მაესტროს მოხვეული რეგისტრი - კვირის პალიტრა

მაესტროს მოხვეული რეგისტრი

თბილისური კონკა, ვერელებისა და სოლოლაკელების ომი და "ყუთში" შენახული ქართული

როცა რიკარდო მუტიმ, იტალიელმა დირიჟორმა და ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნოდარ ანდღულაძის წიგნი წაიკითხა, აღიარა, რომ  მუსიკის თეორეტიკოსის მსგავსი ნაშრომი აქამდე არ წაუკითხავს... მისი შესრულებული არიების ჩანაწერები რომ მოისმინა, ისევ აღფრთოვანებული დარჩა - პერტილეს მერე მე მსგავსი ტენორისთვის არ მომისმენიაო...

ნოდარ ანდღულაძეზე თხრობა ერთი პატარა ამბით მინდა დავიწყო. ამ ამბის დანახვა უფრო შეიძლება, ვიდრე მოსმენა. როცა მაესტრო მიამბობდა, ყველაფერი ზუსტად დავინახე: "მე და გოგი ოჩიაური ერთი თვე ხატში ერთად ვათენებდით. გოგი მაწინდარი იყო, მე მისი თანმხლები. ეს ტრადიციაა - ვაჟკაცი ხატში უნდა განწმენდილიყო, ამ დროს მას არ აქვს უფლება ხატის ტერიტორიიდან გასვლისა. შუაფხოდან ფეხით ავედით. იმ ღამეს ნაბდებში გვეძინა... დრო მაშინაც რთული იყო. ტყეში დადიოდნენ ჩეჩენი გასულები.... უცებ ვიღაცამ დაიძახა, - ხაზეინ!.. ვინ უნდა იყოს ამ უკუნეთში-მეთქი... თურმე ნაბდის მხარი მადგა თავზე - ამიტომ ბნელოდა. გადავიხადე და წინა მთის წვერიდან მზემ რომ დამარტყა, იმისი სინათლე არასოდეს დამავიწყდება! გათენებული იყო... ის კაცი კი მოხევე მწყემსი ყოფილა."

უბრალო ამბავია, ცხადია... მაგრამ ნოდარ ანდღულაძესთან საუბრისას იგივე დამემართა. თითქოს მეც ნაბადი მეხურა, გადავწიე და მისი ცხოვრება, როგორც კაშკაშა მზე, ისე შემოიჭრა რუხ ფერებად ქცეულ დაძაბულ რეალობაში...

ჩემი გარიჟრაჟი

ოთხი წლისაც არ ვიყავი, როცა ჩემმა ნათლიამ - დედაჩემის დეიდამ - სოფიო ივანიშვილმა ოპერის თეატრში რეპეტიციაზე  შემიყვანა. ჰოფმანის ზღაპრების მესამე მოქმედებაში დედაჩემი ანტონიას პარტიას ასრულებდა.  სცენის ბოლოს ანტონია კვდება. დავიწყე ღრიალი და გამომიყვანეს დარბაზიდან...

ამერიკული გასტროლებიდან ახალდაბრუნებული იყვნენ ვახტანგ ჭაბუკიანი და ტატიანა ვეჩესლოვა. მახსოვს მათი გამოსვლა სცენაზე. მამაჩემი მიამბობდა, ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია ჭაბუკიანის ცეკვას, რომ სპექტაკლის დამთავრების შემდეგ მომითხოვია, ლაღიძის წყლებთან გადამიყვანეთ-მეთქი. იქ იების თაიგული ვაყიდვინე თურმე, დავბრუნდით ოპერაში და ვახტანგ ჭაბუკიანს მივართვი.

როსინის "ვილჰელმ ტელის" 100 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს თეატრებმა დადგეს ეს სპექტაკლი. ლა სკალაში ლაური-ვოლპი მღეროდა ტენორის პარტიას, თბილისში - მამაჩემი - დავით ანდღულაძე. მკაფიოდ დამრჩა მეხსიერებაში, რა გამომსახველობით საშუალებებს მიმართა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა სპექტაკლში. დეკორაციების მაგიერ იყო ეკრანები, სადაც პროეცირდებოდა ის, რაც ხდებოდა სცენაზე... ლა სკალამ ეს მხოლოდ 1978 წელს მოახერხა...

ასე რომ, პირველი შთაბეჭდილებები იყო სიმღერა, სცენა და მთაწმინდაზე ის სახლი, სადაც დავიბადე...

5 წლის რომ ვიყავი, მოსკოვში გადავედით. დაგვასახლეს დიდი თეატრის მსახიობებისათვის აშენებულ სახლში. მეზობლებმა რომ გაიგეს, ვმღეროდი, დამაყენებდნენ და "ტრუბადურის" არიას მამღერებდნენ. მამას მოსკოვში წამოღებული ჰქონდა ქართული წიგნები - ილია, ვაჟა-ფშაველა, გოგებაშვილი. მთხოვდა, წამეკითხა... რუსულად რომ ვლაპარაკობდი, ეშინოდა, ენა არ დამვიწყებოდა. ვამშვიდებდი, ნუ გეშინია, თავში ყუთი მაქვს, იქ შევინახე ქართული ენა, რომ ჩავალთ საქართველოში, ამოვიღებ-მეთქი. მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, მამამ პირდაპირ ბახვში ჩამიყვანა ბაბუასთან. დავიწყე გურული კილოთი ლაპარაკი, სულ "აქანე, იქინე"-თი ვლაპარაკობდი.

მამამ  თბილისში პატარა ოთახი იყიდა ლერმონტოვისა და ქიქოძის კუთხეში, დოლუხანოვების სახლში. მეორე სართულზე ვცხოვრობდით. იქვე იყო სპარსეთის საელჩო თავისი ფარშავანგებითა და პალმებით... მაგრამ ეს არ იყო ისე საინტერესო ჩემთვის, როგორც კონკა, რომელიც დადიოდა ერევნის მოედნიდან სადგურამდე.

მე და გაიოზ შარაშიძე ერთ მერხთან ვისხედით. გაიოზი შემდეგ ფსიქიატრი გახდა. მახსოვს, ერთხელ პროექტი მაჩვენა, - დიღომში მინდა საავადმყოფო ავაშენებინოო. ჩამომითვალა ამ კორპუსში ესენი იქნებიან, აქ - ესენი, იქ - ისინიო... ვუთხარი, ერთი კორპუსიც დაამატე, შენი მეგობრებიც მოვალთ-მეთქი.

ერთ დღეს, ჩემს მერხთან ვიღაც ქერა დამხვდა... დავაკვირდი - გაიოზია. თურმე კინოსტუდიაში წაიყვანეს სინჯებზე და წყალბადის ზეჟანგით შეღებეს - "გიორგი სააკაძეში" პაატას როლი ათამაშეს...

დრამატული სიტუაციაც ყოფილა. გაიოზ შარაშიძეს შეუყვარდა ერთი გოგონა, რომელსაც გიგა ლორთქიფანიძე დასდევდა. ეს იყო ვერელებისა და სოლოლაკელების ომი. გიგა მაშინ ხულიგნობდა, გაიოზი სასაფლაოზე საქმის გასარჩევად წაიყვანა... ჩვენ შორის იმდენად მძაფრი დაპირისპირება იყო, რომ ამის შესახებ  რომანი დავწერე, მაგრამ დავიფიცე, არ გამოვაქვეყნებ-მეთქი. ძალიან უნიჭო რამეა...

ომის წლები ძალიან მძიმე იყო. მამა რომ მოდიოდა ოპერიდან, მხარში შევუდგებოდი,  მომეყუდებოდა და ისე ამყავდა მერვე სართულზე, გული რომ არ დაღლოდა.

ჩემი დილა

დედისერთა კი ვიყავი, მაგრამ ჩვენთან ცხოვრობდა მამაჩემის უფროსი ძმის შვილი - ისიც ნოდარი... მამაჩემის უფროსი ძმა 1937 წელს დახვრიტეს ბათუმში - მეფის არმიის პოლკოვნიკი იყო. მამაჩემიც მოხალისედ წავიდა I მსოფლიო ომში. რუმინეთში დაიჭრა, შემდეგ მენშევიკების ჯარში იყო. მონაწილეობდა ბათუმის გათავისუფლებაში... არ ვიცი, რამ გადაარჩინა 30-იან წლებში დახვრეტას...

1937-მა წელმა ჩემ თვალწინ ჩაიარა. მამას სამოსის არშიებში გამოკერებული ჰქონდა ფული - არ იცოდა, საიდან წაიყვანდნენ...

მახსოვს ევგენი მიქელაძე. 1932 წელს თეატრი კისლოვოდსკში იყო გასტროლებზე. დიდ სასტუმროში ვცხოვრობდით. ჟენია დილით მიდიოდა რეპეტიციაზე. ღილკილოში ყოველთვის ჰქონდა წითელი მიხაკი. თუ აივანზე დამინახავდა, ამ მიხაკს ამომიგდებდა ხოლმე... ის მოძრაობა ახლაც თვალწინ მიდგას.

მინდოდა მწერალი გავმხდარიყავი, მაგრამ ორი რამ მაბრკოლებდა, კომუნისტური რეჟიმის პირობებში სიმართლის დაწერა რომ არ შეიძლებოდა და ის, რომ მიმაჩნდა: ქართული ენა ძირფესვიანად არ ვიცოდი. ლიტერატურის სიყვარულმა წამიყვანა უნივერსიტეტში. მეორე კურსზე ვიყავი, როცა გაიხსნა კავკასიური ენების კათედრა. გოგი ოჩიაური უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლობდა. ორივე კავკასიური ენების კათედრაზე გადავედით.

არნოლდ ჩიქობავა გვასწავლიდა ყველაფერს: სიარულს, კათედრაზე დგომას... ერთხელ მითხრა: - ადამიანი რომ გამოდის კათედრაზე, მაშინ ხვდება, რომ აქვს ორი ხელი და არ იცის, სად წაიღოსო. მოკლედ, ისეთი არტისტობა მასწავლა, მერე რეჟისორებს რომ არ უსწავლებიათ.

სიმღერას როდის მივუბრუნდი? მამამ ერთხელ შემამოწმა. ძალიან კარგი ხმა გაქვს, მაგრამ არ ვიცი, მომღერალი გახდები თუ არაო...

იქნებ არც გავმხდარიყავი მომღერალი, მაგრამ მამამ ფეხი მოიტეხა სცენაზე და მაშინ გადავწყვიტე... გულსატკენი რამ მოხდა. არ ეგებოდა, ისე მოექცნენ დავით ანდღულაძეს...

ჩემი შუადღე

პირველად პროფესორ-მასწავლებლებისათვის შემოქმედებით კონცერტზე რახმანინოვის რომანსი ვიმღერე. შოთა გაბელაიასთან ერთად მურმანისა და აბესალომის არიაც შევასრულე... 1951 წლის იანვარში უკვე მოსკოვში წავედით... ხალხს ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი. შემდეგ არდადეგებზე კიევში ვიყავი... იქ პირველი ტენორის ხელფასი შემომთავაზეს, ოღონდ დავრჩენილიყავი. არ ვარ მზად-მეთქი - უარი ვთქვი... საერთოდ, არასოდეს მიფიქრია სხვაგან დარჩენა... ერთხელ, ერთ ლხინში, ოდისეი დიმიტრიადიმ დამიკრა და ვიმღერე როსინის "ტარანტელა",... გადაწყდა, ოპერაში მივეღე, მაგრამ შტატი არ იყო, ამიტომაც ჩამრიცხეს მეხანძრედ...

ახლაც მახსოვს, 1956 წელს რა ბედნიერი ვიყავი, ოპერაში პარტიის შესასრულებლად რომ მივდიოდი.

მოსკოვში მელიქ-ფაშაევმა მომიწყო დიდი სამხატვრო საბჭოს წინაშე გასინჯვა. ორკესტრმა ოვაცია გამიმართა. დაადგინეს, სპექტაკლები მოეცათ ჩემთვის დიდ თეატრში.

მელიქ-ფაშაევს ვთხოვე, იტალიაში გამგზავნეთ-მეთქი... ვნახოთო. მერე მაცნობეს, - გგზავნით იტალიაშიო... ეს იყო მეორე ზენიტი ჩემს ცხოვრებაში. ცეკა 6 თვე  აჯანჯლებდა ჩვენს წასვლას, სამაგიეროდ, იტალიური ვისწავლე კარგად. რომ ჩავედით, ერთადერთმა მე ვიცოდი იტალიური.

იტალიაში  ჩასვლისთანავე მოვუსმინე მომღერალ ჯანი რაიმონდსს, მისი სტილი იდეალურად მესახებოდა. როცა მკითხეს, ვისთან ისურვებთ მეცადინეობასო, მისი პედაგოგი, ბარა ავირჩიე, რადგან ეს იყო იტალიური სკოლა გერმანული გავლენის გარეშე.  რასაც  ვეძებდი, რაც მიმაჩნდა მამაჩემის ხმაში კულტურულ-გენეტიკური, იქაც აღმოვაჩინე. ბარამ მომისმინა და მითხრა, - ასეთ მოხვეულ რეგისტრს იტალიაში სჭირდება 7-8 წლის მუშაობაო... ეს იყო იმ რეგისტრის შერჩენა, რომლითაც იბადება ბავშვი. ამას ჩვენ თავის ხმას ვეძახით...

ჩემთვის შუადღის ზენიტი იყო ისიც, რომ თბილისში და უცხოეთში რადამესს იტალიურად ვმღეროდი - პირველი მომღერალი ვარ, ვინც ეს გავბედე... საბჭოთა კავშირში ხომ რუსულად უნდა გვემღერა.

ჩემი საღამო

ახლა ვამუშავებ თანამედროვე ფილოსოფოსის - ედგარ მორანის თორმეტ ტომს ფრანგულ ენაზე... ფრანგული არ ვიცოდი... ერთი წელია, რაც ვისწავლე. იტალიურის ცოდნა დამეხმარა. ედგარ მორანს ჩემი ორი წიგნი გავუგზავნე.

ამბობენ, ოპერა წარსულის ხელოვნებააო? ამას ამბობენ ასი წელია... სამყაროს თუ ექნება მომავალი, ოპერაც გადარჩება.

გული მტკივა, რომ დაფასება ვერ ვისწავლეთ. ჩვენ კარგი კომპოზიტორები გვყავს, მაგრამ არ ვაფასებთ - გია ყანჩელი, ფელიქს ღლონტი...

ფელიქს ღლონტის ჩანაწერები ეთერ ანჯაფარიძემ წაიღო ტეხასის ფესტივალზე, საღამოობით რადიოთი გადასცემდნენ და ყველა აღფრთოვანებული იყო. ჩვენ? 20 წელია, თეატრმა ვერ დადგა მისი ოპერა "ბარათაშვილი".

მტკიცე და მებრძოლი ხასიათი მაქვს?.. ასეა...

დავუპირისპირდი ოფიციოზს... იქნებ იმიტომ, რომ არნოლდ ჩიქობავას გაზრდილი ვიყავი, ის კი თავის დროზე დაუპირისპირდა ნიკო მარს... ხუთი დირექტორი და ოთხი მთავარი დირიჟორი მყავს გაგდებული თეატრიდან. ცუდად წაიყვანეს საქმე და იმიტომ. მერე მეც გამაგდეს...

ანეკდოტივით ამბავი გამახსენდა ახლა: ერთხელ ატყდნენ, იტალიურად ნუ მღერით, რუსულად უნდა იმღეროთო. მე და ცისანა ტატიშვილი  ათეული წლებია ვმღერით და ახლა გაახსენდათ რატომღაც. "ტრუბადურიდან" ცისანა მოხსნეს, არადა მეორე დღეს სპექტაკლია  დანიშნული, ადგნენ და ტელეფონით ლეონორა გამოიძახეს ერევნიდან. დადგა ეს ქალი და სომხურად არ იმღერა "ტრუბადური"?!

P.S. პარადოქსებით სავსეა ცხოვრება... რვა ათეულზე მეტია, ამ პარადოქსებს შორის მოდის ნოდარ ანდღულაძე და რა დიდი ვაჟკაცობაა, რომ შეუმღვრევლად გაატარა ცხოვრება.