"ქართველები რომ ნახავდნენ, ძალიან მოს­წონდათ და ხუმრობით მეტყოდნენ ხოლმე, შენ როგორ წაგიყვანაო. ენა მალე ვისწავლე, ოჯახშიც ბოშურად ვლაპარაკობ" - კვირის პალიტრა

"ქართველები რომ ნახავდნენ, ძალიან მოს­წონდათ და ხუმრობით მეტყოდნენ ხოლმე, შენ როგორ წაგიყვანაო. ენა მალე ვისწავლე, ოჯახშიც ბოშურად ვლაპარაკობ"

"მუკუზანში ვნახე, ახალგაზრდა ბარონი გარდაიცვალა, რომელსაც ქართული სიმღერები ჰყვარებია ძალიან და ჩართული მაგნიტოფონი ჩააყოლეს, როცა დაასაფლავეს"

ქართველი ქალისა და ბოშა ბარონის სიყვარულის ისტორიაზე მინდა გიამბობთ, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. ახლა მათ ხუთი შვილი და 22 შვილიშვილი ჰყავთ. ბარონს მიშა იუნენკო ჰქვია, მის მეუღლეს - ვენერა მართყოფლიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

- 14 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ჩემი ოჯახი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდა. მიშა ჩემს მეზობლად ბიძამისს მშენებლობაზე ეხმარებოდა და იქ ვნახე პირველად. მაშინ 17 წლის იყო. გათხოვებამდე ერთი წლით ადრე მიშას ოჯახში ვიყავი ნამყოფი.

ჩემი და და მისი მეგობარი გოგონა წავიდნენ სამკითხაოდ ბოშებთან, მეც გავყევი. მათ ჩემმა მომავალმა დედამთილმა უმკითხავა. რომ მორჩნენ, მითხრეს, შენც ამკითხავებინეო. ჯერ რატომღაც უარზე ვიყავი, მერე დავთანხმდი. მკითხავმა - ბედი გაქვს ჩაკეტილიო და ცხვირსახოცში გამოკრული ავგაროზი მომცა, ეს დაგეხმარებაო. მისგან რომ გამოვედით, შემეშინდა, ცხვირსახოცი გავხსენი და ავგაროზთან ერთად ეზოში დავაგდე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მიშას გავყევი, დედამისმა მითხრა, რადგან ის ავგაროზი ჩემს ეზოში დააგდე, ამიტომ გახდი ჩემი რძალიო.

- საინტერესოა, როგორ მიიღეს თქვენი ქორწინების ამბავი მშობლებმა. - ძალიან ცუდად. სანამ შვილი არ შეგვეძინა, მანამდე არ მელაპარაკებოდნენ. ჩემი ოჯახი კარგად ცხოვრობდა. ვის არ მიგზავნიდნენ, ყველაფერს გაპატიებთ, ოღონდ შინ წამოდიო, მაგრამ უარზე ვიყავი.

ბოშები ხომ ადრე ქორწინდებიან. ჩემთან ქორწინებამდე ჩემი მეუღლეც ყოფილა დაქორწინებული უკრაინელ ბოშაზე. ქალ-ვაჟი ჰყავდა. ბიჭი უკრაინაში იყო დედასთან, გოგო შინ დამხვდა და მე გავზარდე.

- რით მოგხიბლათ მომავალმა მეუღლემ? - ერთი შეხედვით მომეწონა. ძალიან ლამაზი იყო - ქერა, ცისფერთვალება, მაღალი. მე შავგვრემანი და სუსტი ვარ. ქართველები რომ ნახავდნენ, ძალიან მოსწონდათ და ხუმრობით მეტყოდნენ ხოლმე, შენ როგორ წაგიყვანაო. ენა მალე ვისწავლე, ოჯახშიც ბოშურად ვლაპარაკობ. თითქმის ბოშურად მაცვია, რადგან დიდი ხანია, ბოშურად ვცხოვრობ და ბოშური ოჯახი მაქვს.

- როგორ ქორწინდებიან ბოშები? - ქორწილი შეიძლება ორი კვირაც კი გაგრძელდეს. პატარძალს თეთრი კაბა აცვია და ფატა აქვს. თუ მდიდრები არიან, დასავლეთ საქართველოში (კრიმების შტო), ქორწილში, შეიძლება ოქროებიც მიაკერონ თეთრ კაბას. ჩვენთან არა, მაგრამ რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში ყიდიან პატარძლებს. იქ უხარიათ, როდესაც ბოშა ქალი ოჯახიდან მიდის, ამიტომ ლამაზი ქალის გაჩენა მათთან დიდი ზეიმია. ბოშები ადრე ქორწინდებიან - ზოგჯერ 13 წლის ასაკშიც. რამდენიმე დღის წინ ჩემი 17 წლის შვილიშვილი გაჰყვა ბოშას, რომელიც სენაკში ცხოვრობს. მე ცუდად ვიყავი. ჩემმა ბიჭმა კი ჩააკითხა, რათა სახლში დაებრუნებინა და მერე საქმროს ქორწილით წაეყვანა, მაგრამ გოგო არაფრით არ გამოჰყვა და ჩემი ბიჭი ძალიან გამწარებული დაბრუნდა, საერთოდ აღარ მივაქცევ ყურადღებასო. იმედია, გაუვლის...

- დაკრძალვის ტრადიცია როგორი აქვთ? ერთგან წავიკითხე, ყოფილა შემთხვევა, მიცვალებულისთვის ავტომანქანაც კი ჩაუტანებიათო. მართლა ასეა? - დაახლოებით 20 წლის წინ, მუკუზანში ვნახე, ახალგაზრდა ბარონი გარდაიცვალა, რომელსაც ქართული სიმღერები ჰყვარებია ძალიან და ჩართული მაგნიტოფონი ჩააყოლეს, როცა დაასაფლავეს.

- ბარონები როგორ ხდებიან, შთამომავლობით ირჩევენ? - შთამომავლობით არა, ავტორიტეტის მიხედვით ირჩევენ. ახლა ვცხოვრობ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, სამხედრო დასახლებაში. აქ სახელით არ მიმართავენ ჩემს მეუღლეს, ყველა ბარონს ეძახის. მე კახეთის ბოშათა გაერთიანება `რომას~ თავმჯდომარე ვარ. რითიც შემიძლია, ვეხმარები ბოშათა ოჯახებს. მათ განსაკუთრებით გაუჭირდათ პანდემიის დროს. განათლების სამინისტროდან მეხმარებოდნენ - ფულს მიგზავნიდნენ, პროდუქტს ვყიდულობდი და ვურიგებდი. წამლების შეძენაშიც ვეხმარები, საბუთების მოწესრიგებაშიც....

- რამდენი ბოშაა დღეს საქართველოში? ამბობენ, ისინი პასპორტს არ იღებენო... - დღეს უმრავლესობა სკოლაში არ დადის, რადგან გაჭირვებული ოჯახებია. დედები დადიან ლუკმაპურის საშოვნელად და ბავშვებიც თან დაჰყავთ. ზოგი მკითხაობს, ზოგი მათხოვრობს... ბოშა მამაკაცები, ძირითადად, არ მუშაობენ. ახლა ზოგიერთმა ჯართზე დაიწყო მუშაობა და ეგეც კარგია - ორ კაპიკს მაინც შეიტანენ ოჯახში. პასპორტს როგორ არ იღებენ! მე ვეხმარები, პირადობის მოწმობები რომ აიღონ. ამის გარეშე ვერც დახმარებას მიიღებენ.

საქართველოში ახლა 2 ათასამდე ბოშაა. აქ ბოშების სამი შტო ცხოვრობს: ლახი, პლაშუნი და კრიმი. ლახები და პლაშუნები კახეთსა და ქვემო ქართლში, კრიმები - დასავლეთ საქართველოში ცხოვრობენ. კრიმები, ძირითადად, მუსლიმები არიან, თუმცა, ბოლო პერიოდში ევანგელისტები გახდნენ. ლახები და პლაშუნები ქრისტიანები არიან. პირველი დღესასწაული არის შობა, მერე - ძველი ახალი წელი, წყალკურთხევა, აღდგომა და ა.შ.

