"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სასტიკი სპორტით ვარ დაკავებული, ძალიან ნაზი და მშვიდი ხასიათით გამოვირჩევი"
03-08-2021
"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სასტიკი სპორტით ვარ დაკავებული, ძალიან ნაზი და მშვიდი ხასიათით გამოვირჩევი"
რაც დრო გადის ქალების როლი სპორტსა და სხვა აქტიურ პროფესიებში უფრო იზრდება. საზოგადოება ხვდება, რომ ქალსაც შეუძლია იგივე საქმის გაკეთება, რასაც ადრე მხოლოდ მამაკაცები აკეთებდნენ. ჩემი დღევანდელი რესპონდენტი 22 წლის მებრძოლი გოგო, სოფო ბაღიშვილია, რომელიც ბავშვობიდან ბრძოლასა და ჩხუბშია ჩართული და MMA-ით (ბრძოლა წესების გარეშე) არის გატაცებული. სოფო უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედლის მფლობელი მებრძოლი გოგოა, რომელსაც წინ დიდი გეგმები და მიზნები აქვს.

- მოგვიყევი შენს
თავზე, როგორი გოგოა სოფო და რა უყვარს?

- დავიბადე უკრაინაში, ახლა ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. აქტიურად ვვარჯიშობ, მივყვები სპორტს და უკვე წლებია, MMA-ით ვარ გატაცებული, ასევე, ვუვლი ჩემს ოჯახს. მეუღლეც მოჩხუბარია და ერთად ვვარჯიშობთ GURAM FIGHT CLUB-ში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სასტიკი
სპორტით ვარ დაკავებული, ძალიან ნაზი და მშვიდი ხასიათით გამოვირჩევი. მიყვარს ბუნებაში დასვენება და ძალიან მიყვარს ცხოველები. მთელ თავისუფალ დროს ჩემს ქალიშვილთან და ოჯახთან ერთად ვატარებ.

- როგორ აღმოჩნდი MMA-ში (ბრძოლა წესების გარეშე), როდის მიხვდი რომ ჩხუბი და ჭიდაობა მოგწონდა ?
- 8 წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიში დავიწყე. ჩემი ძმა მოჭიდავე იყო და ერთ დღეს მის ვარჯიშს დავესწარი, ძალიან მომეწონა და იმ ერთმა დღემ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. დავინტერესდი ამ სპორტით და მეც შევუერთდი მას. იმის შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული ამ სპორტში. თავიდან უკრაინაში, სამბოში ვვარჯიშობდი, სადაც გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე და უკრაინის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული გავხდი. ასევე, ვარ ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედლის მფლობელი და სამოყვარულო ჩხუბებში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი. ჩხუბი ყოველთვის მომწონდა, პირველი პროფესიონალური ჩხუბი 2019 წელს მქონდა.

- რა არის ყველაზე რთული ამ სპორტში?
- ისეთი სპორტის სახეობაა, სადაც ძალიან ბევრი შრომა გიწევს იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, აქედან გამომდინარე, მეც მიწევს, რაც შეიძლება ბევრი დრო დავუთმო ვარჯიშს, დღეში 2-ჯერ ვვარჯიშობ, დილით და საღამოს, მაგრამ ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს, მჯერა და ვიცი, რომ შრომა აუცილებლად დამიფასდება.

- რას ამბობენ მშობლები და მეგობრები შენს პროფესიაზე?
- ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და დღემდე ასეა. სულ ნერვიულობენ ჩემზე, საფრთხილო სპორტია, თუმცა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და არასდროს მტოვებენ მარტო.

- როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ თურქ გოგონას დაუპირისპირდი. როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
- 28 ივლისს ყაზბეგში, ღია ცის ქვეშ, თურქ გოგონას ვებრძოლე. საბედნიეროდ, ჩემი გამარჯვებით დასრულდა, 18 წამში მტკივნეული ილეთით მოვიგე, საოცარი შეგრძნება იყო.

- რა არის შენი მოტივაციის წყარო, ვინ ან რა გაძლებს მოტივაციას?
- მოტივაციას ბევრი ადამიანი მაძლევს, ასევე, ყველა ჩემი გეგმით ვარ მოტივირებული, ძალიან მინდა ბევრი გამარჯვების მიღწევა და, საბოლოოდ, საქართველოში საჩემპიონო ქამრის ჩამოტანა, ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია.

- თუ გახსოვს, ყველაზე დაძაბული შეხვედრა ვისთან გქონდა?
- 2020 წელს, ერთ-ერთი დაძაბული შეხვედრა მქონდა, სექტემბერში, უკრაინელთან ვიჩხუბე, სამივე რაუნდი მე მოვიგე, მაგრამ ბრძოლა მაინც ფრედ დასრულდა. ჩემი გუნდი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების, მაგრამ არავინ მოგვისმინა.

- ქალი და MMA, საქართველოში უცხოა ქალების ამ სპორტში დანახვა, გიგრძვნია ეს ?
- რა თქმა უნდა, მიგრძვნია, საქართველოში ძალიან ცოტა გოგოა, ვინც ამ სპორტს მიჰყვება. ზოგი ვიდეოების ქვეშ კომენტარს წერს, რომ ეს სპორტი არ არის გოგონებისთვის, რადგან ჩხუბს ეხება საქმე, მაგრამ ყურადღებას არავის ვაქცევ, ბიჭებზე უკეთ შემიძლია ჩხუბი და ბრძოლა ვაჩვენო.

- როგორია შენი ერთი დღე, როდესაც MMA-სთვის ემზადები?
- როდესაც ბრძოლისთვის ვემზადები, ბევრად მეტს ვვარჯიშობ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს, რადგან ბრძოლის წინ შემართებით უნდა ვიგრძნო თავი. მაქვს დარეგულირებული ძილის რეჟიმი, აუცილებელია, ყოველთვის ვიყო ფორმაში და არ გადავიღალო მომზადების დროს.

- უახლოეს სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრე, რას აპირებ?
- სამომავლო გეგმა ისევ ვარჯიშს უკავშირდება, უნდა მოვემზადო შემდეგი ორთაბრძოლისთვის, იმედია, მალე ჩაინიშნება. მინდა, სწრაფად მივაღწიო მაღალ დონეს და ვიბრძოლო მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში.

(სპეციალურად საიტისთვის)

Vaatto
04 აგვისტო 2021 11:59
ნაზი და მშვენიერი გოგო!.. ვერც წარმოიდგენ ადამიანი, რომ პროფესიონალი მოჩხუბარი შეიძლება იყოს!.. ვხდები თქვენი გულშემატკივარი და სულ წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!
ჯიჰა
03 აგვისტო 2021 18:28
ეუჰ!
beso
03 აგვისტო 2021 18:12
წარმატებები ამ რტულ გზაზე ...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები