"მოსწავლეები ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ..." - კვირის პალიტრა

"მოსწავლეები ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ..."

"ჩიორას" გადაღებისას გაგრაში ჩვენი გადამღები ჯგუფის ერთ წევრ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა იქაურმა და წამოვარტყი. ტყვეობისას ამ ადამიანმა მიცნო, თავი გამახსენა, გისოსების მეორე მხრიდან მკითხა, გახსოვს, როგორ მცემეო? ჰოდა, გამიყვანა და ძვალ-რბილი გამიერთიანა..."

ძალიან გამითეთრდა თმა, თუმცა ჯერ მხოლოდ 59 წლის ვარო, ღიმილით მითხრა ჩემმა რესპონდენტმა. მანგლისელ გოჩა აფციაურს სახელს არავინ ეძახის. 20 წლის იყო, როდესაც ჩიორას როლი ითამაშა ამავე სახელწოდების ფილმში და მას შემდეგ ყველასთვის ჩიორაა.

როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ფილმის პრემიერის, ანუ 1984 წლის შემდეგ, ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

- როგორ ხართ, როგორ უძლებთ პანდემიურ ყოფას?

- გმადლობთ, არა მიშავს. ტყეში პანდემიას რა უნდა?! სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და სიმწვანე დამყვება თან. ტყეში ხშირად დავდივარ, თითქმის ყოველდღე. მეტყევე ინჟინერი ვარ და 2007 წლიდან პროფესიით ვმუშაობ. მანამდე, 1989-1990 წლებში, სკოლაში დაწყებით სამხედრო მომზადებას ვასწავლიდი, ახლა კი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ალგეთის ეროვნული პარკის თანამშრომელი ვარ...

- მასწავლებლობის დროს უკვე ჩიორა იყავით. წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ მოსწავლეებს, გაკვეთილზე შესულს რომ დაგინახავდნენ... - მოსწავლეები მიჩვეული იყვნენ, ასე რომ, ჩიორას დანახვაზე ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ, ოღონდ ჩიორა მასწ.-ს მეძახდნენ. რაც ფილმი გამოვიდა, მას შემდეგ ჩემთვის გოჩა აღარავის დაუძახია.

- ჩიორა როგორ გახდით? - სრულიად შემთხვევით. დიდი ხნის წინ მამაჩემის მეგობარი გარდაიცვალა. კინოსტუდიის თანამშრომელი გახლდათ და გასვენებაში, სადაც კინოსტუდიის მუშაკები იყვნენ, მამაჩემს მეც ვახლდი. სწორედ იქ მითხრეს, რომ ფილმს იღებდნენ და მირჩიეს, პლეხანოვზე, ძველ კინოსტუდიაში სინჯებზე მივსულიყავი - ბედი სცადეო. მეც თბილისში ჩავედი...

- რა განწყობით ჩახვედით? - მაინტერესებდა, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა, რომ მე ამირჩევდნენ. მაშინ 20 წლის ვიყავი და უკვე ვსწავლობდი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. კინოსტუდიაში რეჟისორი ნელი ნენოვა დამხვდა, გამესაუბრა, მერე ფოტოები გადამიღეს და მითხრეს, პასუხს ორ კვირაში გაცნობებთო, თუმცა ორი კვირის თავზე არავინ შემხმიანებია. ხელი ჩავიქნიე, იმედი გადამეწურა, დამავიწყდა კიდეც ეს ამბავი და ერთი თვის შემდეგ მოულოდნელად დამირეკეს, დამტკიცებული ხარ მთავარ როლზეო. მერე შემხვდნენ და სცენარი მომცეს, წაიკითხეო. მომეწონა. ჩიორაც ჩემსავით სოფლელი ბიჭი იყო, პატიოსანი, გულიანი, ერთგული... ამ ფილმში ჩემი თავი ვითამაშე.

- პარტნიორებზე მიამბეთ. როდის გაიცანით მარის და ნიკას როლის შემსრულებლები? - თენგიზ გიორგაძე იმ დროს უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მე რომ დამამტკიცეს, ის უკვე შერჩეული ჰყავდათ, აი, მარის კი დიდხანს ეძებდნენ. შესარჩევ პროცესში მე და თენგიზიც კი ვიყავით ჩართული. ერთ დღეს სინჯებზე მშვენიერი გოგონა მოვიდა, დიდი ცისფერი თვალებითა და გულუბრყვილო გამოხედვით. ეს გახლდათ ხათუნა ჩაგელიშვილი. ყველა უცებ მივხვდით, რომ მარი ვიპოვეთ და სინჯებიც დასრულდა.

გადაღებები თავიდან - თბილისში, შემდეგ კი სოხუმსა და გაგრაში მიმდინარეობდა. კამერასთან მუშაობა არ გამჭირვებია. კინოგადაღება ყველასთვის საინტერესო პროცესია, ამიტომ ყველა გადაღებაზე ხალხმრავლობა იყო.

- ხიფათიანი ბიჭია ჩიორა. ალბათ, მის განსახიერებაში კასკადიორები გეხმარებოდნენ. - კლდიდან რომ ვხტები, 3 მანეთზე დანაძლევებული, კასკადიორი მცვლის.

