"როგორ უნდა აგინებდე უცხოეთიდან სახელმწიფოს? რაღაც მორალი ხომ არის? სააკაშვილმა ჩარეცხა კულტურა, მეცნიერება..." - კვირის პალიტრა

"როგორ უნდა აგინებდე უცხოეთიდან სახელმწიფოს? რაღაც მორალი ხომ არის? სააკაშვილმა ჩარეცხა კულტურა, მეცნიერება..."

"რაც განდევნილი ვართ, მწერლებს იქ ჩამოსაჯდომი ადგილიც არ გვაქვს, არც შესვლის და არც მუშაობის უფლებას არ გვაძლევენ. ვინ შეგიშვებს? შეხვალ და მოგესევა პოლიცია"

5 აგვისტოს "მწერალთა ეროვნულმა აკადემიამ" კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართა. წერილში ხელმომწერები მწერალთა სახლის დაბრუნებას ითხოვენ, იქ მომუშავე პირები სააკაშვილის შეგირდებად არიან მოხსენიებული, თავად ორგანიზაციას კი "ბორდელს" უწოდებენ. ამ ღია წერილს პათოსისა და შეურაცხმყოფელი ფრაზეოლოგიის გამო მწერალთა ნაწილი გაემიჯნა. იმ პირთა ნაწილმა, რომელიც ღია წერილის ხელმომწერად არის დასახელებული, ტექსტთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მიმართვის წერილი მათთან არ შეთანხმებულა და წერილის არსებობის შესახებ მისი გამოქვეყნების შემდეგ შეიტყვეს. როგორც წერილის ერთ-ერთი ავტორი, მწერალი და პუბლიცისტი, "მწერალთა აკადემიის" დამფუძნებელი კობა არაბული გვეუბნება, ყველა იქ ჩამოთვლილი მწერალი საქმის კურსში იყო, მაგრამ რატომღაც უკან დაიხიეს. "იქ არავითარი სიძულვილის ენა არაა. მწერლობა, ვფიქრობ, ერთსულოვანი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში. ქვეყანა გვეკარგება და ესენი ამბობენ, პათოსი არ მოგვწონსო. ასეთები არც იქით არიან, არც აქეთ, ეროვნულ ინტერესს არ იცავენ და საკუთარი მერკანტილური უნიჭო ამბიციით ღალატობენ ერის ინტერესს".

- ეს წერილი პირველად კი არა, ვინ იცის, მერამდენედ დავწერეთ. ძველი ისტორიული მწერალთა სახლი მაჩაბლის #13-ში, ასევე #11-ში მდებარე შენობა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გადმოგვცა საჩუქრად და რომელსაც გალაკტიონის ლიტერატორთა სახლი ერქვა, ორივე სააკაშვილის ბანდამ წაიღო. სპეცრაზმით შემოიჭრნენ, გაყარეს მწერლები, დაკეტეს კარი და დაიკავეს ყველაფერი. ეს სააკაშვილის რეჟიმის დროს მოხდა. მოგეხსენებათ, იმხანად კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა იყო, მერე გააკეთეს ბორდი და მათ გადასცეს შენობა, დააფუძნეს საკუთარი გაზეთი, სასტუმრო, დაიკავეს ბაღი და მწერლების ბიბლიოთეკა. ყველაფერი გაანადგურეს...

მწერალთა სახლის გარდა, დღეს იქ ყველაფერია. დირექტორად დანიშნულია ლომოურის ქალი, რომელსაც ლიტერატურის არა გაეგება რა და რამე თუ დაგჭირდა, წერილი უნდა დაწერო, იქ ისე არავინ გიშვებს. ვეღარ შევდივართ ისტორიულ ბაღში, სადაც ადრე კორიფეები იკრიბებოდნენ. მას მწერალთა სახლი ჰქვია, მაგრამ დღეს იქ საოჯახო სასტუმრო, რესტორანი და ათასი უბედურებაა. კულტურის სამინისტრომ მათ ხელფასები დაუნიშნა, გაზეთი დაუფინანსა, რომელსაც ბეჭდავენ ეს ლიბერასტი მწერლები და ვინ არიან, არავინ იცის.

- გამოდის, მწერლობაც პოლარიზებულია... - როცა მწერალთა სახლიდან 100-კაციანი არმია გაგვაძევეს, ამის შემდეგ დავაარსეთ "მწერალთა ეროვნული აკადემია". არ ვიცი, მათ ჰკითხეთ, რას გვერჩოდნენ. რაც განდევნილი ვართ, მწერლებს იქ ჩამოსაჯდომი ადგილიც არა გვაქვს, არც შესვლის და არც მუშაობის უფლებას არ გვაძლევენ. ვინ შეგიშვებს? შეხვალ და მოგესევა პოლიცია. სხვათა შორის, სასამართლო მიდიოდა, მაგრამ პროცესი შეჩერდა და ვერ დავამტკიცეთ, რომ შენობა ჩვენია. "ოცნება" როცა მოვიდა, აკადემიამ ფართობი მოვითხოვეთ, 1 წლით ქირით გადმოგვცეს კიდეც, იქ გამოვცემდით "ლიტერატურულ საქართველოს", მერე ის ვადაც ჩათავდა... მაშინ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, ახლა პრეზიდენტი ვარ.

