"იშვიათი დაავადება დამემართა... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"იშვიათი დაავადება დამემართა... მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას" - ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

პარტია "ერის" ლიდერი, ლევან ვასაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ვასაძის თქმით, მას დაუდგინდა იშვიათი დაავადება, AL ტიპის ამილოიდოზი, რომლის მკურნალობის პირველი ეტაპიც ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას გულისხმობს.

"დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენაც და დიაგნოსტიკაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე ხუთი საავადმყოფო, ორი თურქეთში, სამი - მოსკოვში, სანამ არ მივედი იმ დიაგნოზამდე, რომელსაც დღეს დავასახელებ და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზს.

ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი, ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომლებიც ილექება სხვადასხვა ორგანოებში და არის სიცოცხლისათვის სახიფათო.

მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მსოფლიოში. ამ ტიპის, შეძენილი ამილოიდოზი ემართება ერთ მილიონ ადამიანში ორ კაცს. ჩემს შემთხვევაში ის არ არის გენეტიკური, რაც ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი მამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ის არ გადავა ჩემს შთამომავლობაზე.

თუ ამ დაავადებას არ უმკურნალებ, ის სისტემურია და გავრცელდება სხვა ორგანოებზეც. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამდენიმე თვის განმავლობაში.

გასულ კვირას უკვე ჩამიტარდა პირველი სეანსი ქიმიოთერაპიისა. აწი ყოველ კვირა მე მექნება ქიმიოთერაპია, რომელიც მიმართულია ძვლის ტვინში ამ დაავადებასთან ბრძოლაზე.

ახლა მოვიდა მეორე ბიოფსია (პასუხი) და გაჩნდა ეჭვი მეორე დაავადებაზე, რომელიც თუ დადგინდა, გამოვა, რომ ის არის პირველადი და ეს არის მეორადი დაავადება. იმ დაავადებას ჰქვია მრავალჯერადი მიელომა და პირველი თუ ამ ტოქსიკურ ცილებს გამოყოფს მეორე ერჩის ჩონჩხს და ძვლებს", - ამბობს ლევან ვასაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ რუსეთში წავიდა და ამ დროის განმავლობაში ექიმები ვერ ადგენდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე.