საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდზე ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი.

"2 აგვისტოს შედგა შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის. განხილულ იქნა შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში.

დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი.

გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესები",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"