"წავიკითხე ის წერილი და თვალებს არ დავუჯერე, ეს არ იყო ჩემი სიტყვა, ჩემი გულის ძახილი და ვერც ვერასდროს იქნება..." - კვირის პალიტრა

"წავიკითხე ის წერილი და თვალებს არ დავუჯერე, ეს არ იყო ჩემი სიტყვა, ჩემი გულის ძახილი და ვერც ვერასდროს იქნება..."

"ის ღვარძლიანი ენა, როგორადაც უნდა სამართლიანი გვეჩვენებოდეს, საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად ვერ და არ გამოდგება... ეს კიდევ ერთი, მთავარი მიზეზია, თუ რატომ არ მოვაწერდი ხელს... მე ასე არასდროს მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი"

ღია წერილმა, რომლითაც უფროსი თაობის მწერლების ნაწილმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია; მწერლები კულტურის მინისტრს სთხოვენ მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა შეიცვალოს. მწერალთა ეროვნული აკადემია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს "აღადგინოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსება, უფლებები და ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია მოახდინოს". წერილში ასევე საუბარია მწერალთა სახლის სრულ რეფორმაზე. წერილის ავტორები წულუკიანს მოუწოდებენ "ოცნების" შეცდომა გამოასწოროს"... თუმცა აღმოჩნდა, რომ "ხელმომწერებს" შორის ისეთებიც არიან, ვინც არც წერილის პათოსს იზიარებს და შესაბამისად, არც ხელი მოუწერია... ასეთია "პოეზიის ხევისბერი", ბევრისთვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური, რომელიც "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- მე ვიცი თქვენი გამოცემის მუშაობის სტილი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ თამამად შემიძლია ჩემი გულისნადები მკითხველს გადავუშალო. მიმდინარე პროცესებში მთავარი სხვა რამეა - ჩვენ გარშემო ყველაფერს უსაზღვრო აგრესია და სიძულვილი მართავს, რომელსაც საკუთარი თავის უზომოდ სიყვარული და სხვისი აზრის უპატივცემულობა იწვევს. როდესაც ადამიანს საკუთარი თავი ყველაფერზე მეტად უყვარს, აქედან იწყება უბედურება, რადგან სხვისი სიყვარულისთვის გულსა და გონებაში ადგილი აღარ რჩება.

ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, ადამიანს ჰგონია, მხოლოდ თავად არის მართალი. ერთმანეთის მოსმენის უნარი, ნებისყოფა და შინაგანი კულტურა არა გვაქვს. ეს რომ გვქონდეს, ამ დღეში არ ჩავცვივდებოდით. ჯიუტი თხებივით ვართ და თუ ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად გადავიჩეხებით უფსკრულში. მერე ვიღაცის ბრალეულობაზე საუბარი გვიანი იქნება. ისედაც ბევრი რამე შეგვეშალა ერთმანეთთან და მაინც ვერ მივხვდით, რომ სანამ პატიებას ვერ შევძლებთ, სულ ასე ვიქნებით.

ყველაზე მეტად იმაში შევცდით, რომ სიყვარულს ერთმანეთს არ ვუგზავნით. დაახლოებით ასე ვუყურებთ ცხოვრებას: "მისგან უნდა მივიღო, მაგრამ მე არ გავცემ". ერთმანეთს სიძულვილისა და ნიშნის მოგების ენაზე ვესაუბრებით. აღარც სინანული გვაწუხებს, ის კი არა, ეს გრძნობა უკვე კარგა ხანია აღარც გვაწუხებს...

ჟურნალისტებს ადანაშაულებენ, სიძულვილის ენით საუბრობენო. შესაძლოა ნაწილი ასეც იქცევა, მაგრამ ჩვენც რომ იმავეს ვაკეთებთ? თუ მათი არ მოგვწონს, მაშ, რატომ ვაქციეთ ყოველდღიურობად ასეთი საუბარი, მე შენზე უპირატესი ვარო.

თუ ადამიანს სხვისი სიყვარული არ შეუძლია, ის ეგოისტია. მის გულში უფლის ადგილიც აღარ არის. მე ჯერ სხვა მიყვარს და მერე ჩემი თავი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემში, ერთ უბრალო მთის კაცში, მოყვასის, ადამიანის სიყვარული იმდენად დიდია, მისხალიც არ დამრჩა სიძულვილისთვის. უფალს სისხლის წვეთით ვგრძნობ და მიყვარს უფალი, რომელიც გზას მაჩვენებს.

