"პანდემიამდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად ტურიზმს დიდი დრო დასჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით ვარაუდობენ, რომ ეს 2024 წლამდე ვერ მოხერხდება" - კვირის პალიტრა

"პანდემიამდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად ტურიზმს დიდი დრო დასჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით ვარაუდობენ, რომ ეს 2024 წლამდე ვერ მოხერხდება"

"მსოფლიოს მასშტაბით საგარეო ტურიზმმა 2020 წელს 70%-ით იკლო, ჩვენთან - 80%-ით და მეტით. ჩვენ მეტი დარტყმა მივიღეთ, რადგან ორიენტაციას, ძირითადად, ტურიზმის განვითარებაზე ვიღებდით"

ბევრ სხვა სფეროსთან ერთად, კორონავირუსმა ეკონომიკასაც პანდემიური კონტურები შესძინა. "ეპიდსიტუაციაზე ვართ მიბმული. მისი მძევალია ეკონომიკა და ტურისტული სექტორი", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. სწორედ ტურიზმი იქნება ჩვენი საუბრის დღევანდელი თემა.

- ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია, მისი წილი ეკონომიკაში იზრდება ჩვენთანაც და მსოფლიოშიც. ბოლო 70 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 3,1-ჯერ გაიზარდა, გლობალური მასშტაბით ტურისტების რაოდენობამ კი 56-ჯერ მოიმატა. ამასთან, ტურიზმი აერთიანებს მგზავრობას, სასტუმროებსა და ჰოსტელებში დაბინავებას, ექსკურსიებს, კვებას, სასმელისა და სამზარეულოს დაჭაშნიკებას, ატრაქციონებს. ზოგან სამოგზაურო ვაჭრობაც იმართება. სახეობების მიხედვითაც ტურიზმი მრავალგვარია: ეკონომიკური, რელიგიური, ისტორიული, სამედიცინო, სათავგადასავლო, ექსტრემალური და სხვ.

მოდი, შევხედოთ ტურიზმს სამი მიმართულებით: 1. შიდა ტურიზმი, როცა ჩვენი მოქალაქეები ქვეყანაში მოგზაურობენ; 2. უცხოელების ჩამოსვლა საქართველოში; 3. ჩვენი მოქალაქეების გასვლა უცხოეთში. ამაზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ვალუტის გადინება და საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობა, მით უმეტეს, ბოლო წლებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად.

ტურიზმი, როგორც ეკონომიკის კომპონენტი, სწრაფად ახერხებს ფორმირება- განვითარებას, მაგრამ არახელსაყრელი პირობების მიმართაც მგრძნობიარეა. მაგალითად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი ქვეყნის მშპ-ის 14,6% იყო, 2020 წელს კი 4,3%-მდე შემცირდა. შიდა ტურიზმმაც დაიკლო, თუმცა მაჩვენებელი ძირითადად მაინც გარე ტურიზმის ხარჯზე შეიცვალა და ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. მსოფლიოს მასშტაბით საგარეო ტურიზმმა 2020 წელს დაახლოებით 70%-ით იკლო, ჩვენთან - 80%-ით და მეტით. ჩვენ მეტი დარტყმა მივიღეთ, რადგან ბოლო წლებში ორიენტაციას, ძირითადად, ტურიზმის განვითარებაზე ვიღებდით. უფრო მეტად დაზარალდნენ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმის წილი შედარებით მაღალი იყო. ჩვენთან ეს მაჩვენებელი თითქმის 15%-ს აღწევდა.

შიდა ტურიზმს ჩვენი მოსახლეობა პანდემიამდე აქტიურად მისდევდა. თვეში საშუალოდ 1 100 000-ზე მეტი ადამიანი მოგზაურობდა ქვეყანაში, თუმცა, ცხადია, ყველას ტურისტს ვერ დავარქმევთ. მათ შორის არიან ვიზიტორებიც, რომლებიც ერთ დღეში ბრუნდებიან შინ. ერთი ტურისტის ქვეყანაში მიმოსვლა, ბოლო მონაცემებით, 149 ლარი ჯდებოდა. აქ იგულისხმება მგზავრობა, ღამისთევა, კვება, სუვენირების შეძენა და სხვა ხარჯი. ვიზიტების 38% ღამისთევით იყო, დანარჩენი 62% კი, საქართველოს ტერიტორიის სიმცირის გამო, ორ დღეში მთავრდებოდა და ადამიანები შინ ბრუნდებოდნენ.