- აღშფოთება გამოიწვია უფრო არა წერილის შინაარსმა, არამედ მისმა პათოსმა და ფრაზეოლოგიამ, რასაც რამდენიმე ხელმომწერი მწერლის გამიჯვნაც მოჰყვა... - იმ წერილში არანაირი სიძულვილის ენა არ არის, ჩვენ ჩვენსას ვითხოვთ. იქ შეტანილია ერთი სიტყვა - "ბორდელი" ("ბორდი თუ ბორდელი"), რაც არ არის ჰაერზე მოტანილი, ეს მეტაფორული გამოთქმაა. იქ კიდევ ნახსენები მაქვს მითოლოგიიდან "ეშმაკებმა კარავი დადგეს"-მეთქი, ხშირად მომყავს ხოლმე მეტაფორები მითოლოგიიდან. რა, ასე არაა?

- სწორედ ამ სიტყვის - "ბორდელის" გამო იფიქრა ბევრმა, რომ წერილის ავტორი რეზო ამაშუკელი უნდა ყოფილიყო. კონკრეტული ავტორი ჰყავს წერილს? - წერილზე ვმუშაობდით მე, გურამ პეტრიაშვილი, ვახტანგ ხარჩილავა, ირაკლი ვაშაყმაძე და სხვები. რეზოც გვეხმარებოდა, ზოგ სიტყვას ისიც გვაშველებდა. ალიმონაკმა დამირეკა და მითხრა, კობა, ახლა იქ რომ აჟიოტაჟია ატეხილი (ჟიურის ამბებს გულისხმობდა), ამაზე არაფერი გავაკეთოთო? პირველმა მან დამირეკა ამ თემაზე და ეს ტექსტი რომ გაკეთდა, იცოდა ამის შესახებ. იქ ყველა მწერალი არ არის მოხსენიებული. მათ უკან კი არ უნდა დაეხიათ, პირიქით, უნდა ეთქვათ, მე არ დამიწერია, მაგრამ ეს საჭიროაო. იქ არავითარი სიძულვილის ენა არაა, რა სისულელეა?!

მწერლობა ერთსულოვანი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში. ქვეყანა გვეკარგება და ესენი ამბობენ, პათოსი არ მოგვწონსო.

- ისინი, ვისაც წერილზე ხელი არ მოუწერიათ, როგორ აღმოჩნდნენ ხელმომწერთა სიაში? მწერლების ნაწილი ამბობს, რომ ტექსტის შინაარსი მათთან შეთანხმებულიც არ იყო... - წერილს ხელს არავინ აწერს, ერთ ხუთ კაცს მე დავურეკე, ხუთს - სხვამ, გავაცანით შინაარსი და სიტყვიერი თანხმობაც მივიღეთ. როცა ეთანხმებიან, როცა აკადემიას ერთი აზრი აქვს, იბეჭდება აკადემიის სახელით. ზოგს შეიძლება ხმა ვერ მიაწვდინეს... მანდ საპროტესტო არაფერია. რა პათოსი არ გაიზიარეს? მანდ პათოსია მთავარი და აბა, რა გაიზიარეს?

რა სიძულვილი, ყოველდღე ტელევიზიებით დედას გვაგინებენ. პროლეტკულტელები არიან ესენი, ყველანი, საკუთარ დედასაც რომ არ დაინდობენ, სამშობლოს რომ უარყოფენ და თამარ მეფეს ბოზად რომ გამოაცხადებენ, "საიდუმლო სირობას" რომ დაწერენ და პატრიარქს რომ აგინებენ...

ფსევდოლიბერალიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი მოიტანეს მაგათ. ისევ მაგათ გზავნიან გერმანიაში, ჩავიდნენ ბიენალეზე, გამოვიდნენ და დედა აგინეს საქართველოს, ტერორისტების მთავრობა გვყავს, ზვიად რატიანს ეჩხუბნენო. გამოვიდნენ დეისაძეები და ბუღაძეები და დედა აგინეს საქართველოს... არც ერთი ჩვენი მწერალი არ იყო მიწვეული ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე. ჩვენი მწერლობა 70-80-იანების თაობაა, უნიჭიერესი თაობა. მე პირადად სამი პრემია მაქვს, ჩემი პოეზია თარგმნილიცაა, მაგრამ არა ვარ ის კაცი, ჩემი წიგნები აქეთ-იქით დამქონდეს. გერმანიაში 40 მწერალი წაიყვანეს და მათში არც ერთი ჩვენგანი არ ყოფილა. ყველგან დაგვბლოკეს, ვინაიდან თვითონ იმ კულტურის სამინისტროში სულ "ნაციონალები" ისხდნენ. სამინისტრო ისევ ამათ აფინანსებს, ჩვენს მწერლებს კი, რომლებმაც მართლა ლიტერატურა და მწერლობა შექმნეს, არაფერი. ახლა ფსევდომწერლების დროა.

