"მთელი გულით ვთხოვ სასულიერო­ პირებს, დაფიქრდით, თქვენს სიტყვას ძალა აქვს და უამრავი ადამიანის გადარჩენა შეუძლია" - კვირის პალიტრა

"მთელი გულით ვთხოვ სასულიერო­ პირებს, დაფიქრდით, თქვენს სიტყვას ძალა აქვს და უამრავი ადამიანის გადარჩენა შეუძლია"

"დღემდე არიან მოქალაქეები, ვისაც პირადობის მოწმობა არ აუღია იმიტომ, რომ მოძღვარმა უთხრა, მხეცის ნიშანს შეიცავსო. ამას ნიშნის მოგებით კი არა, გულისტკივილით ვამბობ"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე საბა (ინწკირველი) "კვირის პალიტრას" ესაუბრა ადამიანების გაუცხოებასა და სიძულვილზე, 21-ე საუკუნის მთავარი საფრთხის, "კოვიდის" შესაჩერებელ ერთადერთ გზაზე, ვაქცინაციაზე, რომელიც უფლის წინააღმდეგ წასვლას კი არა, გადარჩენას ნიშნავს.

- უპირველესად მოვიკითხავ ჩემს ქვეყანას და მშვიდობას ვუსურვებ. ძალიან რთულ გზას გავდივართ, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებს, თუ გონივრულად მოვიქცევით. პოლარიზებისა და გახლეჩის პრობლემა ჩვენს ისტორიას მუდმივად თან სდევდა, ახლა კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, ოღონდ მხოლოდ ქართველებში კი არა, მსოფლიოს სხვა ხალხებსა და ქვეყნებშიც. განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის მიუღებლობა დიდი პრობლემაა ყველასთვის, თუმცა მცირერიცხოვან ქართველ ერს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. თუ ერთმანეთის მეტი პატიების, შენდობისა და შემწყნარებლობის უნარი არ გვექნება, არც მშვიდობა იქნება, არც ერთობა, არც კაცისა და უფლის სიყვარული. სამყაროში ხომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, ყველაფერს ბუნების კანონზომიერებასთან მივყავართ. ტრაგედიაა "კოვიდმა" ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ წაგვართვა, მაგრამ დაგვანახა, სად არის ადამიანი, სამყარო და რა არის ამ ყველაფრის საწყისი. ყოველდღე უნდა ვფიქრობდეთ, რა გვაჩვენა ამ ვირუსმა, რომელმაც სიკვდილთან ასე დაგვაახლოვა და გაგვიშინაურა. მეგონა, ეს განსაცდელი ჭეშმარიტი სიყვარულისთვის მოგვამზადებდა... უფალი ცხადად გვაჩვენებს, რომ ნებისმიერ ადამიანში ღვთის ხატებაა, უფალი ამბობს, ამქვეყნად ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატადო - ანუ ადამიანის გაფრთხილება, ჩვენი და უფლის ურთიერთობის, მისი სიყვარულის გაფრთხილებაა. თავად იესო ქრისტე გაეკრა ჯვარზე ადამიანისთვის, ჩვენ კი გავაუფასურეთ ეს უზენაესი სიცოცხლე. სანამ ასეთი უბედურება არ დაგვატყდა თავს, ვერ გავიაზრეთ, სად ვართ, რისთვის მოვედით და მთავარი, ბოლოს მაინც მამაღმერთთან უნდა დავბრუნდეთ. იმ საფრთხეების წინაშე, რაც ახლა თავს დაგვატყდა, ერთობა და სიყვარული მთავარი იარაღია. "კოვიდი" 21-ე საუკუნის ყველაზე სახიფათო პრობლემაა. ადამიანური დანაკარგის კვალდაკვალ უამრავი ეკონომიკური პრობლემაც შეიქმნა, რის შედეგებსაც უკვე ვიმკით. ქაოსი და პანიკაა მსოფლიოში. ვირუსმა დაგვზაფრა. ნებისმიერი ასეთი პანდემიის დროს მეცნიერები ვაქცინას იგონებდნენ. ეს იყო გამოსავალი, აცრით ამარცხებდნენ სენს.

ახლა გვაქვს კოვიდპანდემია, რომელმაც სამყარო თავდაყირა დააყენა. უფლის დიდი წყალობა ის არის, რომ მეცნიერებმა სიკვდილთან ბრძოლის იარაღი მოიფიქრეს. ადამიანთა ერთმა კატეგორიამ კი განგაში ატეხა, არ გვინდა ვაქცინაო. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ადამიანი ყველაზე საშიში არსება ყოფილა, რომელიც მხოლოდ თავის თავს კი არა, გაუაზრებლად სხვასაც უქმნის საფრთხეს.