- ყველაზე პოპულარული მარშრუტები რომელია? - თბილისი ტურისტების რაოდენობით ლიდერობას არავის უთმობს. და თუ დედაქალაქზე შიდა ტურიზმის 20% მოდის, უცხოელი ტურისტების ნაკადში თბილისის წილი თითქმის გაორმაგებულია. მათი წილი ადგილობრივი ტურისტებისას მნიშვნელოვნად აღემატება ასევე აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში.

- უცხოელი ტურისტების ნაკადი ძალიან შემცირდა... - დიახ, 2020 წელს ის მკვეთრად შემცირდა. ტურიზმისთვის ყველაზე საინტერესო და ხელსაყრელი დროა მესამე კვარტალი, ანუ ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, როცა ხალხი შვებულებაში გადის, ისვენებს. 2020 წლის ამ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,

უცხოელი ტურისტების რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა. ეს ეკონომიკაზეც აისახა, რადგან თუ საქართველოს მოქალაქე დღეში ხარჯავს 149 ლარს, უცხოელი ტურისტის დღიური ხარჯი 1100 ლარია, ანუ დაახლოებით 390 დოლარი.

შემცირდა ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. ნაწილი შესაძლოა ფორმალურად დასაქმებული დარჩა, მაგრამ შეუმცირდა დატვირთვა და, შესაბამისად, ანაზღაურებაც. რადგან ტურისტული სექტორი კერძო სექტორის სამფლობელოა, ეს შემცირება დამქირავებლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ზოგს ხელფასის 50% შეუნარჩუნდა, ზოგს - ნაკლები.

ჩვენი მოქალაქეები გადიან უცხოეთშიც, მაგრამ რადგან პანდემიის გამო საქართველოდან გასვლის მასშტაბიც შეიზღუდა, ჩვენმა მოსახლეობამ დაზოგა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი. ეს თითქოს შეღავათია, მაგრამ, სამაგიეროდ, საქართველოში შემოვიდა ნავარაუდევზე 3,1 მილიარდით ნაკლები. სხვაობა 2,7 მილიარდი გახლავთ ზარალი ტურისტული შეზღუდვის გამო.

- შიდა ტურიზმი გამოცოცხლებულია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც არ არის... - როგორც აღინიშნა, უცხოელი ტურისტები საქართველოში აქაურ ვიზიტორთან შედარებით 7,2-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ, ანუ ერთ უცხოელ ტურისტს შეუძლია 7-ზე მეტი ადგილობრივი ვიზიტორი ჩაანაცვლოს. მართალია, წლეულს პირველ კვარტალში შიდა ტურიზმი შარშანდელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, მაგრამ ამან უცხოელი ტურისტების დანაკლისის კომპენსირება, ცხადია, ვერ შეძლო. პირველი კვარტლის მიხედვით აღმავალი მაჩვენებელი გვაქვს 2020 და 2021 წლებში და ეს ტენდენცია შენარჩუნდებოდა, რომ არა "კოვიდის" ასეთი შემოტევა. პანდემიამდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად ტურიზმს დიდი დრო დასჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით ვარაუდობენ, რომ ეს 2024 წლამდე ვერ მოხერხდება. ჩვენ შეგვიძლია შედარებით ადრე - 2022-23 წლებისთვის შევძლოთ მდგომარეობის აღდგენა, თუმცა აქ ხელის შემშლელი ფაქტორებიც ჩნდება. ეს უკავშირდება სასაზღვრო კონტროლს, რომელიც, როგორც თვალს ვადევნებ, ძლიერდება. მიმოსვლისთვის საჭირო ხდება კოვიდპასპორტები ან ბოლო 72 სთ-ში გაკეთებული კოვიდტესტის პასუხი. უფროსი ასაკის მოსახლეობას მოგზაურობასთან დაკავშირებით ერთგვარი სინდრომი გაუჩნდა და მათი აქტიურობა უახლოეს წლებში შედარებით ნაკლები იქნება. ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტებს პეიზაჟი, დასვენება, შთაბეჭდილებები აინტერესებდათ. ახლა ამას ემატება ქვეყნის კოვიდსიტუაციით დაინტერესება და სანიტარულ-სამედიცინო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. ტურისტს აინტერესებს, ქვეყანა, სადაც მიდის, მწვანე ზონაშია თუ წითელში.