წავიკითხე ის წერილი და თვალებს არ დავუჯერე, ეს არ იყო ჩემი სიტყვა, ჩემი გულის ძახილი და ვერც ვერასდროს იქნება... გულისტკივილითა და საყვედურით ვეუბნები ჩემს მეგობრებს, ჩემთვის მნიშვნელოვან და ღირებულ, ძალზე პატივსაცემ ადამიანებს, რომელთა ხელმოწერებს შორისაც ჩემი ხელმოწერაც გაჩნდა - ყველამ იცის, რომ ტარიელ ხარხელაურმა, საკუთარი შვილის მკვლელიც კი ვერ შეიძულა. ყველაფრის მიუხედავად, უბედურმა მამამ, რომლისთვისაც მზე დიდი ხანია ჩაესვენა, ვერ შევძელი მისი სიძულვილისთვის გამეტება.

თქვენ ხომ კარგად მიცნობთ? მე როგორ შემეძლო ასეთ წერილზე ხელის მოწერა?!. ამას ხომ ისედაც არავინ დაიჯერებდა... ჩემო მეგობრებო, ცდებით! მე ასე არასდროს მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა ყოველთვის მიუღებელი და უპატიებელი იყო, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მწერლის მოვალეობა წმინდა საქმეა, ყველას არ შეუძლია უფალსა და საზოგადოებას შორის შუამავალი იყოს, მით უფრო, ამ სიყვარულისგან დაწრეტილ წუთისოფელში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით საუბარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე იმ წერილში სიყვარული ვერ ვნახე. ის ღვარძლიანი ენა კი, როგორადაც უნდა სამართლიანი გვეჩვენებოდეს, საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად ვერ და არ გამოდგება... ეს კიდევ ერთი, მთავარი მიზეზია, თუ რატომ არ მოვაწერდი ხელს ამ წერილს. იქ, სადაც სიყვარული სუსტი და უხერხემლოა, ჩემი ადგილი არ არის. ამის უფლებას ის სიყვარული არ მაძლევს, რაც ჩემმა ხალხმა წუთისოფლის საგზლად მარგუნა.

- ითქვა, რომ სხვადასხვა თაობის მწერლებს შორის დაპირისპირება ყოველთვის იყო. - ამ დენთით აღსავსე სამყაროში ზიზღით და სიძულვილით საუბარი, ვიღაცის მოშთობის, ადგილის მიჩენის სურვილი და მოთხოვნა ჯანსაღი კონკურენცია არ არის, ამას ერთი სახელი აქვს - სიძულვილი. ეს არის ჩვენი უბედურება... თორემ კრიტიკას და კამათს რა სჯობია, როდესაც ინტელექტი ინტელექტს ედავება სუფთა სინდისით, როდესაც საკუთარი კი არა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ახლა ხომ თვითგადარჩენისთვის კამათობენ. კარგა ხანია, ქვეყანას რომ გამოადგება, ისეთ საკითხებზე მსჯელობა არ შეგვიძლია, მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო ინტერესების გარშემო ვკამათობთ. ეს ერსაც ეხება და ბერსაც...

ბოლო დროს ქართულ მწერლობაში განვითარებულ პროცესებს გულისტკივილით ვადევნებ თვალს. ძალიან განვიცდი, რომ მწერლებმა საერთო ენა ვერ გამოვნახეთ და აქაც დაპირისპირებული მხარეები წარმოიქმნა... არადა, ჩვენს სამშობლოს ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. ამ დროს კი ისეთი გაურკვეველი მდგომარეობა იქმნება, როცა რომელიმე მხარეს დგომა მეორისგან ვინმეს წინააღმდეგ ყოფნად აღიქმება...

- მწერლობა ხომ ერის ღირსება და სინდისია. - დიახ, მაგრამ ეს გაცნობიერებული არა გვაქვს. მწერალი მხოლოდ ის გვგონია, ვინც რაც შეიძლება დიდი ტირაჟით გამოსცა წიგნი, რაც შეიძლება დიდი პრემია მიიღო და გამეტებით, ზიზღით გალანძღო ის, ვინც შენზე ცოტათი უკეთესია და მაღლა დგას. მწერალი მართლაც ერის სინდისია, მაგრამ ჩვენში ხომ ტახტზე ფიქრია იოლი - დავითობაა ძნელი. ამიტომ დავტოვე 2013 წელს მწერალთა კავშირი...

