"ზოგს მკერდი ჰქონდა ამოგლეჯილი, ზოგს თვალები ამოთხრილი, ბევრი კიდურების გარეშე იყო... ბიჭები ისეთ მდგომარეობაში შემოჰყავდათ, საკუთარი ტკივილი დამავიწყდა"
08-08-2021
"ზოგს მკერდი ჰქონდა ამოგლეჯილი, ზოგს თვალები ამოთხრილი, ბევრი კიდურების გარეშე იყო... ბიჭები ისეთ მდგომარეობაში შემოჰყავდათ, საკუთარი ტკივილი დამავიწყდა"
"ყოველ წელს, 8 აგვისტოს, 12 საათს რომ 15 წუთი დააკლდება, ჩვენ ვიკრიბებით სენაკის სამხედრო ბაზაზე, იმ ადგილას, სადაც უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და ვანთებთ სანთლებს"

"ბომბების პირველ ჩამოყრაზე დავიჭერი. ჰაერში მომისროლა და მიწაზე დამანარცხა, გონება არ დამიკარგავს, თავიდან არ მიგვრძნია დაჭრა, შემდეგ მთლიანად ჩამწყდა ორგანიზმში ყველაფერი"

აგვისტოს ომს გადარჩენილი ბიჭის საოცარი ამბავი

13 წელი გავიდა აგვისტოს ომის უმძიმესი დღეებიდან. მაშინ რუსულ აგრესიას 412 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თითქმის 2000-მდე დაიჭრა. ათასობით ადამიანი
მიემატა იძულებით გადაადგილებულთა რიცხვს. განადგურდა და მიწასთან გაასწორეს სოფლები, საცხოვრებელი სახლები. ქართული სოფლების დაბომბვა 7 აგვისტოს დაიწყო, 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა.
ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის სოფლები და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღე გაგრძელდა. დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია და ირღვევა ჩვენი მოქალაქეების უფლებები, დღემდე იტაცებენ ადამიანებს.

აგვისტოს მოახლოვება ყველა ქართველისთვის მძიმეა, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია იმ დაღუპული ბიჭების ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები, მეუღლეები, მშობლები, ძმები დაკარგეს.

ამ საბედისწერო დღემდე ბედნიერად ცხოვრობდნენ ხობში ძმები, დათა და დაჩი ხურცილავები. როგორც კი რეზერვის მობილიზაცია გამოცხადდა, ბიჭები 7 აგვისტოს ქვეყნის სადარაჯოზე დადგნენ და იმ უმძიმეს დღეს სენაკის ბაზაზე იყვნენ. ბიჭები ხობის კომისარიატმა გაიწვია რეზერვში. ღამის 12 საათს 15 წუთი აკლდა, როცა სენაკის ბაზა რუსებმა დაბომბეს, სამწუხაროდ, 22 წლის დათა ხურცილავა დაბომბვის დროს ადგილზე დაიღუპა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მისი უმცროსი ძმა დაჩი ხურცილავა. უსმენ მის მოყოლილს და ხვდები, რომ მართლაც უფლის წყალობით გადარჩა. ჯერ იყო სამთვიანი უმძიმესი დღეები საქართველოს საავადმყოფოებში, რის შემდეგაც გერმანიაში, მიუნხენის "გროსპადერნის"-ის კლინიკაში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდა. დაჩი ფაქტობრივად 7 წელი იბრძოდა თავისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამ დროის განმავლობაში, მას 32 ოპერაცია ჩაუტარდა. 2 წელიწადი კლინიკაში გაატარა. საბედნიეროდ, დღეს ჯანმრთელია და ისევ ქვეყნის სადარაჯოზე დგას. მშვენიერი მეუღლე ჰყავს და წყვილი ორ შვილს ზრდის.

დაჩი ხურცილავას ამდენი წლის მერეც ძალიან უმძიმს იმ მძიმე დღეების გახსნება.

- დაჩი, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომის საშინელი დღეებიდან. რა განცდა გეუფლება, როცა ეს დღეები ახლოვდება?
- ძალიან რთული და საშინლად მტკივნეულია ამ დღის გახსენება ჩემთვის. ყველაფერი თვალწინ მიდგება, რაც იმ დღეს დატრიალდა, რა თავზარიც დაგვეცა ჩემს ოჯახს და სრულიად საქართველოს. ბიჭები, ვინც იქ ვიყავით, სულით და გულით ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექით. მე იმ დღეს დაღუპულ ყველა ვაჟკაცს ყოველთვის ჩემს ძმასთან, დათასთან ერთად ვიხსენიებ. ვინც იმ დღეებში დაიჭრა და ვინც გადარჩა, ამისთვის ღმერთს მადლობა.

ყოველ წელს, 8 აგვისტოს, 12 საათს რომ 15 წუთი დააკლდება, ჩვენ ვიკრიბებით სენაკის სამხედრო ბაზაზე, იმ ადგილას, სადაც უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. იმ ადგილას მივდივართ ყველა, ვისაც გული გვტკივა და პატივს მივაგებთ იმ დღეს დაღუპული ბიჭების ხსოვნას. წინასწარ ვითხოვთ ნებართვას, შევდივართ ბაზის ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენი ბიჭების სისხლის დაიღვარა, სანთლებს ვანთებთ, შესანდობარ ჭიქას ავწევთ და ყოველ წელს, იმ ღამით, იმ დროს იქ გვხვდება მოძღვარი, მამა გიორგი, რომელიც ჩვენი გარდაცვლილი ბიჭების სულის საოხად პარაკლისს იხდის.

2008 წლიდან მოყოლებული არ მახსოვს ისეთი წელი, ჩავარდნა გვქონოდა. ეს ტრადიციად ვაქციეთ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, ჩვენ იქ მაინც მივდივართ და ვლოცულობთ ქვეყნის ერთიანობას შეწირული ბიჭების ხსოვნისთვის. აგვისტოს ომის დროს, დიდი მსხვერპლი ჰყავდა ხობის რაიონს, 5 რეზერვისტი დაგვეღუპა. სულ 8 ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ, დანარჩენები შს სამინისტროდან, ასევე, ფოთის დაცვის პოლიციიდან იყვნენ. ყველას ერთი მიზანი გვქონდა, ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა.

- დღემდე მახსოვს ის ემოცია, როცა პირველად შენთან ინტერვიუ ჩავწერე. დღემდე ამ ამბის მოსმენა ცრემლების გარეშე წარმოუდგენელია. იქნებ გაიხსენო ის საბედისწერო დღე.
- ძალიან მიჭირს იმ დღეების გახსენება... პირველ კურსზე ვიყავი, როცა 18-დღიან რეზერვში გამიწვიეს. 2-ჯერ მე და ჩემმა ძმამ, დათამ, რეზერვი ერთად გავიარეთ. დათა ფოთში მუშაობდა, ომი რომ დაიწყო, გვითხრა, ყაზარმულია გამოცხადებული, აქ უნდა ვიყო და ნუ შეგეშინდებათო. თანატოლ ბიჭებთან ერთად რეზერვში გამოგვიძახეს და სენაკის ბაზაზე გადაგვიყვანეს. ეს ჩემმა ძმამ რომ გაიგო, 5 საათზე ისიც შემოგვიერთდა. თურმე, უფროსი არ უშვებდა, აქ მჭირდები, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნებიო, დათას უთქვამს, სადაც ჩემი ძმა იქნება, მეც იქ უნდა ვიყოო. 8 აგვისტოს სენაკის ბაზაზე ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, თქვა, ყველანი აქ ყოფილხართ, მე იქ რა გამაჩერებდაო. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. იარაღები მოგვცეს, განგაში გამოცხადდა, რაც მოგხვდებათ ხელში ჩაიცვითო, შარვალი და ფეხსაცმელი სხვისი მეცვა. მთელი დღის მშიერ-მწყურვალნი ვიყავით, საღამოს 7 საათზე წყალი და საჭმელი მოიტანეს, ცოტა დავნაყრდით, ინფორმაციას რადიოთი ვისმენდით და გორში გადაყვანას ველოდებოდით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენაკის ბაზა უნდა დაებომბათ, "მარშრუტკები" პალასაზე იდგა და ბრძანება გასცეს, სანგრებში გადაეყვანათ. ჩვენც შევედით, კარგა ხანს ვიყავით იქ, მაგრამ ცაზე არაფერი გამოჩენილა. გვითხრეს, საშიში არაფერია, გამოდითო. მოსაღამოვდა, ჩემგან დათა 2 მეტრის მოშორებით იდგა, ღამის 12 საათი სრულდებოდა, ვიღაც ბიჭი ყვიროდა, შეხედეთ, ცაში რაღაც წითელი შუქურა აინთოო. ეს ყველამ შევნიშნეთ. წამებში ისევ აინთო, ახლა უფრო ახლოს და საშინელი ხმაც გაისმა, მიხვდით იბომბებოდა, სანგარში შესვლას ვერ ვასწრებდით, თვალთახედვიდან ჩემი ძმა დავკარგე, თან შუქები ჩაქრა, ყვირილით მივრბოდი და თან დათას ვეძახდი, ხმა ვერ მივაწვდინე, თურმე ის მე მეძახდა. ეს საშინელი, გამაყრუებელი გრუხუნი მიახლოვდებოდა, ბომბდამშენებიც ძალიან ახლოს დადიოდნენ. ბომბების პირველ ჩამოყრაზე დავიჭერი. ჰაერში მომისროლა და მიწაზე დამანარცხა, გონება არ დამიკარგავს, თავიდან არ მიგრძნია დაჭრა, შემდეგ მთლიანად ჩამწყდა ორგანიზმში ყველაფერი: გული, ფილტვები, ირგვლივ საშინელი დენთის სუნი დადგა, ყველა მხრიდან დაჭრილების განწირული ხმა მესმოდა...

პირველი ფრაზა ბიჭების: კიკალიშვილი მოკვდა, ფოთელი ბიჭი, კიკალიშვილი დაიღუპა. შუქებიც ჩაქრა, უცებ რაღაც განათდა და ვიღაც ჩემ წინ დავარდა. ძალა მეცლებოდა, ყვირილს ვერ ვახერხებდი. მარცხენა მხარეს ხელი რომ მოვიკიდე, მიხვდი, სისხლი მდიოდა. დაბალ ხმაზე შველას მაინც ვითხოვდი, მაგრამ ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. განძრევას ვეღარ ვახერხებდი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ფაქტია, ამ დროს უცებ, წამიერად, კადრებივით ჩემ თვალწინ, ბავშვობიდან მოყოლებული მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გაიარა. გავიფიქრე, ვკვდები და "მამაო ჩვენოს" მაინც ვიტყვი-მეთქი, ლოცვა დავიწყე. ბოლომდე ვთქვი, პირჯვარიც გადავისახე და სწორედ ამ დროს, ვიღაც ბიჭი მოვიდა, მითხრა, გიშველი, "მარშრუტკაში" ჩაგსვამო. მან დახმარება სცადა. მე საერთოდ ვეღარ ვეხმარებოდი, ვერ ამწია, ჩანთიდან ბინტი ამოიღო და ჭრილობა შემიხვია. ძალა უფრო გამომეცალა. არ დამტოვო-მეთქი, ვეხვეწებოდი და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვექაჩებოდი, ვცდილობდი არ გამეშვა. მეშინოდა, რომ არ დაბრუნებულიყო. გამიშვი, სხვას მოვიყვანო, ბოლოს გავუშვი. 2 წუთში ორნი დაბრუნდნენ, მეორე უკვე ჩემი მეზობელი აღმოჩნდა, მარშუტში ჩამაწვინეს და ასე გამიყვანეს გზის პირამდე, მანქანა გზაში კინაღამ აფეთქდა. ჩემთან ერთად კიდევ ერთი დაჭრილი და გარდაცვლილიც იყო. გზაზე რომ გამიყვანეს, მამას ხმა შემომესმა, დაჩი ხომ არ მოგყავთო. დაჭრილიაო, უთხრეს, მამა გიჟივით მოვარდა. ჰაერი არ მყოფნის, სული მეხუთება-მეთქი. მამამ მარშუტიდან გამომიყვანა, იქვე დაჭრილებით გატენილი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, იქ პატარა ადგილი იპოვა, ჩამტენა და საავადმყოფოში გამაქანეს...

აგვისტოს ომში დაღუპული დათა ხურცილავა


საშინელი ტკივილები მქონდა, ვეღარ ვუძლებდი, სენაკის საავადმყოფოში მამაჩემმა ტანსაცმელი შემომახია და მაშინ ვნახე, ნაწლავები გარეთ რომ მქონდა. ვეხვეწებოდი რამე ეშველა, რადგან ვეღარ ვსუნთქავდი. ფანჯარა გამოაღო, ჰაერი რომ შემოვიდა, წუთიერად სული მოვითქვი... ძლივს გამიყუჩეს ტკივილი. ბიჭები ისეთ მდგომარეობაში შემოჰყავდათ, საკუთარი ტკივილი დამავიწყდა. ზოგს მკერდი ამოგლეჯილი ჰქონდა, ზოგს თვალები ამოთხრილი, ბევრი კიდურების გარეშე იყო. ეს საშინელი წუთები იყო, რომლის გახსენებაც დღემდე მანადგურებს. მერე ჩამეძინა, თვალი რომ გავახილე დედისა და ბებიას ხმა ჩამესმა, ზუგდიდში გადავყავდით, არ მინდოდა გამოყრილი ნაწლავები მეჩვენებინა და ექთანს ვთხოვე, რამე დაეფარებინათ, თან ვყვიროდი, ჩემი ძმისთვის, დათასთვის მიეხედათ.

ზუგდიდში რომ მივყავდით, ექთანი ტიროდა, ვკითხე, ვერ გადავრჩები-მეთქი? წნევა რომ გამიზომა სახეზე ფერი აღარ ედო, თურმე 30/0-თან მქონდა. საოპერაციოში შესვლის შემდეგ არაფერი მახსოვს. სამი დღე აპარატზე შეერთებული ვიყავი, მერე ქუთაისში გადამიყვანეს. ექიმმა ოლეგი ქოიავამ რისკის ფასად გადამარჩინა. ქუთაისში ოპერაციები გამიკეთეს. 25 დღე ჩემი მეხსიერებიდან ამოშლილია. სიზმარში სულ ჩემს ძმას ვხედავდი, ვიღაცის მიტოვებულ სახლში ერთად ვიყავით, ისიც დაჭრილი იყო. ორი დიასახლისი გვივლიდა... ქუთაისში 14 ოპერაცია გამიკეთეს, ელენთაც ამომაჭრეს, კუჭის კედელი დაზიანებული იყო, ამომიკერეს, მსხვილნაწლავი გავარვარებული ჭურვისგან გამსკდარი. ისევ სიცხეები დამეწყო, ქირურგმა ქოიავამ ტომოგრაფია გადაიღო და ნახა პერიტონიტი იყო დაწყებული...

ყოფილა ისეთი შემთხვევა, კვირაში 2-ჯერაც გაუკეთებიათ ოპერაცია. მუცლის არეში 16, ცხვირში - 2, სულ 18 დრენაჟი მედგა. ბოლოს ექიმმა ოლეგ ქოიავამ მამას უთხრა, რაც შემეძლო გავაკეთე და სრული გამოჯანმრთელება გერმანიაშია შესაძლებელიო, იქ წაყვანა ურჩია. მდგომარეობა არც უმჯობესდებოდა და არც უარესდებოდა. ბატონი ოლეგ ქოიავა იცნობდა გერმანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, გიორგი გრიგოლიას, რომელიც სულ გვერდში მედგა. თბილისში ექიმები გერმანიაში წაყვანის წინააღმდეგნი იყვნენ და ამბობდნენ, რომ ეს სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ერთადერთი, ვინც დაჟინებით პასუხისმგებლობას იღებდა და მიუნხენში წაყვანას ითხოვდა, ქირურგი ოლეგ ქოიავა იყო. მან ხელში აუცილებელი წამლები აიღო და თავად ჩამიყვანა გერმანიაში. გვერდიდან არ მომცილებია, სანამ იქაურ ექიმებს არ ჩამაბარა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მას. ოლეგ ქოიავას და გიორგი გრიგოლიას ამაგს არასოდეს დავივიწყებ. როცა სუფრაზე მოვხვდები და იწევა ჭიქა იმ მედპერსონალის დასალოცად, ვინც მე სიცოცხლის შენარჩუნებაში დამეხმარა, პირველ რიგში ამ ადამიანებს ვიხსენებ. ადამიანური ფაქტორი იყო ძალიან დიდი და სიცოცხლის ბოლომდე გამყვება ეს დაუვიწყარი სიკეთე. ღმერთმა მომივლინა ოლეგ ქოიავა, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი და სიცოცხლე შეენარჩინებინათ ჩემთვის. ბატონი ოლეგის მეგობარია გერმანიაში ბატონი გიორგი გრიგოლია, რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია. გერმანიაში წასვლა თავდაცვის სამინისტრომ დამიფინანსა, მამა მინისტრთანაც შევიდა. გერმანიაში 17 ოპერაცია გამიკეთეს. საოცრად კარგად მექცეოდნენ გერმანელი ექიმები... 5 თვის შემდეგ, ახალი წლის წინა ღამეს, გერმანიაში დამრთეს უფლება ცოტა მეჭამა. თავიდან 20 დღე წყალიც არ მიმიღია. ექთნები მოვიდნენ და ახალი წლის ღამეს სათამაშო ძაღლი მაჩუქეს. მითხრეს, ძაღლს ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს, ყოველთვის იბრძოლე ბედნიერებისთვისო.

გერმანელმა პროფესორმა კარლ-ვალტერიაოხმა, რომელმაც მიმკურნალა, ჰონორარი 30 000 ევრო არ აიღო და ჩემს ანგარიშზე დატოვა. ჩემს გადარჩენას მართლა არ ფიქრობდნენ, გერმანელმა პროფესორმა თქვა, 5 დღე დატოვეთო. ეს ერთგვარი ექსპერიმენტიც იყო ექიმისთვის. ორი წელი სულ კლინიკაში გავატარე. საბოლოოდ, 32 ოპერაცია დამჭირდა. ბოლოს ექიმმა ტომოგრაფია რომ გადამიღო, მითხრა, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი გაქვსო.

სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი და მიყვარდა, დავიწყებული მქონდა, მაგრამ გერმანიაში ყველაფერი აღვიდგინე, თავიდან მუნჯურად ვლაპარაკობდი, თვენახევარში კარგად ავლაპარაკდი, უკვირდათ, სკოლაში ასეთი გერმანული როგორ ისწავლეო....

დაჩი ხურცილავა

- დღეს სრულიად ჯანმრთელი ხართ?
- ყველანაირად გამოჯანმრთელებული ვარ. თუმცა პერიოდულად კვლევები მაინც მესაჭიროება. 5 წელია არ წავსულვარ გერმანიაში, გარკვეული მიზეზების გამო. ამ პანდემიის პერიოდში, ეს ვერანაირად ვერ მოვახერხე. შარშან შევხვდი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში და ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გერმანიაში წასვლა და სამინისტრო ფინანსურად დამხმარებოდა. ყველანაირად გვერდში დამიდგა მინისტრი, დაფინანსება წამოვიდა, მაგრამ პარალიზებული იყო მთელი მსოფლიო და ვერ წავედი. ძალიან მინდა ერთი შემოწმება კიდევ გავიარო გერმანიაში, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ისევ თავს ვიკავებ. სრული რეაბილიტაციისთვის და სრულად გამოჯანმრთელებისთვის 7 წელიწადი, 2015 წლამდე ვიბრძოდი. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჯანმრთელი ვარ.

- მახსოვს, ძმის დაღუპვის ამბავი დიდი ხნის შემდეგ გაიგე, იქნებ გვესაუბრო თქვენს ძმობაზე...
- ამ ტრაგედიიდან 7 თვის მერე გავიგე ჩემი ძმა ცოცხალი რომ არ იყო. მანამდე მეუბნებოდნენ კომაშია, დაჭრილიაო. გერმანიიდან რომ ჩამოვედი, ქუთაისის საავადმყოფოში გამატარეს, იქ დამამშვიდებელი დამალევინეს და მაშინ ჩვენი ოჯახის მეგობარმა მითხრა, დათა ცოცხალი რომ არ იყო. ეს საშინელი წუთები იყო, ვფიქრობდი, ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, სახლი სურათებით მოფენილი დამხვდა. საოცარი ძმა მყავდა. ენით აუღწერელია ის გრძნობა, რაც გამაჩნია. საუკეთესო ძმა და საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ყველანაირად გვერდში დგომა იცოდა. როგორ ვუყვარდი მასაც, ეს მისი სიტყვებიდანაც ჩანს, სადაც ჩემი ძმა არის, იქ უნდა ვიყო მეცო და ამიტომ წამოვიდა სენაკში ისიც. ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი იყო და ეს დასაყრდენი გამომეცალა. ძალიან მტკივა. დათას 25 აგვისტოს ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი და ეს უბედურება დაგვატყდა თავს.

მაშინ ჩვენ რეზერვისტები იქ უპატრონოდ რომ არ დავეტოვებინეთ, ამხელა მსხვერპლი არ იქნებოდა. კიდევ კარგი, ტყვიით დატვირთულ მანქანას არ მოხვდა ის ჭურვი, თორემ ალბათ სენაკი ჰაერში იქნებოდა. იქ საბრძოლო მასალით დატვირთული მანქანა ეყენა.

- ახლა რას აკეთებთ, გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე, ოჯახზე...
- დღეს ვირიცხები ეროვნულ გვარდიაში და ვემსახურები საქართველოს. მართალია ფორმით არ ვარ, სამოქალაქო პირის სტატუსით ვმსახურობ, მაგრამ ჩემს ქვეყანას თუ დასჭირდა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო. მართლა უმძიმესი პერიოდი გამოვიარე. მერე ოჯახიც შევქმენი, მყავს მეუღლე და ორი შვილი. ღვთის წყლობით, დღეს ბედნიერი ვარ. ძალიან მინდა, ჩემმა ქვეყანამ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების საოხად კი მუდამ ენთოს სანთლები.


