ვახტანგ კალოიანი: "მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ" - კვირის პალიტრა

ვახტანგ კალოიანი: "მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ"

"შეზღუდვების ოდნავი შემსუბუქების შემდეგ ვითარებას ვეღარ მართავენ. როდემდე უნდა ვიყოთ ასე?!"

პანდემიური სიტუაცია რთულდება. ამის საპასუხოდ ხელისუფლება რეგულაციებს ამკაცრებს. გვესაუბრება ჯანდაცვის სპეციალისტი, "ევროპული საქართველოს" წევრი, "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალიოანი.

- ინფიცირებულთა ძალიან დიდი რაოდენობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს ჰოსპიტალურ სექტორზე და კოლაფსისა და გაჩერების საფრთხის წინაშე აყენებს. ამის შესაჩერებლად, სამწუხაროდ, დაკარგული დროის გამო, ხელისუფლებამ მხოლოდ შეზღუდვა დატოვა. იმის ნაცვლად, რომ გაეაქტიურებინა ტესტირება, დაეწყო ინფიცირებულების დროულად გამოვლენა და მერე ისინი თვითიზოლაციაში გადაეყვანა, შემოგვთავაზა ისეთი შეზღუდვა, რომელიც ყველაზე გაჭირვებულ ფენას მიაყენებს ზიანს. ამ ორი წლის განმავლობაში ტრანსპორტი დროდადრო კი არ უნდა გაეჩერებინათ, პირიქით, რაოდენობა უნდა გაეზარდათ და გაეკონტროლებინათ მგზავრების რაოდენობა, პირბადეების გამოყენება, მაგრამ მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ. შეზღუდვების ოდნავი შემსუბუქების შემდეგ ვითარებას ვეღარ მართავენ. როდემდე უნდა ვიყოთ ასე?!

- ითქვა, რომ შეიძლება Pჩღ და სწრაფი ტესტები ფასიანი გახდეს. - კი, ეს იმისთვის არის, რომ ვაქცინაცია წაახალისონ, ანუ გეუბნებიან, თუ ვაქცინას არ გაიკეთებ და სავალდებულო ტესტირება დაგჭირდება, კი ბატონო, შენი ხარჯით გაიკეთეო და ამაში მათ ვეთანხმები.

- ვაქცინაციის პროცესს როგორ აფასებთ? - მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პუნქტები დაემატა, აცრილთა რაოდენობაც გაიზარდა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს უნდა აცრა, მაგრამ ამ ნახევარს ჯერ ვერ ვაკმაყოფილებთ. ზოგს პორტალზე დარეგისტრირება უჭირს, არასარეგისტრაციო დარბაზებიც ცარიელია... საინფორმაციო კამპანია რომ არ გვიწარმოებია, ეს ცალკე საკითხია. გამოსავალი არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიხსნას ვაქცინაციის პუნქტები მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ოღონდ ეს უნდა იყოს უსაფრთხო - იქ უნდა იყოს არა მარტი ამცრელი ექიმი, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანაც ან გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. გარდა ამისა, პედაგოგების, სამედიცინო დაწესებულებათა თანამშრომლების, ვაჭრობაში მომუშავეების, ტრანსპორტის სისტემის თანამშრომლების, საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო უნდა იყოს ან ვაქცინაცია, ან 48 საათში ერთხელ ტესტირება. ეს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვანაირად ჩვენ იმუნურ ფენას ვერ შევქმნით.

შეიძლება მათ შევუქმნათ მოტივაციაც. მაგალითად, პედაგოგებს, რომლებიც აიცრებიან, ჰქონდეთ სამთვიანი საგადასახადო შეღავათი ანუ, ის 20%, რასაც ბიუჯეტში იხდიან, სამი თვის განმავლობაში არ გადაიხადონ. ეს იმის ნახევარი ხარჯია, რასაც ქვეყანა ხარჯავს სასტუმროებისთვის და თითოეული პაციენტის მოსავლელად. ეს არის ბევრი ქვეყნის გამოცდილება და "ევროპული საქართველოს" ინიციატივა. ამერიკაში, მაგალითად, 100 დოლარს უხდიან ვაქცინაციის შემდეგ. შეიძლება მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ ტრანსპორტის სფეროში და აიცრებიან, ერთი წლის სალიცენზიო გადასახადი მოეხსნათ. ეს ბიუჯეტისთვის დიდი დატვირთვა არ არის.

- ამდენი გარდაცვალების მიზეზი შეიძლება მკურნალობის მეთოდები იყოს? - არა იმდენად მკურნალობის მეთოდები, რამდენადაც თერაპიის არასტანდარტიზება. ვგულისხმობ იმას, რომ თბილისში და, მაგალითად, ოზურგეთში პაციენტი სხვადასხვა მომსახურებას იღებს. ანუ კლინიკური პროცესი სტანდარტული არ არის და ეს ექიმები, ძირითადად, "ფეისბუკის" და თავიანთი მოძიებული ინფორმაციის იმედად არიან.

მთელი მსოფლიო ამცირებს სიკვდილიანობას, ჩვენ კი ახლა გვეზრდება. რა თქმა უნდა, არავაქცინირებულ ქვეყანაში, სადაც დღეში ხუთი ათასი პაციენტია, გარდაცვალებას ყოველთვის თავიდან ვერ ავირიდებთ, მაგრამ პროცესის სტანდარტიზაცია დიდი შეღავათი იქნებოდა.

- მაგრამ ხომ არსებობს გაიდლაინი? - არსებობს, მაგრამ გაიდლაინი თუ სწორად არ დანერგე და მერე მისი გამოყენება არ გააკონტროლე, რა აზრი აქვს?! ეს სისტემა, ფაქტობრივად, არ არსებობს, ანუ ჩვენ დღეს არ ვიცით, ეს გაიდლაინი სხვადასხვა საავადმყოფოში რამდენი პროცენტით სრულდება. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი და ამაზე კლინიკური ჯგუფი უნდა მუშაობდეს. ეს არ ხდება და "ფეისბუკში" გვიწერენ, ესა თუ ის წამალი იხმარეთო. როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას ვერ და არ უმკლავდება, ერთადერთი გამოსავალი არის მოქალაქეების თვითორგანიზება და შეგნება. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, ჩვენ უნდა წავიდეთ ასაცრელად და ჩვენ უნდა ვატაროთ ნიღაბი დახურულ სივრცეშიც და მასობრივი თავშეყრის ადგილებშიც. საკუთარი თავი თვითონ უნდა დავიცვათ.

ახლა ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, მაგრამ 10 კითხვიდან რვა უსაფუძვლოა, რადგან მეცნიერებამ მათ პასუხი უკვე გასცა. ასეთია კითხვები, მაგალითად, ონკოლოგიური რისკების, რეპროდუქციული პრობლემების შესახებ. არც ერთი ვაქცინა ამ თვალსაზრისით სახიფათო არ არის. იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი ადამიანი იცრება, შეზღუდვებიც მცირდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.