- სამწუხაროა, რომ ამაში სასულიერო პირების წვლილიც არის... - წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ შეიძლება დაძალება, ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია. იმაზე საუბარი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედია და აცრა სულიერებას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი შეცდომაა. ეკლესიამ განაცხადა, რომ ძალიან აფასებს იმ სიკეთეს, რაც მედიცინას მოაქვს, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე, რადგან ჩვენ, სასულიერო პირებს, შესაბამისი კომპეტენცია არა გვაქვს. საზოგადოებას ეკლესია ვერ მოუწოდებს, აიცერითო. ეს ექიმების საქმეა, მაგრამ არც იმ სასულიერო პირებს მოვუწონებ, ვინც ამბობს, რომ აცრა ანტიქრისტეს ბეჭედია და მრევლს მოუწოდებს, არ აიცრათ, ცოდვააო. მიმძიმს ამის თქმა, შენდობას ვითხოვ, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება, რადგან ამით სიკვდილისთვის წირავენ ადამიანებს. ჩემო სულიერო ძმებო, დაფიქრდით, რისკენ მოუწოდებთ ხალხს, რომელიც თქვენ იმედით შემოგყურებთ. რწმენისა და უფლის ერთგულება აცრას არათუ ეწინააღმდეგება, პირიქით, ახლა სიკვდილ-სიცოცხლის გზაზე, ბეწვის ხიდზე გავდივართ. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე უფლის ძვირფასი საჩუქარია. ეს ახალი შტამი უკვე ბავშვებსა და ახალგაზრდებსაც ერჩის. ახლა ამ უხილავ და სასტიკ მტერთან ყოფნის პირისპირ ასეთი მოწოდებები არაფერია, თუ არა ჯანსაღი აზრის მტრობა. არ შემიძლია ამაზე დუმილი, რადგან არაერთმა მითხრა, არ ავიცრები, იმიტომ, რომ ჩემმა მოძღვარმა კურთხევა არ მომცაო. ეს ეკლესიის პოზიცია არ არის, მეტიც, მისი საწინააღმდეგოცაა! მე რამდენიმე თვის წინ ავიცერი. იმ დროს არ მეკუთვნოდა, რადგან კოვიდგადატანილი ვიყავი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე და ჩემი ქმედებით ვუთხარი მრევლს, რომ ეს უფლის წინააღმდეგ წასვლა კი არა, ვირუსთან ბრძოლის გზაა და ვინც ამას გაითვალისწინებს, ადამიანების გადარჩენაში თავის წვლილს შეიტანს... კიდევ ერთი, აცრა სავალდებულო არ უნდა იყოსო, ასეთი მიდგომაც გაუმართლებელი მგონია, რადგან არის რაღაცები, რაც სავალდებულო უნდა იყოს. უხეში შედარებაა, მაგრამ - არის თუ არა სავალდებულო, ადამიანს, რომელიც ავტომანქანას მართავს, მართვის მოწმობა ჰქონდეს? ის ხომ მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც უქმნის საფრთხეს? დაახლოებით ასეთია აცრაც...

- ზოგი ხელისუფლებასაც ადანაშაულებს ვაქცინაციის არასწორი პოლიტიკის გამო. - ყველა შესაძლო საშუალებით მოუწოდებენ აცრისკენ, მეტი რა გზა დარჩა? როდესაც სახელმწიფოს საყვედურობენ, უმართავია პროცესებიო, უსამართლობა მგონია. ეს ქვეყანა ყველასია და ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავისი აცრით სახელმწიფოსაც ეხმარება.

ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა პენსილვანიის შტატის კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა. იქ 12 მილიონი კაცი ცხოვრობს და მათგან მხოლოდ 1800 კაცი იყო ინფიცირებული. არც ერთი დაღუპული არ ჰყავდათ, რადგან მოსახლეობის 80% აიცრა. ეს არის ვაქცინაციის შედეგი... გულით ვწუხვარ გარდაცვლილი ადამიანების გამო და უფალს ვაბარებ მათ სულებს, მაგრამ ყოველდღე ამდენი ათასი ინფიცირებული გვყავს და გარდაცვლილებს შორის აცრილი არც ერთი არ ყოფილა. ზოგმა ვერ მოასწრო, ზოგმა უპასუხისმგებლო სასულიერო პირების განცხადებების გამო გადაიფიქრა ან არც უფიქრია ვაქცინაცია... მთელი გულით ვთხოვ სასულიერო პირებს, დაფიქრდით, თქვენს სიტყვას ძალა აქვს და უამრავი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. იმ ადამიანების უკან ოჯახები, მათთვის ძვირფასი ადამიანები დგანან. დაუფიქრდით თქვენს სიტყვებს. მრევლის უმეტესობას თავისი მოძღვრის ბრმად სჯერა და როდესაც თქვენ ეუბნებით, არ აიცრაო, არ იცრებიან. მით უფრო, ბევრს ასეთი მოწოდება ეკლესიის პოზიცია ჰგონია. თუ სასულიერო პირი ეკლესიას არ ემორჩილება, ეს მისი პოზიციაა და არა ეკლესიის.

სანამ საქართველოდან წამოვიდოდი, მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელს შევხვდი. მითხრა, ტესტირების ყოველდღიური თანხა 1 მილიონ 700 ათასი ლარიაო. რამდენ ხანს შეიძლება ამხელა ხარჯს ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანამ გაუძლოს? იქნებ როგორმე გავიაზროთ, რომ აცრით ჩვენს სიცოცხლესა და ქვეყანას ვეხმარებით. ეს არის ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფო პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერმა უნდა ავიღოთ.

- რაც სხვა დროსაც გვიჭირს... რატომ? - შენდობას ვითხოვ ასეთი პოზიციისთვის, მაგრამ ბევრი რამის მიზეზი განათლების სიმწირეა. როდესაც ადამიანს განათლების პრობლემა აქვს, ძალიან ადვილად იქცევა ფანატიკოსად. ვაქცინასა და მის მავნებლობაზე ლაპარაკობენ სასულიერო პირები, რომელთაც სამედიცინო განათლება არა აქვთ, ვაქცინის შემადგენლობაზე არაფერი იციან, მაგრამ მის სახიფათოობაზე თეორიებს მაინც თხზავენ. ცალკე საკითხია, რომ მრევლი სამედიცინო განათლების უქონელ მოძღვარს ეკითხება, ვაქცინა გაიკეთოს თუ არა. ამისთვის არსებობენ სამედიცინო პერსონალი და მეცნიერები.

დღემდე არიან მოქალაქეები, ვისაც პირადობის მოწმობა არ აუღია იმიტომ, რომ მოძღვარმა უთხრა, მხეცის ნიშანს შეიცავსო. ამას ნიშნის მოგებით კი არა, გულისტკივილით ვამბობ. ტექნოლოგიური განვითარება ამ მძიმე ვითარებაში ანტიქრისტეს ბეჭედი კი არა, უფლის წყალობაა. ის ბეჭედი კი იმ ადამიანებს აქვთ დასმული, ვინც ქრისტიანულად, გულწრფელი სიყვარულით და სინანულით არ ცხოვრობს.

- ბოლო ხანს სხვადასხვა მიზეზით ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება შეიცვალა. რას მოგვიტანს ეს? - იმას, რომ ტაძარშიც და მრევლშიც მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნეები დარჩებიან. განსაცდელს უფალი უშვებს. ამ დროს ქრისტიანები უფრო ვძლიერდებით, ერი და ბერი კი აცნობიერებს, რა უნდა შევცვალოთ და თუ ეს შევძელით, ხსნა ნაპოვნია, ეს ეკლესიას უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე ზიანს. ამისკენ არაერთხელ მოგვიწოდა პატრიარქმა თავის ქადაგებაში - ჩვენზეა დამოკიდებული გადავრჩებით თუ არაო. თუ ღმერთთან ერთობის კი არა, რაღაც სხვა მიზნის გამოა ადამიანი ეკლესიაში, ამას ვერ გაუძლებს. გულით მორწმუნესთვის არ არსებობს ძალა, რომელიც ეკლესიას და უფალს დააშორებს...

წმინდა მამა იოანე ოქროპირი, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა, სამყაროს დასასრულის კონკრეტულ თარიღსაც კი ასახელებდა, მაგრამ 16 საუკუნე გავიდა და ცხოვრება გრძელდება. ეს იყო შეგონება კაცობრიობისთვის, რომ სიყვარულის გარეშე დავიღუპებით, რადგან სასუფეველში სიყვარულია და ვისაც ეს არ აქვს, ვერც სასუფეველში მოხვდება. გამოვფხიზლდეთ, რომ ერთმანეთი დავინახოთ. "მამაო ჩვენოს" ბევრი ვკითხულობთ, მაგრამ მასში მოცემულ მცნებებს ყველა ვერ მიჰყვება. გადარჩენისთვის სიყვარული და სინანული უნდა გვქონდეს. ადამიანები ისტერიკულად იმეორებენ, დავიღალეთო. იცით, რამ დაღალა კაცობრიობა? უსიყვარულობამ! ამიტომ სუნთქავს ასე მძიმედ სამყარო. გადამეტებულმა სიამაყემ, შურმა, ამპარტავნებამ დაღალა, ერთმანეთზე ზრუნვის ძალა აღარ შერჩათ. ხშირად კითხულობენ, როდის მოვა ქრისტეო? მისი მოსვლის ნიშანი სიყვარულის დაკარგვაა. ანტიქრისტეს ბეჭედი ვაქცინა კი არა, უსიყვარულობა, გაუტანლობა, შეუწყნარებლობა და აგრესიაა. ამაზე უნდა ვიფიქროთ. ყველაზე საშიში შეწყალების, თანაგრძნობის, სიყვარულის გარეშე დარჩენილი ადამიანია, რომელიც წამლის სითხეში ეძებს ჩასახლებულ ეშმაკს. ღმერთმა ინებოს, მშვიდობა გვქონდეს, გონიერება და სიყვარული. ეს გადაარჩენს სამყაროს!..