რას გვიქადის საგადასახადო კანონის ბუნდოვანება - კვირის პალიტრა

რას გვიქადის საგადასახადო კანონის ბუნდოვანება

და რას შეიძლება ელოდოს "მედიაპალიტრა"...

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, "მედიაპალიტრაში" ექვს სხვადასხვა შპს-ში გეგმური საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს, მაგრამ მათი მუშაობა არ შეფერხდება. როგორც შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნუგზარ წულუკიძემ განაცხადა, "მედიაპალიტრაში" გეგმური შემოწმება მიმდინარეობს, მანამდე კი წინმსწრები პროცედურა დაიწყო, რაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას გულისხმობს".

მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, ეს ფაქტი უკვე შეფასდა თავისუფალ მედიაზე ზეწოლად. თითქოს რა ზეწოლაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შემოსავლების სამსახური ერთ-ერთ რიგით გადამხდელს ამოწმებს. მერე რა? რა არის ამაში უცნაური და საეჭვო? და საერთოდ, რა საერთო აქვს შემოსავლების სამსახურის ლოტოტრონს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობასთან? რომელიმე აუდიტორმა სტატიის დაბეჭდვა აგვიკრძალა? არა, ბატონო, მაგრამ...

დათო ნარმანია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მართალია, არსებობს რისკმენეჯმენტის სისტემა, რომელიც კომპიუტერული პროგრამით შესამოწმებელი კომპანიების სიას ავტომატურად (რისკების გათვალისწინებით) აჯგუფებს, მაგრამ მაშინ, როცა კომპანიები რეგისტრირებული არიან თავ-თავიანთი საიდენტიფიკაციო ნომრებით, ალბათობა იმისა, რომ პროგრამამ მედიაჰოლდინგის ექვსივე კომპანია ერთად ამოაგდო როგორც სარისკო კომპანიები, ძალზე მინიმალურია.

საგადასახადო კანონმდებლობაში გადასახადის გადახდისა და გამოანგარიშების წესები ძალიან ბუნდოვანია. ამიტომ ყოველთვის, როცა საგადასახადო სამსახურები მიდიან შემოწმებაზე, ყველამ იცის, რომ აუცილებლად გამოვლინდება "ხარვეზები". მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბიზნესსტრუქტურები ხშირად არ ეთანხმებიან საგადასახადო ორგანოების "ვერდიქტს", მაგრამ მაინც იხდიან დაწესებულ ჯარიმას, უფრო სწორად, სხვადასხვა მექანიზმით აიძულებენ, გადაიხადონ. სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო მიიჩნევა საგადასახადო ორგანოების საქმიანობა სადამსჯელო ოპერაციად და არა ხარვეზების გამოვლენისა და შემდგომ მისი აღმოფხვრის სურვილად".

ბევრი იკითხავს, თუ სიმართლე გადამხდელის მხარეს არის, მაშინ რატომ იხდისო?

ირაკლი შავიშვილი, აუდიტორი: - ჩვენი საგადასახადო კოდექსი ძალზე მოუწესრიგებელია. საგადასახადოს ენა და ტერმინოლოგია გაუგებარია, რაც კანონის ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხშირად ნორმები იმგვარად არის გაწერილი, რომ ყურს საითაც გინდა, იქით მიაბამ. ასეთი მუხლი საგადასახადო კოდექსში უამრავია.

- ნორმალურ ქვეყნებში საკანონმდებლო პრობლემებისას პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს ენიჭება უპირატესობა.

- პრობლემაც ის არის, რომ ნორმების ინტერპრეტაციის პრაქტიკაც მრავალგვარია. შემოსავლების სამსახურს შეუძლია ერთ შემთხვევაში ერთგვარად გადაწყვიტოს სიტუაცია, მეორეში - მეორენაირად. ვისაც როგორ მოეპრიანება, ისე განმარტავს საგადასახადო ნორმებს.

ცივილიზებულ ქვეყნებში ბუნდოვანი მუხლები არ ქმნის დიდ პრობლემას, რადგან საგადასახადო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება, რომელიც იწვევს მრავალგვარ ინტერპრეტაციას, წყდება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ.

რადგან კანონმდებელმა იცის, რომ ნებისმიერი არასწორად ჩაწერილი ნორმა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდება, ცდილობს ერთმნიშვნელოვანი და კარგად გასაგები ნორმები ჩაწეროს კანონში. ჩვენთან პირიქითაა. საგადასახადო კოდექსში ბუნდოვანი ნორმები არსებობს სწორედ იმიტომ, რომ შეეძლოთ კანონის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაცია, რაც გადამხდელზე ზეწოლის საუკეთესო კანონიერი საშუალებაა. და თუ ჩვენი სასამართლოს "ობიექტურობასაც" გავითვალისწინებთ, გადამხდელი ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება. ეშმაკი, როგორც წესი, დეტალებში იმალება. მასშტაბური ნორმების ინტერპრეტაციები შეიძლება ცოტა იყოს. მთავარი პრობლემა ის ტექნიკური საკითხებია, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს.

კანონის ნორმების ინტერპრეტირება კონკრეტული გადამხდელის სპეციფიკიდან და ხშირად პოლიტიკური ორიენტაციიდან გამომდინარე ხდება.

ხშირია ხელფასთან, არაფულად გადაცემებთან, არარეზიდენტი პირის დაბეგვრასთან, დღგ-სთან დაკავშირებული ინტერპრეტაციები.

ყოველი შემდგომი საგადასახადო კოდექსი ბევრად უარესია წინამორბედზე. დისპროპორცია საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის ყოველი ახალი კოდექსის მიღებისთანავე იზრდება. შესაბამისად, იზრდება საგადასახადო ორგანოების უფლებები გადასახადის გადამხდელის საზიანოდ.

ისეა კანონმდებლობა აწყობილი, ხშირად გადასახადის გადამხდელს პროტესტის გამოთქმის და გასაჩივრების შანსიც მოსპობილი აქვს.

იმისათვის, რომ დარიცხული სანქციები გაასაჩივრო, წინასწარ უნდა გადაიხადო საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხა, ან იმის გარანტია წარადგინო, რომ პროცესის წაგების შემთხვევაში გადაიხდი; ან კიდევ, ცალკეული ბანკის ანგარიშზე ჯარიმის ოდენობის სადეპოზიტო თანხა უნდა შეიტანო, ან სასამართლოში მიიტანო ბანკის ან სახელმწიფო კომპანიის გარანტია, თორემ სასამართლოს შეუძლია არც განიხილოს სარჩელი.

წარმოიდგინეთ ფირმა, რომელსაც წელიწადში სულ 50.000- ლარიანი ბრუნვა აქვს და საგადასახადომ  მილიონი დაარიცხოს, როგორ უნდა გაასაჩივროს? ვინ მისცემს მილიონის გარანტიას? ამიტომ გადამხდელი იძულებულია ფინანსთა სამინისტროში, ანუ დაინტერესებულ მხარესთან გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურის სანქცია. ფინანსთა სამინისტროში კი იწყება ვაჭრობა და საბოლოოდ საქმე საგადასახადო შეთანხმების გაფორმებით მთავრდება (ეს იგივეა, რაც სისხლის სამართალში საპროცესო გარიგება).

თუ მაინც მოახერხე და შეიტანე სარჩელი სასამართლოში, იქ სხვა ბერკეტები არსებობს. ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მოგეხსენებათ. მით უმეტეს, პირველი ინსტანციის სასამართლოები სახელმწიფო სტრუქტურებს ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას.

პირველ ინსტანციაში დავის წაგების შემთხვევაში დაკისრებული სანქცია დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარავინ ელოდება, ისე გაგიყიდიან ქონებას. მეორე ინსტანციის სასამართლო რომც მოიგო, ცარიელ-ტარიელი რჩები.

- კანონით, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აგინაზღაუროს ზარალი.

- ალბათ, არსებობს შედარებით მცირე ოდენობის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამოღების ალბათობა, მაგრამ ის ქონება, რომელსაც აუქციონზე გაუყიდიან ბიზნესმენს, ხშირად მთავარია მისი ბიზნესისთვის. გარკვეული დროის შემდეგ იმავე ქონების ხელახლა შეძენა ძალზე დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, მინიმუმ - მუშაობის შეწყვეტასთან და მაქსიმუმ - გაკოტრებასთან. ამასობაში კარგავ ბაზარს, ბაზარზე ნიშას და საბოლოოდ გამოძევებული ხარ საჭირო სიტუაციიდან.

თუ ხელისუფლებას თვალში არ მოუვიდა რომელიმე ბიზნესმენი, მის გასაჩერებლად  საკმარისზე მეტი ბერკეტი აქვს. თუU ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, შექმნის. არც ეს არის პრობლემა.

P. S. მექანიზმებისა და ბერკეტების შექმნა იოლია მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში არ არსებობს წინააღმდეგობის გამწევი ძალა და ხელისუფლების ნებისმიერი კანონპროექტი, თუნდაც საღ აზრს მოკლებული, ტაშის გრიალით სამი მოსმენით იქცევა კანონად.

ქიბარ ხალვაშის "არტიჯგუფში" ფინანსურმა პოლიციამ მყისიერად აღმოაჩინა ხარვეზები. "არტიჯგუფი" დალუქეს, სოლიდური სანქციებიც დააკისრეს, მაგრამ მისი ქონების გაყიდვა ვერ ხერხდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალვაშის ქონების აუქციონზე გასაყიდად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იყო საჭირო, რაც სამივე ინსტანციაში საქმის განხილვას მოითხოვდა... და მაშინ კანონი შეცვალეს, - დაკანონდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისია ბიზნესმენის ქონების გასაყიდად(?!).