"ხანმოკლე ქორწინების ტვირთმა ჩემს მხრებზე გადაიარა... ასე დავრჩი ჩვილით ხელში მარტო, მაგრამ გონს მალე მოვეგე..." - კვირის პალიტრა

"ხანმოკლე ქორწინების ტვირთმა ჩემს მხრებზე გადაიარა... ასე დავრჩი ჩვილით ხელში მარტო, მაგრამ გონს მალე მოვეგე..."

"ხანმოკლე ქორწინების ტვირთმა ჩემს მხრებზე გადაიარა... ასე დავრჩი ჩვილით ხელში ქუჩაში, მაგრამ გონს მალე მოვეგე..."

აბაშელი ირინა კოკაია, ალბათ, ოდესღაც ჩვენში პოპულარული ტელესერიალის, "უბრალოდ, მარიას", გმირს ჰგავს (ვიცი, ბევრს გახსოვთ), ღარიბ გოგონას, რომელმაც მარტოდმარტომ, ჩვილით ხელში, კერვით აიშენა მომავალი. გოგონა სოფელ ზანათის ხელმოკლე ოჯახიდან დღეს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი დიზაინერია საქართველოში. მისი შეკერილი სამოსიდან გაუყიდავი არაფერი რჩება. სხვათა შორის, ოჯახიც საინტერესო აქვს. ირინას გერმანელი დედა ევგენია ფაინენგერი 35 წლის წინ უყოყმანოდ გამოჰყვა ცოლად საბჭოთა ჯარისკაცს, რაულ კოკაიას. ჯარისკაცმა - მე საქართველოდან და ქართველი ვარ, შენიანებს ასე შეატყობინეო. ევგენიამაც დედას ჰამბურგში, მაგიდაზე წერილი დაუტოვა, ქართველზე ვთხოვდები და არ ინერვიულოო. დედა დიდხანს გონზე ვერ მოვიდა, ქართველი და საქართველო სად ეძებნა. როდესაც გერმანელი სიდედრი ზანათში ჩამოვიდა, არცთუ მდიდარი შვილის ოჯახის ნახვისას უფრო მეტად ინერვიულა, თუმცა სიძისა და ქალიშვილის სიყვარულმა და საქართველოს სილამაზემ ოდნავ დაამშვიდა. შემდეგ ამ ქართულ-გერმანულ ოჯახში სამი ბავშვი დაიბადა და ცხოვრებაც გართულდა. 90-იან წლებში, როდესაც ათასობით ადამიანი სწორედ გერმანიაში გაემგზავრა სამუშაოდ, ზანათელების გერმანელ რძალს სამშობლოში დაბრუნება აზრად არ მოსვლია. აი, ასე, შრომითა და სიღარიბესთან ბრძოლით გაიზარდნენ ბავშვები, რომელთაგან ირინა ყველაზე უფროსი იყო და ყველაზე მეტი იბრძოლა.

- სწორედ სიღარიბის გამო არ მიყვარს 90-იანი წლები. მამაჩემმა, რომელიც ეკლესიებს აშენებდა, სამუშაო დაკარგა და შინ საქმიანობდა, მაგრამ მისი და დედაჩემის თავდაუზოგავი შრომით მაინც არაფერი გამოდიოდა. მე კი იმ ბნელ წლებს ერთი რამ მაინც მიფერადებდა - გაუთავებლად ვკერავდი, ძონძებისგან ვჭრიდი, ვაკერებდი და გავიძახოდი, მოდელიერი უნდა გამოვიდე-მეთქი - მაშინ ხომ დიზაინერებს ასე ერქვათ. ზოგიერთები დედაჩემს ეკითხებოდნენ, ევგენია, ქართველები გამდიდრდნენ შენს გერმანიაში და შენ რატომ არ მიდიხარ შვილებიანადო? დედა კი პასუხობდა, ჩემი ქმარ-შვილი ჩემთვის ყველაფერია და ახლა მათი სამშობლოა ჩემიო. ეს მართლაც ასე იყო - დედაჩემმა ოჯახის ერთგულებით გერმანიის მოქალაქეობის მიღებაზეც კი უარი თქვა, მე რატომ უნდა ვიყო თქვენგან განსხვავებულიო. გერმანიიდანაც ვერავინ გვეხმარებოდა, ამანათების მიღებაც კი შეუძლებელი იყო. ორიათასიანი წლების დასაწყისში გამონათდა და ბებიამ ამანათების გამოგზავნა შეძლო. ერთ-ერთში ჩემი საკერავი მანქანაც აღმოჩნდა. ეს მანქანა ჩემთვის სასწაული იყო, თუმცა კერვისთვის რაღაც პერიოდი მაინც მომიწია თავის დანებებამ, პირველად - სწავლის გაგრძელებისას, მეორედ - გათხოვებისას, თუმცა 20 წლის ასაკში გათხოვება წარუმატებელი აღმოჩნდა, 2 წელიწადში დავშორდი ქმარს, რაც დიდი სტრესი იყო... ამ თემაზე საუბარი არ მსურს.

