ქართველი ბლოგერის დღიურიდან - კვირის პალიტრა

ქართველი ბლოგერის დღიურიდან

ძალიან საინტერესო იყო გეპარდების ფოტოისტორია, დიდხანს ვცდილობდი ისინი ჩემს ობიექტივში მომექცია. მახსოვს, მინდორში ერთი ძალიან ლამაზი ხე მიწაზე იყო გაშლილი. ერთი გეპარდი ავიდა ზედ, თითქოს კილიმანჯაროს მთების ფონზე ფოტოს გადასაღებად მოემზადა, საოცარი კადრი გამოვიდა... დღესაც უდევს რამდენიმე უცხოურ გამოცემას თავის გვერდზე

მსოფლიოს 44 ქვეყანა მოიარა. თუმცა ამბობს, რომ კიდევ უამრავი გეგმა აქვს. ისეთი ქვეყნების ნახვაზე ოცნებობს, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის. სოსო ნებიერიძისთვის ეს ჰობიც არის და შემოსავლის წყაროც.

პირველი ნაბიჯები დიდ მოგზაურობამდე...

- 11 წლის ვიყავი, როდესაც ტრაბზონში წამიყვანეს. ახლა ის ქალაქი განსაკუთრებულად აღარ მეჩვენება, მაგრამ მაშინ ასე მეგონა, მსოფლიოში ულამაზეს ქალაქს ვათვალიერებდი. მაშინ მივხვდი, მთელი ცხოვრება მინდოდა მემოგზაურა. შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, საზაფხულო ენის კურსებზე დავდიოდი, სამჯერ ვიყავი საბერძნეთში. მთელი ქვეყანა მოვიარე და ძალიან მომეწონა. მერე პატარა ბიზნესი დავიწყე და შემოსავალს მთლიანად მოგზაურობაში ვხარჯავდი.

"როგორ დავიწყე ბლოგერობა"

- ბიზნესის საქმეზე ჩინეთში ვიყავი წასული, იქიდან კი ადვილია ფილიპინებში წასვლა. მაშინ პირველად მოვამზადე ბლოგი, ფოტოები და ვიდეოები გავავრცელე თანდართული ტექსტებით, რასაც ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა. ასე დავიწყე ბლოგერობა. არასდროს დამავიწყდება ქალაქი პუერტო-პრინსესა, რომლისკენაც გზად ულამაზესი პეიზაჟებია, პალმები და ტროპიკული მცენარეები... ფაქტობრივად, ჯუნგლში გაჭრილ გზას მივუყვებოდი. გზადაგზა ვჩერდებოდი და სანახაობით ვტკბებოდი. ყველგან პატარა ქოხები იდგა, სადაც ლაღი და მხიარული ხალხი ცხოვრობდა... სასტუმროში ცივი წვენი დამახვედრეს, სამახსოვროდ ნიჟარებისგან აწყობილი მძივი დამკიდეს, გამომგლიჯეს ჩემოდანი და ოთახისკენ გამიძღვნენ. მშვენიერი სასტუმრო გამოდგა, თუმცა ინტერნეტი მხოლოდ ეზოში, ერთ ადგილას იჭერდა. ზოგადად, მთელ ელ-ნიდოში ინტერნეტის პრობლემა იყო, თუმცა ეს სულაც არ გიშლის ხელს თავი ბედნიერად იგრძნო. კუნძული ელ-ნიდო ზღაპარია. არანაირი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, განვითარებული ინფრასტრუქტურა; უბრალოდ, ბუნებისგან შექმნილი საოცარი სილამაზე, სულ რამდენიმე ქუჩისგან შემდგარი პატარა სოფელია, კაფეებით, ბარებითა და მაღაზიებით, საუცხოო პლაჟებით.

ჩემი ფავორიტი ქვეყანა არის კუბა, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს. ძალიან უყვართ ტურისტები, გულღია, მხიარული და სიმღერა-ცეკვის მოყვარული ხალხია. იქ აუცილებლად დავბრუნდები. მახსოვს კუბის სასაზღვრო კონტროლი: როგორც ხშირად ხდება, ქართული პასპორტის დანახვისთანავე ცალკე გამიყვანეს, გამომკითხეს ჩამოსვლის მიზეზი, სად ვცხოვრობ, რას ვსაქმიანობ, ამა თუ იმ ქვეყნის ვიზა ან ბეჭედი რატომ მაქვს, კარგი ბიჭი ვარ თუ არა... არ ვაჭარბებ, უამრავი ბავშვური კითხვა დამისვეს, ოღონდ აგრესიულად კი არა, ძალიან გულთბილად.

დაუვიწყარია ვარადეროს სანაპიროები. აუცილებლად სანახავია ალ-კაპონეს სახლი, რომელსაც ისეთი ლამაზი ხედი აქვს ზედ სანაპიროზე, თვალს ვერ მოსწყვეტთ.

სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მალდივებზე, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით ძალიან საინტერესოა. მუსლიმანური ქვეყანაა და დედაქალაქთან ახლოს არის პროვინციები, სადაც ბიკინებით და თამამი საცურაო კოსტიუმებით გავლა აკრძალულია.

