"როგორც ჩანს, "ასტრაზენეკა" უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე - "ფაიზერი" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, "ასტრაზენეკა" უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე - "ფაიზერი"

"ყოველი 1000 აუცრელი ინფიცირებულიდან 10-15 იღუპება"

"კოვიდ-19" კვლავ გვიტევს, გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ დიდია, ამოქმედდა საველე ჰოსპიტლები. დღევანდელი ეპიდსიტუაციის ანალიზითა და პროგნოზით "კვირის პალიტრას" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრება.

- რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური პაციენტების რაოდენობა 58 ათასია, კლინიკაში 7 ათასამდე მკურნალობს. ეს კარგია თუ ცუდი, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ პაციენტები ჰოსპიტლებში გადაჰყავთ მხოლოდ საჭირო შემთხვევებში, ანუ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები კლინიკებში აღარ მიდიან, როგორც იყო მთელი პანდემიის განმავლობაში. ამით ხერხდება ჯანდაცვის სისტემის მეტ-ნაკლებად დაზოგვა, თუმცა ძალიან რთულია, ამ დატვირთვას გაუძლოს სამედიცინო პერსონალმა, რადგან იწყება გამოფიტვა, ინფიცირდებიან ჩვენი კოლეგებიც. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი მედმუშაკი აიცრას.

ალბათ, სახელმწიფოს თავის დროზე უნდა ეზრუნა, რომ ამ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაცია შემოეღო. ჯარისკაცი რომ არ დაგვიავადდეს და ომში არ წაგვექცეს, ზუსტად ამის ტოლფასია ვაქცინირებული სამედიცინო პერსონალი. შენ თუ მას არ ავალდებულებ და თავის ნება-სურვილზე ტოვებ, საფრთხის წინაშე დგება ისიც და სხვა ადამიანების სიცოცხლეც, ეს კი ორმაგი პასუხისმგებლობაა.

ვამართლებ დამატებითი სივრცეების და საველე ჰოსპიტლების გახსნას, რადგან მეტი გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწადი და რვა თვე გავიდა, მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის მთავარ მედიკამენტად მაინც რჩება ჟანგბადი, ამიტომ ეს სივრცეები მნიშვნელოვანია. იქ იქნებიან ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ არა რეანიმაცია, ან ინტენსიური დახმარება, არამედ ჟანგბადი.

- ანუ ეს არის მაშველი რგოლი და არა სამკურნალო დაწესებულება? - კი ბატონო, ეს არის მაშველი რგოლი. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პროგნოზების ინსტიტუტის მიხედვით, საქართველოში ახლა პანდემიის პიკი გადავლის პროცესშია, ანუ შემთხვევების რაოდენობის ზრდას აღარ უნდა ველოდოთ.

- ანუ 6 000-ს არ ავცდებით? - არა. ეს ერთი კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩანს და პროგნოზიც ასეთია, რომ დაღმართისკენ, უფრო სწორად, სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეთ, თუმცა ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია - ყოველდღე 10-12 ათასი ადამიანი ინფიცირდება, ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ ტესტირების შედეგად გამოვავლენთ. ტესტს ყველა არ იკეთებს, კონტაქტების ძიება არ ხერხდება, ზოგჯერ ტესტი, განსაკუთრებით - სწრაფი, არ არის 100%-იანი, უსიმპტომო ფორმებს ვერ ვავლენთ... მოკლედ, ბევრი ნიუანსია, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემთხვევა გაცილებით მეტია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აგვისტოს ბოლოდან ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა შემცირდება, ამას ვაქცინაციის პროცესიც წამოეშველება. უკვე 900 000 დოზა ვაქცინაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულია 280 000-მდე ადამიანი, დანარჩენები მეორე დოზას ელოდებიან. კარგი ტენდენციაა, რომ დღის განმავლობაში ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი 23 000-ია, ხან - 25-26 ათასიც, თუმცა მეტი გვინდა.

შემოდგომამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ავცრათ, იმიტომ, რომ შემოდგომაზე, აცივების შემდეგ, რესპირაციული დაავადებები აქტიურდება. თუ ვაქცინაციით კარგად არ მოვემზადეთ, არსებობს დიდი რისკი, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ახალი ტალღა წამოგვეწიოს. თუ ოქტომბერ-ნოემბრისთვის ვაქცინირებული გვეყოლება საზოგადოების 50% მაინც, ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება, დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკი შემცირდება, დღეში 50-დან 75-მდე გარდაცვლილი აღარ გვეყოლება...

- შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებლის შემცირება სიკვდილიანობის ყოველდღიურ მაჩვენებელზეც აისახება?

- სამწუხაროდ, ჯერ არა. ეს მაჩვენებელი, ალბათ, კიდევ გაიზრდება. საქმე ის არის, რომ კლინიკებში ამდენი ადამიანი გყავს (7 000 კაცი).

კრიტიკული პაციენტის დაღუპვის საშუალო ვადა 2-3 კვირაა, ექიმები ზოგიერთის სიცოცხლისთვის ერთი თვეც იბრძვიან. დღეს რომ კლინიკაში პაციენტი შედის, მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია, შესაძლოა, ერთ კვირაში ან 10 დღეში დავინახოთ, თუმცა, მძიმე პაციენტებს ექიმები ხელოვნურად ინარჩუნებენ, მართვითი სუნთქვის აპარატებზე, მერე კი ლიმიტი იწურება. ისინი გვიან, 3-4 კვირაში იღუპებიან. სწორედ ამის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტაბილიზაციის შემდეგ რამდენიმე კვირაში იმატებს.

ყოველი 1000 აუცრელი ინფიცირებულიდან 10-15 იღუპება. ასეთია ამ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

- მკურნალობის ხარისხზე რა იტყვით? - რაც მეტი პაციენტი გროვდება, ხარისხის კონტროლი რთულდება, თუმცა "ტოცილიზუმაბი" და ასეთი ტიპის მედიკამენტები, რა თქმა უნდა, გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო არ უწევს რეკომენდაციას "რემდესივირს", ჩვენმა სახელმწიფომ მაინც გადაწყვიტა მისი გამოყენება. გვაქვს ზოგი შეძენილი, ზოგი დონაციის სახით "გილიარდის" მიერ ნაჩუქარი ეს პრეპარატი, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ მას რანდომულად, არჩევითად, ფრაგმენტულად იყენებენ. თუ ქვეყანა იყენებს "რემდესივირს", ის უნდა დაუნიშნო საავადმყოფოში მოხვედრილ ყველა ადამიანს, ვისაც დაბალი ნაკადით ჟანგბადი სჭირდება. ეს არის იმის გარანტია, რომ მდგომარეობა არ გართულდება. ასობით ავადმყოფის ოჯახი მწერს და მეკითხება, ჩვენს დასთან, ძმასთან, დედასთან, მამასთან რატომ არ იყენებენ "რემდესივირსო"? თუკი არის წამალი, მაშინ ითქვას და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, რომ ის კლინიკაში მოხვედრილ ყველა ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტს პირველივე დღეს გადაესხას. ერთი სიტყვით, ან უარი უნდა ვთქვათ ამ პრეპარატზე, ან, თუ გვაქვს, გამოვიყენოთ ისე, როგორც, მაგალითად, აშშ იყენებს.

- ძირითადად რა ხდება გარდაცვალების მიზეზი? - უფროს ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა მიზეზი გახდეს თირკმლის უკმარისობა, სეფსისის განვითარება, გულის უკმარისობა და ა.შ. ხშირად, როცა ასეთ ძლიერ ინფექციას ებრძვის ორგანიზმი, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს, ის ურთულდება და იმით იღუპება. რასაკვირველია, საშუალო ასაკის ადამიანებიც იღუპებიან და გარდაცვალების მთავარი მიზეზია ციტოკინური შტორმი.

