"შეცდომა" თუ "ბიოლოგიური იარაღი"? - კვირის პალიტრა

"შეცდომა" თუ "ბიოლოგიური იარაღი"?

"ახლა დასავლეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი რომ დაიწყოს, უპირველესად ჩვენისთანა პატარა ქვეყნები გაიჭყლიტებიან... ჩინეთის ეკონომიკაზეა თითქმის მთელი მსოფლიო გადახლართული. პანდემიისგან ისედაც დაზარალებულ ეკონომიკას ახლა ჩინეთთან დაპირისპირება არ აწყობს, რადგან კრიზისის ახალ ფაზას მივიღებთ, რომელმაც შესაძლოა საერთოდ დაანგრიოს მსოფლიო ეკონომიკა..."

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებენ. უცნობია, თუ როგორ მოიპოვა ამერიკულმა დაზვერვამ მონაცემები, მაგრამ საუბარია უხანის ლაბორატორიაში შესწავლილ 22 000 ვირუსზე. დასავლური მედიის ცნობით, კვლევა გართულებულია იმის გამო, რომ თანმხლები ჩანაწერები ჩინურ ენაზეა და ამერიკულ სპეცსამსახურებს სჭირდებათ არა მარტო ჩინურის მცოდნე სპეციალისტები, არამედ კომპეტენტური სანდო პირების მოძიებაც... "თუმცა ჰიპოთეზა კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ დასაშვებია და გამოძიებას მოითხოვს", - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის სამთავრობო ლაბორატორიაში... ბუნებრივი პროცესით წარმოქმნილი ვირუსი, შეცდომა თუ ჩინეთის ბიოლოგიური იარაღი? - ეს არის კითხვები, რომლებიც აქტუალურობას არ კარგავს. ყოველ შემთხვევაში, უხანის "ცოცხალი ბაზრიდან" ვირუსის გავრცელების ვერსია უკვე ნაკლებად დამაჯერებელია... სად არის სიმართლე და როდის შეიძლება მეტი ინფორმაცია გვქონდეს XXI საუკუნის დამანგრეველი ვირუსის წარმოშობის შესახებ, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრა:

- ვერსიები, რომლებიც ვირუსის გავრცელების პარალელურად გავრცელდა, ფართო სპექტრს მოიცავს. ვიღაცები კარგა ხანს ვირუსის არსებობას ეჭვობდნენ, ახლა ვაქცინების არ სჯერათ, ვითომ ხალხის დაჩიპვა და ამოხოცვა იგეგმება, თითქოს 8 მილიარდიდან, მხოლოდ ერთი მილიარდი კაცი უნდა დარჩეს... მსგავსი საუბრები იყო სხვადასხვა ეპიდემიის დროსაც, მაგრამ, საბედნიეროდ, კაცობრიობა გადარჩა.

საქართველოში პიკს აღწევს პანდემია, ანტივაქსერები კი არათუ არ იცრებიან, სხვებსაც მოუწოდებენ, არ აიცრან და საზოგადოებას ებრძვიან... ეს ვირუსი სახიფათოდ ვერაგი ჩანს, გაძლიერებას ცდილობს. მასზე ბევრი არაფერი ვიცით და შესაბამისად, არც სიმშვიდის საფუძველი გვაქვს. რაც შეეხება წარმოშობის მიზეზებს, ჩინეთის შესახებ ვერსიების კასკადს საპასუხო შეტევა მოჰყვა - ჩინური მედია გააფთრებული წერს, ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ ან შემთხვევით შემოიტანეს აქ ვირუსი. მსგავსი სიმპტომები ამერიკაში უფრო ადრე დაფიქსირდა და აშშ მალავდაო.

- დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებენ, რაც სავარაუდოდ, ლაბორატორიის სერვერების გატეხით მოიპოვეს... რას მალავს ჩინეთი? - აქ მხოლოდ ჩინეთ-ამერიკის პაექრობა არ იქნება, არც სხვა ქვეყნების მონაწილეობაა გამორიცხული, თუნდაც რუსეთის. ამ ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობა და აქტიური მიმოსვლა აქვთ. საეჭვოა ისიც, რომ რუსეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რამდენიმე ვაქცინა შექმნა, ყველაზე გავრცელებულია "სპუტნიკ-V", მაგრამ სხვებიც აქვს, თუ არ ვცდები, 4-5, რაც ერთ-ერთი საეჭვო გარემოებაა. ისიც გვახსოვს, პოლიტიკურად როგორ იყენებდა ამ ვაქცინას. ახლა კი ჩინეთ-ამერიკის გამწვავებული ურთიერთობის შორიდან მაყურებელია...

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და "გაექცათ", უნდა დასახელდეს, ვინ მუშაობდა ამაზე, ვინ გამოიტანა ან ვინ შეეწირა ამ საქმეს... ვფიქრობ, ამას უფრო პოლიტიკური დატვირთვა ექნება, ვიდრე რაიმე კონკრეტულს გავიგებთ, რადგან თუ აშშ-ის სპეცსამსახურები რამეს გაარკვევენ, მას საჭიროებისამებრ გაავრცელებენ. ყველაფერს ერთიანად გამოფენენ და ჩინეთს ბრალს წაუყენებენ...

