"ანტივაქსერები თავიანთი მოწოდებებით ხალხს ჯოჯოხეთისთვის იმეტებენ, ვფიქრობ, მათ საქციელს კანონით უნდა გაეცეს პასუხი!" - კვირის პალიტრა

"ანტივაქსერები თავიანთი მოწოდებებით ხალხს ჯოჯოხეთისთვის იმეტებენ, ვფიქრობ, მათ საქციელს კანონით უნდა გაეცეს პასუხი!"

როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა ხუთ ათეულს სცდება და მოსახლეობის მეოთხედიც კი არ არის აცრილი, ანტივაქსერები აქტიურობენ. ანტივაქსერთა მოძრაობა არახალია. მაგალითად, 1853 წელს, ინგლისში, როდესაც ჩვილთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, მასზე უარი კი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. ანტივაქსერთა ლიგა დაარსდა, რომელმაც ლამის ომი გამოუცხადა საყოველთაო ვაქცინაციას. ამ მოვლენების ამსახველი ილუსტრაციები მაშინდელ პრესაში მოიპოვება. ანტივაქსერთა შორის ექიმებიც იყვნენ. მაგალითად, 1885 წელს, კანადაში ყვავილის ეპიდემიისას, ზოგიერთი ექიმი ვაქცინაციას მიაწერდა ვენერიულ დაავადებებს, უნაყოფობასა და ბავშვების სიკვდილიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციამ ყვავილის ეპიდემია გააქრო, ანტივაქსერული მოძრაობა არ გამქრალა... ჩვენში ანტივაქსერთა ლიგა არ შექმნილა, მაგრამ მათი ზეგავლენით აუცრელად დარჩენილი არაერთი ადამიანის სიცოცხლე დასრულდა. "ფაიზერით" ერთხელ აცრის შემდეგ დაინფიცირებული ოპერატორი გიორგი ვარსიმაშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში აკვირდებოდა, როგორ მსუბუქად იტანენ ვირუსს აცრილები. მის თვალწინ არაერთი ტრაგედია დატრიალდა, თუმცა არც ერთი აცრილი არ გარდაცვლილა.

- "ფაიზერით" ერთხელ აცრის შემდეგ დავინფიცირდი. თავდაპირველად დაბალ სიცხეს ყურადღება არ მივაქციე და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მივაკითხე კლინიკას. PCR-ტესტმა ინფექცია დამიდასტურა და კლინიკაში მკურნალობაზე უარი არ ვთქვი. როგორც ექიმებმა მითხრეს, ერთმა აცრამაც თავისი საქმე გაგიკეთა, ფილტვების ანთება სწორედ ამის წყალობით არ დაგემართაო. მართალია, ჰოსპიტალიზაციაც დამჭირდა და ხველის გამო ჟანგბადის აპარატიც, მაგრამ ჩემი მდგომარეობა რა სახსენებელია აუცრელებთან შედარებით! მათ შორის იყო ჩემი მეგობარიც, რომელიც ჩემთან ერთად დაავადდა და კლინიკაში სამი კვირა გაატარა. ძალიან ნანობდა, რომ აცრა ვერ მოასწრო. საუნივერსიტეტო კლინიკის რვასართულიან შენობაში მხოლოდ რვა კაცი ვიყავით აცრილი, დანარჩენებს კი ძალიან უჭირდათ. როგორც კი ჩემმა მეგობარმა საუბარი შეძლო, დამირეკა და მომიყვა, რა ხდებოდა მის გარშემო. მიუხედავად იმისა, მსუბუქია თუ არა დაავადება, მძიმე დასასრულზე მაინც ყველა კოვიდინფიცირებული ფიქრობს, მით უფრო, როცა ირგვლივ მედპერსონალს ის საშინელი შავი პარკები დააქვს! დაავადების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გარდაცვლილები ამ პარკებით გაჰყავთ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაასვენებენ საკაცეზე...A რადგან მესამე სართულზე ვიყავი, ეზოში ყველაფერს ვხედავდი. მესმოდა გარდაცვლილთა ახლობლების ტირილი და ყვირილი. გამწარებული ადამიანები საკუთარ ავტომანქანებს ამტვრევდნენ... რვა დღის განმავლობაში, სანამ კლინიკაში ვიყავი, სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 30 წლის ორსულსა და 20 წლის გოგონას გული გაუჩერდათ, 22 წლის ბიჭი კი კოვიდინფექციის გამო თავის ტვინში წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა. დამლაგებლებს ვეკითხებოდით მძიმე ავადმყოფების შესახებ და მათი დუმილით ვხვდებოდით, რომ გარდაიცვალნენ...

