"ჩვენ ისტერიკა ცხოვრების წესად გადავაქციეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ისტერიკა ცხოვრების წესად გადავაქციეთ"

"მუდმივად ცდილობენ, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა არ დააგდონ, რათა საზოგადოებამ ცხოვრებისთვის ვერ მოიცალოს... ჩვენ პოლიტიკით ვცხოვრობთ, სხვა ყველაფერი გამოგვაცალეს"

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე იმ პრობლემებზე გვესაუბრა, როგორც კულტურის, ასევე სხვა სფეროებში რომ დაგროვდა.

- დუღილი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, არავინ იცის, საით წაგვიყვანს. ჯერ ვფიქრობდი, ასეთი ქაოსური მდგომარეობა გაჭირვების ბრალია-მეთქი, მაგრამ მეტიც გვინახავს. ამაზე უარესი მინახავს ბავშვობაში და ბევრად უარესი აქვს ქვეყანას გამოვლილი... ზოგი დამოუკიდებლობასაც კი აბრალებს, დაგვაბნიაო. 30 წელია, ვერ ჩამოვყალიბდით, რა გვინდა და საით მივდივართ... ამდენი ხანა ვამბობთ, რომ ყველაფრის თავიდათავი განათლების დაბალი დონეა, ამას ვერ ვუშველეთ. მთლიანობაში კი მივიღეთ ისტერიკული აგრესია და რადიკალიზმი. რაც მთავარია, ზომიერება გვაკლია ყველაფერში, აგრესია ადამიანურ ჩარჩოებს გასცდა და დამღუპველი ხდება.

რადიკალიზმი და აგრესია მართავს ყველაფერს, ყოფას, შემოქმედებით საქმიანობას. ყველაფერში გახლეჩილი ვართ. არადა, ზოგჯერ, როდესაც რაღაც განსაცდელის გამო ვერთიანდებით, მგონია, რაღაც ვისწავლეთ, თანადგომა, მოძმის განსაცდელის გულთან ახლოს მიტანა უსწავლებია მძიმე წარსულს-მეთქი, მაგრამ მალე ყველაფერი იმსხვრევა, ისევ ძველ კალაპოტს ვუბრუნდებით, შური, აგრესია, გაუტანლობა და სიძულვილი გვაძლევს სიცოცხლის ძალას...

არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, რა შედეგამდე მიგვიყვანს, მაგრამ თუ როგორმე საზოგადოებაში ისტერიკის ტალღას გადავაგორებთ, მერე ყველაფერი დალაგდება. ურთიერთპატივისცემასაც დავუბრუნდებით, ერთმანეთის სიხარულით, სიკეთით და პრობლემებით ცხოვრებასაც, ასეთი დაცალკევებული და გაუცხოებულები არ ვიქნებით...

მანამდე კი ვუყურებ გაყინულ, გაქვავებულ ურთიერთობებს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი სახლიდან სხვის სახლში გადამასახლეს, სადაც არავინ არავის იცნობს და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ცხოვრობენ. სხვა რა ვუწოდო ამ მახინჯ რეალობას, სადაც უაზრო პრინციპების გამო ოჯახის წევრები გადაეკიდნენ ერთმანეთს. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა მოხდეს, აღარ ვიცი. ეს ყველაფერი ერთხელ ხომ გამოვიარეთ. რა ვისწავლეთ?! რაღაც ხომ დაგვიტოვა იმ მძიმე წლებმა, რომ წინდახედულობა გამოვიჩინოთ, მაგრამ არა. მოთმინება არ გვყოფნის, არც განათლება... მეტი განათლება გვჭირდება. იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანებს წიგნებით გამოვუტენოთ თავი, სულიერ განათლებას ვგულისხმობ. სხვანაირად ისტერიკულ ფონს ვერ მოვიშორებთ და აგრესიული იმპულსებით ცხოვრება კიდევ ბევრი წლით დაგვხევს უკან. რაღაც თუ არ ვიღონეთ, არასტაბილურმა გარემომ გადაგვარებისკენ წაგვიყვანა.

- არასტაბილური გარემოს ჩამოყალიბებაში პოლიტიკურმა პროცესებმაც ითამაშა დიდი როლი... - პოლიტიკურმა პროცესებმა, მედიამ, სოციალურმა ქსელებმა და სხვა ფაქტორებმაც...