საერთოდაც წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობის, რომელიც ქართული მწერლობის მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას უწყობს ხელს. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია. მათ ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ...

გული მტკივა, ჩემს საზოგადოებას ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ. რად გვინდა სხვისკენ, არაკეთილმოსურნე რუსეთისკენ ხელის გაშვერა, როდესაც ერთმანეთის ასე გამეტება შეგვიძლია? რამდენი პარტიაც არის, იმდენი პოლიტიკური პოზიციაა. აქაც პოლიტიკაა შუაში, პოლიტიკამ ყველაფრის პროვოცირება გამოიწვია, ხალხში დაგროვილი აგრესიის გამოსავლენად ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა. რაც ყველაზე მთავარია, თანაგრძნობის უნარი დავკარგეთ... გენიალურ ვაჟას აქვს ნათქვამი: "განუვითარებელი, გაუზრდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული, თვალახილებული ხალხია".

- სად ვეძებოთ იმის მიზეზი, რაც გვჭირს?

- არავის გვინდა აღიარება, მაგრამ განათლება გვაკლია. ზედაპირულ განათლებას შევეგუეთ, სადღაც ყურმოკრულს, ვიღაცის ნათქვამს ვიმეორებთ და გვგონია, განათლება მივიღეთ. ამას გულისტკივილით ვამბობ, საზოგადოება ინტელექტისა და კულტურისგან იცლება. წლებია ამ პრობლემაზე საუბარი გრძელდება, მაინც ვერაფერი შევცვალეთ.

ამიტომაც, როდესაც ისეთი განათლება არა გვაქვს, როგორც ქართველის გულსა და სულს ეკადრება, სხვა ქვეყნის სამართავი ხდები. ჩემი ქვეყნის როგორი გულშემატკივარიც უნდა იყოს სხვა ქვეყანა, როგორ შეიძლება ჭკუას მარიგებდეს, ასე და ასე უნდა მოიქცეო?..

ერთხელ თუ შეძლებ ღალატს, მერე სისხლში გიჯდება, მოთხოვნილებად იქცევა. ამიტომ, სანამ ქვეყანა მათგან არ გაიწმინდება, ვისაც ღალატი შეუძლია, ვერც აგრესიისგან გავთავისუფლდებით და ვერც იმ ნათელს დავინახავთ, რომელსაც ამდენი წელია სასოებით ველით, რადგან გულსა და გონებას თუ ამ ბოღმისგან არ გავითავისუფლებთ, ვეღარც უფალთან საუბარს შევძლებთ.

ჯერ ამას დამცირებად აღვიქვამდი, მაგრამ რომ დავუკვირდი, მივხვდი, მართლები არიან, სწორ რჩევას გვაძლევენ-მეთქი. ამიტომაც გვეუბნებიან ყოველთვის შეფარულად, კარგი ქვეყანა გაქვთ, კარგი ხალხი გყავთ, უკეთეს მომავალს იმსახურებენ, იქნებ შეწყვიტოთ ერთმანეთის ცემა-ტყეპა და მომავალზე იფიქროთო... მართლაც ვიმსახურებთ განათლებულ თაობას, მოწესრიგებულ და დალაგებულ ქვეყანას, მაგრამ ვერ შევქმენით. მეტიც, როდესაც გვეუბნებიან, ასე ჯობია თქვენთვისო, ინსტრუქციას გვაძლევენ და იმასაც არ ვასრულებთ.

არადა, რა გაჭირდა რუსთაველის, ილიას, ვაჟას ქვეყანაში ასეთი, რომ წლების განმავლობაში ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სხვისი რჩევა-დარიგების გარეშე ვერ იარსებოს. რამდენი რამ გვაქვს თავის მოსაწონი ისეთი, რომ სამყარომ ჩვენგან ისწავლოს. მოვა დრო, როდესაც ბოღმისგან გავთავისუფლდებით და საკუთარ მომავალს თავად ავაშენებთ.

- იქამდე შორი გზა გვაქვს გასავლელი?

