"ჭიის პარკიდან" გამოსული მხატვარი - კვირის პალიტრა

"ჭიის პარკიდან" გამოსული მხატვარი

ჟანამ, რომელიც მეორე ბავშვს ელოდებოდა, ვერ გადაიტანა უსაყვარლესი დედოს სიკვდილი და მეორე დღეს მშობლების სახლის მეხუთე სართულიდან გადმოხტა

1884 წლის 12 ივლისს იტალიაში, ქალაქ ლივორნოში, ებრაელების  - ფლამინიო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში დაიბადა მეოთხე შვილი - ამედეო მოდილიანი. ფლამინიო საშუალო შეძლების ვაჭარი იყო, მაგრამ გაკოტრდა და ამედეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მათ სახლში ჩინოვნიკები გამოცხადდნენ ვალში აღწერილი ქონების წასაღებად. იტალიის მაშინდელი კანონით, მელოგინის კუთვნილი ქონება ხელშეუხებელი იყო და სანამ ჩინოვნიკები სახლში ამოვიდოდნენ, ყოველივე ფასეული, რაც გააჩნდათ, ევგენიას საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისთვის ეს ცუდის მომასწავებლად ინიშნა.

პატარა დედოს დედა ძალიან უყვარდა, მისი ბავშვობა და ჭაბუკობა სწორედ დედის დღიურებმა შემოუნახა შთამომავლობას. ორი წლის ამედეოზე დედა დღიურში წერს: "ცოტა განებივრებულია, ცოტა ჭირვეული, მაგრამ მშვენიერია, როგორც ანგელოზი". მარსელელი ევგენიას მშობლიური ენა ფრანგული იყო, ხოლო ევროპული ლიტერატურისა და უცხო ენების კარგი ცოდნა საშუალებას აძლევდა ოჯახი ენების სწავლებითა და თარგმანებით ერჩინა. სახლშივე გახსნა ინგლისური და ფრანგული ენების კერძო სასწავლებელი, რომელმაც სახელი გაითქვა ქალაქში. დედომ ფრანგული დედისგან ადრიანად აითვისა და საერთოდ - სწორედ ევგენიას რომანტიკულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა მომავალი მხატვრის მსოფლმხედველობასა და გემოვნებაზე.

KvirisPalitra.Geხატვა 5 წლისამ დაიწყო, 14 წლისა ლივორნოს ფერწერის სკოლაში შევიდა, დედას კი გამოუცხადა, რომ გადაწყვიტა მიატოვოს ლიცეუმი და მხატვრობა შეისწავლოს. 1895 წელს დედამისმა დღიურში ჩაწერა: "დედოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერაც ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რომ შემეძლოს მასზე აზრის გამოთქმა. ვნახოთ, რა გამოვა ამ ჭიის პარკისგან, იქნებ მხატვარი?" 1898 წელს მოდილიანი ტიფით დაავადდა და ეს გახდა გადამწყვეტი მომენტი  მის ცხოვრებაში: თურმე ბოდვისას სულ იტალიელ ოსტატებს ახსენებდა და ჩანს, საკუთარი დანიშნულებაც მხატვრის სახით ამ დროს "აღმოაჩინა"... გამოჯანმრთელებულ ამედეოს მშობლებმა ნება დართეს მიეტოვებინა სკოლა და მიეღო გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.

1902-1903 წლებში მოდილიანი ვენეციასა და ფლორენციაში ხატვის ტექნიკას ეუფლება. 1906 წელს პარიზში გაემგზავრა ქანდაკების შესასწავლად. მისი ქანდაკებები მისივე ნახატების სტილშია შესრულებული. ისინი ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა 1909 წლიდან 1914 წლამდე მოდილიანი ძირითადად სწორედ ქანდაკებაზე მუშაობდა. პარიზში გაიცნო მხატვრები, მათ შორის - პაბლო პიკასო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მოდილიანის შემოქმედებაზე. მან განიცადა სეზანის, ტულუზ-ლოტრეკის, ფოვიზმისა და კუბიზმის გავლენა, მაგრამ საბოლოოდ თავისი სტილი შეიმუშავა, რომლისთვისაც მდიდრული, ღრმა კოლორიტია დამახასიათებელი.

მოდილიანის შემოქმედებაში რამდენიმე პერიოდს გამოყოფენ. მათ შორის ცისფერ, აფრიკულ, იტალიურ პერიოდს და ბოლოს, პორტრეტებს. მოდილიანის პორტრეტები ადვილი ამოსაცნობია გრძელი და თხელი ოვალური თავებით, დაქანებული მხრებით და საოცრად დახვეწილი, სევდიანი ფერებით. მას დარჩა მხოლოდ რამდენიმე პეიზაჟი, ხოლო ნატიურმორტსა და ჟანრულ სურათს არ ცნობდა. მას მხოლოდ ადამიანი აინტერესებდა: ,,ადამიანი მთელი სამყაროა და ზოგჯერ სამყაროზე უკეთესიც", - ეს იყო მისი კრედო.

მოდილიანი მალე ჩაერთო პარიზის ბოჰემურ ცხოვრებაში. ლოთობდა, მიეძალა კოკაინს, მარიხუანას, შიშველი ნატურის დასახატად კი მეძავებს იყენებდა. მისი ჩხუბი ქალის გამო მონმარტრის ფოლკლორშიც კი დამკვიდრდა.

პირველი მსოფლიო ომის გამო პარიზში ცხოვრება გაჭირდა. მოდილიანის  მეგობრები პარიზიდან გაიკრიფნენ. მხატვარმა არაერთი ნამუშევარი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბინის ქირას ვერ იხდიდა და ხშირად უწევდა სხვაგან გადაბარგება. 1914 წლიდან მოდილიანის მფარველი გახდა მწერალი და კოლექციონერი ლეოპოლდ ზბოროვსკი. ეს უკანასკნელი მხატვრის წარმომადგენლად მიიჩნეოდა და ნახატების გაყიდვაში ეხმარებოდა. სწორედ მან შეუწყო ხელი უკვე ავადმყოფ დედოს სამხრეთ საფრანგეთში გადაბარგებულიყო, ხოლო 1917 წლის 3 დეკემბერს პარიზის ერთ-ერთ გალერეაში მოდილიანის სიცოცხლეში პირველი და უკანასკნელი გამოფენა გაიხსნა - პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალების გამოსახულებებმა და მხატვარი აიძულა, გამოფენა სასწრაფოდ დაეხურა.

1917 წლის ივლისში მოდილიანიმ  გაიცნო 19 წლის ჟანა ებიუტერნი, რომელიც მის მოდელადაც იქცა. რამდენიმე წლის განმავლობაში დედომ ჟანას 25 პორტრეტი დახატა (თავის მხრივ, არც ჟანა "დარჩა ვალში" და დაგვიტოვა 1919 წელს შესრულებული დედოს პორტრეტი). მალე მათ ქალიშვილი შეეძინათ, დედოს ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, 1918 წელს მოდილიანი სამკურნალოდ  და დასასვენებლად ფრანგულ რივიერას ეწვია. მუშაობას იქაც განაგრძობდა. მაგრამ მხატვარი მაინც ვერ გამოჯანმრთელდა და პარიზში დაბრუნებიდან მალე, 1920 წლის 24 იანვარს, 35 წლის ამედეო მოდილიანი გარდაიცვალა.

ჟანამ, რომელიც მეორე ბავშვს ელოდებოდა, ვერ გადაიტანა უსაყვარლესი დედოს სიკვდილი და მეორე დღეს მშობლების სახლის მეხუთე სართულიდან გადმოხტა. დედო და ჟანა ერთად დაკრძალეს პარიზის უძველეს პერლაშეზის სასაფლაოზე. მათ ერთი ქვა ადევთ, რომელზეც ასეთი ეპიტაფიაა ამოკვეთილი: "ამედეო მოდილიანი. სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო... ჟანა ებიუტერნი. ამედეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული Nთანამგზავრი, ვინც არ მოისურვა უმისოდ სიცოცხლე".

მოდილიანის შემოქმედებამ ავტორის სიკვდილის შემდგომ პოვა აღიარება. ამედეოს გარდაცვალებიდან სულ ორი წლის შემდეგ მისი ნახატები პენსილვანიელმა კოლექციონერმა ალბერტ ბარნესმა აღმოაჩინა. სწორედ ამ დროიდან იწყება მოდილიანომანია. 2010 წელს მისი ნახატები "სოთბის" აუქციონზე 60 და 68 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რამაზ გურგენიძემ