"ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები" - კვირის პალიტრა

"ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები"

"ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები", - ამის შესახებ ალერგოლოგ - იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სახიფათო უწოდა და განაცხადა, რომ რიგი შეზღუდვების შესაძლო დაწესების საკითხი აუცილებლად უნდა განიხილონ.

"საწოლფონდის დატვირთვა ძალიან სერიოზულია. ე.წ. აქტიური შემთხვევების უპრეცედენტო რაოდენობაა, ეს არის ძალიან სერიოზული დატვირთვა. რა შესაძლებლობაა სიტუაციის მართვის? ერთ-ერთი ვარიანტია ძალიან მაღალ მსხვერპლზე წასვლა და ჯანდაცვის სისტემის ზღვარზე გავლა. ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები. მეორე ვარიანტია, როგორ მოხდება პანდემიის მართვა, მობილობის შეზღუდვა, ქვეყანას ახლა მეტი არჩევანი არ დარჩა. მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, ახლა ეს საკითხები ასე მწვავედ არ იდგებოდა",- განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, მობილობის შემზღუდავი ღონისძიების დაწესება გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაგვიანებულიც არის, რადგან კორონავირუსს უკვე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუ ქვეყანა რეგულაციებს არ გაამკაცრებს, ამით პანდემიის მართვის მხრივ "ნაბიჯებს უკან გადადგამს".

"ეს ყველაფერი ჩვენ ტურისტულ სეზონს შევწირეთ, თუმცა მსოფლიოს ქვეყნებმა "წითელ ზონაში" შეგვიყვანეს, ტურისტები აქ მაინც არ ჩამოდიან. სამწუხაროდ, ეს ბალანსი სახელმწიფომ თუ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ იპოვა, რაც ძალიან დასანანია. ერთი მხრივ, ადამიანები იხოცებიან და მეორე მხრივ, ტურისტებიც არ ჩამოდიან ამ ქვეყანაში. რა მივიღეთ პანდემიის ამ მოდელისგან, სხვებმა უნდა განგვიმარტონ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ან გადაწყვეტილების მონაწილე გახდნენ თავისივე თანხმობით.

ვემხრობი პირბადეების ტარების უნივერსალურ გამოყენებას, მხარს ვუჭერ ტესტირების გაფართოებას, ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, ღამით გადაადგილების შეზღუდვაზე ფიქრის დაწყებას, სარესტორნო სივრცეები მხოლოდ გარე სივრცეში უნდა ოპერირებდნენ და შიგნით მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები უნდა დაუშვან", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, საარჩევნოდ შეზღუდვების შემოღება შესაძლოა, ხალხის უკმაყოფილების მიზეზი იყოს, თუმცა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ "პანდემია პოლიტიკური პროცესის მძევალი არ უნდა გახდეს".

"2020 წლის ოქტომბერში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, საარჩევნო პროცესი იყო. მაშინ იმას ვამბობდით, რომ პოლიტიკური პროცესის მძევალი გახდა პანდემიის მართვა. სამწუხაროდ, ახლაც ეს ნიშნები არის, რომ პოლიტიკური პროცესის მძევალია, რადგან არჩევნებია კარზე მომდგარი და შეზღუდვების შემოღება შესაძლოა ხალხის უკმაყოფილების მიზეზი იყოს. ეს პანდემია პოლიტიკური პროცესის მძევალი არ უნდა გახდეს. პანდემიას მართავენ ეპიდემიოლოგები და ყველამ დაავადებათა კონტროლის, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მოუსმინოს",- განაცხადა კულუმბეგოვმა.