"მედიაპალიტრა" გადასცემს, აჩვენებს, ბეჭდავს - კვირის პალიტრა

"მედიაპალიტრა" გადასცემს, აჩვენებს, ბეჭდავს

"მედიაპალიტრა" ბიზნესორგანიზაციაა და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა ჰქონდა, აქვს და ექნება. თუმცა, შემოსავლების სამსახურის შემოსვლა "მედიაპალიტრაში" საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა და ცუდი ასოციაციები გაუჩნდა.

ეჭვები იმან გააჩინა, რომ შემოსავლების სამსახურში "მედიაპალიტრის" 6 ობიექტზე შემოვიდა: შპს "კოლორში", პრესის გავრცელების სამსახურში - შპს "ელვა სერვისში", შპს GEP-ში, მაღაზიათა ქსელ შპს "ბიბლუსში", შპს "პოლიგრაფიულ მასალებში", და შპს "პალიტრა  L-ში". ამ შპს-ებს სხვადასხვა პროფილი აქვთ, სხვადასხვა დროს არიან რეგისტრირებული, დამოუკიდებელი მენეჯმენტი ჰყავთ და ასევე დამოუკიდებელი საბანკო ანგარიშები აქვთ.

ანუ ეს 6 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შპს-ა, რომელთაც ის აერთიანებთ, რომ დამფუძნებლები ჰყავთ ერთი. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ეს მიმდინარე ანუ გეგმური შემოწმებაა და არა გადაუდებელი, როდესაც ამა თუ იმ კომპანიაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შედიან ხოლმე. ოფიციალური ინფორმაციით, გეგმურ შემოწმებაზე კი გადაწყვეტილებას კომპიუტერული სისტემა იღებს.

KvirisPalitra.Geუფრო ზუსტად, კომპიუტერი აჩვენებს ე.წ. რისკ-კომპანიებს, შემდეგ კი, უკვე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, დაიწყებენ თუ არა შესაბამის პროცედურებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, მაგრამ უბრალოდ, საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეარჩია კომპიუტერულმა სისტემამ "მედიაპალიტრის" 6 სტრუქტურა, რომელთაგან, მაგალითად, "ელვა სერვისი" დაფუძნებულია 2000 წელს, "ბიბლუსი" 2008 წელს,  შპს "პოლიგრაფიული მასალები" - 2009 წელს და ა.შ. და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამოუკიდებელი შპს-ები არიან.

იმაში, რომ აქ საქმე კომპიუტერულ სისტემასთან გვაქვს და არა ადამიანების გადაწყვეტილებასთან, ეჭვი საზოგადოების დიდ ნაწილს ეპარება და სწორედ ამიტომაც იყო განგაშის ზარები 7, 8, 9 ივნისს და მომდევნო დღეებში. მაგალითად, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს "მედიაპალიტრის" 6 ობიექტის ერთდროულად შემოწმებასთან დაკავშირებით ეჭვები საფუძვლიანად მიაჩნია. "არ მინდა ვიფიქრო, რომ შემოწმება 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა სახალხო დამცველმა. სხვათა შორის, ომბუდსმენი გამონაკლისი არ არის - შემოსავლების სამსახურის "მედიაპალიტრაში" შესვლა 26 მაისის მოვლენებს საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც დაუკავშირეს.

არადა, 25-26 მაისს "მედიაპალიტრა" მუშაობდა ისე, როგორც ყოველთვის - გადასცემდა, აჩვენებდა და ბეჭდავდა მხოლოდ ფაქტებს. შესაძლოა, იმ ღამის მოვლენებმა მართლაც დააჩქარა "მედიაპალიტრის" მასირებული შემოწმება, თუმცა, საყურადღებოა, ერთი ტენდენცია: ბოლო პერიოდში "მედიაპალიტრის" გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ის ადრე მხოლოდ ბეჭდურ მედიაში იყო ანგარიშგასაწევი ძალა, ახლა უკვე ინტერნეტპორტალები, რადიო, საინფორმაციო სააგენტო და ინტერნეტტელევიზიაც დაემატა - ყველა მათგანი კი, თავის სფეროში, მოწინავე პოზიციებზეა.

ის, რომ საზოგადოება ტელევიზიის გარდა სხვა საშუალებებითაც იღებს ინფორმაციას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) ბოლო, მაისის კვლევებმაც აჩვენა.

რომ შევკრიბოთ გაზეთების, რადიოს, ჟურნალების, ინტერნეტის შედეგები და თან ამ უკანასკნელის სწრაფი ზრდის ტემპიც გავითვალისწინოთ, ალბათ "მედიაპალიტრით" ხელისუფლების დაინტერესების მიზეზების ლოგიკური დასკვნის გაკეთებაც არ იქნება რთული.

შემოსავლების სამსახურის ქმედებები "მედიაპალიტრაზე" შეტევად იმიტომაც აღიქმება, რომ ზემოხსენებული შპს-ები, სხვა სტრუქტურებთან ერთობლიობაში, ქმნიან "მედიაპალიტრის" ფინანსურ მდგრადობას, ანუ იმას, რომ 1000-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელფასი აიღოს და შესაბამისად, მკითხველმა, მსმენელმა თუ მაყურებელმა ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. აღიარებულია, თუ ფინანსურად მედია უზრუნველყოფილი არ არის, ის ვერც დამოუკიდებელი ვერ იქნება.

საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ფინანსური მდგრადობის დარღვევით და მაკონტროლებლების სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით "მედიაპალიტრის" დასუსტებასა და მასზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ. სწორედ ამიტომაც გაავრცელეს საზოგადოების წარმომადგენლებმა განცხადებები, რომლებშიც ზემოხსენებულ ეჭვებს გამოთქვამდნენ და სწორედ ამიტომაც გამართეს სოლიდარობის აქცია. ეს სოლიდარობა უპრეცედენტო იმიტომ იყო, რომ ინიციატივა სწორედ ჩვენი კოლეგებისგან, სხვადასხვა არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან მოდიოდა.

მოკლედ, ეჭვები რჩება, რომლებიც ან გაქარწყლდება, ან დადასტურდება. შესაბამისად, იმასაც ვნახავთ, თუ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. თორემ ქართველი საზოგადოება რომ შედგა, უკვე გამოჩნდა ამ სოლიდარობის აქციებითაც.

KvirisPalitra.Ge