"დელტა შტამი, როგორც სიგარეტის კვამლი, ისე რჩება ჰაერში" - როდის ყალიბდება იმუნიტეტი ვაქცინაციის შემდეგ და კიდევ რომელ ვირუსებს ელიან შემოდგომით - კვირის პალიტრა

"დელტა შტამი, როგორც სიგარეტის კვამლი, ისე რჩება ჰაერში" - როდის ყალიბდება იმუნიტეტი ვაქცინაციის შემდეგ და კიდევ რომელ ვირუსებს ელიან შემოდგომით

"ახლა 31 500 ადამიანი სახლში მკურნალობს. მათი უდიდესი ნაწილი ავადმყოფობის მესამე-მეოთხე დღეს (როცა ტემპერატურა აღარ აქვთ) რეგულაციის პირობებს არღვევს - გარეთ გამოდიან, ჰაერი ხომ გვინდაო და დასეირნობენ, სასურსათო მაღაზიებში შედიან, ტრანსპორტში ადიან... ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, თუ ავადმყოფი თვითიზოლაციის წესს არღვევს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია! სწორედ ასეთი ხალხი ავრცელებს ინფექციას!" ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თუმცა პანდემია ვერც ერთმა საკითხმა ვერ გადაფარა. სამწუხაროდ, კორონავირუსი პოზიციების დათმობას არ აპირებს. დღევანდელი ეპიდსიტუაციის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრება.

- ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 88 ახალი შემთხვევით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. ქვეყანაში იმუნიზაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, შესაბამისად, მაღალია ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებისა და, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობაც. ახლა ქვეყანაში 38 000 აქტიური შემთხვევაა - ამდენი მეორე ტალღის დროსაც არ ყოფილა; 6 500-ზე მეტი საავადმყოფოში წევს, 1200 კი მძიმე პაციენტია. ეს ძალიან საყურადღებო ციფრებია. ყველა კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა 99.9% აუცრელია, შესაბამისად, ხელოვნური ფარის გარეშე, მათი ვირუსთან ბუნებრივად შეხვედრისას სიკვდილობის მაჩვენებელი 1.5%-ია, ეს კი ნიშნავს, რომ 1 000 დაავადებული ადამიანიდან 10-15 გარდაიცვლება.

დელტა, იოტა, ლამბდა... ბევრი შტამი გაჩნდა მსოფლიოში, მაგრამ ვაქცინაციითა და რეგულაციებით ბალანსის დაცვას ახერხებენ. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს ოქროს შუალედი ვერ იპოვა. ჯანმო იძლევა რეკომენდაციებს: 1. 30%-ის აცრის მერე მოხსენით რეგულაციები; 2. 40%-ის აცრის შემდეგ ცოტა მშვიდად იგრძენით თავი; 3. 60%-ს რომ აცრით, მერე თქვით, რომ მდინარის მეორე მხარეს ხართ. ჩვენმა ქვეყანამ მოხსნა ყველა შეზღუდვა: ღამით გადაადგილება, ღია სივრცეში პირბადის ტარება და სხვა, შედეგები კი ახლა გამოჩნდა.

ეკონომიკური სიდუხჭირე მთელი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამდენ ხალხს უსამსახუროდ ვერ დატოვებ. ეს ყველას კარგად გვესმის, ამიტომ ისეთ ღონისძიებებს ვითხოვთ, რომელთა აღსრულება საზიანო არავისთვის იქნება: პირბადის გამოყენებას შენობის შიგნით, ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვას...

ვაქცინაცია მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იმუნიტეტი ყალიბდება მეორე დოზიდან 10-14 დღის შემდეგ, სწორედ ამიტომ, თუ პირბადეს არ გამოვიყენებთ და ხალხმრავალ შეკრებებზე უარს არ ვიტყვით, ეპიდემიის პიკი გახანგრძლივდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემოდგომით ყველა რესპირატორული დაავადება მწვავდება, რადგან ადამიანები, სიცივის გამო, გარეთ ყოფნის ნაცვლად მეტ დროს სახლში ატარებენ და ვენტილაციაც ირღვევა. ამ მიზეზით შეიძლება ჩვენთან მეოთხე და მეხუთე ტალღები ერთმანეთს გადაებას. მეხუთე ტალღის პრევენციისთვის, რომელიც შემოდგომაზე იქნება, ერთადერთი იარაღი გვაქვს - რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავცრათ, რომ თვე-ნახევრის, ორი თვის შემდეგ ნახევარი მილიონი მაინც იყოს ორჯერადად აცრილი. ახლა დღეში 19-20 ათასი ადამიანი იცრება. გვაქვს შესაძლებლობა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ყოველდღიურად 25-30 ათასი ადამიანი ავცრათ, რაც ერთ თვეში მილიონ აცრას, ანუ ნახევარი მილიონი ადამიანის ორჯერადად აცრას ნიშნავს, ეს დიდი წარმატება იქნება.

მთავარი პრობლემაა ხალხმრავალი შეკრებები და სწორედ აქ უნდა მივიღოთ კატეგორიული გადაწყვეტილებები.

რესტორანს, რომელიც ვინმეს ქორწილის გადახდის ნებას მისცემს, უზარმაზარი ჯარიმა უნდა დაეკისროს.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანებს, რომელთაც მსუბუქი დაავადება აქვთ. ახლა 38 000 ადამიანია ავად, აქედან 6 500 კლინიკაშია, ე.ი. 31 500 სახლშია. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი ავადმყოფობის მე-3-მე-4 დღეს (როცა ტემპერატურა აღარ აქვთ) რეგულაციის პირობებს არღვევს - გარეთ გამოდიან, ჰაერი ხომ გვინდაო და დასეირნობენ, სასურსათო მაღაზიებში შედიან, ტრანსპორტში ადიან... ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა (შესაბამისი მუხლი 2020 წლის აპრილში თუ მაისში დაემატა). თუ ავადმყოფი თვითიზოლაციის წესს არღვევს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია! ასეთი ხალხი ავრცელებს ინფექციას.

სახელმწიფომ მორალური პასუხისმგებლობა შეიმსუბუქა - რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ა ბატონო, ვაქცინა მოგიტანეთ და თუ 45%-ს აცრა არ უნდა, ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", პასუხისმგებლობა მოსახლეობას გაუნაწილა. სიმართლე გითხრათ, ამას ვეთანხმები: თუ აცრა არ გინდა, პირბადე არ გინდა და იზოლაციის წესებს არ დაიცავ, მაშინ საკუთარ თავსაც უნდა დააბრალო, თუ რამე დაგემართება.

- რამდენს აავადებს კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირებული ადამიანი? - დელტა ვარიანტმა ცვლილება განიცადა. თუ საწყისი ვარიანტი, რომელიც უხანიდან ევროპაში გავრცელდა, ერთი ინფიცირებულისგან საშუალოდ 3-4 ადამიანს აავადებდა, ალფა, ანუ ბრიტანულმა ვარიანტმა ეს რიცხვი 5-6-მდე გაზარდა, დელტა ვარიანტის გავრცელება კი ჩუტყვავილას გავრცელების მასშტაბს მიუახლოვდა და ახლა ამ შტამით დაინფიცირებულს 8-9 ადამიანის დაავადება შეუძლია. დელტას კლინიკური სიმპტომატიკაც იგივეა, რაც სხვა შტამების, ოღონდ ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება მე-8 და მე-9 ადგილზე გადავიდა;

წინა პლანზე წამოვიდა სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და სიცხე. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. აუარება ადამიანი მიკავშირდება და მეუბნება, რომ სადღაც ორპირში იჯდა, ან დაბანილი გარეთ გავიდა, ან ტრანსპორტში ღია ფანჯრიდან უბერავდა, ჩამოთვლილ სიმპტომებს ამას უკავშირებენ და ტესტსაც არ იკეთებენ, რაც ძალიან სავალალოა და ვირუსის გავრცელებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს.

რაც შეეხება დელტა შტამის კიდევ ერთ თავისებურებას - მისი სიმპტომები შედარებით მალე, მესამე-მეოთხე დღეს ვლინდება. სხვა განსაკუთრებული თავისებურებები - მაგალითად, სიკვდილიანობის მატება ან ჰოსპიტალში მეტი ადამიანის მოხვედრა, არსად დადასტურებულა. ყველა ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია, დელტა შტამი, ძირითადად, მაინც არავაქცინირებულ ადამიანებს ებრძვის. კლინიკებშიც სწორედ ისინი ხვდებიან. დაავადებულთა მხოლოდ 1% შეიძლება მოხვდეს საავადმყოფოში.