ერთმა ქალმა მითხრა, სოციალურ ქსელებამდე ადამიანი დიდსულოვანი მეგონაო. მეც ასე მეგონა, ვიდრე ადამიანები სოციალურ ქსელებს თავიანთი, უმეტესად არაჯანსაღი აზრებისთვის გამოიყენებდნენ, ინტერნეტსივრცემ ადამიანები გააშიშვლა და რა სამწუხაროა, რომ ზოგი ასე მარტივად კარგავს ან წარმოაჩენს სახეს...

რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, იმის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში, საგარეო იქნება თუ საშინაო, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, მთელ ენერგიას ოპოზიციასთან ჭიდილს ანდომებს. სულ ვამბობთ, რომ აღარ გვინდა ეს ნგრევის მომტანი ისტერიკა, ეს პოლარიზებული სივრცე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია. იმის ნაცვლად, პოლიტიკოსებმა ამ მძიმე ყოფაში მაინც რაღაცები გაითვალისწინონ, მუდმივად ცდილობენ, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა არ დააგდონ, რათა საზოგადოებამ სხვა რამისთვის, ცხოვრებისთვის ვერ მოიცალოს. ჩვენ პოლიტიკით ვცხოვრობთ. სხვა ყველაფერი გამოგვაცალეს.

მედიაზეც მინდა ვთქვა, რომელიც კი არ გაყვითლდა, უკვე გაშავდა, სახე დაკარგა. მე ის ადამიანი არა ვარ, რომელიც ეპატაჟურ და მყვირალა ტექსტებს ისვრის, რათა პრესისა და ტელევიზიისთვის საინტერესო გახდეს. ზოგი ამას განგებ აკეთებს ყურადღების ცენტრში მოსაქცევად. მე ეს არ მჭირდება, რადგან შედეგებზე ვფიქრობ. მე არ მჭირდება ასეთი პოპულარობა, არც შემოქმედებითი და არც სხვა თვალსაზრისით.

სხვა თუ არაფერი, ჩვენს საამაყო წარსულს ვცეთ პატივი. ახლა ემოციებს აყოლილი გამოსვლები და უკუსვლა კი არა, ევროპისკენ მყარი ნაბიჯებით სიარული გვჭირდება. ახლა პოლარიზების დრო არ არის. სახელმწიფოს შუღლზე გადაყოლილი პოლიტიკური ძალები კი არა, ღირსეული, გონიერი და პრაგმატული ადამიანები სჭირდება. დავიღალეთ ამ არაფრისმომცემი პოლიტიკით. ეს ეხება ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. მე ამ ქვეყანაში ვაპირებ ცხოვრებას, შვილების აღზრდას, ჩემი წინაპრის გზის გაგრძელებას და ის რყევები, რაც წლებია გრძელდება, როგორც დანარჩენზე, ჩემზეც "გადის", ჩემს ცხოვრებასაც ცვლის უარესობისკენ...

- განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა - ვაქცინაცია...

- დიახ, იმიტომ, რომ ისტერიკა ცხოვრების წესად გადავაქციეთ - აცრილი, ანტივაქსერი, ნაცი, ქოცი... სიძულვილისა და აგრესიისთვის მიზეზი არ გვჭირდება. ყველაფერს სახელმწიფო პოლიტიკას ნუ დავაბრალებთ. უკვე მიზეზი არც გვჭირდება, ნებისმიერ რამეზე შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა.

სახელმწიფო ყველა ტრიბუნიდან მოგვიწოდებს, აიცერით, რომ გადავრჩეთო! ყველანაირად ცდილობს ვაქცინაციის მნიშვნელობა აგვიხსნას. არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთოს, მაგრამ არა, მაინც დაესივნენ ერთმანეთს, საშინელი სიტყვებით ლანძღავენ, ვაქცინაზე აღარც არის ლაპარაკი, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიან...

ქრისტიანი ვარ და მწამს და მჯერა ჩემი ეკლესიის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იქ არასასურველი ცხოვრების წესის მქონე პირებმა მოიყარეს თავი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი, მთლიანად ეკლესია უნდა ვლანძღოთ, იქაც ხომ არიან ღირსეული სასულიერო პირები, დაყუდებული ბერები, რომლებიც ჩვენი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნავენ და ლოცულობენ; ისინი მოუწოდებენ ადამიანებს გადარჩენისკენ, მაგრამ უფრო ნაკლებად ჩანან, ვიდრე ის კატეგორია, ვინც რაღაცას აშავებს. ჩვენ, საზოგადოებაც მოწოდებული ვართ, კარგზე მეტი ცუდი დავინახოთ და ამის მიზეზებზე უკვე ვისაუბრე. ისე კი, ვაქსერები და ანტივაქსერები მხოლოდ საქართველოში კი არა, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ამერიკასა და სხვა უამრავ ქვეყანაში არიან, აქციებს მართავენ. ანუ რახან ამას ვაპროტესტებთ, პაპუასები კი არა ვართ, მიდგომაა ასეთი.

- თუმცა ჩვენ ჩვენი გვტკივა, ამ პატარა ქვეყანაში "კოვიდით" ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება. - დიახ. მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღე - ავიცერი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი არ მესმის, ვინც არ იცრება. ვგულისხმობ მათ, ვისაც პრობლემა აქვს, და არა იმ კატეგორიას, ვინც ხუშტურის გამო არ იკეთებს. ჯანსაღი ენით საუბარი დავივიწყეთ. სასაუბრო ენად იქცა ცინიზმი, აგრესია და ბოღმა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ტელევიზიას, არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს, რაც საზოგადოებაზეც აისახება.

ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა, რომელ საფეხურზეც უნდა იყოს ის, მეწაღე იქნება თუ პარლამენტარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი სამეგობრო მყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ, ბაზარში დავდივარ და ვხედავ, როგორ უჭირს ხალხს, იმაზე ფიქრობენ და დარდობენ, რა აჭამონ შვილებს, როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, რომ სახლში შუქი აანთონ. ამდენი წელია სახელმწიფოს ვაშენებთ თითქოს და რა ეტყობა აშენებულის, მაინც არასტაბილური გარემოა, სიღატაკე და გაჭირვება... რაღაც გვაკლია, კვალიფიციურობა, პროფესიონალიზმი. არ შეიძლება მეტრომშენებელი კულტურის სამინისტროში მუშაობდეს, ან ეკონომიკის სფეროში - პროზაიკოსი. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- რა ხდება თეატრში, არასტაბილური გარემო, ალბათ, თქვენს სფეროზეც აისახა. - დიდი ხანია, თანაც ძალიან მწვავედ და მტკივნეულად. თეატრი ღრუბელივით იწოვს ამ ყველაფერს და იმაზე სწრაფად, ვიდრე სხვა სფეროში.

რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ: ქართული თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია. ვგულისხმობ როგორც შემოქმედებით, ასევე ფინანსურ მდგომარეობას. როდესაც თეატრში მომუშავე ადამიანს ეუბნებიან, ენთუზიაზმზე იმუშავეო, ეს მარაზმია. ასე მუშაობა შემოქმედებითი თვალსაზრისითაც უშედეგოა და არც არის ის დრო, ვინმემ ასე იმუშაოს. თეატრის თანამშრომელი მხოლოდ რეჟისორი და მსახიობი არ არის, მას ჰყავს რეკვიზიტორი, გამნათებელი და სხვა. როდესაც ადამიანს აქვს სამსახური, მაგრამ შემოსავალი და ელემენტარული არსებობის საშუალება - არა, წყალსაც წაუღია სპექტაკლი და ყველა პერსონაჟი, მოგონილი იქნება თუ ნამდვილი, რომელთაც მსახიობი თუ რეჟისორი სცენაზე გააცოცხლებს. ეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, არსობრივად დამანგრეველია.

კულტურის მინისტრთან არავითარი შეხება არ მქონია, მაგრამ მჯერა, რომ კარგის გაკეთება სურს. რამდენად გამოუვა, სხვა საქმეა. თეატრში არსებული პრობლემები არც მერიის ბრალია და არც ახალი მინისტრის. ამ ყველაფრის მიზეზი სამხატვრო ხელმძღვანელების, ასევე, ჩვენი, თეატრში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულების ბრალია - ამდენი ხნის განმავლობაში პირში წყალი გვქონდა ჩაგუბებული.

- რატომ? - არ ვიცი, მეც არ ვიცი, ვდუმდით... არადა, ხომ არსებობს გამოთქმა, კარს თუ არ გვიღებ, ფანჯრიდან შემოვძვრებიო. ჩვენი სფეროს ფეხზე დაყენებისთვის ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, ისე, როგორც შეგვეძლო. ასე თუ არ მოვიქცევით, არც წულუკიანის ძახილი მოგვცემს შედეგს და არც სხვა გვარის... აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე. თუ სახელმწიფოს თეატრი არ სჭირდება, მაშინ საერთოდ გააუქმოს. არ დავასახელებ იმ ხელფასებს, რასაც თეატრში დასაქმებულები იღებენ. შემოქმედებით მიდგომაზე კი არა, არსებობაზე, გადარჩენაზეა საუბარი. ასეთ ვითარებაში წყალსაც წაუღია ყველანაირი თეატრი, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. ვის აინტერესებს ამ ქაოსში თეატრი?!