"მობილობის შემცირ­ებას კარგი შედეგი მოაქვს" - დაემატება თუ არა არსებულ რეგულაციებს ახალი შეზღუდვები და რა შემთხვევაში იქნება ტესტი ფასიანი - კვირის პალიტრა

"მობილობის შემცირ­ებას კარგი შედეგი მოაქვს" - დაემატება თუ არა არსებულ რეგულაციებს ახალი შეზღუდვები და რა შემთხვევაში იქნება ტესტი ფასიანი

"გარდაცვლილთა შორის იმატებს ახალგაზრდების რაოდენობა, არიან ორსულებიც"

როგორია ჩვენი მდგომარეობა ვირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე? - "კვირის პალიტრის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე უპასუხებს.

- ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს აჭარბებს. ახლა ჯანდაცვის სისტემას ერთდროულად 50 ათას პაციენტთან გამკლავება უწევს, რაც 5-ჯერ მეტია იმაზე, რაც ინდოეთში ხდებოდა.

ჩემი კოლეგების თავდადების ფასად ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას უძლებს, მაგრამ ისინიც ხომ ადამიანები არიან! რამდენ ხანს შეიძლება ასეთი დატვირთვის გაძლება?! წელიწად-ნახევარია არ გამოსულან საავადმყოფოებიდან.

დღიური ანტირეკორდები დეკემბერშიც გვქონდა, მაგრამ ახლა ავადობის ზრდის ტემპი გაცილებით უფრო სწრაფია. თუ მაშინ ყოველკვირეულად 3000-ით მეტი შემთხვევა იყო, ახლა 6 ათასით მეტია.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერი უფრო რთული იქნება? - უნდა ავიცრათ და აღარ იქნება რთული.

- გარდაცვლილთა ძირითადი ასაკი როგორია? - ისევ და ისევ არიან საშუალო ასაკს გადაცილებულები, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა შორის იმატებს ახალგაზრდების რაოდენობა, არიან ორსულებიც.

- ძირითადად, რა ხდება გარდაცვალების მიზეზი?

- ეგ ჰკითხეთ თენგიზ ცერცვაძეს, მე კლინიცისტი არ ვარ. ძირითადად, ეს არის ფილტვების დაზიანება და ციტოკინური შტორმი.

- ბოროტი ენები ზოგჯერ მკურნალობის მეთოდებსაც იწუნებენ... ეს იმიტომ გკითხეთ... - ბოროტ ენებს ძალიან კარგად პასუხობს ხოლმე თენგიზ ცერცვაძე. ყველაფერს ციფრები აჩვენებს. ჩვენთან ლეტალობა არის 1,3%, ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემები უფრო ძლიერია, ეს მაჩვენებელი არის 1,7%, ზოგან - 2%, ზოგან კი 2%-ზე მეტიც. ევროპის 32 ქვეყანას ჩვენზე მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი აქვს და ეს მაშინ, როცა მათთან მოსახლეობის 50% და მეტი აცრილია. სამწუხაროდ, ჩვენ პირველი ვართ გავრცელებით.

- ჩვენთან მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი?

- ერთხელ აცრილია 12%. ახლა აცრის ტემპი კარგია. ბოლო დღეებში ყოველდღიურად 26 000 ადამიანი იცრება, თუმცა გვინდა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს. ამასთან, შეზღუდვა ამცირებს დაავადების გავრცელების მასშტაბს. სამწუხაროდ, ვერ ვისწავლეთ, რომ შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად საჭიროა რეგულაციების დაცვა. როცა ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი მაღალია, მაშინ შეზღუდვა საჭირო აღარ ხდება.

- რამდენიმე კვირის წინ ბრძანეთ, ჩაკეტვა გამორიცხულია, ეკონომიკა ვეღარ გაუძლებსო. - არ ვიკეტებით, შეზღუდვებს ვამკაცრებთ. ახლა გამოსავალი არის აცრა და ისევ და ისევ პირბადის გამოყენება.

- შეიძლება უფრო გამკაცრდეს შეზღუდვები, ან კომენდანტის საათი დაწესდეს? - აცრების ეს ტემპი თუ შევინარჩუნეთ, ჩვენი აზრით, ეს საჭირო არ იქნება.

- ტრანსპორტი რატომ შეიზღუდა? - იმიტომ, რომ მობილობის შემცირებას კარგი შედეგი მოაქვს. მეტროს ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ადამიანი გადაჰყავს!

- მაგრამ ეს ადამიანები ახლა კერძო მანქანებში გადასხდებიანო... - ამდენი ადამიანი კერძო მანქანებში ვერ განაწილდება. მეტროს ვაგონში 100 კაცი ეტევა, მანქანაში - ოთხი. ერთი და იგივეა? რაც შეეხება პრეტენზიას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვით ხალხი აცრაზე ვერ მივაო, გეტყვით, რომ მარტო თბილისში აცრა 80-ზე მეტ ადგილას კეთდება. გარდა ამისა, აცრის მსურველებს დიდ ამცრელ ცენტრებში დედაქალაქის ყველა უბნიდან მიიყვანს სპეციალურად დანიშნული ტრანსპორტი.

- რესტორნების მუშაობის შეზღუდვის საკითხი ხომ არ დადგება? - ხომ არის შეზღუდვა - ერთი საათით შემცირდა რესტორნების მუშაობა. ეს მომსახურების დიდი სფეროა და ეკონომიკაში თავისი წვლილი შეაქვს, თან ტურისტული სეზონია და რესტორნები როგორ უნდა დაიკეტოს, ამ ხალხს ჭამა ხომ უნდა?!

- PCR და ანტიგენის ტესტები მართლაც ფასიანი ხდება? - თუ ადამიანს რესტორანში შესვლა უნდა და აცრილი არ არის, მისთვის გამოსავალია, გადაიხადოს ტესტის საფასური და ისე შევიდეს. ანუ ადამიანის უფლება არ ირღვევა, მას მხოლოდ არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. სახელმწიფო უფასოდ ცრის, მაგრამ თუ აცრა არ უნდა, მაშინ თავისი ხარჯით გაიკეთოს ტესტი...

- წლის ბოლოსთვის სასურველ 65%-ს მივუახლოვდებით?

- ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია. ახლა მთავარია, როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები საქმეს და როგორ აიცრებიან.

- ჯანდაცვის სისტემას ამ ეტაპზე რამდენი საწოლი აქვს, რამდენი ავადმყოფის მიღება შეუძლია? - დაახლოებით 8000-ის. სამეანო ან ფსიქიატრიულ საწოლებს კოვიდსაწოლებად ვერ გადააკეთებ. გეგმური დახმარება თითქმის გაჩერებულია. მხოლოდ ურგენტული დახმარება და ის საწოლებია, რომელთა გარეშე ყოფნა არ შეიძლება.

- ბრძანეთ, ექიმს, რომელიც აცრის რეკომენდაციას არ გასცემს, ჩანაწერი გააკეთებინეთო... ეს რისთვის არის საჭირო? - ეს ჩემი ინიციატივაა. იყო შემთხვევები, როცა ისეთი მიზეზით უთხრეს აცრაზე უარი, რაც წინააღმდეგ ჩვენებად არ ითვლება. წესია, რომ ექიმის ყველა გადაწყვეტილება გაფორმდეს წერილობით. ეს დოკუმენტიც უნდა არსებობდეს, რომ ასეთი შემთხვევები უფრო ადვილად გამოვიკვლიოთ. ჩანაწერი ყველაფერს დაასაბუთებს.

- აგვისტოს ცხელ დღეებში ქალბატონები ყველაზე ხშირად კითხულობენ, აცრის შემდეგ შეიძლება თუ არა გარუჯვა, მამაკაცებს აინტერესებთ, შეუძლიათ თუ არა ლუდის დალევა... - ზომიერად დალევა იმავე დღეს შეიძლება, დათრობა - არა! რაც შეეხება რუჯს, აქაც ზომიერებაა საჭირო. აცრის დღეს ნუ გაირუჯებიან, მეორე დღეს კი - ზომიერად... ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ დავიცავთ რეგულაციებს და ავიცრებით, ახალი შეზღუდვები საჭირო აღარ იქნება და მალე დავუბრუნდებით ნორმალურთან მიახლოებულ ცხოვრებას.