- წერილის ადრესატმა რა პასუხი მოგცათ, რა რეაგირება ჰქონდა მინისტრს? ისიც ითქვა, რომ ეს სამინისტროს შეკვეთა იყო... - კი, ვიღაცებს განგაში აუტეხიათ, შეკვეთილი წერილიაო. რანაირად შეიძლება შეკვეთილი იყოს, როცა ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ და შეგვიშვან იმ შენობაში? ამას ადრეც ვითხოვდით, პერმანენტულად, ბიძინა ივანიშვილსაც მივმართეთ. ახლა ხევსურეთში ვარ და სექტემბრისთვის რომ ჩამოვალ, ძალიან მწვავე რეაქცია გვექნება.

- ამასობაში, პანდემიაც დასამარცხებელი გვაქვს, ყველაფერი ერთად ხომ არ გვჭირს? - ურთულესი დროა ჩვენი ერისთვის. პანდემია კატასტროფული მოვლენაა და ხვალ რა იქნება, უფრო გართულდება თუ არა ეს ჭირი, არავინ იცის. ეს მთავრობაც, ხელისუფლება სულ ორი-სამი კაცია, - ღარიბაშვილი, კალაძე, რომელიც კარგი მერი და საინტერესო ადამიანია, და წულუკიანი. მათ პირადად არ ვიცნობ, არანაირი კავშირი არ მქონია. ღარიბაშვილზე გეტყვით, რომ მან დაიწყო მუცოს აღდგენა, რასაც წლობით ვითხოვდით. ვფიქრობ, ის ეროვნული და საქმიანი კაცია, აქტიური და ჯიუტიც. წულუკიანი რომ ამბობს, მუზეუმები უნდა აღდგესო და ვიღაცები აჯანყდნენ, რატომ აჯანყდნენ?

რა დღეშია საგანძური, რა გააკეთეს "ნაციონალების" ხალხმა?! გაიტან-გამოიტანეს და ამას რევიზიას უკეთებს წულუკიანი. შეიძლება ისეთი რაღაცები აღმოჩნდეს, ვერც წარმოიდგინოთ. აი, ამის გაქექა არ უნდათ. როგორ შეიძლება იმ შენობას რემონტი არ გაუკეთდეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იქ როგორ შეიძლება საგანძურის დარჩენა?

- ეს ბაკქანალია "ლიტერას" ჟიურიში სოსო ჭუმბურიძის ჩასმით დაიწყო... - როგორც ვიცი, ის ნორმალური ადამიანია, გაზეთის რედაქტორიც იყო. ალბათ, სამინისტროს აქვს ამის უფლება, ვინაიდან მისია ეს შენობა, ის აფინანსებს და ჟიურიში ერთი წევრის ყოლის უფლება არა აქვს? ეგენი თვითონ წერენ, თვითონ ანაწილებენ ფულს და მათი ჟიურია ჟიური? საერთოდ, ვინ არიან ეგენი? რა დაწერეს? თვითონ წერენ, თვითონვე კითხულობენ, ფულს ანაწილებენ და ესაა ჟიური? მათ ყოველთვის ჰქონდათ გრანტიც და ყველაფერიც. რა დაწერეს? დადონ პროზა და პოეზია.

რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების ბრალი იყო და ამას ვამბობდი ყოველთვის. ახლა იმიტომ მივმართე წულუკიანს, რომ აღადგინოს სამართალი. ან ამდენ ხანს რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი უსამართლობა? როგორ შეიძლება მწერალთა სახლი მწერლობას და მწერლებს არ ეკუთვნოდეს, ისიც ნაჩუქარი და ისტორიული შენობა? მე რომ იქ მივდივარ, არ უნდა მქონდეს შესვლის უფლება, მით უფრო, აკადემიის პრეზიდენტს? იქ არავის უშვებენ, განცხადება უნდა დაუწერო. ეს რა უბედურებაა?

ეროვნული ინტერესი რომ არა გაქვს, გასაგებია, მაგრამ შენი სამშობლო რომ არ გიყვარს, "უნიტაზზე ზიხარ" და დედა მახსენდებაო, ამას წერ, რა უნდა გელაპარაკო?... ამიტომ დავარქვი ამას უნიტაზის მწერლობა. შეიძლება მთავრობა არ მოგწონდეს, მაგრამ როგორ უნდა აგინებდე უცხოეთიდან სახელმწიფოს? რაღაც მორალი ხომ არის? სააკაშვილმა ჩარეცხა კულტურა, მეცნიერება, კავშირები გააუქმა და ინტელიგენცია გამოაცხადა ჩარეცხილებად. ამიტომაა საწყენი, ვის უჭერენ მხარს, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, სააკაშვილის რეჟიმის და მისი ჯალათების?