უმძიმესი დღეები გამოიარა ამ ოჯახმა. ამდენი წლის შემდეგაც, მშობლებისთვის აგვისტოს მოახლოვება ძალიან მტკივნეულია. ქუთაისში, როცა დაჩი იწვა, დედა ავადმყოფ შვილთან შესავლამდე შავ ძაძას იხდიდა, სხვა ფერის ტანსაცმელს იცვამდა და ისე შედიოდა. იქიდან გამოსული კი ისევ უფროსი შვილის საფლავზე მიდიოდა. წვერმოშვებული მამა, ბესიკი, ავადმყოფ შვილს გვერდიდან არ შორდებოდა, შვილს ატყუებდა, სანამ თქვენ არ გამოჯანმრთელდებით და ფეხზე არ დაგაყენებთ, წვერს არ გავიპარსავო. ამ ყველაფრის ატანა თვეების მანძილზე უწევდათ, რადგან 7 თვე უმლავდნენ დაჩის ძმის დაღუპვის ამბავს.

დაჩი ხურცილავა ოჯახთან ერთად

ემოციურად ძალიან მძიმეა ბიჭების მამის, ბესიკ ხურცილავას მონათხრობიც. როგორც კი დაიძაბა სიტუაცია, ის სენაკის ბაზასთან მივიდა, სადაც ორი შვილი ეგულებოდა. ღამის სიბნელეში, დაბომბილ ბაზაში საკუთარ შვილებს თვითონ ეძებდა: "გარედან ვუყურებდით როგორ იბომებოდა იქაურობა, შიგნით ვერ შევდიოდით, მერე სხვადასხვა გზით შევაღწიეთ. ჩემს შვილებს სიბნელეში ვეძებდი, შუქები ჩაქრა. იმ ადგილას მივედი, სადაც დახოცილები იყვნენ. ბიჭების ცხედრებს ვატრიალებდი. ეს უმძიმესი წუთები იყო. ვერ ვიპოვე, თითქოს შვებით ამოვისუნთქე და უკან მოვბრუნდი. ამ დროს ისევ გავჩერდი და კიდევ ერთი დაღუპული გადმოვაბრუნე. სიბნელეში ჩემი შვილი ამოვიცანი, ხელში ავიყვანე, ეს ჩემი დათა იყო, თავზე ხელი რომ გადავუსვი, სულ მისი სისხლით მომესვარა. მივხვდი, ცოცხალი აღარ მყავდა, მანქანით საავადმყოფოში მაინც წაიყვანეს... ამის შემდეგ, გამწარებულმა დაჩის ძებნა დავიწყე, მოულოდნელად დავინახე ბიჭებს ის დაჭრილი მოჰყავდათ, მივვარდი, შვილმა რომ დამინახა, იყვირა: მამა, ჰაერი არ მყოფნის, ვკვდები, მიშველეო. ნაწლავები გამოყრილი ჰქონდა. ამის შემხედვარეს ჩემი გარდაცვლილი შვილი დამავიწყდა, ეს საშინელი წუთები იყო, ძალები მოვიკრიბე და დაჩის საავადმყოფოში გავყევი. ადვილი არ იყო, მაგრამ ვიცოდი, ჩემს დათას ვერაფერს ვუშველიდი, საავადმყოფოში ახლობლებიც მალე მოცვივდნენ, მათ დავუმალე დათა ცოცხალი რომ არ მყავდა. მეუღლეს ვუთხარი, დაჩის მიხედეთ, დათა მოვა-მეთქი. იცით, შემეშინდა, მიცვალებულზე არ გადაეტანათ მთელი ყურადღება და ამით დაჩიც არ დამეღუპა. დაჭრილ ბავშვს ზუგდიდში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროს ჩემს გულში ცეცხლი ტრიალებდა, უფროსი შვილი ცოცხალი არ მყავდა და ხმამაღლა ვეღარ ვამბობდი. მერე კი როცა ექიმების ხელში დაჩი იყო, ვთქვი, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ეს ტკივილი დღემდე მოუშუშებელია".

(სპეციალურად საიტისთვის)

აგვისტოს ომში დაღუპული დათა ხურცილავა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?