"აცრის კაბინეტებში უცნაური ინტერპრეტაციები ხდება" - კვირის პალიტრა

"აცრის კაბინეტებში უცნაური ინტერპრეტაციები ხდება"

"ჩვენს კლინიკებში ყოველდღიურად ვხედავთ ტესტირებაზე მოსულ ადამიანებს, რომლებიც ერთად იყვნენ სადღაც ქელეხში, ქორწილში და ამ შეკრების შემდეგ ათეულობით არის ინფიცირებული. ეს ძალიან მძიმე საყურებელია", - ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

- ფაქტობრივად, 2020 წლის შემოდგომის ნიშნულს გავცდით. საქართველო ყოველ 100 ათას კაცზე ახალი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია. სამწუხაროა გარდაცვალების სტატისტიკაც. რაც შეეხება არსებულ რეგულაციებს, ჩემი აზრით, დამატებული რეგულაციები მიზანშეწონილი იყო, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებისა. ტრანსპორტის შეჩერება მიუღებელია, რადგან პანდემიის დაწყებიდან დიდი ხანი გავიდა და ამ პრობლემის მოგვარება სხვა მეთოდებით შეიძლებოდა, კერძოდ, ავტობუსების დამატებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციების კონტროლით. ადამიანები გადაინაცვლებენ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომანქანებში, იქ კი უფრო მჭიდრო სივრცეა. რაც შეეხება 23 საათამდე კვების ობიექტების მუშაობას, ეს მისაღებია, გარე სივრცეში ხუთ ადამიანზე მეტის შეკრებისას პირბადის მოხმარებაც სწორია. დიდი შეკრებების აკრძალვა დროული კი არა, დაგვიანებულიც კია. ახლა მთავარია ამ რეგულაციების აღსრულების კონტროლი, რათა არავის ჰქონდეს განცდა, რომ ეს ფორმალურია და თუ არ შეასრულებს, არაფერი მოხდება.

- პირბადე გვიცავს? - პირბადე სრული გარანტია არ არის, მაგრამ მკვეთრად ამცირებს გადაცემის რისკს. თუ კონტაქტში მყოფ ორივე ადამიანს უკეთია და დისტანციაც დაცულია, ეს თითქმის 100%-იანი დაცვაა.

- ვაქცინაციის პროცესზე რას იტყვით? - ვაქცინაციის პროცესი კარგად დაიძრა. უკვე დიდია ყოველდღიურად აცრილი ადამიანების რაოდენობა. ბოლოს და ბოლოს, ყველამ დაინახა, რაც ხდება და ეს სტიმული აღმოჩნდა, თუმცა ეს პროცესი ძალიან დაგვიანდა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

ახლანდელ ტალღას ვაქცინაციის ეფექტი ვერ წამოეწევა, თუმცა მაინც აუცილებელია, ეს ტემპი შენარჩუნდეს კი არა, უფრო აჩქარდეს, რომ შემოდგომისთვის უფრო მომზადებული ვიყოთ...

- სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ანტისხეულების მაჩვენებელი რამდენ ხანში აღწევს სათანადო ნორმას? - ადამიანი დაცულად ითვლება მეორე აცრიდან ორ კვირაში. ბევრი სწორედ აქ უშვებს შეცდომას - პირველივე აცრის შემდეგ მიეცემა ხოლმე თავისუფლებას და ჰგონია, რომ დაცულია. რეგულაციებზე უარის თქმა ორი დოზის შემდეგაც არ შეიძლება, რადგან ვაქცინა 100%-ით არ გვიცავს, ის მხოლოდ ამცირებს გართულებებს და სიკვდილიანობას.

- გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე საუბრისას ხშირად კითხულობენ, სწორად მიმდინარეობს თუ არა მკურნალობა... - უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს კარგი გაიდლაინი, რომელზეც ჯგუფმა იმუშავა. ბოლო ვერსია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული, კარგად არის შედგენილი, მაგრამ მის შესრულებაზე კლინიკური ჯგუფის ზედამხედველობა აუცილებელია, ჩვენ კი სულ სხვა რეალობას ვხედავთ.

თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში და შეიძლება რომელიმე დიდ ქალაქშიც სრულად თუ არა, მეტწილად მაინც მიჰყვებიან გაიდლაინს, მაგრამ ბევრ კლინიკაში მკურნალობის პროცესში აბსოლუტურად აცდენილი არიან რეალობას. ზოგჯერ სრულიად გაუმართლებელი მკურნალობა ინიშნება. მაგალითად, იყო დრო, როცა, ფაქტობრივად, ყოველ მესამე ავადმყოფს კლინიკაში აწვენდნენ და მსუბუქსაც და მძიმე პაციენტსაც რაღაც გაუგებარ სქემას სთავაზობდნენ, არც ერთ გაიდლაინში რომ არ არის.

- ეს რატომ ხდება, ხომ ტარდება ტრენინგები პერსონალის მოსამზადებლად? - ტრენინგები საკმარისი არ არის. უნდა არსებობდეს მონიტორინგი. გასაგებია, რომ ექიმებისთვისაც ახალია ეს დაავადება და შეიძლება ერთჯერადი ტრენინგი არ აღმოჩნდეს საკმარისი (დარწმუნებული ვარ, ბევრს ესეც არ გაუვლია). მაგალითად, მედიკამენტი "ტოცილიზუმაბი" არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც სერიოზული შედეგები მოაქვს მძიმე პაციენტების მართვისას. თუმცა ბევრ კლინიკაში, განსაკუთრებით - რეგიონებში ის არასდროს გამოუყენებიათ. ალბათ, ექიმებსაც ეშინიათ, რადგან ამ პრეპარატის გამოყენებას გამოცდილება სჭირდება.

- ამის შესახებ გისაუბრიათ შესაბამის უწყებაში? - მე არც კლინიკური ჯგუფის წევრი ვარ და არც რომელიმე საბჭოსი, რომ ოფიციალური სიტყვა მეთქმოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ბევრი ექიმი წუხს ამაზე.

- არსებობს სტანდარტი, ვისი აცრა შეიძლება და ვისი - არა? - აცრის კაბინეტებში უცნაური ინტერპრეტაციები ხდება. აცრის ერთადერთი უკუჩვენებაა პირველი აცრისას განვითარებული მძიმე ალერგიული რეაქცია. ასეთ შემთხვევაში მეორე დოზას აღარ აკეთებენ, მანამ ალერგოლოგი არ ჩაერევა - სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას. დანარჩენი არც ერთი დაავადება აცრისთვის დაბრკოლება არ არის, პირიქით, რაც მეტი დაავადება აქვს ადამიანს, მისთვის აცრა მით უფრო აუცილებელია. სწორედ ამიტომ, უცნაურია, როცა ვაქცინაციისთვის მისულ ადამიანებს გაუგებარი მიზეზებით უკან აბრუნებენ...

მაგალითად, თუ ადამიანი იტყვის, ალერგია მქონდა ოდესღაცო, ხშირად უკან აბრუნებენ. ჩემს ერთ-ერთ ხანდაზმულ პაციენტს მუხლში ჰიარულონის მჟავა ჰქონდა შეყვანილი და უთხრეს, ეს იგივე ფილერია და აცრა არ შეიძლებაო. სტენტის მქონე პაციენტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა აიცრან, უთხრეს, რომ გულის მძიმე დაავადებების დროს აცრა არ შეიძლება. ონკოლოგიური პაციენტებისთვის უთქვამთ, რომ ქიმიოთერაპიაზე ნამყოფისთვის აცრა არ შეიძლება და ა.შ. აცრის შემდგომ პერიოდზეც მესმის უცნაურობები, მაგალითად, არ დაიბანოთო, უთქვამთ, არადა, ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს!

- რა შედეგს ელით შეზღუდვებისგან? - ვერც ერთი შეზღუდვისგან შედეგს ვერ მივიღებთ, თუ აღსრულება არ იქნება. თუ ადამიანებს ექნებათ განცდა, რომ არჩევნების წინ ჯარიმებს მაინც ჩამოაწერენ, დარღვევას აღარავინ მოერიდება.