მიუხედავად იმისა, რომ დასნებოვნების შემდეგ რამდენიმე დღე შინ გავატარე, "კოვიდი" ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ დამართნია და ამის მიზეზი მათი აცრა იყო. კი ბატონო, არ არის სასიამოვნო პირბადით სიარული, მაგრამ დამიჯერეთ, ჟანგბადის ნიღაბი ათასჯერ უარესია... არ შემიძლია სიტყვებით აღვწერო, რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ არსებობს რაღაც, რაც ხრჩობით სიკვდილისაგან გიხსნის! მე ვაქცინის ერთი დოზაც კი დამეხმარა, რომ გართულებები ამერიდებინა, თუმცა ვერ გადავურჩი იმ გართულებას, რაც ვაქცინაციისკენ მოწოდების საპასუხოდ სოცქსელში დამატყდა თავს. ათობით ადამიანი შემომივარდა პირად გვერდზე - ზოგმა მწყევლა, ზოგმა მლანძღა, ზოგმაც ფულის აღება დამაბრალა... როგორც მე მლანძღეს, ისეთი შემართებით აცრის სიკეთეზე რომ ლაპარაკობდნენ ან ასეთი მონდომებით იცრებოდნენ, ხომ გადავრჩებოდით ამდენ უბედურებას?! სწორედ ახლახან გავიგე ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა მწვრთნელის გარდაცვალების ამბავი და თავზარი დამეცა! ეს ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო, სრულიად! როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარდაცვლილთა სტატისტიკას აქვეყნებს და გეუბნება, რომ მათი 99.9% აუცრელი იყო, ვაქცინას როგორღა ებრძვი?! ჩემდა სამწუხაროდ, ანტივაქსერთა შორის ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომელთაგან ამას ვერც წარმოვიდგენდი! არადა, დარწმუნებული ვარ, მშვენივრად ხედავენ ვაქცინაციის სიკეთეს... როგორ შეიძლება ასეთი სიძულვილით ლაპარაკი ექიმებზე, რომლებსაც 18 თვეა, ეს საშინელი სპეცტანსაცმელი გაუხდელად აცვიათ?! ანტივაქსერებს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა! ისინი თავიანთი მოწოდებებით ხალხს ჯოჯოხეთისთვის იმეტებენ და ვფიქრობ, მათ საქციელს კანონით უნდა გაეცეს პასუხი! როგორ შეიძლება ჩვენი პატარა ქვეყანა "კოვიდით" გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველი იყოს?!..

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა სწორედ ვაქცინაციამ იხსნა და 120 წლის მანძილზე მოსახლეობის რაოდენობა 1-1.5 მილიარდიდან 7.5-8 მილიარდამდე გაზარდა, ანტივაქსერები მაინც მტკიცედ დგანან. დღეს ისინი თანამოაზრეთა გასამრავლებლად იყენებენ სოცქსელებს. ამას ემატება რუსულენოვანი მედია, რომელიც დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა. ანტივაქსერული მოძრაობის საბოლოო მიზნად ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების მართვა მიიჩნევა. ფსიქოლოგთა რჩევით, ანტივაქსერთა დასასუსტებლად მათთან ონლაინდისკუსიაზე უარის თქმაა საჭირო, რადგან ამ ხალხის ამოცანა სწორედ ბევრი ადამიანის დისკუსიაში ჩათრევა და მათზე გავლენის მოხდენაა.