ნატა ლომოური: "ჩვენ ამ სასტუმროდან მიღებული შემოსავლით ვინახავთ შენობას" - კვირის პალიტრა

ნატა ლომოური: "ჩვენ ამ სასტუმროდან მიღებული შემოსავლით ვინახავთ შენობას"

"რომელ საშვზეა ლაპარაკი? ეს ჩვეულებრივი ორგანიზაციაა და მუდმივად ღია ხომ არ იქნება? ზარს დარეკავ და გაგიღებენ. მწერლისთვის შემოშვებაზე უარი ვის და როდის უთქვამს?!"

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური ბრალდებებს არ იზიარებს და ამბობს, რომ მწერალთა სახლი ყველასთვის ღიაა.

- მწერალთა აკადემიის იმ წევრებმა, რომლებიც წერილს ხელს აწერდნენ და მერე აღმოჩნდა, რომ არ აწერდნენ, თქვეს, რომ უმარტივესია ჩვენთან ღონისძიების ჩატარება. აგერ, ჯუბა ღებელმა ეთერში თქვა, ნატას ტელეფონით ვურეკავდი და ისე მინიშნავდა საღამოებსო. სექტემბერში დეტალურ ანგარიშებს წარმოვადგენთ, ვინ, სად და რამდენი ღონისძიება ჩაატარა. მწერალთა სახლი ისეთი ღია, როგორიც ბოლო წლებშია, არასდროს ყოფილა, ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ ძალიან გადატვირთულია ღონისძიებების განრიგი, რომლებიც ხანდახან ერთი თვით ადრე დგება. მწერლები იმას თუ გულისხმობენ, რომ "ოფისები" არა აქვთ, გეტყვით, რომ მწერალთა სახლში არც ერთ მწერალს არა აქვს ოთახი და კაბინეტი, ყველანი შინ ვმუშაობთ. იქ მხოლოდ მენეჯერების პატარა ჯგუფია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მწერლებს ჰქონდეთ მუშაობის საუკეთესო პირობები. რომელ საშვსა და ნებართვაზეა ლაპარაკი? ეს ჩვეულებრივი ორგანიზაციაა და მუდმივად ღია ხომ არ იქნება? ცენტრალური კარია დაკეტილი, ზარს დარეკავ და გაგიღებენ.

მწერლისთვის შემოშვებაზე უარი ვის და როდის უთქვამს?! რაც შეეხება სასტუმროსა და რესტორანს, კი ბატონო, ბოლო სართულზე არის საოჯახო სასტუმრო. სამწუხაროა, რომ არ იციან, რას ნიშნავს მწერალთა რეზიდენცია, რომელიც 2016 წელს გავხსენით. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპაში. პირიქით, საამაყოა, რომ არის მწერალთა რეზიდენცია, რომლის პირველი საპატიო სტუმარი იყო, მაგალითად, ნობელიანტი სვეტლანა ალექსეევიჩი. აქ 50-მდე მწერალი გაჩერებულა, მათ შორის ქართველებიც. თუმცა, როცა თავისუფალია, მას სასტუმროდაც ვაქირავებთ. ეს შეთანხმებულია კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, ასევე, ქონების მართვის სააგენტოსთან. ჩვენ აქედან მიღებული შემოსავლით ვინახავთ შენობას და ვიხდით გადასახადებს, ვინაიდან სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები არ გვყოფნის. ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო სიპი, რომელიც ახერხებს კერძო შემოწირულობებით მიღებული თანხებით თავის შენახვას... მწერალთა სახლში მართლაც არის კაფე "ლიტერა", რომელმაც მწერალთა სახლი და დავით სარაჯიშვილის სახელი მსოფლიო რუკაზე დასვა - უამრავ საერთაშორისო გამოცემაშია მოხვედრილი... მწერალთა სახლი და კაფე "ლიტერა" დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილია. სხვათა შორის, სასტუმროსა და რესტორანზე რომ საუბრობენ, რატომ არ ახსენებენ დავით სარაჯიშვილის მუზეუმს, რომლის გაკეთებაც წლების განმავლობაში არავის მოსვლია აზრად? სახლი კაბინეტებად რომ იყო დაყოფილი, ერთი ოთახი მაინც გამოეყოთ ამ ადამიანის ხსოვნისთვის. ფანტასტიკური მუზეუმი გავხსენით მხოლოდ კერძო შემოწირულობებით. წლის ბოლოსთვის გვექნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმიც და ესეც გარეთ მოძიებული თანხებით...