"მშობელი შვილს სკოლაში თუ არ შეიყვანს, პატიმრობა ემუქრება"

- კენია ჩემი მეუღლის საოცნებო ქვეყანა იყო. იქ ცხოველები იმდენად თავისუფლები არიან, რომ შემშურდა კიდეც... ფოტოხელოვნება არასდროს მისწავლია, მაგრამ გამოცდილებამ ბევრი შემძინა. ძალიან საინტერესო იყო გეპარდების ფოტოისტორია, დიდხანს ვცდილობდი ისინი ჩემს ობიექტივში მომექცია. მახსოვს, მინდორში ერთი ძალიან ლამაზი ხე მიწაზე იყო გაშლილი. ერთი გეპარდი ავიდა ზედ, თითქოს კილიმანჯაროს მთების ფონზე ფოტოს გადასაღებად მოემზადა, საოცარი კადრი გამოვიდა... დღესაც უდევს რამდენიმე უცხოურ გამოცემას თავის გვერდზე.

მასაი-მარას ეროვნულ პარკში მთელი დღე ვეძებდი ხვად ლომებს ფოტოს გადასაღებად. მეორე დილით გამთენიას ავდექი და პარკის მანქანით წავედით. საბედნიეროდ, ძალიან ახლოს მოვიდნენ და უამრავი ფოტო გადავიღე.

ჩემი გადაღებული ფოტოებით საქართველოს "ნეიშენალ ჯეოგრაფიკიც" დაინტერესდა... ზოგი გამოცემა მწერს, შეიძლება თუ არა თქვენი ფოტო გამოვაქვეყნოთ, რა თქმა უნდა, ავტორის მითითებითო... ყოფილა შემთხვევა, უკითხავადაც გამოუქვეყნებიათ, ოღონდ ავტორის გვარ-სახელი მიუწერიათ.

მასაი-მარას ტომსაც გავეცანი. ბელადი ინგლისურად საუბრობდა. ძალიან თბილად მიგვიღო, გვაჩვენა, როგორ აშენებენ სახლებს. ტომში უმეტესად ქალები შრომობენ, კაცები ისვენებენ... სახლებს ნაკელისგან აშენებენ და ბალახეულით ხურავენ. სახლი ორი პატარა ოთახისგან შედგება, ერთში ბავშვებს სძინავთ, მეორეში - უფროსებს. ცივილიზაციას მოწყვეტილები, ძალიან ლაღები არიან. ყოველ დილით ვირის ნაკელისა და ჯოხების ხახუნით ანთებენ ცეცხლს. უამრავი ძროხა და თხა ჰყავთ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველა ტომს თავისი სკოლა აქვს, მთავრობა ზრუნავს, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ. იქაური კანონის თანახმად, მშობელს, რომელიც შვილის სკოლაში მიყვანას თავს აარიდებს, პატიმრობა ემუქრება.

"განსაკუთრებული" კერძი

- გურმანი არა ვარ, არც ექსპერიმენტები მიყვარს, მაგრამ ტაილანდში შამფურზე შემწვარი მორიელი შევჭამე. ნაძლევი წავაგე და მომიწია. მეგონა, საშინელი გემო ექნებოდა, მაგრამ არაფერი ისეთი, ჩიფსის გემო ჰქონდა... ასევე არასდროს დამავიწყდება, საჰარაში მზის ჩასვლისას ქვიშაზე დანთებულ ცეცხლზე მოდუღებული ჩაის გემო...

როგორ "გავიცანი" საქართველო პანდემიის დროს...

- როდესაც "კოვიდის" გამო საზღვრები ჩაიკეტა, რასაკვირველია, შინ ვერ გავჩერდებოდი და გადავწყვიტე საქართველო უფრო ახლოს გამეცნო. მაშინ ვნახე ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები და მეგონა, სხვა ქვეყანაში, სადღაც უდაბნოში ვიყავი. ზებრა და ჟირაფი აკლია და აფრიკაა... ძალზე საინტერესოა ლეჩხუმი, რომელიც რატომღაც ისეთი გაპიარებული არ არის, როგორც საქართველოს სხვა მთიანი რეგიონები.

ვწუხვარ, რომ არ მქონდა ნანახი რაჩხას ჩანჩქერი და ქულბაქის მწვანე ტბა. იქიდან საოცრებათა ტყეში შევედით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის. თავი ჯადოსნურ ზღაპარში გეგონებოდა. მწვანე ტბაზე უამრავი ფოტო გადავიღე და შევეცადე ქვეყნის ეს მხარე როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელებისთვის სხვაგვარად დამენახვებინა.

გეგმები...

- ერთ თვეში ნამიბიაში მივდივარ. ვიცი, რომ მარტივად სამოგზაურო ქვეყანა არ არის, დოკუმენტებიც რთული მოსაგვარებელია, მაგრამ. მიყვარს ისეთ ქვეყნებში მოგზაურობა, რომელიც ტურისტებისთვის დიდად პოპულარული არ არის.