"პრეპარატი, რომლის გამოცდაც ახლა მიდის, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი - კვირის პალიტრა

"პრეპარატი, რომლის გამოცდაც ახლა მიდის, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი

"სამედიცინო პერსონალი ვალდებულია აიცრას და ვინც უარს იტყვის, არ უნდა დაუშვან სამსახურში!"

ისრაელი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც პანდემიას დროულად და კარგად გაართვა თავი და მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ქვეყანაში დელტა-შტამის ცირკულირებამ ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო, რეგულაციებიც თანდათან გაამკაცრა და ლოკდაუნისთვის ემზადება. ჩვენი თანამემამულე ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც ამჟამად თელ-ავივის ახლოს კერძო კლინიკა "ასუტაში" მუშაობს, ისრაელში შექმნილ პანდემიურ ვითარებაზე გვიამბობს:

- ისრაელმა მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში. ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს, ვინც არ არის აცრილი, ვაქცინა მათ გადავუნაწილოთო. საბედნიეროდ, საქართველოში შემოვიდა "ფაიზერი" და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ყველას მოგიწოდებთ აცრისკენ. იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს და გამოვიყენოთ ეს შანსი.

- ანტივაქსერული კამპანია ისრაელშიც ძლიერია? - არ არის ისეთი ძლიერი, მოსახლეობა მაინც მობილიზებულია. ისრაელმა დაადასტურა ეს, როცა დეკემბერში დაიწყო ვაქცინაცია და სამ თვეში უკვე ბევრი აცრილი იყო. ლაპარაკია ვაქცინირებული მოსახლეობის 53-55%-ზე - ამაში არ შედიან ისინი, ვინც მაშინ გადაიტანა ვირუსი და აცრა არ სჭირდებოდა, ასევე 16 წლამდე ბავშვები, რომელთაც არ ეკუთვნოდათ აცრა. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ვირუსი დიდ საფრთხეს შეუქმნიდა მსოფლიოს, ის არ გაჩერდებოდა და ალფა-შტამს სხვადასხვა შტამი მოჰყვებოდა. ამისთვის მზად ვიყავი და ყველას მოვუწოდებდი აცრისკენ.

- აცრილებში დაავადების სიმძიმე როგორია, არის გართულებები? - გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ზუსტად ამაშია აცრის უპირატესობა და ამიტომ ვეწევი პროპაგანდას. ვაქცინა უმთავრესია, რა თქმა უნდა, პირბადე-ჰიგიენა-დისტანციასთან ერთად. დღეს აცრილებში სიკვდილიანობა ძალიან მცირეა, ძირითადად, აუცრელი ასაკოვანი ადამიანები არიან მძიმედ, რომელთაც თანმხლები დაავადებების ფონზე დაემართათ "კოვიდი". სამი დღის წინ ჩემი მშობლებიც აიცრნენ, მესამე აცრა გაიკეთეს. ჯერ 60 წელს გადაცილებულებს უკეთებენ ბუსტერულ აცრებს, მაგრამ ეს ასაკი ჩამოიწევს იმიტომ, რომ აცრილებიც და ვირუსგადატანილებიც კარგავენ ანტისხეულებს. მაგალითად, მე იანვარში მაქვს მეორე აცრა გაკეთებული და სექტემბერ-ოქტომბერში, ფაქტობრივად, აღარ მექნება ანტისხეულები. ვვარაუდობ, მეც მომიწევს მესამე აცრა.

- მაინც რა გახდა ისრაელში კოვიდვითარების გაუარესების მიზეზი? - ბავშვები, რომლებიც აუცრელი და ადვილად გადამტანები არიან, მოგზაურობა და, რა თქმა უნდა, დელტა-შტამის თავისებურება. თუ ალფა-შტამი 4 პაციენტზე გადადიოდა, დელტა - 8-12-ზე გადადის, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. აცრა გარანტირებული დაცვა არც ყოფილა და არც უთქვამს არავის, მაგრამ, მაგალითად, "ფაიზერის" ვაქცინა გარანტირებულად, 90%-ით გვიცავს გართულებებისგან. ამას კვლევები ადასტურებს. დადგინდა, რომ დელტა-შტამზე 80%-ით, ხოლო ბრიტანულ ალფა-შტამზე - 90%-ით იცავს. თუ 2 კვირის წინ ისრაელში 70 მძიმე პაციენტი იყო, დღეს უკვე 400-ია, აქედან 62 ხელოვნურ სუნთქვაზეა. 2 კვირაში 2400-ს მძიმე პაციენტს ელოდებიან. ჩვენი იმედი მაინც ვაქცინა და ანტისხეულებია. ფაქტია, ვერ ხერხდება კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება. ამას ხელს უშლის ის, რომ ვაქცინაცია არ არის სრულყოფილი, ასევე ეს ვირუსის თავისებურებაზეცაა დამოკიდებული. კაცმა არ იცის, წინ კიდევ რა გველოდება, შესაძლოა ვირუსმა კვლავ განიცადოს მუტაცია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მთავარია, ერთმანეთის გაფრთხილება ვისწავლოთ, უნდა შევინარჩუნოთ სავალდებულო დისტანცია, ვატაროთ ნიღაბი დახურულ სივრცეში. ძალიან რთული პერიოდი გველოდება და მზად უნდა ვიყოთ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ანტისხეულები იკარგება, 9-10 თვეში აღარ რჩება, ეს დადასტურებულია, ამიტომ უნდა დავუბრუნდეთ ისევ ვაქცინაციას.

- ყოველდღიურად დაახლოებით რამდენი ინფიცირებულია ისრაელში? - დღევანდელი მონაცემით (11.08. 2021) 5755-ია, ანუ 4,6%-მდე ავიდა, გარდაცვლილია 12 კაცი. ქვეყანა ლოკდაუნისთვის ემზადება. შემუშავდა და ძალაში შევიდა ე.წ. მწვანე სტანდარტი, რაც 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 3 წლის ზემოთ ბავშვების მშობლებმა, როცა დახურულ სივრცეში შევლენ (კინოთეატრში, რესტორანში და ა.შ.), უნდა წარადგინონ ბავშვების ტესტის კოვიდუარყოფითი პასუხები. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ტესტი უფასოა, ზემოთ - ფასიანი. ზრდასრულ აუცრელ მოსახლეობასაც 24 საათში სთხოვენ ტესტის პასუხს, რაც აიUძულებს მათ, ვინც არ არის აცრილი, აიცრას! მალე არაერთი შეზღუდვა დაწესდება. მაგალითად, ვინც სამედიცინო პერსონალში არ იქნება აცრილი, ალბათ, სამსახურს დატოვებს, ვინაიდან ყოველდღე უნდა იხადოს ფული ტესტში, ამას კი ძნელად თუ მოახერხებს ვინმე... "მწვანე სტანდარტი" ასევე გულისხმობს დახურულ სივრცეში 50 კაცის ყოფნას, ღია სივრცეში - 100-ის (თუ 100 კაცზე მეტია, ღია სივრცეშიც ნიღბით უნდა იყვნენ). რუკაზე წითლად მონიშნულებში, სამწუხაროდ, საქართველოცაა. ამ ეტაპზე ისრაელსა და საქართველოს შორის მიმოსვლა აკრძალულია, სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ იმგზავრებ. საქართველოს მოქალაქეს, ვინც ახლა ისრაელშია, თავისუფლად შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში. მაგალითად, მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, შემიძლია საქართველოს პასპორტით ჩამოსვლა, მაგრამ როცა უკან დავბრუნდები, დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევს. გაწითლებული ქვეყნიდან ისრაელში დაბრუნებული (ნებართვით), აუცილებლად ორკვირიან კარანტინში მოთავსდება, არა აქვს მნიშვნელობა, აცრილია თუ აუცრელი.

- საქართველოში მედპერსონალის ნახევარიც არ არის აცრილი. ისრაელში როგორაა ამ მხრივ საქმე? - ძალიან ცოტაა აუცრელი სამედიცინო პერსონალი. ყველა ხვდება, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. პერსონალი ვალდებულია აიცრას და ვინც უარს იტყვის, არ უნდა დაუშვან სამსახურში. ანტივაქსერები ისეთ აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებენ, მათთან კამათი უაზრობაა. იცით, ბევრი ნანობს, როცა ახლობელი, ოჯახის წევრი უკვდება ან აპარატზეა შეერთებული, უთქვამთ, ნეტავ აგვეცრაო. ამას სინანული არ შველის. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, სხვა იარაღი არა გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტროს როგორც ისრაელში, ისე საქართველოში შეცდომები გვქონდა და კიდევ გვექნება. ეს სრულიად ახალი ომია კაცობრიობისთვის. ჩვენ კორონასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. ორჯერ აცრილებისთვის გამოსავალია მესამე აცრა და ანტისხეულების გაკონტროლება (რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვასთან ერთად).

- ისრაელში EXO-CD24-მა კვლევების შემდეგ კარგი შედეგი აჩვენა. რა ფაზაშია კვლევა და არის თუ არა იმედი, რომ გაამართლებს? - საბედნიეროდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა პრეპარატის გაფართოებული კვლევა. პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა - პაციენტების 95%-ზე მეტს რამდენიმე ხანში მოეხსნა სუნთქვითი პრობლემები, ციტოკინური შტორმი. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პრეპარატი მალე წამოგვეწევა. ახლა ექსტრემალური პირობები გვაქვს, ალბათ, დაჩქარდება კვლევა.

დელტა-შტამი დახურულ სივრცეში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე ალფა-შტამი, ამიტომ საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, გარეთ გასვლა და სიარული, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები და ნაკლები სტრესი, გადაეცით ქართველ პოლიტიკოსებს, ნაკლები ანერვიულონ მოსახლეობა.

- რამდენად ეფექტიანად მოქმედებს დელტა-შტამზე ვაქცინები? - დაცვის თვალსაზრისით, "ფაიზერი" ყველას სჯობს და თუ კაცს არა აქვს მიდრეკილება ანაფილაქსიური შოკის მიმართ, თუ ალერგიული არ არის, ფაქტობრივად, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის. გააჩნია ალერგიის ფორმასაც.

პრეპარატი, რომლის გამოცდაც ახლა მიდის, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება. ადვილად ასატანია პაციენტისთვის - მისი მიღება შესუნთქვით, ინჰალაციით ხდება.

ფაქტი ერთია - "ფაიზერსაც" და "მოდერნასაც" 2-3 თვეში შეუძლია გადაწყობა ახალ შტამზე, ამ დროში კი შესაძლებელია სრულიად ახალი ფორმის ვაქცინის შექმნა. ამიტომ კაცობრიობას სამედიცინო სფეროს იმედი უნდა ჰქონდეს. "კოვიდმა" არ იცის გარჩევა. დაუჯერეთ ჯანმოს, იმუნოლოგებს და არა ჭორსა და ცრუინფორმაციას.