ვფიქრობ, არც ვირუსის შემთხვევით გაჟონვაა გამორიცხული და არც სპეციალურად გაშვება. თითქოს საეჭვოა, ჩინეთს საკუთარ ქვეყანაში განზრახ გაეშვა ვირუსი, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ ყველაფრისთვის კარგად მომზადებული აღმოჩნდა. აი, ეს ბადებს უამრავ კითხვას... ვაქცინით ბევრ ქვეყანას უსასყიდლოდ დაეხმარა, შემდეგ მისგან იყიდეს კიდეც. მათ შორის ვართ ჩვენც - რამდენიმე ათასი დოზა გვაჩუქეს, მერე ვიყიდეთ, არაერთმა დიდმა ქვეყანამაც მიმართა ჩინეთს დახმარებისთვის... "კოვიდმა" ყველაზე მეტად ამერიკა დააზიანა. დღემდე პირველ ადგილზეა პანდემიის გავრცელების მასშტაბით და მისგან გამოწვეული ზარალით. ბიოლოგიური იარაღი სხვა კი არაფერია, მაგრამ დამტკიცება სჭირდება, რომ ხელოვნურად შეიქმნა სხვა სახელმწიფოების დასასუსტებლად. გავრცელებული არგუმენტები საკმარისი არ არის... ჩინეთს შეიძლება ვირუსის დამალვის ბრალდება წაუყენო. თუმცა არც ის არის გამორიცხული, არც სცოდნოდა რასთან ჰქონდა საქმე. თავის მხრივ, ჩინეთიც აცხადებს, ამერიკაში ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა ეს ვირუსი და იქიდან გავრცელდა ჩინეთშიო.

- თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ ყველა, ვინც გაბედა და განგაშის ზარი შემოჰკრა, საინფორმაციო ველიდან გაქრა... - ჩინეთი შეჩვეულია და "აცრილია" ისეთ უხერხულობებზე, რაც ამ ბრალდებებს უნდა მოჰყოლოდა. მსგავს რამეებზე მისი "წამოკიდება" იოლი არ არის. რაც დასავლეთისთვის სიცრუეა, შესაძლოა მისთვის სიმართლეა. ამიტომ ეცდება თავისი პოზიცია ბოლომდე დაიცვას.

მნიშვნელობა არა აქვს, ვირუსი ლაბორატორიიდან "გაიქცა" თუ რომელიმე თანამშრომელმა შეგნებულად გაიტანა, ან სულაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა შეიტანა, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ფუნდამენტური გამოძიება, ჩინეთს კი ამაზე ვერ დაიყოლიებენ, რადგან კარგად აქვს გააზრებული თავისი გავლენა და პოზიციის სიმყარე... სამედიცინო პერსონალი, ვინც ახალი დაავადების შესახებ საჯაროდ ილაპარაკა, გაქრა. კვალს, რაც ეჭვებს გააჩენდა, ჩინეთი არ დატოვებდა. ყველა სახელმწიფო ასე მოიქცეოდა, რათა სხვისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო... აშშ-ის სპეცსამსახურების განცხადებების შემდეგ მთელი მსოფლიო უნდა დუღდეს, მაგრამ ისევ და ისევ განცხადებებს ვისმენთ.

ჩინეთი კი რომელიმე პატარა აფრიკული ქვეყანა არაა, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერების თითის გატკაცუნებას დაემორჩილოს და უხანის ლაბორატორიაში სამუშაოდ შეუშვას. არც იმას ველოდები, თუ თავად გააკეთებს რამეს, პროცესი გამჭვირვალე იქნება. ჩინეთს თავისი ამბიციები და დასავლეთთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან, გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.

- ამერიკაში ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროიდან იყო ლაპარაკი ჩინეთის პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია თუ არა მის გარშემო ანტიჩინური წრე შეიკრას? - არ არის გამორიცხული გაეროში განიხილონ ეს საკითხი. შესაძლოა ამერიკამ ანტიჩინური კოალიციის შექმნაც სცადოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რას დაასკვნიან აშშ-ის სპეცსამსახურები იმ კვლევის შედეგად, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ელოდება. სერიოზულ სამხედრო ან ეკონომიკურ დაპირისპირებას არ ველოდები. თუმცა შესაძლოა ნებისმიერი მცირე დეტალის გარკვევასაც კი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს, რასაც თავადაც უპასუხებს. ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობისას იყო ეკონომიკური შეტევები, რასაც ჩინეთის პასუხები მოჰყვა. ჯო ბაიდენის განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, დალაგებული ურთიერთობა ამ ორ სახელმწიფოს პანდემიამდეც არ ჰქონია, ვირუსის თემა კი უფრო გაამწვავებს... მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია არაერთი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან. ამიტომ, თუ სახელმწიფოებმა ამ ბრძოლაში თავიანთი ინტერესები არ დაინახეს, არ ჩაებმებიან. ჩინეთს ეკონომიკურ ომს ვერ გამოუცხადებენ, რადგან ეკონომიკური ძლიერებით მსოფლიოში ლამის პირველი სახელმწიფოა. პანდემიისგან ისედაც დაზარალებულ მსოფლიო ეკონომიკას ახლა ჩინეთთან დაპირისპირება არ აწყობს. ამ შემთხვევაში კრიზისის ახალ ფაზას მივიღებთ, რომელმაც შესაძლოა საერთოდ დაანგრიოს მსოფლიო ეკონომიკა.

- შეიძლება ჩინეთში ისიც გაეთვალათ, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურად მასზე უფრო დამოკიდებული გახდებოდა. - გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამის დადგენას ხანგრძლივი გამოძიება სჭირდება, თუმცა ჩინეთისთანა სახელმწიფოსთან ამის მიღწევა ძნელია. არადა, ახლა დასავლეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი რომ დაიწყოს, უპირველესად ჩვენისთანა პატარა ქვეყნები გაიჭყლიტებიან. ამიტომ მთავარია, როგორმე მცირე ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგით გამოვიდეს მსოფლიო ამ პანდემიიდან და აღმავლობის გზას დაადგეს. თუმცა ვირუსის წარმოშობა-გავრცელების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.