ ხდება.
ჩიღო თითქმის უკაცრიელია, მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს მიტოვებულ და ნანგრევ სახლებს შორის. ოჯახმა თავისი სახლი ტურისტებისთვის სასტუმროდ გადააქცია.

დართლო თუშეთის ყველაზე ლამაზ სოფლად ითვლება, რომელიც 1986 წლიდან სოფელ-მუზეუმად არის გამოცხადებული. შენობები რესტავრირებულია მსოფლიო ბანკის დახმარებით, ყველა სახლის სახურავი, რომლებიც ადრე გოფრირებული რკინის ფურცლებით იყო გადახურული, ახლა ტრადიციული ფიქალით არის შეცვლილი.
ის ტრადიციები, რომლებიც ქრისტიანულ ეპოქამდე არსებობდა, თუშეთში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, რასაც ყოველ სოფელში არსებული [წარმართული] სალოცავები მოწმობს. მაგალითად, სოფელ დანოში თქვენ ნახავთ ქვით ნაგებ პატარა კოშკს ცხვრის თავის ქალათი და რქებით. ტურისტი ქალი, რომელიც კოშკის წინ ქვებით მოხაზულ ნახევარწრის გადაბიჯებას ცდილობს, თიკოს შეყვირებაზე ჩერდება. თიკო მას აჩვენებს აბრას, რომელზეც გამოსახულია ქალის კაბა, წითლად გადახაზული. ეს ნიშნავს, რომ სალოცავები ქალებისთვის დახურულია.

არის ადგილები, სადაც ყოფნა კაცებსაც კი შეზღუდული აქვთ. ტურისტებმა წმინდა წესები არ უნდა დაარღვიონ და თუშები არ უნდა გააბრაზონ. მეორე მხრივ, ის ტურისტები, რომლებიც ადგილობრივი ტრადიციების მიმართ პატივისცემას გამოამჟღავნებენ, შეიძლება თუშების დღესასწაულებზე და ფესტივალებზეც იქნენ მიწვეულნი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

03 აგვისტო 2021 11:31
როცა დავბრუნდები, მთლად საქართველო მინდა მოვინახულო, ყველა კუთხე და აუცილებლად ვნახავ თუშეთსაც,ღმერთო ეს ნატვრა ამისრულე,

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები