"ამ შემთხვევამ ჩემი ცხოვრება­ თავდაყირა დააყენა" - კვირის პალიტრა

"ამ შემთხვევამ ჩემი ცხოვრება­ თავდაყირა დააყენა"

"ავარიის შემდეგ პირველად 2010 წელს გავიარე, ისიც - ერთი-ორი კაცის დახმარებით. მას შემდეგ ვიბრძვი... როცა ეს უბედურება დამატყდა თავს, 31-ის ვიყავი, ახლა 49 წლის ვარ..."

ავარიამ, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს მოხდა, ჟურნალისტ ვასილ სილაგაძის ცხოვრება სრულიად შეცვალა, როგორც თვითონ ამბობს, ამოაყირავა... ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი გაშეშებული ჰქონდა, უჭირს მეტყველება. დიდი ხნის განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული. ავარიიდან შვიდი წლის შემდეგ კი შეძლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დამოუკიდებლად - ვერა. ამ 18 წლის განმავლობაში გულდაწყვეტაც არაერთხელ იგრძნო და გვერდში ამოდგომაც ბევრჯერ ნახა. სწამს სიკეთის ძალის და მიაჩნია, რომ სწორედ ამან შესძინა ფერები მის გაფერმკრთალებულ ყოფას, დღევანდლამდეც ამან მოიყვანა.

- ცვალებადი ხასიათის ბავშვი ვიყავი, ხალისისნი და მხიარული. ყოველთვის ცხრა პარასკევი მქონდა. მეექვსე კლასამდე ვამბობდი, რომ თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, შემდეგ აზრი შემეცვალა და გადავწყვიტე, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაინცდამაინც მეტალურგიულზე, რატომ - დღემდე არ ვიცი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, ჩავაბარე თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით, თუმცა ნებისყოფა არ მეყო - აღრიცხვა და კონტროლი არ მინდოდა.... ერთ დღეს ნატო ონიანს შევხვდი და ვთხოვე, ტელევიზიაში სამუშაოდ ავეყვანე. საცდელად მიმიღო და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ჟურნალისტური კარიერა. ალბათ, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ხანა, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა.

- რა მოხდა ამ დღეს?

- ავარია, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ როგორც ამბობენ, სასტუმრო "აჭარასთან" შუქნიშანზე გადავდიოდი და შავი, უნომრო "ოპელ ვექტრა" დამეჯახა, რომელმაც ხილიანზე აუხვია და სამუდამოდ გაუჩინარდა. ეს შემთხვევა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, დილის 3 საათზე მოხდა. გონდაკარგული გამვლელმა ამომიცნო - ჩემი დეიდაშვილის მეგობარი აღმოჩნდა და მასვე წავუყვანივარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კარგა ხანს აპარატზე ვიყავი შეერთებული. მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხი მქონდა მოტეხილი... აპარატზე მიერთებულს ყელში მილი მედგა, რომელზეც შეხორცება დაიწყო და სამი თვის შემდეგ, როცა გონზე მოვედი, მილის ამოღებისას ხორხი დამიზიანდა. დღეს ასე თუ ისე რომ ვლაპარაკობ, ეს ვახტანგ ქაცარავას გაკეთებული 7-საათიანი ოპერაციის შედეგია. ავარიის შემდეგ პირველად 2010 წელს გავიარე, ისიც - ერთი-ორი კაცის დახმარებით. მას შემდეგ ვიბრძვი... როცა ეს უბედურება დამატყდა თავს, 31-ის ვიყავი, ახლა 49 წლის ვარ.

- ექიმები რას ამბობენ? - საზღვარგარეთის არაერთ კლინიკაში გავგზავნე მონაცემები. მეუბნებიან, რომ განკურნების შანსი მაქვს, თუმცა საამისო სახსრები არ გამაჩნდა. რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა პირადი ანგარიშიდან გადამირიცხა თანხა ვილნიუსში, აბრომიშკეს რეაბილიტაციის ცენტრში. კორონა რომ არა, მეოთხე კურსსაც ჩავიტარებდი და იქნებ ჯოხის გარეშე მომეხერხებინა სიარული - ხომ იცით, კაცი იმედით ცოცხლობს... დროდადრო საშინელი ტკივილი მაწუხებს. მეგობარმა რენტგენოლოგმა მირჩია, ურეკში, ქვიშაში, სპეციალური სარეაბილიტაციო კურსები ჩამეტარებინა და უკვე მეცხრე წელია, ურეკის მაგნიტით ,,ვსაზრდოობ", რაშიც კეთილი ადამიანები მეხმარებიან - ურეკში მასაჟის, ვარჯიშის, ფიზიოთერაპიის 16-დღიან კურსს 750 ლარად მიკეთებენ და ერთხანს ტკივილი ნაკლებად მაწუხებს. ბუნებრივია, ამით ვერ განვიკურნები, მაგრამ ურეკში ზაფხულის ერთი კურსი ჩემთვის დიდი შვებაა, მთელ წელს მიმსუბუქებს. ბოლო კურსი შარშან ამ დროს ჩავიტარე. ახლაც კეთილი ადამიანების იმედი მაქვს და ისევ ტკივილთან გასამკლავებლად ვემზადები.

საქართველოს ბანკი:

GE80BG0000000125594000

მიმღები: ვასილ სილაგაძე