"ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ - მთავარი "ბუსტერი" არის ქორწილი, დიდი თავშეყრა" - კვირის პალიტრა

"ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ - მთავარი "ბუსტერი" არის ქორწილი, დიდი თავშეყრა"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და წესების უგულებელყოფა.

"ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერა დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია. მთავარი "ბუსტერი" არ არის ტურიზმი, მთავარი "ბუსტერი" არის ქორწილი, დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე. დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება, მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას, თორემ რაც წინასწარ დაგეგმილია, სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზვრულია და დისტანცია, წესია დაცული, ის "ბუსტერს" არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულწილად ოჯახური თავშეყრა და წესებს არ იცავენ. ეს არის ყველაზე საშიში", - განაცხადა გაბუნიამ.

"დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ეპიდემიოლოგიურ სცენარს არ შეცვლის, ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ადამიანმა უკვე თავისი, საკუთარი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით პირბადე გამოიყენოს", - მისივე თქმით, ჯარიმებისა და შეზღუდვების დაბრუნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ შეცვლის თუ მოქალაქეები საკუთარ თავზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ და პირბადის ტარების მაჩევენებელი არ გაიზრდება.

"მთავარია აღსრულდეს წესი და ჩვენ თუ პირბადის გამოყენებას გავაუმჯობესებთ, დღეს დაახლოებით 50%-იან ნიშნულზე ვართ და თუ გავაუმჯობესებთ, თუნდაც 30%- ით, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, როგორც ინფიცირების შემთხვევის გავრცელებაში, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით. ერთი კვირის განამავლობაში, რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეულწილად უნდა მოხდეს ვითარების გამოსწორება და არ უნდა გაიმართოს დიდი თავყრილობები, თუნდაც ოჯახურ გარემოში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, როდესაც კორონავირუსის მაჩვენებლი იზრდება, იგეგმება თუ არა შეზღუდვების კვლავ დაწესება, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ამ რისკებს აცნობიერებენ, მაგრამ შეზუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება.

"კლინიკაში რამდენი ადგილია ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში კარგად არის ცნობილი. რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია. ჩვენ ამ რისკებს, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც შეზღუდვები არის დაწესებული, ყველა ეს შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90 %- იანი ან 80%- იანი სიზუსტით ამ შემთვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავალი. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზრუდვების ქაღალდზე დატანა ეპიდემიოლოგიურ სცენარს არ შეცვლის. ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ადმიანმა უკვე თავისი, საკუთარი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით პირბადე გამოიყენოს. პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს და ინდივიდუალური ქცევის კონტროლი, ვერცერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობით ვერ მოხერხდება თუ არ იქნება გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე თითოეულ მოქალაქესთან. ამდენად, კი ბატონო დავაწესოთ, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, რა თქმა უნდა, არანაირ შედეგს არ მივიღებთ. კონტროლის მექანიზმი არ შეჩერებულა, მოქმედებს, მაგრამ კონტროლი ვერ მიწვდება ყველა ადამიანს ინდივიდუალურად, იმისთვის,რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი 95% უნდა გვქონდეს ",- განაცხადა გაბუნიამ.