აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყება: "საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ რეალობას მოწყვეტილია" - კვირის პალიტრა

აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყება: "საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ რეალობას მოწყვეტილია"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საგარეო საქმეთა სამინისტრო" საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ "რეალობას მოწყვეტილად" აფასებს.

"საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, წარმოაჩინონ აფხაზურ-ქართული კონფლიქტი როგორც "რუსულ-ქართული",არანაირი გამართლება არ აქვს და საკუთარი დანაშაულის ტვირთის მოხსნისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას წარმოადგენს", – ნათქვამია ე.წ. "სამინისტროს" განცხადებაში.

ამასთან, დე ფაქტო საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო შუამავლებს მოუწოდებს, "საქართველოს ხელისუფლების მიერ 1992–1993 და 2008 წლებში ჩადენილი ქმედებები დანაშაულად აღიაროს და ხელი შეუწყოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერას."

გუშინ საქართველოს პარლამენტმა 91-ხმით დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია. ამასთანავე, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.