"რატომღაც ყოველთვის უცნაური­ განცდა მქონდა - მეშინოდა, რომ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა" - კვირის პალიტრა

"რატომღაც ყოველთვის უცნაური­ განცდა მქონდა - მეშინოდა, რომ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა"

"იტალიაში, კაპოდიმონტეს ფაიფურის სახელოსნოში მოხვედრა სენსაცია იყო! პირველი ქართველი ვარ, რომელმაც ამ სახელოსნოში ფაიფურის ტექნიკა შეისწავლა"

თვითნასწავლი მეთოჯინე ბაჩო ცანავა ხელოვანთა საზოგადოებაში კარგად არის ცნობილი... პროფესიით ვეტერინარია, მაგრამ ჰობი თავის საქმიანობად აქცია და დღეს მისი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ არაერთ მუზეუმში... პირველი ქართველია, რომელიც იტალიაში, კაპოდიმონტეს ფაიფურის სახელოსნოში, მოხვდა...

- ბავშვობიდან ვძერწავდი პლასტილინით და ჩემს ფიგურებს ანტიკვარულ ფაიფურის ფიგურებს ამსგავსებდნენ. სწორედ ეს ანტიკვარული ფიგურები იყო ჩემი შთაგონების წყარო. ბავშვობიდან მიყვარს ძველებური ნივთები, განსაკუთრებით, ფაიფურის სამშვენისები. უცნაური სისათუთისა და იდუმალების განცდა მაქვს, როდესაც მათ ვეხები. თავდაპირველად ჩემს ფიგურებს სახეები არ ჰქონდათ, უბრალოდ, ლამაზ სამოსში იყვნენ გამოწყობილი და საინტერესო მოძრაობებს განასახიერებდნენ. ახლობლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო. მეც ვშლიდი და ვაკეთებდი ახალ-ახალ ფიგურებს, ნელ-ნელა კი ტექნიკაც იხვეწებოდა... 14 წლის ვიყავი, როცა თაბაშირის მასალაზე გადავედი... კერვა მიჭირდა და ბევრჯერ თითშიც გამიყრია ნემსი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე და სხვა არაფერი.

აკადემიაში ჩაბარებას ვფიქრობდი, თუმცა ხატვა ვერ ვისწავლე, მიუხედავად პედაგოგის შეუპოვარი მცდელობისა. ვერავინ ხვდება, როგორ ვაკეთებ ამ ფორმებს ესკიზის გარეშე, როცა ხატვა არ ვიცი. თითქოს ხელით შევიგრძნობ, ჩემი ხელებია ჩემი თვალები...

იმ პერიოდში გავიცანი მეთოჯინე - არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა ბედიაშვილი. მაშინ პატარა ვიყავი და ნანას კოლეგიალურმა დამოკიდებულებამ ცოტა გამაყოყოჩა, უკვე დიდი მეთოჯინე მეგონა თავი, არადა, თურმე წინ რამდენი რამ მქონდა სასწავლი... პირველი ნამუშევრები 2008 წელს მოხვდა თოჯინების მუზეუმში. სწორედ აქედან დაიწყო გზა წარმატებისაკენ. იმ პერიოდში უკვე ზოოვეტერინარული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, თუმცა ჩემი პროფესია დიპლომში დარჩა, ნამდვილ პროფესიად კი ჰობი მექცა. თოჯინური ხელოვნებისკენ გზა არ ყოფილა იოლი. იყო დამცირებაც, აღიარებაც, უსასრულო შრომა ფრჩხილებიდან სისხლის დენამდე, ბრაზიც, თუმცა არჩეული გზისთვის არ გადამიხვევია. ჩემი მშობლები დელიკატურად მახსენებდნენ, რომ პროფესიისთვის მეტი ყურადღება მიმექცია, მაგრამ რაც არ მინდა, იძულებით ვერ გავაკეთებ. მაშინ თოჯინური ხელოვნება ასეთი პოპულარული არ იყო და მათიც მესმის - ეგონათ, მხოლოდ თოჯინებით თავის რჩენას ვერ შევძლებდი, თუმცა მერე ყველა დარწმუნდა, რომ ვაკეთებდი იმას, რაც ჩემია. მიმართლებდა კიდეც, შემოქმედებით გზაზე ხშირად მხვდებოდნენ კეთილგანწყობილი ადამიანები.

- თქვენ ვატიკანის ელჩმა აღმოგაჩინათ, იტალიაშიც სწავლობდით... როგორი იყო იქაური ცხოვრება და საქმიანობა? - იტალიაში, კაპოდიმონტეს ფაიფურის სახელოსნოში მოხვედრა სენსაცია იყო! პირველი ქართველი ვარ, რომელმაც ამ სახელოსნოში ფაიფურის ტექნიკა შეისწავლა. საელჩოს დაფინანსებით წავედი. სახელოსნოდან მოწვევა მივიღე, რომ გაეტანო დე ბერნარდოს კლასში ჩავირიცხე.

ჩემი გამგზავრება ძალიან სასაცილო იყო, რადგან მანამდე თვითმფრინავში ფეხიც არ შემედგა. გაფრენის წინადღეს ჩემი მეგობრები აქეთ-იქით მესხდნენ და მასწავლიდნენ, თვითმფრინავში როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ერთი მეგობარი მიხსნიდა, როგორ უნდა გამევლო გასასვლელი, რომ თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადავმჯდარიყავი. აშკარად მეტყობოდა, რომ ტვინი გათიშული მქონდა და ვერ ვიგებდი, რას მეუბნებოდნენ. ვამბობდი, ჩავალ თვითმფრინავიდან და სადაც ეს ხალხი წავა, გავყვები-მეთქი და ერთი აკივლდა - ბიჭო, ეს ხონი-თბილისის მარშრუტკა კი არ არისო...

ასე თუ ისე, ჩავფრინდი ნაპოლში და სასახლესაც და სასწავლებელსაც მშვენივრად მივაგენი... ეს იყო საოცრება: ჯერ - სასახლე, სადაც ვცხოვრობდი, მერე - როსეს ქუჩა, სადაც ეს პატარა სახელოსნოები იყო ჩამწკრივებული და უთბილესი ურთიერთობა თითოეულ იტალიელთან.

- გამოფენებზე გვიამბეთ, დედას რომ მიუძღვენით... - პირველად ზოოვეტში, სააღდგომო გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და პირველი სიგელიც მაშინ მომცეს. მერე იყო ქუთაისის თოჯინების თეატრი, სადაც პერსონალური გამოფენა გავმართე. შემდგომ ხელოვნების სასახლეში მიმიწვია ბატონმა გიორგი კალანდიამ და იქაურმა ორთვიანმა პერსონალურმა გამოფენამ დიდი აღიარება მომიტანა. იყო ბევრი ჯგუფური გამოფენაც. ჩემი ნამუშევრები დაცულია ხელოვნების სასახლეში და ერთ-ერთი ნამუშევარი - "საყვირიანი პიერო" შეტანილია ამავე მუზეუმის კატალოგში. ჩემი ნამუშევარი "ბებო" არის ბათუმის მუზეუმში, თოჯინა "შეწყვეტილი სიმღერა" ინახება თბილისის მერიის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის კოლექციაში და შეტანილია ამავე მუზეუმის კატალოგში. ჩემი ნამუშევრები გახლავთ კერძო კოლექციებშიც საქართველოში და საზღვარგარეთ. ერთ-ერთი დიდი გამართლება ის არის, რომ აგერ, უკვე ექვსი წელია, ვმუშაობ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში - "თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმში", რაც მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ქალბატონ ნინი სანადირაძის დამსახურებაა. დიდი მადლობა მას, რომ მომცა საშუალება, იქ ვყოფილიყავი, სადაც ყოფნა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შარშან გავხდი მხატვართა კავშირის წევრი და სწორედ იქ მოეწყო ჩემი მესამე პერსონალური გამოფენა, სადაც 30 ნამუშევარი მქონდა გამოტანილი. ეს გამოფენა დედაჩემს მივუძღვენი. ნამუშევრების უმეტესობა ქალბატონია. ეს ახალი ეტაპი იყო როგორც იდეით, ასევე - შესრულების ტექნიკით. ამაღელვებელი იყო ის, რომ გამოფენის გახსნის თარიღი დედას დაბადების დღეს დაემთხვა. გახსნაზე ემოციები ვერ მოვთოკე და დამსწრე საზოგადოება გაკვირვებული დავტოვე ჩემი არაადეკვატური საქციელით - შუა საუბრისას დარბაზიდან გავვარდი, იმიტომ, რომ ტირილს ვერ ვიკავებდი...

- ურთულეს პერიოდშიც აგრძელებდით თქვენს საქმიანობას? - დავიბადე და გავიზარდე ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში. მე და ჩემი ძმა უთბილეს ადამიანებს შორის ვიზრდებოდით. ბედნიერად ვცხოვრობდი დიდ ოჯახში, თუმცა რატომღაც ყოველთვის უცნაური განცდა მქონდა - მეშინოდა, რომ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა: 2015 წელს დედას სიმსივნე დაუდგინდა, მეოთხე სტადია.

მახსოვს, იმ დღეს, როდესაც დიაგნოზი შევიტყვე, ოთახში მარტო ვიყავი და მინდოდა ისე გავსულიყავი ოთახიდან, რომ დედაჩემს და მამაჩემს არაფერი შეემჩნიათ. ურთულესი იყო ამ როლის შესრულება. ჩემთვის თითქოს ქვეყანა დაიქცა და საშველი უნდა მომეძებნა... ოთხთვიანი კოშმარი გავიარე. მან იცოდა, რომ სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ სტადია არ იცოდა, მე კი ზღაპრებს ვყვებოდი და ვყვებოდი, რომ მისთვის ფსიქოლოგიური დაძაბულობა შემემსუბუქებინა. ვუვლიდი, ვამხნევებდი, დეიდაჩემი და მამაჩემი კი გვერდში მედგნენ.

ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არაფერი ეგრძნო. ბოლოს სიარული აღარ შეეძლო, ამიტომ ვიხუტებდი და ისე ვაყენებდი საწოლიდან. ერთხელაც მომეხუტა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა: დედიკო, როგორ გაწვალებ... არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი და ხმამაღლა არ ვიტირე, მაგრამ ყოველთვის თავს შთავაგონებდი, რომ გატეხის უფლება არ მქონდა. იმ დღეს საავადმყოფოში ექიმს ძალიან ვთხოვე, რეანიმაციაში შევეშვი. რომ შევედი, ხელზე ხელი მოვკიდე. იგრძნო და ესმოდა, რასაც ვეუბნებოდი. გამოსულიც არ ვიყავი ოთახიდან, რომ გული გაუჩერდა...

ჩემი ძმა თბილისში არ იყო, მერე ჩამოვიდა, თუმცა მალევე სამსახურის გამო უკან გაბრუნდა, მე და მამამ კი განვაგრძეთ ერთად ცხოვრება. მამაჩემს ძალიან გაუჭირდა, პატარა ბავშვივით იყო, თუმცა ვცდილობდით, მისთვის ყველანაირი კომფორტი შეგვექმნა.

სამი წლის მერე მასაც სისხლის კიბო დაუდგინდა და კოშმარი თავიდან დაიწყო. ვუვლიდი, მაგრამ ვიტანჯებოდი იმით, რომ ვერ ვშველოდი. უჩემოდ ეშინოდა და უნდოდა, სულ მასთან ვყოფილიყავი. ერთი წუთითაც არ მიგვიტოვებია არც მე და არც ჩემს ძმას. პალატაში მისი ხელი მეჭირა და ორი დღე და ღამე ასე გათენდა და დაღამდა. ბოლო ღამეს უკვე დედაჩემს ხედავდა. მერე უცნაურად დაიწყო სუთქვა. ექიმი რომ შემოვიდა და შეხედა, სახე შეეცვალა - შვილი გავიდესო. უჩემოდ ეშინია და ვერ დავტოვებ-მეთქი, ძლივს ამოვილუღლუღე და სავარძელს ჩავებღაუჭე, თითქოს ვინმე მაგდებდა იქიდან. მამამ ხელი გამომიწოდა, მეც ჩავეხუტე, შუბლზე ვაკოცე და მისი ბოლო ამოსუნთქვა სახეში შემომეფრქვა...

გავიყინე... თითქოს რაღაც დამთავრდა, უკვე მერამდენე ეტაპი. დაცლილი ვიყავი, თან - ამაყი, რომ ბოლო წუთამდე მასთან ვიყავი... ამ ყველაფერმა ჩემს შემოქმედებაზეც იმოქმედა, ახალი ეტაპი დაიწყო და ნამუშევრების გამომეტყველება და ემოცია, ჩემდა უნებურად, უფრო მძაფრი გახდა. ყოველთვის ვამბობ, რომ ავტორის ემოცია ხელების საშუალებით მასალას გადაეცემა და ნამუშევარიც შემქმნელის განწყობას იმეორებს. ალბათ, ამიტომ ტირიან ჩემი თოჯინები. განსაცდელი ხელოვანს გაზრდაში ეხმარება, მაგრამ მე არ მინდოდა ასეთი გაზრდა! თუმცა მაშინ ერთბაშად გავიზარდე...