- ველოსიპედიდან გადმოვარდნის სცენაც ძალიან ნატურალისტურია... - იმიტომ, რომ ნატურალისტურად დავიმტვერი. შეჯახების მომენტში მძღოლმა ვერ მოზომა და კინაღამ მართლა ტრაგედია მოხდა. ისე დავილეწე, რომ ეს კადრი ფილმში უცვლელად შევიდა. ფილმში ალექსანდრე ბასილაიას შესანიშნავი სიმღერებია, თუმცა გადაღების დროს ის იქ არ მინახავს. სამაგიეროდ, ფილმი მოსკოვში რომ წავიღეთ, იქ შევხვდი ამ დიდ კომპოზიტორს. მითხრა, კარგი ფილმი გამოვიდაო. ამდენი წელი გავიდა და ჩიორას სიმღერა დღემდე ძალიან პოპულარულია. ბატონი ალექსანდრე ბასილაია თბილი, ღიმილიანი და კეთილგანწყობილი ადამიანი იყო. მოსკოვში ჩვენს ფილმს დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ჩვენების შემდეგ ყველა მეკითხებოდა, ვაპირებდი თუ არა სამსახიობო კარიერის გაგრძელებას.

- რას პასუხობდით? - არ იყო კამერის წინ ტრიალი ჩემი საქმე. მაინტერესებდა, ფილმს როგორ იღებდნენ, ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე და დამთავრდა. რეჟისორმა ნელი ნენოვამ შემომთავაზა, თეატრალურში ჩაგაბარებინებო, მაგრამ მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც მიმაჩნია, რომ მსახიობობა ჩემი საქმე არ იყო.

- ფილმის პრემიერას როგორ შეხვდით? - უკრაინაში ჯარში ვმსახურობდი და პრემიერას ვერ დავესწარი. როცა ფილმი პირველად ვნახე, რაღაცნაირად დავიმორცხვე. ყველა მაქებდა, მე კი მერიდებოდა. არ მომწონდა, ყველგან ყურადღების ცენტრში რომ ვექცეოდი. სადაც გავივლიდი, ჩიორა, ჩიორაო, ყველა გაიძახოდა.

- აფხაზეთის ომში როგორ აღმოჩნდით? - მანამდე განსაკუთრებული დანიშნულების სამხედრო ბატალიონში ვმსახურობდი. ომი რომ დაიწყო, მალევე, სექტემბრის დასაწყისში, ჩავფრინდით სოხუმში. რამდენიმე საათი გვქონდა. ის ადგილები მოვინახულე, სადაც "ჩიორას" გადაღებები მიმდინარეობდა. ყველაფრის მონახულება ვერ მოვასწარი, მაგრამ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სოხუმს დავკარგავდით. ომი კი იყო, მაგრამ ყველას გვეგონა, რომ აფხაზეთი მალე დაწყნარდებოდა... მერე გადაგვაფრინეს გაგრაში. გაგრის აღებისას ბატალიონიდან 19 ბიჭი მოგვიკლეს, გადარჩენილი 40 კი ტყვედ აგვიყვანეს. ორი კვირა გუდაუთის იზოლატორში ვყავდით, მერე საკონცენტრაციო ბანაკივით მოწყობილ ადგილზე გადაგვიყვანეს, სადაც 48 დღე გავატარე.

- როგორ გექცეოდნენ? - თავიდან გვცემდნენ, გვაშიმშილებდნენ. საშინელი დღეები გადავიტანეთ... თვითონ აფხაზები ისე ცუდად არ გვექცეოდნენ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოყვანილი მეომრები. ტყვეობისას რამდენიმე ბიჭი გარდაგვეცვალა, არც დანარჩენებს გვქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდით, თუმცა მოულოდნელად აფხაზ ტყვეებში გაგვცვალეს, რომელთა შორის არძინბას ძმისშვილიც ერია. ჩვენ 33-ღა ვიყავით, ისინი 11-ნი იყვნენ.

- გიცნეს? - "ჩიორას" გადაღებისას გაგრაში ჩვენი გადამღები ჯგუფის ერთ წევრ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა იქაურმა და წამოვარტყი. ტყვეობისას ამ ადამიანმა მიცნო, თავი გამახსენა, გისოსების მეორე მხრიდან მკითხა, გახსოვს, როგორ მცემეო? ჰოდა, გამიყვანა და ძვალ-რბილი გამიერთიანა. გახსოვთ რუსეთის გადაცემა "ვზგლიადი"? მათი გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული. ჩემზე რომ უთხრეს, მსახიობიაო, შემომთავაზეს, წაგიყვანთო. მე ვუთხარი, მარტო არ წამოგყვებით-მეთქი. არ გავყევი...

- დღევანდელი გადასახედიდან ომს როგორ გააანალიზებთ?

- ამ ძმათა ჟლეტაში ორივე მხრიდან ბევრი უდანაშაულო დაიღუპა... აფხაზეთი უძველესი ქართული კუთხეა და მწამს, რომ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იქნება. არ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში ძმები გულმოსულნი იყვნენ ერთმანეთზე. ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს და მჯერა, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები ამას მოესწრებიან.