- დიახ. ჯერ ხომ ბოლომდე არ მოგვიპოვებია თავისუფლება, თორემ მე საბჭოთა კავშირის წლებშიც თავისუფალი ვიყავი და ახლაც ვარ. სანამ პირში სული მიდგას, სულ ასეთი ვიქნები, რადგან ჩემთვის ეს ქვეყანა, ჩემი ხალხი, ორი მხარე კი არა, ერთი მთლიანია. გათითოკაცება კარგს არასდროს მოგვიტანს. დიდი ჭკუა-გონება არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ ამით ქვეყნის საქმეს არ ვაკეთებთ და როდესაც საქვეყნო საქმეს არ ვაკეთებთ, არც საჩვენო გამოგვივა. ამდენი წელია მაინც დამოუკიდებლები გვქვია, საბჭოთა ბორკილი მოვიშორეთ, მაგრამ ფიქრს მაინც ბიბლიამდე მივყავარ - კიდევ ერთი ათი წელი გვჭირდება, რომ მოსეს ხალხივით ჭეშმარიტი თავისუფლების სწორი გზა ვიპოვოთ. ერის აზროვნებასა და გონებაში კათარზისი უნდა მოხდეს, ერის ცნობიერება უნდა შეიცვალოს.

ჩემი შვილის თაობა ჩემზე ჯანსაღად მსჯელობს, მათზე ნათელი გული და გონება აქვთ, შვილიშვილების თაობას. ეს არის იმედი. მათი მჯერა. მთავარია, მე არ შევუშალო ხელი, მათთვის ბარიერად არ ვიქცე, რომ იმ ნანატრი თავისუფლების მოპოვებაში წინ არ გადავეღობო. ის ნათელი სხივი ჩანს, ოღონდ მე ამის მოსწრება გამიჭირდება. ჩემი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის ბარიერი იმიტომ ვარ, რომ ჩემი მენტალობა, ცხოვრების წესი ვერ შეიცვალა. როგორც ნახევარი საუკუნის წინ ვფიქრობდი, ახლაც ისე ვფიქრობ, არადა, რეალობა სხვაგვარია.

სინამდვილეში მინდა ჩემი შვილი ჩემზე უკეთესი იყოს, მაგრამ ასე მგონია, ჩემი გზაა სწორი და მართალი და ამას ჩემს შვილიშვილებსაც ვახვევ. ეს ხელის შეშლაა, აბა, რა არის? ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს უნებლიე დანაშაულიც მიგვიძღვის მომავალი თაობის წინაშე.

ხშირად ვხვდები ამ თაობას და ყოველი შეხვედრის შემდეგ ბედნიერი მოვდივარ შინ, ვგრძნობ, რომ მათ ეროვნული ღირებულებები ლამის ქვეცნობიერში უდევთ. როდესაც მათთან ვარ, ასე მგონია, გვირაბის ბოლოს სინათლეს ველაპარაკები.

ადამიანს შეუძლია უეცრად, ერთ დღეში თავზე ხელი აიღოს და უსინდისოდ უარი თქვას ყველაფერზე, მაგრამ როგორც უნდა გაუჭირდეს, სამშობლოსა და უფალს არ უნდა უღალატოს. რაფიელ ერისთავმა ლექსში შემთხვევით კი არ თქვა, სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედაო. ჩვენ კი ისე წავხდით, ორივეს წინაშე ვცოდავთ, ღმერთთანაც და სამშობლოსთანაც, თან ისე ვცოდავთ, თავი ცამდე მართლები გვგონია. ვაჟას ნათქვამი კი მოგვწონს, ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარეც ამას ვდუდუნებო, მაგრამ მისი შესრულება არ გვინდა... თავისი თავისთვის ყველა ილოცებს, სამშობლოსა და ხალხისთვის ლოცვაა გმირობა და ვაჟკაცობა. მარტო მე თუ გადავრჩი, ამ ტიალ სიცოცხლეს რა თავში ვიხლი... მაინც არ მინდა ცუდზე ვიფიქრო. იმ ბიბლიურ ორმოც წელს რომ გავივლით, მერე ყველაფერი დალაგდება. ცუდი ნათქვამია და ბევრს შეიძლება გულზე მოხვდეს, მაგრამ ჩემმა თაობამ უნდა დატოვოს წუთისოფელი და მერე შეიცვლება რაღაც უკეთესობისკენ. სინათლეს მაინც ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობაში ვხედავ და ჩემი წუთისოფელი ამ სინათლის მოლოდინშია.