"რომ ვიცოდე, ლაშას კიდევ რამდენი შეუძლია, საჩხერეში ვინ გამაჩერებს... 10-15 კილოთი მეტის აწევაც შეეძლო" - ლაშა ტალახაძის მამის პირველი კომენტარი
04-08-2021
"რომ ვიცოდე, ლაშას კიდევ რამდენი შეუძლია, საჩხერეში ვინ გამაჩერებს... 10-15 კილოთი მეტის აწევაც შეეძლო" - ლაშა ტალახაძის მამის პირველი კომენტარი
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა, პლანეტის უძლიერესმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა.
მან  ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორი გახდა!
ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი,
245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. საერთო შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

28 წლის ქართველის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მისი მამა, ბატონი კობა ტალახაძეა,
რომელიც ყოფილი ძალოსანი გახლავთ. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ლაშამ ვარჯიში პატარა ასაკიდან სპორტის აღნიშნულ სახეობაში და უდიდეს წარმატებებს აღწევს. ლაშას გამარჯვების შემდეგ, ბატონ კობას დავუკავშირდით:

- ბატონო კობა, პირველ რიგში, გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და ბედნიერებას, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც ლაშას ცხოვრება ძალოსნობას დაუკავშირა, რა განცდა გეუფლებათ ახლა, როცა ის პლანეტის უძლეველი სპორტსმენი და ძალოსანია?
- პირველ რიგში ღმერთს ვეტყვი მადლობას, რომ ამხელა სიხარული გვარგუნა და ლაშა, პლანეტის უძლიერესი მამაკაცი ჩემი შვილია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, სპონსორებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ლაშას გამარჯვებას იზიარებენ. მასთან ჯერ არ მილაპარაკია. მიუხედავად იმისა, რომ აღარ გვიკვირს მისი შედეგები, ყოველთვის ვღელავთ და განსაკუთრებული მოლოდინით ველით მის ასპარეზობას. რაც შეეხება მის ახალ რეკორდს, ცოტა მეტ წონაზეც გვქონდა ნასაუბრები, მაგრამ როგორც ჩანს, ძალები დაზოგა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

- სპორტის ამ სახეობაში ლაშამ ისეთი სტანდარტი დაამკვიდრა, ამ საუკუნეშიც და იმ საუკუნეშიც, შეიძლება,  ვერავინ შეწვდეს... რას ფიქრობთ?
- რეკორდები, რომელიც ლაშამ დაამყარა, ამას 40-45 წელია არავინ გაკარებია. ყველაფერი წინ არის, ახალგაზრდაა და რამდენიმე ათწლეული მაინც დასჭირდება ალბათ იმას, ვინმემ მისი შედეგები გააუმჯობესოს!

- სად გადის ლაშას შესაძლებლობების ზღვარი, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს თქვენმა შვილმა ამაზე მეტი? სად უყურეთ მის გამოსვლას?
- რომ ვიცოდე, ლაშას კიდევ რამდენი შეუძლია, საჩხერეში ვინ გამაჩერებს (იცინის). არ ვიცი რა გითხრათ. ხო ხედავთ რა გააკეთა. 10-15 კილოთი მეტის აწევაც შეეძლო. სტადიონზე ვიყავით შეკრებილები და იქ ვუყურე ჩემი შვილი როგორ ამყარებდა მორიგ რეკორდს. რაც შეეხება ლაშას მეუღლეს, ანას, ის ვერ უყურებს ლაშას ასპარეზობას, რადგან ძალიან ნერვიულობს. შვილები ჯერ პატარები ჰყავთ და ვერც იგებენ ჩვენს თავს რა ხდება. რა სიმძიმეს ეჭიდება მათი მამა.

- ყოველი გამოსვლის დროს არის აბსოლუტურად თავდაჯერებული, ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულია. როგორ ახსნით ამ ფაქტორს?
- თავს არ ვიქებთ, მაგრამ ლაშა ასეთი რომ არის, ოჯახის, კარგი მშობლების დამსახურებაა. მას ოჯახის უდიდესი მხარდაჭერა აქვს. ღმერთიც აძლევს ძალას და იმედს. ფიცარნაგზე გამოსვლამდე სულ იწერს პირჯვარს. ძალიან მორწმუნეები ვართ და ძალიან გვწამს ღმერთის.

იხილეთ ვიდეო

(სპეციალურად საიტისთვის)

გელა
05 აგვისტო 2021 12:04
ოქროს ადამიანი!!!
მურმანი
05 აგვისტო 2021 10:54
ლაშამ ეს ყველაფერი დაუღალავი შრომით მიაღწია და არა პოლიტიკოსებივით ქუჩა-ქუჩა წანწალით. ვულოცავ მის ოჯახს პატარა ვაჟკაცს მის გოგონას ყველა ქართველს და მსოფლიოში მის ყველა გულშემატკივარს ლაშას წარმატებებს.
არვისპირელი
05 აგვისტო 2021 10:52
როცა ტალახაძეს ვუყურებ მიხარია რომ ქართველი ვარ,ასეთი პიროვნებების მაგალითზე უნდა გაიზარდოს ქართველები,ყველასთვის მისაბაძი ადამიანია.უფალი გფარავდეს ლაშა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები