"2008 წლის შემდეგ მის საფლავზე აღარ მივსულვარ. ეს დიდი ტრაგედიაა ჩემთვის..." - კვირის პალიტრა

"2008 წლის შემდეგ მის საფლავზე აღარ მივსულვარ. ეს დიდი ტრაგედიაა ჩემთვის..."

"ქსნის ხეობა ჩემთვის მარადიულად თანმდევი ბავშვობაა, ყოჩივარდების ყვავილობაა და ხავსმოკიდებულ ნიშის ქვაზე დანთებული სანთელი... ბავშვი ვიყავი და სამშობლოს სიყვარული ქსნის ხეობიდან ვისწავლე, ის იყო მაშინ ჩემთვის მთელი საქართველო... ერთგან მიწერია, მე რომ ჩემს ეზოში გამატარა, ჩემი სახლის კედლებს სათითაოდ დავკოცნიდი-მეთქი. ეს დიდი მონატრებაა საკუთარი სახლის, ეზო-კარის, ხეობის, სოფლის და კიდევ უფრო დიდი მონატრებაა წინაპრების საფლავების," - გვეუბნება მშობლიური ქსნის მკვლევარი, პოეტი და ისტორიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ახლოური. ის უამრავი პრემიის ლაურეატი და 30 წიგნის ავტორია, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიაა.

ცოტა რამ ჩემზე

- ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში დავიბადე, იქ ვიზრდებოდი, დედულეთში. წარჩინებით დავამთავრე ბალაანის საშუალო სკოლა. ჯერ კიდევ ბავშვი ბალახს ვთიბავდი, ცხვარში დავდიოდი და მთებში ვათენებდი ღამეებს ნაბადში.

წარმოშობით ფშაველი ვარ, ჩემი წინაპარი გაბიდაური ხოშარაიდან ქსნის ხეობაში მე-19 საუკუნეში გადმოსულა. მამას მშობლიური სოფელი ახლოურთკარია, რომელიც 80-იან წლებში ნასოფლარად იქცა. 1992 წელს ჩავაბარე ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც გორში იყო. ჩემი დეკანი გახლდათ მიხეილ ცოტნიაშვილი, "ცხინვალის ისტორიის" ავტორი. საქართველოს ისტორიის სპეციალობა რომ ავირჩიე, სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი. ინსტიტუტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე და შემდეგ ასპირანტურაც. დავიცავი დისერტაცია თემაზე "ახალგორის ისტორია". 24 წლის ვიყავი, პირველად ლექციაზე რომ შევედი გორის უნივერსიტეტში და დღემდე იქ ვმუშაობ, ასოცირებული პროფესორი ვარ. ჩემი პირველი ლექსები გაზეთ "ახალგორში" დაიბეჭდა. 30 წიგნი მაქვს გამოცემული - პოეტური კრებულები, მონოგრაფიები და ისტორიული ნაშრომები.

"ქსნის ხეობის ოსებს მე ქართველ ოსებს ვეძახი"

- ბავშვობიდან თითქმის ფეხით მაქვს მოვლილი ქსნის ხეობის ეკლესია-მონასტრები. ამ ხეობის საინტერესო მკვლევარია ვიტალი ქენქაძე, რომელიც ჩემი მასწავლებელი იყო სკოლაში. მან დაგვაინტერესა ხეობის ისტორიით, ამ გზას გავყევი და არ გადამიხვევია, დღემდე ქსნის ხეობის ისტორიას ვიკვლევ. პირველი ტომი ჩემს მშობლიურ სოფელ ახლოურთს მივუძღვენი. ახლახან გამოვიდა მეორე ტომი, რომელშიც მოთხრობილია ქსნის ხეობის მოსახლეობაზე (მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-19 საუკუნის დასაწყისის აღწერების მიხედვით). იმხანად ხეობის ძირითადი მოსახლეობა ქართველები იყვნენ, მე-19 საუკუნის დასაწყისში ოსებიც ჩანან და ისინი ერეკლეს აღწერებში არიან უკვე მოხსენიებული. ოსები მთიან სოფლებში ცხოვრობდნენ, ჟამურის ხეობაში. შემოსული ოსები ბარში ჩასული ქართველი გლეხების ნაფუძარს იკავებდნენ. ჩემს ნაშრომში საუბარია, როდის ჩამოსახლდნენ ჩრდილოეთიდან ოსები, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ მოსახლეობასთან და როგორ შეეთვისნენ ერთმანეთს. ქართველ-ოსობის გარჩევა არ იყო, ოჯახებიც ქართულ-ოსური იყო.

90-იან წლებში ვლადიკავკაზში წასული ოსები ოჯახში ქართულად საუბრობენ. მათთან ხშირად მისაუბრია და ამბობენ, ვიცით, ჩრდილო ოსეთიდან ვართ გადმოსულიო, მაგრამ როდესაც ხეობაში რამდენიმე თაობა ცხოვრობს, მათი მამა-პაპა იქ დაიბადა, იქაურობას სამშობლოდ აღიქვამენ...

ქსნის ხეობის ოსებს მე ქართველ ოსებს ვეძახი. ახალგორში ადრე თუ უმრავლესობა ქართველი იყო, ახლა ოსია. არიან სომხებიც. ბევრი ქართველი სომხად იმის გამო ეწერებოდა, რომ სომხები გადასახადს არ იხდიდნენ, პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მერე მოიძიეს ისტორიული გვარები და დღეს თითქმის ყველა გაქართველებულია.

"ლომისობას დამირეკეს საპატრიარქოდან..."

- საპატრიარქოსთან არსებული კომისია თვეების განმავლობაში განიხილავდა ჩემს მონოგრაფიას "ქსნის ხეობის ისტორია" (მეორე ტომი) და ბოლოს ლომისობას დამირეკეს. მახარეს, პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მოგცათ გამოცემაზეო. ახლოს ვცხოვრობდი ლომისასთან, ყოველდღე ვუყურებდი... ეს ნაწილია იმ სოფლების, რომლებიც მეორე ტომში მოხვდა. სხვა სოფლების კვლევაც გაგრძელდება. კარგი იქნებოდა, რუსულ, ინგლისურ და ოსურ ენებზე თარგმნილიყო, მაგრამ... ჩემი ხარჯით გამოვეცი ეს წიგნი და ძალიან გამიჭირდა. მზად მაქვს დანარჩენი ტომებიც, თუმცა ჯერ არ არის გამოცემის საშუალება...

13 წელი შესრულდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ყველაზე სასტიკი და ტკივილით სავსე პერიოდი ხეობელებისთვის... დრომ გვაჩვენა, რომ ეს იყო ქართულ-რუსული და არა ქართულ-ოსური დაპირისპირება. უბრალოდ, გვიან ჩამოეხსნა ნიღაბი მესამე ძალას. ეს იყო ხელოვნურად წარმოქმნილი კონფლიქტი. აბა, როგორ შეიძლებოდა ქართველებისა და ოსების დაპირისპირება, როცა ვხედავდი, რა ურთიერთობაა ჩვენს შორის. სამშობლოს სიყვარული მე ქსნის ხეობაში ვისწავლე. ის იყო მაშინ ჩემთვის მთელი საქართველო. ერთ ლექსში მიწერია, მე რომ ჩემს ეზოში გამატარა, ჩემი სახლის კედლებს სათითაოდ დავკოცნიდი-მეთქი. ეს დიდი მონატრებაა ეზო-კარის, ხეობის, სოფლის და კიდევ უფრო დიდი მონატრებაა წინაპრების საფლავების. ახალგორში დღეს ჩემი სახლი გამოკეტილია, იქ არავინ ცხოვრობს. ახლახან მამაჩემს დაურეკეს და უთხრეს, სახლის ერთი ნაწილი ჩამოიშალაო. როცა თოვლია, სახურავი თუ არ გადაიწმინდა, თოვლი ჩადის და აზიანებს. მამა ბალაანის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილი იყო. აგვისტოს ომის შემდგომ ჩემთან წამოვიდა, გორში. სურვილი ჰქონდა, აქ მიეცათ სამსახური, მაგრამ 2008 წლის მერე უმუშევარი დარჩა. იმედით ვართ, რომ ჩვენი დაბრუნების დრო მოვა.

საოცარი ბებია მყავდა, ქეთევან პავლიაშვილი, დედის დედა. დედა ავადმყოფობდა და მან გამზარდა, როცა უმაღლესში მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი,

სოფელში გვაქვს წმინდა გიორგის ნიში. თურმე ბებია ყოველღამ იქ ანთებდა სანთელს და ღმერთს ეხვეწებოდა, ჩავჭრილიყავი და სოფლიდან არ წავსულიყავი. მერე გამომიტყდა, ღმერთს ვევედრებოდი, ჩემთან მყოლოდიო.