- ციტოკინური შტორმის საწინააღმდეგო პრეპარატი ხომ გვაქვს? - ეს მედიკამენტია "ტოცილიზუმაბი", რომლის უფრო ინტენსიურად გამოყენებაა საჭირო. მას ერთეული კლინიკები იყენებენ. მე კლინიკაში არ ვმუშაობ, მაგრამ ვაქცინაციის პროცესის პროპაგანდისას ხშირად ვხვდები ადამიანებს და ვიგებ, რომ პერიფერიულ კლინიკებში კოლეგების უმრავლესობა ამ პრეპარატს არ იყენებს, რადგან არ აქვთ შესაბამისი უნარები და არ იციან, რომელ პაციენტთან უნდა გამოიყენონ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც ეს ევალება, ამ ხალხის მომზადებაზე იზრუნოს და ზუსტად აუხსნას, რომელ პაციენტთან უნდა გამოიყენონ "ტოცილიზუმაბი".

- ესე იგი წამალი გვაქვს, გართულებების მიზეზი ვიცით, მაგრამ პროცესში დროზე არ ვერთვებით? - დროზე არ ვერთვებით იმიტომ, რომ საამისო უნარები ექიმებს არ აქვთ. ამ პრეპარატს რევმატოლოგია იყენებდა, ის სხვა დარგიდან შემოიჭრა "კოვიდის" მკურნალობაში, ამიტომ მისი გამოყენება რაიონებში ექიმებმა არ იციან.

- განსაკუთრებით ორსულებს რატომ ებრძვის ეს ინფექცია, ეს დელტა შტამის თავისებურებაა?

- ინფექციის დაწყებისას ამბობდნენ, რომ ორსულები შედარებით ნაკლებად მოწყვლადი ჯგუფია, მაგრამ მერე, სხვადასხვა ვარიანტი რომ გაჩნდა, გაირკვა, რომ ასე არ არის. მსოფლიოში რაც უფრო მეტი ორსული გახდა ავად, სამწუხაროდ, რთული შემთხვევების რაოდენობის კუმულაციურმა მაჩვენებელმა მოიმატა.

დელტა ვარიანტი არ არის ასეთი მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ორსულია "კოვიდის" მიმართ მოწყვლადი, რადგან ორსულობა ფიზიოლოგიური იმუნოდეპრესიაა, ანუ ორსულს იმუნური სისტემა სუსტი აქვს და ამიტომ უჭირს ამ ინფექციასთან ბრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, გართულებების გარეშეც ბევრი ორსული უმკლავდება მას. დღესაც დამიკავშირდა ერთი ორსული გოგონა, რომელსაც ძალიან იოლად გადააქვს ეს ინფექცია. ამის მიუხედავად, მათი "ფაიზერით" აცრა მნიშვნელოვანია. ვაქცინაციის დაწყებიდან უკვე ცხრა თვეა გასული, ეს ვაქცინა შესწავლილია, ის უვნებელია, ამიტომ ყველა ორსულს ორსულობის პირველივე დღიდან შეუძლია აიცრას.

- მაგრამ ხშირად აქაც იჩენს თავს გაუგებრობა: ზოგი ექიმი ორსულებს ურჩევს, ექვს თვემდე არ აიცრან და ბევრი სწორედ მანამდე ავადდება... - არავითარ შემთხვევაში! უნივერსალური რეკომენდაციაა, პირველივე ტრიმესტრიდან ნებისმიერ დროს აიცრას ორსული! წინა თვეებში ევროპაში იყო ცოტა განსხვავებული მიდგომა, ბევრი კვლევის შედეგების შემდეგ კი დამოკიდებულება იქაც შეიცვალა.

