80 წლის ოზურგეთელი ზურია "მემაროჟნე" ყოველდღიურად ფეხით 25 კილომეტრს გადის - კვირის პალიტრა

80 წლის ოზურგეთელი ზურია "მემაროჟნე" ყოველდღიურად ფეხით 25 კილომეტრს გადის

საბავშვო საყვირები ზოგიერთს ყურს უხვრეტს და "ფანჯრიდან მოსროლითაც" იმუქრებიან, თუმცა ოზურგეთელ ზურია "მემაროჟნეს" ეს არ ეხება. პირიქით, მისი საყვირის ხმას ოზურგეთელი ბავშვები გულისფანცქალით ელოდებიან. როგორც კი 80 წლის "მემაროჟნის" საყვირი დაიყვირებს, მაშინვე ბავშვების ჟრიამული ატყდება, მერე კი ზურია თავის "მაცივარში" ხელს ჩაყოფს, ცივ-ცივ ნაყინს ამოიღებს და პატარებიც ახლა უკვე სახლებისკენ გარბიან ყიჟინით. ჰო, დამავიწყდა - მანამდე ზოგიერთი ზურიას მოძღვრავს, ზურია ბაბუა, "მაროჟნი" რუსული სიტყვაა, აწი ნაყინი დაიძახეო, მაგრამ ზურია ყურს არ უგდებს და ისევ "მაროჟნი-მაროჟნის" ძახილით აგრძელებს გზას.

რომ გავაჩერე, მაშინაც ასე მოდიოდა, ამიტომ მეც შესაფერისად შევძახე - "მაროჟნი-მაროჟნი", გააჩერე-მეთქი! გააჩერა, მაგრამ ფოტოს გადასაღებად ტელეფონმომარჯვებული რომ დამინახა, მომაძახა, მაგაზე რაფერ გეტყვი უარს, გაზეთში გამოსაქვეყნებლად ხომ არ გინდა ჩემი სურათიო! გაუკვირდა, რომ ვუთხარი, სწორედ მაგისთვის მინდა-მეთქი, თუმცა საუბარს მაინც სიამოვნებით შევყევით. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ის ვკითხე, როგორ მოიფიქრეთ, რომ საბავშვო ეტლი ამ საქმისთვის გამოგეყენებინათ, ან ვისი იყო-მეთქი?

- აგი "კალიასკა" ჩემი შვილიშვილის იყო. ახლა ჩემი შვილიშვილი 40 წლის არის და მალე თავად ეყოლება შვილიშვილი.

- რამდენი ხანია ნაყინს ყიდით? - ათი წელიწადი გახდება. უკვე 80 წლის გავხდი და ჯერ ჩემი თავისთვის საყვედური არ მითქვამს. პენსიონერს სხვა რა უნდა მეკეთებინა?! სამაგიეროდ, ოჯახი მეუბნება საყვედურს. შვილთაშვილიც კი მმოძღვრავს, ბაბუა, ქუჩა-ქუჩა რომ დადიხარ, სირცხვილია, შინ დაჯექი და დეისვენეო, მარა სულ დასვენება რაფერია, აგი შენ მითხარი! ხომ დავკუტდი კაზახი?!

- მართლს ბრძანებთ. ასე, ფეხით, რამხელა გზას გადიხართ?

- ქალაქის თავში რომ დევიწყებ, ქალაქის ბოლომდე დღეში 25 კილომეტრს ვასრულებ.

- ეს რეკორდი სპორტსმენებსაც კი შეშურდებათ. - ჩემდა არაა მაგი რეკორდი და სხვისი რა ვიცი... ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 25 კილომეტრი რაფერ არ უნდა გეიაროს?!

- "ქოლგიანი მაცივარი" თქვენი "ქმნილებაა"? მაგრამ ეს მხოლოდ მუყაოს ყუთია, ამ პაპანაქებაში ნაყინი არ დნება? - მაგის საიდუმლო ის არის, რომ დილით წყლით სავსე გაყინულ ბოთლებს ვაწყობ შით.A ამფერ ბოთლებში "მაროჟნი" თუ გინდა მთელი დღე ატარე.

- პლაჟის ქოლგა როგორღა მიამაგრეთ? - ჩემო ბიძია, მე გვარად კალატოზი ხომ ვარ და ხელობითაც კალატოზი ვარ, ქვის მუშა. აწი ქვებს თუ ვამაგრებდი ერთ ადგილას, ქოლგას რაფერ ვერ დოვუმაგრებ მაცივარს?! საყვირიც ჩემმა შვილიშვილმა მაჩუქა თავისი გარეთ გაგდებული სათამაშოებიდან, მარა ახლა ნამეტანი დოუბოხდა ხმა და რომ მინდა, ისე ვეღარ ყვირის.

- მაგის ხმაზე ბავშვები მაინც გამორბიან ეზოებიდან... - მაგი სწორია. აგი ბაღნებია, 80 წელს ასე ჯანიანად რომ მიმატანებინეს, თვარა, ისე დღეში 25 კილომეტრს რა მარბენინებდა, თუ იცი?! ღმერთმა კარგად მიმყოფოს მაგენის თავი და 100 წლამდე ვივლი. მერე თქვენც კარგად იყავით, მთელი საქართველო და აგი ბაღნებიც! მაშვინ უკვე დიდი ქალები და კაცები იქნებიან, მარა ზურიე ბაბუა მაინც ყოველთვის გაახსენდებათ. მაგას მეც გევიგებ იმ ქვეყნად და გევიხარებ.

ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და "მაროჟნივით" ტკბილი ზურია "მემაროჟნე" თავისი "კალიასკით" გზას გაუდგა. ღმერთმა მართლაც ასი წელი აცოცხლოს ეს კეთილი და თბილი ადამიანი! ღმერთმა არ გამოლიოს მისი "გუდოკის" ხმა ოზურგეთში!