- სამწუხაროდ, ჩვენ წითელ ზონაში ვართ... - დიახ, ჩვენ წითელ ზონაში ვართ. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ჩვენ უცხოური ტურიზმით მიღებული შემოსავლების მიხედვით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. მაგალითად, მეზობელ თურქეთში ერთი ტურისტის მიერ დღეში დახარჯული თანხა 700 დოლარს აღემატება, აშშ-ში 1800-ზე მეტ დოლარს ხარჯავენ, გერმანიაში 1300-ს, სიიაფით ცნობილ კვიპროსში - 1000 დოლარამდე. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ტურისტებისთვის მომსახურების ახალი სახეობების შეთავაზება, ანუ ტურისტული ინდუსტრიის მომსახურების სექტორის განვითარება. ის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უცხოელი ტურისტი დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებ ღამეს ათევს, ვიდრე ევროპაში, მაგალითად, პარიზში. ამიტომ ტურისტების საქართველოში ყოფნა უნდა წავახალისოთ. ამით მეტი სარგებლის მიღებას შევძლებთ.

- რომელი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ვართ განსაკუთრებით საინტერესო, პირველი ხუთეული როგორია? - ძირითადად, ჩვენი მეზობლები ინტერესდებიან. წლეულს პირველ კვარტალში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა ასეთია (აქ იგულისხმებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართველებიც): 32% - თურქეთი, 19% - ქართველები, 10% - სომხეთი, 9% - რუსეთი, 6% - აზერბაიჯანი, 4,8% - უკრაინა.

- არამეზობლებიდან ვინ არის უფრო ხშირად ჩვენი სტუმარი? - 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 30 000-მდე უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა (2019 წლის პირველ კვარტალში მათი რაოდენობა 350 000-მდე იყო). არამეზობლების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, დაახლოებით 20%-მდე და ისინი ამინდს ვერ ქმნიან. ე.ი. ჩვენ ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ. დსთ-ის მიღმა ქვეყნების წილი ტურისტულ ინდუსტრიაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, საგარეო ვაჭრობაში, ექსპორტში. ამ მიმართულებით მეტი შრომა გვმართებს.

- ტურისტულ სექტორში 2021 წელსაც პირველ და მეორე კვარტალებს შორის მკვეთრი განსხვავება იქნება. - დიახ, რადგან ეპიდსიტუაციაზე ვართ მიბმული. მისი მძევალია ეკონომიკაც და ტურისტული სექტორიც. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. პანდემია გადაივლის და უნდა ვეცადოთ მუშაობას ორი მიმართულებით: ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება და სხვადასხვა სახეობის მომსახურების შეთავაზება ტურისტებისთვის, რათა მათი საქართველოში ყოფნა იყოს სასიამოვნო, უსაფრთხო, შთაბეჭდილებებით აღსავსე. ამის რესურსი გვაქვს, როგორც ისტორიული ძეგლების, ასევე ბუნებრივ-კლიმატური პირობების თუ შესაბამისი კადრების მხრივ. საქართველოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა, დაიწყო ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის აგება - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ტურისტების უსაფრთხო მიმოსვლას წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც აქამდე საქართველოს სამხედრო გზაზე შეზღუდული იყო. ამიტომ ვფიქრობ, უახლოეს წლებში ტურისტული ინდუსტრია არა მარტო დაიბრუნებს ადრინდელ ადგილს ქვეყნის ეკონომიკაში, არამედ მეტ წვლილსაც შეიტანს მის განვითარებასა და საერთაშორისო სახელის მოპოვებაში.