"ბავშვი ვიყავი, როდესაც ახლობლების საუბარსაც მოვკარი ყური... მინდა დედის საქციელს გამართლება მოვუძებნო" - კვირის პალიტრა

"ბავშვი ვიყავი, როდესაც ახლობლების საუბარსაც მოვკარი ყური... მინდა დედის საქციელს გამართლება მოვუძებნო"

საქართველოში, დედას, მამასა თუ ოჯახის სხვა წევრს უამრავი ადამიანი ეძებს, ჩვენი რესპონდენტი კი სხვებისგან ბევრი რამით განსხვავდება. სოციალურ ქსელში მას ალეკო მანჯავიძის სახელით ნახავთ, თუმცა რეალურად ვალერი ჰქვია. როგორც თვითონ იცის 1965 წელს დაიბადა, მაგრამ შესაძლოა, არც ეს თარიღი იყოს სწორი. ვალერი უკვე წლებია ბიოლოგიურ დედასა და დას ეძებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ჩვილი ბიჭი ბავშვთა სახლში დატოვეს. "ალეკო მანჯავიძემ" ჩვენთან საუბარში თავისი ისტორია იმ იმედით მოყვა, რომ ამ ამბავს ვინმე გაიხსენებს და შავ-თეთრი ფოტოებიდან დაბნეულ ბიჭუნას ვინმე ამოიცნობს.

- 1965 წლის 28 აგვისტოს დავიბადე, დაბადების მოწმობაში ეს წელი მიწერია, თუმცა შესაძლებელია 1964 წელს ვიყო დაბადებული, რადგან აყვანის პერიოდში შეიძლება თარიღი შეცვალეს. დავიბადე და დედამ გამაშვილა, დამტოვა თბილისის პირველ ბავშვთა სახლში, საიდანაც წამომიყვანეს აღმზრდელმა მშობლებმა და ნათესავმა ქალმა. ჩემი ამბიდან ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცი რომ დედას, რომელმაც გამაშვილა თან ახლდა 2-3 წლამდე გოგონა. ბიოლოგიურ დედას ჩემი მომავალი ოჯახის წევრები არ ანახეს, თუმცა გამზრდელმა დედამ ის შორიდან დაინახა და ვიცი, რომ შავგვრემანი, ლამაზი ქალი იყო და ბავშვთა სახლში გოგონასთან ერთად იყო მისული. ასე მითხრეს, რომ ბიოლოგურ დედას ქმარი ციხეში ჰყავდა, ორსულად დარჩა, საშუალება არ ჰქონდა, არც ბინა გააჩნდა და ამიტომ დამტოვა იქ. სტუდენტი იყო და მეორე შვილის გაზრდას ვერ შეძლებდა. ფული გადაუხადეს ახლობელ ექთანს და ისტორიაში ჩაწერეს რომ ჩვილი დედამ გაიყვანა.

მე ეს ამბავი გამზრდელმა დედამ სიკვდილის წინ მომიყვა. წლების შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, არქივში დეტალების მოძიება დავიწყე და ამ თარიღით ორი ბიჭი ვიპოვე, ერთზე ეწერა რომ გარდაიცვალა, მეორე სავარაუდოდ მე ვარ, საბუთების მიხედვით, ალეკო მანჯავიძე მქვია, თუმცა ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი ვალერი გამთენაძეა. საბუთებში საცხოვრებელი ადგილი არ ეწერა. თუ ვინმეს რაიმეთი დახმარება შეუძლია, თუნდაც არქივის მოძიებაში დამეხმააროს, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

- როგორც ახსენეთ ეს ამბავი დედამ სიკვდილის წინ გაგიმხილათ, მანამდე არაფერი იცოდით?

- ვხვდებოდი რომ ნაშვილები ვიყავი, თუმცა დედისთვის არ მითქვამს. თანატოლებთან შედარებით ჩემი მშობლები საკმაოდ მოხუცებულები იყვნენ. თანაც ბავშვი ვიყავი, როდესაც ახლობლების საუბარსაც მოვკარი ყური.

- რომელი ასაკიდან დაიწყეთ ბიოლოგიური დედის მოძებნა?

- მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა, ერთ წელში დედაც. მაშინ ვერსად წასვლა ვერ მოვახერხე, ობლად დავრჩი, სრულიად მარტო. სტუდენტობის დროს, თბილისში ვიყავი, შემდეგ არეულობა დაიწყო და ჯარში წასვლა მომიწია რუსეთში და ეს თემაც უყურადღებოდ დამრჩა. უკვე 14 წელია ემიგრანტი ვარ, თურქეთში ვცხოვრობ და წლებია დედას და დას ვეძებ.

- მეგობრები, ახლობლები არ დაგხმარებიან ბიოლოგიური დედის მოძებნაში?

- არავინ დამხმარებია, რთული პრიოდი იყო, ბევრი რამ გამოვიარე. ახლა მხოლოდ ის მაფიქრებს რომ სადღაც ჩემი ნანატრი და ცხოვრობს. საკუთარი შვილების გარდა სისხლით ნათესავი არავინ მყავს, მინდა ვინმე ვიპოვო, თუნდაც შორეული ბიძაშვილი. უკვე არ აქვს მნიშვნელობა დედამ რა მიზნით გამაშვილა, ყველაფერი წარსულია.

- თუ ამას თქვენი ბიოლოგიური დედა ან რომელიმე ნათესავი წაიკითხავს რას ეტყოდით მას?

- არაფერს ვკითხავ მათ წარსულიდან. მე იმ დღეს ხელმეორედ დავიბადები და სიკვდილის არასდროს შემეშინდება. არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე რომ ჩემი წარმომავლობა არ გავიგო.

- როგორ ფიქრობთ თქვენი დაც გეძებთ?

- მთელი ცხოვრება ვნატრობდი დედმამიშვილს, ყოველთვის ვფიქრობდი მასზე. ალბათ მეძებს თუკი რამე ახსოვს წარსულიდან ან რაიმე სმენია ჩემს შესახებ. მამამ ალბათ არც კი იცოდა რომ გამაშვილეს, მის ერთადერთ ვაჟს ხომ მოძებნიდა. იმაზეც მიფიქრია რომ იქნებ სულაც არ არის ეს ინფორმაცია მართალი, ან იქნებ არ ვიყავი იმ მამის შვილი ვისიც მგონია და დედამ ამიტომ გამაშვილა და ჩემი და დაიტოვა რომ ციხიდან გამოსული ქმრისთვის დავემალე. არ ვიცი, ხომ არსებობს ამის შანსიც. მინდა დედის საქციელს გამართლება მოვუძებნო, არ ვიცი მე რატომ გამაშვილა.

(სპეციალურად საიტისთვის)