- დაავადების ხანგრძლივობა შეიცვალა? - დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის ხანგრძლივობა 10-12 დღეა, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტები იქიდან ასე ადვილად ვერ ეწერებიან. შესაძლოა, მათი გამოჯანმრთელება უფრო გართულდეს, განსაკუთრებით - საშუალო ასაკში. 18-დან 50-წლამდე ასაკის პაციენტებს ზოგჯერ უვითარდებათ ციტოკინური შტორმი, რასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. ეს კორონავირუსის ერთ-ერთი გართულებაა, ამიტომ ასეთ პაციენტებს კლინიკებში დიდხანს აჩერებენ.

- რა მანძილზე გადაეცემა დელტა შტამი? 2 მეტრი დისტანცია ხომ უნდა დავიცვათ...

- დელტა შტამი სწორედ იმიტომ გადაედება რვა-ცხრა ადამიანს, რომ ის არამარტო ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ დახურულ სივრცეში ხარ პირბადის გარეშე და არც ვენტილაციაა, ვირუსმა 10 მეტრის იქითაც შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ანუ როგორც სიგარეტის კვამლი, ეს შტამი ისე რჩება ჰაერში.

- ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ახალ კვლევებზეც გვიამბეთ.

- დელტა ვარიანტის ორი ძირითადი კვლევაა ახალი. ერთი - ლონდონის სამეფო კოლეჯის კვლევა, რომელიც ივნისისა და ივლისის მონაცემებს მოიცავდა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ფორმის დაავადებისგან დაცვისას "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ეფექტიანობა ინგლისში, ორჯერ ვაქცინირებულებში, 50%-დან 60%-მდე მერყეობს, დაავადებულთა 40%-ს დაავადება უსიმპტომოდ აქვს. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში დაცვის მაჩვენებელი 88%-დან 93%მდე აღწევს. "სინოვაკთან" დაკავშირებით კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ ჩილეში ჩატარდა, მაგრამ იქ ახლა იკრებს ძალას დელტა შტამი, უფრო ბრაზილიური ვარიანტია გავრცელებული. "სინოვაკმა" დაახლოებით 58%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ოღონდ - ბრაზილიური შტამის მიმართ.

- დელტა ვარიანტი და ბავშვები კვლავ ყველაზე მტკივნეული თემაა ყველა მშობლისთვის. - ბავშვებზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. 10 წლამდე ასაკის ბავშვები და ჩვილები მოწყვლადი არიან ყველა შტამის მიმართ, ამიტომ მათი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ორსულს და მეძუძურ დედას მოვუწოდებთ, აიცრან. მათთვის ნებადართულია "ფაიზერი". ანტისხეულები, რომელთაც დედა აცრის შედეგად გამოიმუშავებს, ბავშვს გადაეცემა და იცავს, სანამ დედა მას ძუძუს აწოვებს. ვინც ორსულობას გეგმავს, ჯობია ორსულობამდე აიცრას, რომ მერე მთელი ორსულობა უსაფრთხოდ იყოს. ბავშვებთან დელტა შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ ორი ჩვილის გარდაცვალებამ პანიკა გამოიწვია და ახლა ყველა დედა, რომლის შვილსაც კორონა დაუდასტურდა, ცდილობს, საკუთარი შვილი ჰოსპიტალში მოახვედროს. საბედნიეროდ, ასეთი ბავშვების 99.9% სახლში ზედმეტი ჩარევის გარეშე ეწერება.

- პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ ხოლმე. პოსტ-დელტაშტამური მდგომარეობა როგორია? - ამ მხრივ არავითარი განსხვავება არ არის. ახასიათებს სხვადასხვა ნევროლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის და ა.შ. გართულება, ასევე - უძილობა, გონების დაქვეითება, თმის ცვენა და ა.შ.

- ეს რამდენ ხანს გრძელდება? თუ ინდივიდუალურია? - ინდივიდუალურია, თუმცა ამერიკული კვლევა აჩვენებს, რომ ექვსი თვის შემდეგ ვირუსგადატანილთა 90%-ზე მეტს ყნოსვა აღუდგა. ვინც დაავადება მძიმედ გადაიტანა და ფილტვები მეტად დაუზიანდა, შეიძლება აღმოაჩნდეს ფიბროზული ცვლილებები, ანუ ფილტვის ქსოვილი ბოლომდე ვერ აღდგეს და ასეთ ადამიანს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს.