"ნეფე-პატარძალი გვეხვეწება, გადაღებისას მაინც ჩამოგვახსნევინეთ პირბადეო" - კვირის პალიტრა

"ნეფე-პატარძალი გვეხვეწება, გადაღებისას მაინც ჩამოგვახსნევინეთ პირბადეო"

პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ქორწილის აკრძალვამ უამრავი ნეფე-პატარძალი დაასევდიანა, მათთან ერთად კი - მათი ახლობლები და საქორწინო პერსონალი. ორი წლის წინ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შემოღებული უნიფორმა თითქმის ხელგაუყრელი დარჩათ სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, ანუ ქორწინების რეგისტრატორებს. მოგვიანებით პატარა ქორწილების ნებართვა გაიცა, რასაც პანდემიის ახალი ტალღა და კვლავ აკრძალვა მოჰყვა, რაც, როგორც ჩანს, ისევ მოსალოდნელია - ექიმები ოფიციალურად ნებადართული ქორწილების აკრძალვაზეც ალაპარაკდნენ, მანამდე კი ქორწინების სახლებთან 10-კაციანი პირბადიანი მაყრიონები დგანან. "კონკასთან" მდებარე ქორწინების სახლის რეგისტრატორებიც პირბადით აკანონებენ ქორწინებას. მათ შორის არის ია მაჭარაშვილიც.

- დღეს ამ ცერემონიალებს საქორწილო სილაღე აკლია, რომელიც მეც მენატრება თავისი ხმაურითა და ემოციური შეძახილებით.P პანდემიამდე ქორწინების სახლთან დიდი მაყრიონები იდგნენ, ახლა კი მხოლოდ 10-კაციანი ცერემონიალია ნებადართული. ამ ათს ნეფე-პატარძალს, ხელისმომკიდეებსა და ფოტოგრაფებს თუ გამოვაკლებთ, თავად მიხვდებით, რამდენი სტუმრის მოყვანა შეუძლიათ. თანაც, ნეფე-პატარძალი გვეხვეწება, მხოლოდ ფოტოგადაღებისას მაინც ჩამოგვახსნევინეთ პირბადეო, ჩვენ კი ამაზე დათანხმებაც გვიჭირს...

- რეგისტრაციისას თქვენი აუცილებელი ღიმილიც, ცხადია, პირბადეში არ ჩანს... - პირბადეშიც ვიღიმებით, რაც ჩვენს თვალებში უთუოდ გამოჩნდება. ნეფე-პატარძალსაც ბედნიერებისგან თვალები რომ უბრწყინავს, პირბადეში არც ეგ იმალება, მაგრამ იმაზე მწყდება გული, რომ ასეთი ბედნიერების შემდეგ სულ მალე ვიგებ ზოგიერთი წყვილის განქორწინების ამბავს. სტატისტიკასაც გეტყვით - 2020 წელს სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია 16 359-მა წყვილმა გაიარა და მათგან ამავე წელს 7 643 განქორწინდა. ისინი, ვინც გუშინ დავაქორწინე და ვხედავდი, რომ უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ, ხვალ ერთმანეთის გვერდით რატომ ვეღარ ძლებენ?!

- ხალხი, რომელმაც პანდემიას ძლივს "გამოგლიჯა" ქორწინება, ასე სწრაფად განქორწინდება? - სამწუხაროდ ასეა, განსაკუთრებით - ნაადრევი ქორწინებისას. არც კი მახსოვს შემთხვევა, ნაადრევი ქორწინება განქორწინებით არ დასრულებულიყო. სამაგიეროდ, 30 წელს მიტანებულების ქორწინებაა მტკიცე. თუმცა, არც ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებში. ისეთი ემოციები, როგორიც ფილიპინელებს აქვთ დაოჯახებისას, ვერც კი წარმომიდგენია, სხვა ვინმეს ჰქონდეს. ეს ხალხი ხელისმოწერისას ისეთ ფიცს დებს, ემოციებისაგან გულწრფელად ტირის. ამ ფიცში იმდენი ბედნიერი სიტყვაა, ორი ნაბეჭდი ფურცელიც ვერ დაიტევს. ალბათ, ამიტომ არის მთელ ევროპაში ფილიპინელ საცოლეებზე კონკურსი. ისინი საუკეთესო მეოჯახეები და საუკეთესო კულინარები არიან.

- ეს არ ვიცოდი. საქართველოში კვლავ ბევრი უცხოელი აწერს ხელს? - უამრავი. ბევრმა სწორედ პანდემიისას მოაწერა ხელი. საიდან აღარ ჩამოდიან და ამისთვის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: პირველი, ჩვენი ქვეყნის სილამაზეა, მეორე - ქორწინების რეგისტრაციის სიიაფე. ჩვენთან ამისთვის 150 ლარია საჭირო, ევროპაში კი დიდ თანხას იხდიან. ჩვენ რეგისტრაცია ივნისიდან დავიწყეთ და ამ ცხელ ზაფხულში უამრავი წყვილის ბედნიერება გვაქვს დასაკანონებელი. ლოკდაუნისას შეყვარებულები ისე მოუთმენლად ელოდებოდნენ რეგისტრაციის ნებართვას, რომ რიგები გვიდგას!

- როგორც ვიცი, აზერბაიჯანელებით დასახლებულ კუთხეებში გრანდიოზული ქორწილები კარანტინის დროსაც არ შეწყვეტილა. ხალხი დაწესებულ ჯარიმას არაფრად დაგიდევდათ, გაჩნდა ასეთი გამოთქმაც - თუ ფული გაქვს, კორონა არ არსებობს! - როდესაც მუშაობა განვაახლეთ, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა გვითხრეს, ჩვენ შეუსვენებლად ვმუშაობდით აზერბაიჯანულ ქორწილებშიო.A აბა, რა ვთქვა... ისეთ ქორწილს რა ვუთხარი, რომელსაც უამრავი ადამიანის დასნებოვნება მოჰყვება!..

- დედაქალაქში ახალი ადგილები ხომ არ გაჩნდა ღია ცისქვეშ ქორწილისთვის? ალბათ, რიტუალის ფასმაც მოიმატა. - მოიმატა, რასაკვირველია, მაგრამ ცხოვრებას და სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება და ქორწილებიც მუდამ იქნება. რაც შეეხება ადგილებს, პირველი და შეუცვლელი კვლავ მცხეთა და მთაწმინდის პარკია. უამრავი ხალხი მოდის, ოღონდ სიყვარულის გაფრთხილებაც უნდა ვისწავლოთ.

♦ 2021 წელს ერთ-ერთი გამორჩეული პანდემიური ქორწილი 36 წლის ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიასა და 19 წლის ლიზა ჩიჩუას ქორწინება იყო, რამაც უამრავ მილოცვასთან ერთად, ხმაურიც გამოიწვია - ნეფესა და პატარძალს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა ამას წყვილის ბედნიერება არ დაუჩრდილავს.

♦ ხმაურიანი აღმოჩნდა 2021 წელს მომღერალ მარიკა თხელიძისა და პოლიტიკოს გიორგი მანველიძის ქორწინება. წყვილისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. ბედნიერმა მომღერალმა ქორწინების დღეს 4 წლის შვილთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

♦ ე.წ. კარანტინული იყო ცნობილი მომღერლის, დათო ხუჯაძის ქორწინებაც, რომლის რჩეული მუსიკოსი ეკა დალაქიშვილია. წყვილმა ქორწილი აჭარაში გადაიხადა.

♦ საზოგადოება სიხარულით შეხვდა ტელეწამყვან ნინო შუბლაძისა და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ვალერი თელიას ქორწინებას. ტრაგედიის გადატანის შემდეგ ნინოს (მას "კოვიდით" 46 წლის და გარდაეცვალა) და მის მეუღლეს საზოგადოებამ დიდი ბედნიერება უსურვა.