ასეულობით და ათასობით აცრილ ორსულს ჯანმრთელი ბავშვი დაებადა. ვაქცინა ბავშვის ორგანიზმში არ გადადის, მაგრამ ანტისხეულები პლაცენტის გზით ტრანსპორტირდება და ბავშვიც დაცულია, ამიტომ ორჯერადი აცრით დედა აკეთებს ორ საქმეს - იცავს საკუთარ თავსაც და ნაყოფის ჯანმრთელობასაც.

- ინფიცირებული დედა ინფიცირებულ ბავშვს ბადებს?

- არა, ბავშვთან "კოვიდი" ტრანსპლაცენტარულად არ გადადის, არც ძუძუთი კვებით, მაგრამ ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. კორონავირუსი ჩვილს მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა და არა საშვილოსნოდან.

- ვინც დაორსულებას გეგმავს, როდის უნდა აიცრან? - თუ გეგმავენ, სასურველია, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს ჩამთავრებული. ორგანიზმს იმუნური პასუხი მეორე აცრიდან დაახლოებით 14 დღეში აქვს, ამიტომ ვაქცინაციის დაწყებიდან თვე-ნახევარში ამ გეგმის განხორციელებაზე ფიქრი შეუძლიათ.

- კოვიდგადატანილს მართლაც შეუძლია მხოლოდ ერთხელ აიცრას? - ზოგიერთმა ქვეყანამ შემოიღო ასეთი წესი, მაგრამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა (მაგალითად, აშშ, ისრაელი, ინგლისი, შუა აღმოსავლეთის ქვეყნები) თვლის, რომ აცრილად ადამიანი მხოლოდ ორი დოზის შემდეგ ითვლება, ამიტომ მოგზაურობის ისტორია რომ არ აირიოს, ჯერჯერობით ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში გაკეთდეს ვაქცინის ორი დოზა, "ჯონსონი და ჯონსონის" გარდა, რომლის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ჩვენი ქვეყანაც ამ წესს მიჰყვება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ თუ კოვიდგადატანილი ხარ, ერთი დოზითაც ისეთივე იმუნიტეტი გიყალიბდება, როგორიც ორით აცრისას. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნივერსალური რეკომენდაციაა ორი დოზით აცრა, გახლავთ ის, რომ თუ ადამიანს აქვს იმუნური სისტემის სისუსტე, მაგალითად, ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს, მას ერთი დოზის შემდეგ ანტისხეულები თითქმის არ აქვს და ინფექციის გადატანის მიუხედავად, ორი დოზა სჭირდება.

- მსოფლიო ბუსტერზე, ანუ მესამე დამატებით დოზაზეც მსჯელობს. ჩვენთანაც იგეგმება ეს?

- რაც მსოფლიოში მოხდება, ის მოხდება ჩვენთანაც, თუმცა, როგორც ჯანმო, მთავარი რეკომენდატორი, მოითხოვს, ჯერ მოსახლეობის მინიმუმ 10% უნდა ავცრათ და მხოლოდ მერე ვიზრუნოთ ბუსტერზე. როგორც ისრაელის მაგალითით დავინახეთ, ექვსი თვის შემდეგ "ფაიზერის" ეფექტიანობა შემცირდა, განსაკუთრებით - ასაკოვანთა შორის, იმავე პერიოდში "ასტრაზენეკას" ეფექტიანობა კი სტაბილურად არის შენარჩუნებული. როგორც ჩანს, "ასტრაზენეკა" უფრო სტაბილური და ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე - "ფაიზერი", რომელსაც მეტი ბუსტერი დასჭირდება. ამ ყველაფერს ჯერ სწავლობენ, აკვირდებიან და როგორიც იქნება საერთაშორისო რეკომენდაციები, ჩვენც ისე მოვიქცევით.

