"მისიონერი პეპი" დახმარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"მისიონერი პეპი" დახმარებას ითხოვს

როგორ ამღერდა პატარა სომეხი ბიჭი ქართულად

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მარნეულის რაიონის სოფლის, ხოჯორნის სკოლის მისიონერი მასწავლებელი ლალი მარგიანი, მაგრამ მე მაინც მინდა შეგახსენოთ. ის ამ სკოლაში ქართულის გარდა, სიყვარულსაც ასწავლის, სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულს. ამ "საგნის" სწავლება მისთვის არავის დაუვალებია, მაგრამ როდესაც ქალბატონი ლალი ამ სოფელში მივიდა და აღმოაჩინა, რომ აქ არც ქართული იცოდა ვინმემ და არც მაინცდამაინც უცხო ხალხი მოსწონდათ, გადაწყვიტა, აქაურების დასაახლოებლად ყველა ხერხი ეხმარა. ერთხელ პეპი გრძელწინდის სამოსითაც კი გამოცხადდა სკოლაში, რამაც საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. ქალბატონი ლალი მთელ საქართველოში დაატარებს ბავშვებს, სოფლიდან არასოდეს რომ არ გასულან, იმას კი, რაც მასწავლებელმა მეშვიდეკლასელი შავარშ გარიბიანისთვის გააკეთა, ძალიან იშვიათად აკეთებენ - მან გაჭირვებული ოჯახის ნიჭიერ ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და ამ ნიჭის განსავითარებლად ყველგან საკუთარი ხარჯით დაჰყავს. შავარშს ბრწყინვალე ხმა და სმენა აქვს, მაგრამ მისთვის არც ქართული ენა უსწავლებიათ არასოდეს და არც - ქართული სიმღერები, ლალი მასწავლებელმა კი, რომელიც არც თავად არის მუსიკოსი, ბიჭს ეს ბარიერი გადაალახვინა და ქართული სიმღერა მასწავლებლების გარეშე ასწავლა, თანაც ისე, რომ შავარში პრესტიჟული კონკურსების ლაურეატი გახდა. ახლა ქალბატონი ლალი იხვეწება, გამოცდილება არ მაქვს, ბიჭს ვეღარაფერს ვასწავლი; მარნეულში რომ იყოს ქართული სიმღერის ცენტრი, საკუთარი ხარჯით ვატარებდი, მაგრამ არსად არაფერია და გთხოვთ, ბავშვს პროფესიონალი დაეხმაროს, ბიჭი საქართველოს სჭირდებაო, მაშველი კი არ ჩანს.

- ქალბატონო ლალი, როგორ ასწავლეთ სომეხ ბავშვს ქართული სიმღერა ისე კარგად, რომ პრესტიჟული ბავშვთა კონკურსების ლაურეატი გამხდარიყო?

- ეს მუსიკის ცოდნით კი არა, გულის ხმით გავაკეთე. როდესაც ხოჯორნის სკოლაში მივედი, იქ ბავშვებმა ქართული სიტყვებიც კი არ იცოდნენ. მივხვდი, ჩემი და მათი სამშობლოს ენა მალე უნდა მესწავლებინა და გამეგებინებინა, რომ სამშობლო ისე უნდა უყვარდეთ, როგორც ყველას უყვარს. ჰოდა, ამის გაკეთებამ ნებისმიერი ხერხით მომიწია. ხელებსა და ფეხებსაც კი ვიშველიებდი. ამ დროს აღმოვაჩინე შავარშის საოცარი ხმა და სმენა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მის ოჯახში ყველა მღერის, ოღონდ - მხოლოდ სომხურად. გადმოვწერე ქართული სიმღერა "იუთუბიდან" და მოვასმენინე. უნიკალური სმენა აქვს და მელოდია მაშინვე აითვისა. ცოტა სიტყვების შესწორება სჭირდებოდა. მერე მეგობარს ვთხოვე და ბავშვი დისტანციურად ამეცადინა. ბოლოს დავუკავშირდი საბავშვო სიმღერის კონკურსებს, რომელთაც, მადლობა ღმერთს, ბავშვის ნიჭიერება დაიჯერეს. შავარშის დედას მივწერე, მინდა, ბიჭი კონკურსზე წავიყვანო ქუთაისში-მეთქი. მიპასუხა, ავად არის და ვერ წამოგყვებაო.

- ეს უარი იყო? - ალბათ, მაგრამ მე ეს კონკურსის ორგანიზატორებისთვის არ მითქვამს, სკოლის დირექტორს, რიმა გარიბიანს ვთხოვე დახმარება. მითხრა, ბავშვი გაჭირვებული ოჯახიდან არის, ალბათ, გზის ფული არ ექნებაო. შვებით ამოვისუნთქე, ოღონდ გამომყვეს და მე გადავუხდი-მეთქი. აი, ასე წავიყვანე ჯერ ქუთაისში, სადაც პირველი კონკურსის ლაურეატი გახდა, შემდეგ კი - მარნეულში, სადაც ძალზე პრესტიჟულ ბავშვთა კონკურსში გაიმარჯვა. აქ ნუცა ჯანელიძე იყო ჟიურიში და როცა შავარშს უსმენდა, ტიროდა. ვუთხარი, თქვენ, ალბათ, არ იცით, რომ ამ ბავშვმა ქართული სიმღერა მასწავლებლის გარეშე ისწავლა, თანაც ისე, რომ მეშვიდე კლასამდე ქართულად სიტყვაც არ უთქვამს-მეთქი. თვალებგაფართოებულმა შემომეხედა, როგორო?!

ვერც კი წარმოიდგენთ, შავარშთან ერთად ამ სოფელში რამდენი ნიჭიერი ბავშვია, რომლებმაც თბილისის გზაც კი არ იციან, არადა უნდა იცოდნენ. ამიტომ დახმარება ძალიან მჭირდება - შავარშს გზა მინდა გავუკვალო. Eეს ბიჭი საქართველოს სჭირდება. მან ქართული ჯერ არ იცის, ამიტომ ემოციების გამოხატვა ძალიან უჭირს, თუმცა ბედნიერება მის თვალებში ჩანს. მინდა ასე ბედნიერმა იცხოვროს, რომ დიდი სიყვარული შეეძლოს და გარშემო მყოფებსაც გაუნაწილოს.