"თავზარდაცემული დაბრუნდა ლაშა კლინიკიდან, მითხრა, თუ ოდესმე დიდი თანხა მექნება, ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროო" - კვირის პალიტრა

"თავზარდაცემული დაბრუნდა ლაშა კლინიკიდან, მითხრა, თუ ოდესმე დიდი თანხა მექნება, ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროო"

"ლაშა კარგი მამაა. ჩემი რძალი ბავშვებს პამპერსს რომ უცვლის, მაშინაც კი ეუბნება, მე დაგეხმარებიო"

საჩხერის ცენტრიდან ლაშა ტალახაძის სახლამდე იმხელა გზაა, რომ ლაშას ყველა მიღწევასაც გაიხსენებ და მის მომავალ წარმატებებზეც იფიქრებ. რატომ უნდა იფიქრო ამ ბიჭზე ამდენი? იმიტომ, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში სიამაყით სწორედ მან აგვავსო და აგვაცრემლა. საჩხერეშიც ამიტომ წავედი, ოღონდ მის გარეშე და იმის სანახავად, როგორ გარემოში იზრდებიან ქვეყნის ღირსეული შვილები. მივდიოდი კოხტად ჩამწკრივებულ იმერულ სახლებს შორის, სადაც მეზობლების ზიარი ჭიშკრები არასოდეს იხურება, ლაშას ასპარეზობის წინაღამეს კი მის მშობლებთან ერთად მეზობლებიც ფხიზლობენ.

ისინი მოგიყვებიან იმ ბნელ 90-იან წლებზე, როცა ლაშას მამა კობა, უფროსი ძმა გიორგი და თვითონ ლაშა ყოველდღე დადიოდნენ დანგრეულ დარბაზში სავარჯიშოდ. აბა, გამოიცანით, რას ეძახდნენ ამ სამს? - დათვსა და მის ბელებს. ლაშას ხანდახან რუტინული ვარჯიში ეზარებოდა და მამის ხელიდან დასხლტომას სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა, მაგრამ მამა არ ტყუვდებოდა. ის ლაშასა და სხვა ბავშვებისთვის მკაცრი მწვრთნელი იყო, საჩხერელებისთვის - ღირსეული კაცი, სპორტისთვის კი - დაკარგული სახელი. საჩხერეში ყველამ იცის, რომ ევროპის მრავალგზის პრიზიორმა კობა ტალახაძემ 21 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ძალოსნების ნაკრების კაპიტნობაზე უარი თქვა, ქუდი დაიხურა და მოსკოვიდან 90-იანი წლების გაყინულ და ბნელ საჩხერეში დაბრუნდა, სადაც უფრო ღირსეული საქმე გამოუჩნდა - შვილებისა და სხვა ბავშვების ღირსეულ ქართველებად აღზრდა. კოხტა იმერულ ეზოს მიხედა, სადაც მე ლაშას წარმატებით გულაჩუყებული მეზობლები დამხვდნენ. ლაშას ბაბუის მეგობარმა იგორ მაჭარაშვილმა მითხრა, ლაშას სახელოვანი კაცობა ვუსურვე, რას წარმოვიდგენდი, ღმერთი ასე რომ მომისმენდა და ლაშა პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცი გამოვიდოდაო. მერე კი მე და ლაშას დედა - ჟანა თოდაძე სასაუბროდ დავსხედით და მეტი გავიგე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და საოცრად ნათელი ბიჭის შესახებ.

- სპორტში წარმატება ერთია, ადამიანობა - მეორე. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცისაგან არასოდეს არავის მიმართ სიძულვილი და აგრესია არ გვიგრძნია. მისი ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება როგორ მოახერხეთ?

- სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგონა, 14 წლის თამარი. ყოველთვის ვცდილობდი, სამივე უპირველესად ღვთის, მერე კი საკუთარი ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულით გამეზარდა. მე და ჩემი მეუღლეც ამ პრინციპებით ვართ გაზრდილი. არ მახსოვს, მაგალითად, ბებიაჩემს ოდესმე ვინმე დაეწყევლოს. ამბობდა, რასაც შენთვის არ ისურვებ, ის სხვასაც არ უნდა უსურვოო. მეც ამას ვასწავლიდი შვილებს. თუ ადამიანი ხარ, სამშობლოს სიყვარულიც უნდა შეგეძლოს.

არა მგონია, ლაშამ სამშობლოს გარეშე იცხოვროს. ბევრ მაცდურ წინადადებას სთავაზობენ უცხოეთში, მაგრამ სამშობლო გაგიჟებით უყვარს. იმდენჯერ იმეორებს ხოლმე თავისი საყვარელი მოწამეთელი ბერის, გრიგოლის სიტყვებს, ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელიო, რომ ცხოვრების წესად აქცია.

