"დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა, შესწავლა მიმდინარეობს, ეს ანტივაქსერთა ჩარევაა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება" - კვირის პალიტრა

"დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა, შესწავლა მიმდინარეობს, ეს ანტივაქსერთა ჩარევაა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება"

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან საყურადღებოა, რომ დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა და თან ისე, რომ ჯავშანი არ გააუქმა. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარებს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რომელმაც უნდა გამოავლინოს არის ეს ანტივაქსერთა ჩარევა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება. ამასთანავე, თამარ გაბუანიას განმარტებით, თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები.

"ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად, არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე, არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი რიცხვი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3000 შემთხვევა არგამოცხადების, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული ბარიერი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცდილობდა დარეგისტრირებას და უბრალოდ ადგილი არ დარჩა მათი რეგისტრაციისთვის. ბუნებრივია, ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება, იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა.

ეს ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. არ ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ, არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა თუ რაღაც სხვა მიზეზია. ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა ანტივაქსერული ნიშნები რომ არის, სოციიალური ქსელში არის აშკარა აქტივობა ამ მიმართულებით. რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც, ამიტომ ყველა მხრიდან საჭიროა მობილიზება იმისთვის, რომ საპასუხო რეაგირება გვქონდეს. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვება შესაბამისი უწყებები,"- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ პროცესში ვაქცინის დოზები არ გაფუჭებულა, თუმცა პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა.