"არის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები და ძალიან ბევრი წერილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"არის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები და ძალიან ბევრი წერილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით"

"არის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები და ძალიან ბევრი წერილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. როგორც ჩანს, ბოლოს დროს, ქვეყანაში მომხდარი ფაქტების, კერძოდ, პოლონელი ტურისტის დაჭრისა და კიდევ უფრო მძიმე შემთხვევის, ავსტრიის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ტურისტები სასტუმროს ერთი კვირით ადრეც კი აღარ ჯავშნიან. როგორც მაია სიდამონიძე ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ნომრების დაჯავშნა მხოლოდ 1-2 დღით ადრე ხდება, თუმცა, ესეც არ არის გარანტირებული.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს, ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარება და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელიც ემატება. ეპიდემიოლოგები უკვე შეზღუდვების ახლიდან ამოქმედებაზეც კი საუბრობენ.

"უსაფრთხოება არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ადამიანმა იმოგზაუროს, რაც დღეს, ჩვენს ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზია ეპიდ-სიტუაცია, კრიმინოგენული ვითარება და ა.შ. თუ ეს ერთეული შემთხვევების დონეზე აღიკვეთა და დამნაშავეები, დაისჯებიან, ამას ქვეყნისთვის მოკლევადიანი ზარალი ექნება. თუმცა, თუ გაგრძელდა და დაუსჯელობის სინდრომიც თანმიმდევრული იქნება, ამას უფრო გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი ექნება ტურიზმის ინდუსტრიაზე.

არის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები და ძალიან ბევრი წერილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ ახალი ჯავშნების ნაკადი არ არის, უბრალოდ, ერთი კვირით და ერთი თვით ადრე აღარავინ ჯავშნის. ეს ხდება 1-2 დღით ადრე, მაგრამ ესეც არ არის გარანტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მსგავსი პრეცენდენტის დროს, ეს ჯავშნები გაუქმდება.

განაგრძეთ კითხვა bpn.ge ავტორი: ნინი ქეთელაური