"ასე მგონია, საშინელებათა ფილმში ვართ, ეს მიწიერი სამოთხე ხანძარმა ჯოჯოხეთად აქცია" - კვირის პალიტრა

"ასე მგონია, საშინელებათა ფილმში ვართ, ეს მიწიერი სამოთხე ხანძარმა ჯოჯოხეთად აქცია"

"გარშემო შავი კვამლი და საშინელი დამწვრის სუნია... ღამე კარგად ჩანს, როგორ ცვივა ცეცხლის ნაპერწკლები. უახლოეს დღეებში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას ველოდებით, რაც იმას მოასწავებს, რომ ხანძართან ბრძოლის დამთავრება ჯერაც შორსაა"

თურქეთში პოპულარულ კურორტებზე მასშტაბურ ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლი უკვე გავრცელდა დასახლებულ პუნქტებსა და სასტუმროებზე. ხანძარი მძვინვარებს ბოდრუმსა და მარმარისში, ასევე ანთალიის პროვინციებში, მანავგათში, ალანიაში, ადანში, სადაც რამდენიმე ათასი ჰექტარი ტყე განადგურდა.

28 ივლისს ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილმა ხანძარმა უკვე 100-ზე მეტი კერა მოიცვა. მოსახლეობისა და ტურისტების ნაწილმა ნავებით შეძლეს საფრთხეს გამორიდებოდნენ. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უფრო ფართომასშტაბიანი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში სანაპირო დაცვისა და ორი სამხედრო ხომალდი ნაპირთან დგას. ხანძარს ჯერჯერობით აკონტროლებენ. თუმცა იქაური ქართველები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ცეცხლი გაექცა, ხანძარი გავრცელდა, რადგან რამდენიმე დღეა ამ ადგილებში ძლიერი ცხელი ქარი არ წყდება და ძველი კერების კვალდაკვალ ახალიც ჩნდება...

თურქეთის გარდა, ხანძარს ებრძვის სამხრეთი ევროპაც - ცხელმა ამინდმა და მშრალმა ქარმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, მათ შორის იტალიაში, დასავლეთ საბერძნეთსა და ეგეოსის რეგიონში ტყის ხანძრის გავრცელებას ხელი შეუწყო...

"ერთი ვერსიით, ამის უკან "ქურთების მუშათა პარტია" დგას"

ლიზი პლიევა, თურქეთში მცხოვრები ქართველი: - ალბათ, ასეთია ჯოჯოხეთი. ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში უზარმაზარი ხანძარია, გარშემო შავი კვამლი და საშინელი დამწვრის სუნია... ღამე კარგად ჩანს, როგორ ცვივა ცეცხლის ნაპერწკლები. დილაობით აივანი ფერფლით არის სავსე. ასე მგონია, საშინელებათა ფილმში ვართ, ეს მიწიერი სამოთხე ხანძარმა რამდენიმე საათში ჯოჯოხეთად აქცია და არავინ იცის, რა გველის ხვალ-ზეგ... უახლოეს დღეებში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას ველოდებით, რაც იმას მოასწავებს, რომ ხანძართან ბრძოლის დამთავრება ჯერაც შორსაა. რომ არა სოციალური ქსელები, თვითმხილველები და აქტივისტები, რომლებიც ახალ ამბებს ინტერნეტში ავრცელებენ, იმის ნახევარიც არ გვეცოდინებოდა, რაც ხდება.

მედია მკაცრად კონტროლდება, ინფორმაციას ფილტრავენ, ვითომ მოსახლეობა არ შეშინდესო. სინამდვილეში ერდოღანს არ სურს ხალხის უკმაყოფილების გამწვავება. მოსახლეობა მას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს, არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ხანძრის ალყაში მოქცეული ხალხი შველას ითხოვს, სახანძრო სამსახურში რეკავენ, სანამ კავშირი არ დაებლოკებათ, განწირული ხმები ისმის, სად ხართ, დაგვეხმარეთო... ხალხი ამბობს, თუ ქვეყნის რესურსი არ იყო საკმარისი, ხომ შეიძლებოდა დროულად ეთხოვათ სხვა ქვეყნებისთვის დახმარებაო.

როგორც აქაურები ამბობენ, მთავრობამ სახანძრო თვითმფრინავები მანამ არ გამოიყენა, სანამ ხანძარი ძალიან არ გავრცელდა. არავინ იცის, რატომ... ახლა აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ესპანეთი და სხვა ქვეყნები გვეხმარებიან, სახანძრო თვითმფრინავებიც დაფრინავენ. ბევრ ადგილას ხანძარი იმიტომ ვერ ჩააქრეს, რომ ვერ მიუდგნენ, როგორც ისტორიულ ტაოში, როდესაც სოფელ იუნქულერში ცეცხლი გაჩნდა. მედიის ცნობით, ართვინის გუბერნიის სახანძრო მანქანები ანთალიასა და თურქეთის სხვა საკურორტო ზონებში იყო გადასროლილი, ცეცხლის ჩაქრობას მხოლოდ მოსახლეობა და მოხალისეები ცდილობდნენ. ამასობაში კი სოფელში თაბგითის უბანი დაიწვა. იგივე ხდებოდა მაღალმთიან ადგილებში - მისვლა ვერ ხერხდებოდა და ხანძარმა იქაურობა გაანადგურა..

როგორც ამბობენ, ეს დღეები დაგვიანებული რეაგირების გამო ერდოღანის მმართველობისთვის გარდამტეხი იქნება. სხვა ქვეყნების დახმარებაზეც მანამდე ამბობდა უარს, სანამ ვითარება უფრო არ დამძიმდა. ერდოღანს არ სურდა დიდების შელახვაო, ამბობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ათამდე კაცია დაღუპული, არაოფიციალურით, მეტი.

მე ბოდრუმის სასტუმროში ბუღალტრად ვმუშაობ. მის მეპატრონეს ორი სასტუმრო დაეწვა. ჰქონდა ფერმები, საიდანაც ხორცითა და რძის ნაწარმით მარაგდებოდა, ხილის, ციტრუსის, თხილის პლანტაციები, ბოსტნები, სათბურები... ყველაფერი დაეწვა. ხანძარმა პირუტყვი დაუხოცა, ფერმერები ძლივს გამოუყვანიათ მეხანძრეებს, თურმე არ გამოდიოდნენ, იქაურობას არ ტოვებდნენ. ეს მათი ცხოვრება იყო. ჩვენს სასტუმროშიც მოიყვანეს დაზარალებულები. მოხუცები ტიროდნენ, მთელი ცხოვრება რისთვისაც ვიშრომეთ და ვიწვალეთ, ცეცხლს გავატანეთ. ახალი ცხოვრების დასაწყებად დრო და ენერგია სადღა გვაქვსო. ძალიან მშრომელი ხალხია, მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევენ, ფრინველი ჰყავთ, ტონობით ხორცს, რძის ნაწარმს, ხილ-ბოსტნეულს აბარებენ.

- ხანძრის მიზეზად რა სახელდება?

- თავდაპირველი ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი მაღალმა ტემპერატურამ გააჩინა, თუმცა მოგვიანებით მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია პირი, რომელიც ერთ-ერთ კერაზე ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ეჭვმიტანილი. უფრო სანდო ვერსიაა საბოტაჟი და ტერორიზმი, ვინაიდან ხანძრის გავრცელებას ორგანიზებული სახე აქვს. კიდევ ერთი ვერსიით, ამის უკან "ქურთების მუშათა პარტია" დგას, ერდოღანმა მიანიშნა კიდეც ქურთებზე, თქვა, თუ ვიღაც შეგნებულად გვიწვავს ქვეყანას, უმკაცრესად დავსჯითო. შესაძლოა ეს ერდოღანის ოპოზიციაც იყოს, რაც დაუჯერებელია, რადგან თუ ქვეყნისთვის ასე დაზარალებაზე წამსვლელი არიან, მათ ხმას არავინ მისცემს.

"ზოგმა სახლ-კარი არ დატოვა, დგანან და ცეცხლმოკიდებულ სახლ-კარს, თავიანთ ცხოვრებას დასტირიან"

ნინა მიქაიძე, თურქეთში მცხოვრები ქართველი: - ჩვენთან 40 კილომეტრში ერთი ულამაზესი ადგილია, მუმჯულარი. რამდენიმე დღეა იქიდან შავი კვამლი მოდის. მეხანძრე-მაშველები თავგანწირვით ებრძვიან ცეცხლს, მაგრამ უკვე იმხელა ფართობზეა გავრცელებული, სახანძრო თვითმფრინავების გარეშე შეუძლებელია ჩაქრობა. გადაიწვა, ფაქტობრივად, რუკიდან წაიშალა ანთალიის ახლომდებარე პროვინცია მანავგათი, სადაც დედაჩემი მუშაობდა. სასწრაფოდ წამოვიყვანე. დეიდაჩემი საბერძნეთშია და იქაც ცეცხლი მძვინვარებს. არადა, ჩემს პატარა დას მკურნალობა სჭირდება და ვიფიქრე, თანხას შევაგროვებთ-მეთქი.

თურქეთი ძლიერი ქვეყანაა და სწრაფად აღიდგენს ძალას, მაგრამ ის მუშახელი, ვინც აქ სამუშაოდ ჩამოვიდა, ცუდ დღეში ჩავარდება. ყოველდღე რამდენიმე ათეული სასტუმროს, დასახლებისა და სხვადასხვა ობიექტის ევაკუაცია ხდება.

აქაურ სოფლებში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ფრინველი და ძროხა, ცხვარი, ძაღლი, ქათმები. დედა მიყვებოდა, სამშვიდობოს რომ გამოვყავდით, ქუჩებში დამწვარ-გაგუდული პირუტყვი და ფრინველი ეყარაო. აქ ჰექტარობით სიმინდის ყანები აქვთ, ავოკადოც მოჰყავთ. ყველაფერი განადგურდა. ზოგმა სახლ-კარი არ დატოვა, დგანან და ცეცხლმოკიდებულ სახლ-კარს, თავიანთ ცხოვრებას დასტირიან. ერთ ბიჭს სოფელში დედ-მამა დაეწვა. ეტყობა, ისინიც ვერ შეელივნენ ნაშრომს. არ ვიცი, მერე კი უცდიათ გამოქცევა, თურმე შვილს ურეკავდნენ, ხანძრის ალყაში ვართო და მალე კავშირი დაკარგულა. ორივე დამწვარი იპოვეს, დედა სააბაზანოში, მამა - სამზარეულოში...

უმძიმეს დღეში არიან მეხანძრე-მაშველებიც. ოთხი დაკარგული იყო, ორი იპოვეს დამწვრობის სხვადასხვა ხარისხით. დანარჩენ ორს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს - კვამლს გაუგუდავს... ვიღაცამ კი გვიან გადაწყვიტა გამოსვლა ცეცხლმოკიდებული ზონიდან, არადა, გზის ორივე მხარეს უკვე ცეცხლი იყო მოდებული... ვიდეოში ამბობდა, ასფალტი ისეთი გახურებულია, მგონი, საბურავები სამშვიდობომდე ვერ გამომიყვანსო. მეხანძრეები დაეხმარნენ.

ამას წინათ კი, როცა იზმირში ვცხოვრობდით, სწორედ მაშინ მოხდა ძლიერი ბიძგები და ბეწვზე გადავრჩით. სახლიდან გასული ვიყავით, ისეთ დროს მოხდა ნგრევა. ჩემი მეზობლები რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს... მერე დაიწყო შტორმი, რომელმაც მთელ ქალაქს გადაუარა, ახლა კი აქაურობა იწვის. ფეხდაფეხ დაგვდევს თითქოს სტიქია.

რამდენიმე დღის წინ აქაურებმა ერთი კაცი მაშინ დაიჭირეს, როდესაც ცდილობდა რაღაცისთვის ცეცხლი წაეკიდებინა. სასტიკად სცემეს. ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, თუ ვინმე საეჭვოს შენიშნავთ, მაშინვე შეგვატყობინეთო. ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ძლიერი ცხელი ქარიც უწყობს ხელს. ამას წინათ დავინახეთ, როგორ წაეკიდა ცეცხლი სასტუმროს სახურავს. დამსვენებლები ყვიროდნენ, შესვლას ცდილობდნენ ნივთების გამოსატანად, მაგრამ არ შეუშვეს...

- ქართველები ხომ არ დაშავდნენ?

- იქ, სადაც ხანძრის მასობრივი გავრცელების კერაა, ძალიან ცოტა ქართველია. მუდმივად ვწერთ ერთმანეთს და ვინმეს დაშავებაზე არაფერი მსმენია.

P.S. 4 აგვისტოს, თურქეთში გაჩენილი ხანძარი თბოელექტროსადგურს მიადგა, რომელიც მთელ რეგიონს ელექტროენერგიით ამარაგებს. პერსონალისა და გარშემო მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. საბედნიეროდ, მეხანძრეების დიდი ძალისხმევით, სადგურის ძირითადი შენობა დაწვას გადაურჩა.

ლალი პაპასკირი