სამეზობლოში ოთხი ეზო ლამის გაერთიანებული გვაქვს და ოთხივე ოჯახის ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. ასე უკეთესად ისწავლეს ადამიანების სიხარულისა და განსაცდელის გაზიარება, ლუკმის განაწილება... ახლა ყველა თავის გზაზეა, მაგრამ ისევ ერთმანეთის გვერდით არიან. ასეთი სიყვარულია მთავარი... ჩემი ბიჭები 90-იანი წლების დასაწყისში დაიბადნენ, დიდ გაჭირვებაში. სწორედ ამ დროს იყო მათთვის ხალისი სპორტი. ადგებოდა ჩემი მეუღლე და ბავშვები, ჩვენიც და სხვისიც, ისეთ დარბაზში მიჰყავდა, სადაც, შუქსა და სითბოს ვინ ჩივის, ხეირიანი შტანგებიც კი არ ჰქონდათ. მაშინ ლაშას დღევანდელ წარმატებას ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანიც გვქონდა - გვინდოდა ბავშვები ჯანმრთელები და სულიერად ჰარმონიულები დაზრდილიყვნენ. სპორტი ხომ მარტო ვარჯიში არ არის! თუმცა კიდევ იყო ერთი რამ, რასაც ადამიანი ხშირად თავსაც ვერ უმხელს ხოლმე:

ჩემი მეუღლე შვილებში თავისი ოცნებების ასრულებასაც ხედავდა. კობამ მართლაც ბრწყინვალე კარიერა დაკარგა და გული სტკიოდა. წარმოიდგინეთ, 21 წლისა ის ევროპის მრავალგზის პრიზიორი და საბჭოთა კავშირის ძალოსნობის ნაკრების კაპიტანი იყო! ყველაფერი ჰქონდა სპორტული კარიერისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა. უპირველესად იმიტომ, რომ რუსები ჩემპიონატებზე მხოლოდ რუსებს უშვებდნენ. სადაც კობა უნდა წასულიყო, მოულოდნელად ისეთ რუსს გაამგზავრებდნენ, ვინც კობას არაერთგზის ჰყავდა დამარცხებული. თუმცა, შენი ქვეყნის ოკუპანტთან ერთად ცხოვრება უამისოდაც არ არის იოლი.

- დიახ... თუმცა ახლა ლაშა გვყავს პატარა საქართველოს შვილი, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კაცი! - ეს კობას დიდი დამსახურებაცაა. მკაცრი მწვრთნელი იყო. ბიჭებს თითქმის ყოველდღე ავარჯიშებდა. ფეხბურთით დააწყებინა და მერე ძალოსნობაზე გადავიდა. გიორგი სპორტს ჩამოსცილდა, მაგრამ დღესაც ფანატიკურად უყვარს ფეხბურთი.

ლაშას, როგორც ყველა ბავშვს, ყოველდღიური რუტინა მასაც ეზარებოდა და გვებუზღუნებოდა, თქვენ რა გენაღვლებათ, გაკვეთილები მრჩება სასწავლი, მასწავლებელი გამიჯავრდებაო. ხან ფეხს აიტკივებდა, ხან ხელს, მაგრამ არ გასდიოდა და თანაც, როგორც კი დარბაზამდე მივიდოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა. …

- თუმცა ჩრდილი ყველაფერს ახლავს: ტოკიოში ვიღაც-ვიღაცებმა ლაშას 2013 წელს ასპარეზობიდან მოხსნა გაუხსენეს. ეს მართალია? - ამ ამბავთან დაკავშირებული სიმართლის დამტკიცება ახლა კი არა, მაშინაც ძნელი იყო. ერთს ვიტყვი - ამ ამბამდე სამი თვით ადრე ლაშამ უმნიშვნელოვანესი ასპარეზობა მოიგო დოპინგის გარეშე და სრულიად ალოგიკურია, რომ მომდევნო ასპარეზობისთვის დოპინგი ეხმარა. ნებისმიერმა სპეციალისტმა იცის, რომ დოპონგის შემადგენელი ნივთიერებები ზოგიერთ საკვებშიც არის, რომლის მირთმევის შემდეგ შეუძლებელია დაამტკიცო, განზრახ მიიღე თუ საკვებით. ლაშამ იცის, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და არც ეს ამბავი მოხდებოდა ტყუილად. ამ ტკივილმა ორი წლის მანძილზე განსაკუთრებული სიჯიუტით ვარჯიში აიძულა და ყველა წარმატებაც ამის შემდეგ მოიპოვა.

და კიდევ - ლაშას წარმატებებში დიდი წვლილი მისმა შემდეგმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემაც შეიტანა.