- როგორც ვიცი, დაოჯახების შემდეგ თქვენც მიიღეთ განათლება. - ჯერ რვა კლასი დავამთავრე, მერე - ტექნიკუმი და მერე პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ძალიან ბევრი სერტიფიკატი მაქვს.

- თქვენმა შვილებმაც მიიღეს განათლება? - სკოლაში დადიოდნენ, მაგრამ არ დაამთავრეს - ზოგი მე-6 კლასიდან გამოვიდა, ზოგი - მერვედან... თუმცა წერა-კითხვა ხუთივემ კარგად იცის.

- ძირითადად სად მუშაობდით? - სანამ ორგანიზაციას დავაარსებდი, 2009 წლამდე, არსად, თითქმის 30 წელი მომთაბარე ცხოვრება მქონდა. კარვებით დავდიოდით, ცხენები გვყავდა.

მეუღლე ცხენებით ვაჭრობდა, მე ვმკითხაობდი, ვვაჭრობდი. საქართველოს სოფლებში დავდიოდით, რუსეთშიც ვიყავით, უკრაინაშიც, მერე კიროვაბადში, განჯაში... რამდენიმე ოჯახი ვერთიანდებით, რომ შორ გზაზე ერთად წავიდეთ. ადრე მატარებლით ან ავტობუსით მივდიოდით. მიგვქონდა მხოლოდ ტანისამოსი, კარავი და ერთი ხელი ლოგინი.

თითო ბავშვი თუ მიგვყავდა, დანარჩენს დედამთილთან ვტოვებდით. ფულს ვაგროვებდით და ვბრუნდებოდით. მომთაბარეობა თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე, მომწონდა კიდეც...

- მრავალცოლიანობა მიღებულია ბოშებში? - არ არის ძალიან გავრცელებული, ბევრს არ ჰყავს. ჩემს ახლომახლო სამიოდე მამაკაცს თუ ჰყავს ერთზე მეტი ცოლი.

- სამზარეულო როგორი აქვთ ბოშებს? - ძირითადად, იგივე კერძები გვაქვს, რაც ქართველებს. შობას, ძველ ახალ წელს, წყალკურთხევას და აღდგომას ვამზადებთ ბოშურ ხინკალს, რომელსაც კანორე ჰქვია. სხვა დროს მისი მომზადების უფლება არ გვაქვს. მზადდება მოხარშული ღორის ხორცისგან, რომელსაც მერე ვკეპავთ, ვუმატებთ მარილს და შავ წიწაკას. ცომს ცივ წყალთან და ნახარშთან ერთად ვზელთ, პილმენის ფორმაზე ვახვევთ და მთელი ღამე ვხარშავთ, რადგან რამდენიმე ვედროს ვაკეთებთ, დილით ადრე კი ვწვავთ და ცხელ-ცხელი მიგვაქვს სუფრასთან.

- მერე ცეკვა-სიმღერა მოჰყვება კანორეს... - იცოცხლე, თუმცა ადრე უფრო ბევრი მიმდევარი ჰყავდა ამ ყველაფერს, ახლა ინსტრუმენტების პრობლემა აქვთ... ბოშებისთვის დამახასიათებელი სამოსიც უფრო დღესასწაულებზე თუ აცვიათ, თუმცა სიჭრელე და სიფერადე უყვართ და მეც გადმომდეს.

ხუთი შვილი და 22 შვილიშვილი მყავს. ჩემს შვილებს ჰქვიათ ნიკოლოზი, გია, თამრიკო, ნინო და ლალი. ყველა მათგანმა ბოშას დაუკავშირა ცხოვრება.

ასევე იხილეთ ჟურნალისტ გიორგი ბერიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ინახება "პალიტრა ვიდეოს" არქივში - ბოშათა ბარონის ქართველი ცოლი და ხმაურიანი ბოშების მძიმე ცხოვრება