1992 წელი იყო, ბებოს ეშინოდა ჩემი ქალაქში გაშვების. საბედნიეროდ, უფალმა არ მოუსმინა და არ ჩავიჭერი. ეს რომ მახსენდება, ძალიან მტკივა გული, ასე ძალიან რომ უნდოდა იქიდან არ წამოვსულიყავი... 2008 წლის შემდეგ მის საფლავზე აღარ მივსულვარ. ეს დიდი ტრაგედიაა ჩემთვის... თუმცა მე ხეობიდან არ გამოვსულვარ, ყოველ საღამოს მესიზმრება და იმ სიზმარში ვერასდროს ვაცნობიერებ, რომ დაკარგული მაქვს - იქ დედაა, ბებია, ყველა ჩემი წინაპარი. ოთარ ჭილაძისა არ იყოს, "მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია"...

"ხელოვანს ფრთები სჭირდება..."

- პანდემიამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა კულტურას. ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩვენს სულიერებაზე. გამოკეტილი რომ ხარ, ერთ სივრცეში ტრიალებ. არადა, ხელოვანს სივრცე სჭირდება, ფრთები სჭირდება... მთავარია, იმედი არ დავკარგოთ. როცა იმედს კარგავ, ზნეობრივად ეცემი. ღმერთმა ნუ ქნას, ერი ზნეობრივად დაეცეს. უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და გადავრჩეთ.

ხშირად უთქვამთ, ქართველებს ერთმანეთის გატანა არ შეგვიძლიაო. მერაბ კოსტავას აქვს ნათქვამი, როცა გვიჭირს, საოცარი თანადგომა ვიცით, როგორც კი გაჭირვება გადაივლის, მაშინვე ერთმანეთის ქიშპობას ვიწყებთო. ეს არის ჩვენი უბედურება. როგორც ჭირში ვართ სოლიდარული, ლხინშიც ისე თუ დავუდგებით ერთმანეთს, გადავრჩებით.

"ერთადერთი პარტიის - საქართველოს წევრი ვარ"

- არ მინდა ხოლმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი და ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია მეკეთებინა ის საქმე, რაც მინდა ვაკეთო. ვემსახურები ჩემს ხეობას და ქვეყანას, ერთადერთი პარტიის - საქართველოს წევრი ვარ. პატრიოტიზმი სხვა არაფერია, თუ არა პროფესიონალიზმი. ჩემთვის პატრიოტობა იწყება მშობლიური კუთხიდან, სახლიდან...

მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ არ გავჩერებულვართ - ღია სივრცეში სისტემატურად ტარდება პოეზიის, ლიტერატურული, მუსიკალური და საიუბილეო საღამოები, მაინც ფეთქავს ლიტერატურული ცხოვრება შიდა ქართლის რეგიონში. როგორც შეგვიძლია, მაინც ვაცოცხლებთ კულტურას, მაინც ვუსმენთ, ვეფერებით და ვზრდით ერთმანეთს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მწერალი თავის ერს უნდა ემსახუროს, მაგრამ იმას არ ვამბობ, ქვეყანა რომ იქცეოდეს, ხმა არ უნდა ამოიღოს-მეთქი. მწერალი ყოველთვის, გალაკტიონისა არ იყოს, უნდა იდგეს იქ, სადაც ქარიშხალია, მის ბედ-იღბალზე იფიქროს და როგორც შეეძლება, ისე უწამლოს ერის იარებს.

ქსნის ხეობას

ვეღარ ვიშუშებ ჩემი წყალ-ჭალის ნატყვიარს,

მინდა დავბრუნდე,

მაგრამ გზა ჯერაც არ ჩანს...

იქ დედაჩემის ნაფეხურები ატყვია,

იქ საფლავების ცივი ლოდინი დარჩა.

ვფურცლავ დღიურებს - ატირებულებს ბალღივით,

ისევ ვინახავ ქსანზე მოწყვეტილ ყვავილს...

დავეხეტები ხიზნის მანტიით დაღლილი

და მონატრება გულში ხარივით ბღავის!