- რადგან გიორგი ასანიძე ახსენეთ, მინდა გკითხოთ, სპორტსმენები ხშირად მიდიან პოლიტიკაში, რის გამოც ხალხის სიყვარულს კარგავენ... ლაშა ხომ არ აპირებს პოლიტიკოსობას? - სპორტში ლაშას იმდენი რამ აქვს გასაკეთებელი, ახლა სხვა ვერაფერზე იფიქირებს, მერმინდელს კი დედაც ვერ განსაზღვრავს. სადაც უნდა იყოს, ჩემი შვილის გულში სიკეთეს ვერაფერი დაჩრდილავს. ისიც სხვა ქართველებივით ცხოვრობს, რომელთაც უამრავი პრობლემა აქვთ. მისი ჯილდო მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიადის გამო გახდა ასეთი სოლიდური, თორემ სხვა დროს მასაც ისევე ხვდებოდა პრობლემები, როგორც სხვებს. ამის მიუხედავად, არ მახსოვს, გაჭირვებულს არ დახმარებოდა. ხშირად ყოფილა, რომ სახსარი არ გააჩნდა და ჩემთვის უთხოვია, დედა, როგორმე რაღაც თანხა გადარიცხე, ამას და ამას დახმარება სჭირდებაო. თუ მეც არ მქონდა, ვსესხულობდი და ვრიცხავდი. ასე რომ, ახლა ლაშას ვერაფერი შეცვლის. მაშინაც გაუწვდის ხელს გაჭირვებულს, როცა თვითონაც ბევრი არაფერი ექნება. რაც შეეხება ახლანდელ თანხას, რომელიც მართლაც სოლიდურია, თუკი ამ ფულს ლაშა მიიღებს, შესაძლოა, ამაზე არც უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა - იმით დავიწყებ, როგორი თავზარდაცემული დაბრუნდა ლაშა ონკოლოგიური კლინიკიდან, სადაც ბავშვები ნახა და მითხრა, თუ ოდესმე დიდი თანხა მექნება, ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროო. ამაში მეუღლეც აუცილებლად გვერდით დაუდგება.

- ლაშას მეუღლეზე რას გვეტყვით?

- ჩემი მეზობლები გეტყვიან, როგორი გაოცებული უყურებდნენ ჩემს ოჯახში ჩემი რძლის მოსვლას. მითხრეს, ეს გოგო ისე შემოვიდა, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდით, შეუძლებელია, თავი არ შეგაყვაროთო. მართლაც ასე მოხდა. ამაზე მეტი რა შემიძლია ვთქვა? ლაშა კარგი მამაა. ჩემი რძალი ბავშვებს პამპერსს რომ უცვლის, მაშინაც კი ეუბნება, მე დაგეხმარებიო...

- აღარ მიკვირს, რატომ უყვართ ლაშა ასე, თუმცა არის ხალხი, რომელიც მის ზოგიერთ თვისებას, მაგალითად, რელიგიურობას, პომპეზურობად თვლის, ირონიულად უყურებს... - ალბათ, იმ ფოტოს გულისხმობთ, რომელიც ლაშას ტოკიოს ოლიმპიადაზე ყოფნის დროს გავრცელდა სოციალური ქსელით და რომელზეც ხატების წინ ლაშას ლოცვაა ასახული. კი, ამ ფოტოზე მართლაც ერთი ამბავი ატყდა და ლაშას მივწერე, არ ინერვიულო-მეთქი. მიპასუხა, რატომ უნდა ვინერვიულოო. ერთიც უნდა ითქვას - ლაშა ამ ფოტოს თავისი სურვილით არ გამოაქვეყნებდა. ალბათ, ახლობელმა ისე გადაუღო და გამოუქვეყნა, მან არ იცოდა. უფალთან ურთიერთობა ისეთი საკითხია, მხოლოდ შენი უნდა იყოს, ამის გამომზეურება საჭირო არ არის, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ არც ეს ყოფილა შემთხვევითი. არც ლაშას წარმატებები, არც სხვა რამ უფლის გარეშე არ არსებობს და ეს ყველამ უნდა დაინახოს. როდესაც ლაშა ასპარეზობაზე გამოდის, მე და მამამისს მის დასახმარებლად მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია. ამ დროს ტელევიზორთანაც კი ვერ მივდივარ. როცა ლაშა სიმძიმეს უახლოვდება, ისე განვიცდი, ძალას ვკარგავ...

- სამაგიეროდ, მერე ხარობთ მისი წარმატებით! ჩვენც ვხარობთ! ეს ბიჭი მხოლოდ თქვენი არა, ქვეყნისაც არის. მადლობა მას და სხვა ოლიმპიელებს. - მადლობა უფალს. მართლაც საუკეთესო ბიჭები გვყავს და კიდევ ბევრი ასეთი გვეყოლება, თუ რწმენას არ დავკარგავთ და ერთმანეთის მიმართ აგრესია არ გვექნება. ღმერთი ჩვენკენ იქნება და ჩვენს ქვეყანასაც წარმატების გზაზე დააყენებს.