- 12 წლიდან მოზარდების აცრას ვგეგმავთ? - "ფაიზერის" და "მოდერნას" ასაკი 12 წლამდე შემცირდა და ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად, ინგლისმა და გერმანიამ, ამ ასაკიდან აცრაც უკვე დაიწყო, ოღონდ ჯერ მხოლოდ იმ ბავშვებს ცრიან, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება, გულის მანკი, ცერებრული დამბლა, ნევროლოგიური განვითარების შეფერხება, ასთმა... სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს არც ისინი ცრიან. სამომავლოდ ჩვენც ვიმსჯელებთ ამაზე. არ არის ცუდი გზა, ჯერ რისკჯგუფის ბავშვები აიცრან, იმიტომ, რომ ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ გვაქვს.

- "ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს, შესაძლოა, გამოჩნდეს კორონავირუსის სამკურნალო ერთი ან რამდენიმე წამალი", - ამბობს ამირან გამყრელიძე. ამ მოლოდინზე რას გვეტყვით? - "ფაიზერს" და ბევრ კომპანიას მეორე-მესამე ფაზის კვლევები დაწყებული აქვთ, თუმცა ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტები დღის განმავლობაში კომპიუტერულად ვირუსის საწინააღმდეგო მილიონამდე პრეპარატს ცდიან, იქნება თუ არა ეს მორგებული ფორმულა და გაამართლებს თუ არა მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების ალგორითმს. ჯერჯერობით ასეთი წამალი მსოფლიოში არ არის, თუმცა, იმედია, გაჩნდება. აშშ-ის მთავრობამ 4 მილიარდი დოლარი გამოყო ამ კვლევების წახალისებისთვის. ყველაფერი კეთდება, რომ პროცესი დააჩქარონ და იმედია, შედეგიც იქნება.

ანტივაქსერულმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს ამ ინფორმაციების გაზიარება - ხალხს ეუბნებიან, არ გინდათ ვაქცინა, აგერ, ახლოსაა წამალიო, მაგრამ ეს ტყუილია და უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა გადადებული დღე დაკარგულია. დღეს არის ვაქცინა და ის უნდა გავიკეთოთ! დღევანდელი კვერცხი უნდა გვერჩივნოს ხვალინდელ ქათამს.

- აღელვებულმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერეთ: "სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ქმედებებს"... მიამბობთ ამაზე? - შეიკრიბა გარკვეული წრე და თქვეს, რომ ის, რასაც ექიმები და მათ შორის კულუმბეგოვი აკეთებენ, იგივეა, რასაც იოსეფ მენგელი აკეთებდა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში, ანუ ის ექსპერიმენტებს ატარებდა ხალხზე და ამ ექიმების მოქმედებასაც ამას ვადარებთო. მოგვიანებით ეკლესიის პოზიცია გამოხატა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და თქვა, ბიძინას და ყველა ექიმს პატრიარქიც ლოცავს და მეც, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანიაო. ჩვენ ვიცით პატრიარქის პოზიცია, ვიცით სინოდის თებერვლის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ეს არის ექიმების საქმე.

ჩვენ, ექიმებმა, ვიცით მედიკამენტების მოქმედების მექანიზმი, გვერდითი მოვლენები, მათი სიკეთე. ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, ადამიანებს მივუტანოთ ინფორმაცია და ვინც ჩვენ არ გვენდობა, განვუმარტოთ, რომ აცრას მხოლოდ სიკეთე მოაქვს და არავითარი რისკი არ ახლავს. ერთეული გამოხდომები იქნება, მაგრამ ეს ეკლესიისა და, მით უმეტეს, უწმინდესის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას არ ცვლის. საპატრიარქოს სამედიცინო ნაწილისგანაც შევიტყვე, რომ მხარს გვიჭერენ და ხელს არ შეგვიშლიან. ისინი აშკარად გვენდობიან...

კოვიდდადებითი ქალი ტყუპის დედა გახდა

47 წლის კოვიდდადებითმა ქალმა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა და ტყუპის დედა გახდა... ინფორმაციას კლინიკის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს: "47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპის დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას ფერისცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთით მოევლინა. აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ბავშვი დაიბადა. აქედან შვიდი - ფიზიოლოგიურ, ხოლო სამი კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია..."