- თქვენი სამყარო როგორია? - მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე მეტად მარტოობა მიყვარს. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, მიყვარს სახლში ყოფნა და ჩემი საქმე, მით უმეტეს, რომ რუტინული სამუშაო მაქვს. თოჯინაზე მუშაობის პროცესი უცნაური და მაგიურია. ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა პერსონაჟს გონებაში ჩამოვაყალიბებ ანუ გონებაში თოჯინის ესკიზს შევქმნი. ამ დროს ცოტა არაადეკვატური ვარ. ემოციებში ჩემი სამყარო ფერადია და იქ მხოლოდ მე და ჩემი პერსონაჟები ვართ. ბევრს გაეცინება, ალბათ, ჩემს სიტყვებზე, მაგრამ ეს ასეა. ხშირად სასაცილო სიტუაციაში ვხვდები, განსაკუთრებით - ამ ბოლო დროს. ჩემს გარეგნობას და თოჯინებს ერთმანეთთან ვერ აკავშირებენ და უკვირთ. მიყვარს სახალისო ამბების წერა. ხშირად ჩემს თავზე და ჩემს უახლოეს გარემოცვაზე ვწერ. ფეთქებადი ვარ, მაგრამ მერე წყენა აღარ მახსოვს. ვცდილობ, ყველას დავეხმარო, თუ ვინმეს თოჯინურ ხელოვნებაში რჩევა ან დახმარება სჭირდება. ცოტა ზარმაციც ვარ, ცოტა კი არა - ძალიან! არ ვიცი, სხვა რა გითხრათ, საკუთარ თავზე საუბარი რთულია... ყოველთვის ვამბობ, რომ თოჯინური ხელოვნება გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგს მოიცავს. როდესაც ქმნი თოჯინას, შენ ხარ მოქანდაკეც, მხატვარიც, მეწაღეც, დალაქიც, რეჟისორიც, დურგალიც...

- პანდემიის პირობები ხელსაყრელი იყო თქვენთვის? - ლოკდაუნის დროს სახლში ვიყავი და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ვიმუშავე. ერთ-ერთი ბანკის დაკვეთით შევქმენი ქართველი ფეხბურთელების მინიატიურული პორტრეტები. მალხაზ რაზმაძესთან ერთად, რომელიც მუსიკალურ ყუთებს ამზადებს, შევქმენი მინიატიურული მუსიკალური ელფები, რომლებმაც ბაზარზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემთვის პანდემიის პერიოდი შემოქმედებითად ცუდი არ იყო, თუმცა იმედია პანდემია გაქრება და მშვიდად შევძლებთ ცხოვრებას.

- ბევრი ოჯახური რელიკვია გაქვთ... - ჩემთვის ოჯახი, მოგონებები და რელიკვიები უძვირფასესია. როგორც უკვე აღვნიშნე, სიძველეები ჩემს სამყაროს განსაკუთრებულ იდუმალ ელფერს მატებს. გარდა იმისა, რომ ჩემს ოჯახში უამრავი რელიკვია ინახება, მეც ძალიან მიყვარს მშრალ ხიდზე და მსგავს ადგილებში სიარული, მიზერულ თანხად საინტერესო ნივთების აღმოჩენა... კარგად ვიცი ფაიფურის ისტორია და ნივთების სიძველეს და ორიგინალობას ერთი შეხედვით ვცნობ. ჩემი სახლის ძველი ნივთები სიმყუდროვეს მიქმნის. არ მიყვარს დე-ეს-პეს უფორმო ავეჯი, ცივია. არც მინიმალისტი ვარ. თანამედროვე ავეჯი და ნივთები გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ძველი, ხარისხიანი. ხშირად ჩემი გატაცების გამო ჩემი მეგობრებისთვის ხუმრობის ობიექტი ვარ, თუმცა მსგავსი ნივთები ყველასთვის არ იქმნებოდა, ამიტომაც ყველას გემოვნება მათ ვერ სწვდება. ნივთის მოძიება ერთგვარი აზარტია ჩემთვის. თუ ფაიფურის ისტორია არ იცი, ყალბს იოლად შემოგაპარებენ. ჩვენს ოჯახში ინახება ფაიფურის ნივთები, რომლებიც დედაჩემის დიდი ბებიის, მარიამ გოლეთიანის ნაქონია. მამამ, ანდრია გოლეთიანმა, მზითევში გაატანა. მარიამი კულაკს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ ლეჩხუმში მუშკუდიანები ძლიერ ოჯახად ითვლებოდნენ, მათთვის მსგავსი ნივთები დიდი ფასეულობა არ იყო, ამიტომ ბევრი ნივთი გატყდა და დაიკარგა. რაც გადარჩა, ბებიაჩემის დამსახურებით მოვიდა ჩვენამდე. დედა ძალიან უფრთხილდებოდა თითოეულ ნივთს. ახლა მე ვუფრთხილდები - ისინი ხომ წინაპრების ამბებს ჰყვებიან! სამწუხაროდ, უამრავი ნივთი გადის ქვეყნიდან და ცოტა ხანში საქართველოში მხოლოდ დე-ეს-პეს ავეჯი დაგვრჩება. უნდა ვცადოთ, რაც შეიძლება მეტი ნივთი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში. ეს ხომ ჩვენი კულტურის, მაღალი გემოვნებისა და ინტელექტის ნაწილია! მიხარია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ასეთი ნივთები და ქვეყანაში დატოვონ!