ვიტყვი, რომ ხანმოკლე ქორწინების ტვირთმა ჩემს მხრებზე გადაიარა, რისი შემხედვარე მშობლები და დედამთილიც კი დამეთანხმნენ, რომ განქორწინება აუცილებელი იყო. ასე დავრჩი ჩვილით ხელში ქუჩაში, მაგრამ გონს მალე მოვეგე - ფოთში, სადაც გათხოვილი ვიყავი, პატარა ოთახი დავიქირავე, ქირის მოგვიანებით გადახდის პირობით, მერე 150 ლარი ვისესხე, ბავშვი ყოფილ დედამთილს დავუტოვე, თავად კი ლილოში წამოვედი, ბაზრობაზე თმის სამაგრების აქსესუარები შევიძინე, ფოთში დავბრუნდი და სამაგრების კეთებაში მთელი ღამე გავათენე. დილით ამ სამაგრებით ხელში ქალაქის ყველა ბანკი შემოვიარე - იქ დასაქმებული გოგონები სილამაზის დამფასებლებად მეგულებოდა. მათაც ყველა სამაგრი იმ დღესვე შეიძინეს და რამდენიმეც შემიკვეთეს. სულ მალე ჩემი ნახელავით ნახევარი ფოთი დადიოდა და ყველა "თმის სამაგრის გოგოს" მეძახდა... მალე ქვედაკაბების კერვაც დავიწყე, რომელიც ასევე მალე გაიყიდა. ორიგინალური მოდელი მოვიფიქრე - მარტივად შეკერილ სწორ ქვედაბოლოს უკან, მთელ სიგრძეზე, მკვეთრი ოქროსფერი და ვერცხლისფერი ელვა დავაყოლე, რომელიც სურვილისა და ზომის მიხედვით იხსნებოდა. სწორედ ამ დეტალებმა მიიპყრო ყურადღება და ქალაქიც ამ ქვედაბოლოებში გამოეწყო. ასე დავაგროვე პირველი თანხა და დედ-მამასაც ვეხმარებოდი, მერე კი ამ თანხით ავედი ფოთი-თბილისის მატარებელში და დედაქალაქში წამოვედი. მე ხომ მეტი შემეძლო! ცოტა ხანში სოფლიდან ჩემი პატარა გოგონა და ბიძაშვილი წამოვიყვანე და უკვე ლილოში დაქირავებულ ბინაში შევუდექი კერვას... ქსოვილის შესაძენი ფული არ მქონდა, ამიტომ მთელი ლილო დავიარე და მოვაჭრეებს შევთავაზე, ქსოვილი თქვენ იყიდეთ, კაბას მე შევკერავ, ქვედაბოლოებს 7 ლარად, გამოსასვლელს კი 15 ლარად მოგიტანთ-მეთქი. ერთი დამთანხმდა და კაბისთვის ქსოვილიც შეიძინა. დილის 7 საათზე კაბა უკვე დახლზე ჰქონდა და მაშინვე გაყიდა კიდეც. გახარებულმა დამირეკა, კიდევ შეკერე კაბები, ვითანამშრომლოთო.

ფრთები შემესხა! მართალია, დიდი შრომა მიწევდა, განსაკუთრებით - სადღესასწაულო კაბების კერვისას, რომელთაც გათენებამდე ვაწყობდი და მხოლოდ 15 ლარს ვიღებდი, მაგრამ მაკმაყოფილებდა მანამდე, სანამ მოვაჭრემ ფულის ყოველდღიური მოცემა არ შემიწყვიტა - არ გირჩევნია, ერთად მოგცეო? მაგრამ როცა 100 კაბა ჩავაბარე, რომელთა ღირებულება 700 ლარი იყო, მან კი კარგა ხანს ფული არ გადამიხადა, გადავწყვიტე, მაღაზია თავად დამექირავებინა. მეგობრის დახმარებით და ვალით მანეკენები და სალაროც შევიძინე. პირველ დღეს მაღაზიაში მხოლოდ 20 კაბა გამოვიტანე. როცა ოცივე ერთ დღეში გაიყიდა, მივხვდი, აღარაფერზე უნდა მენერვიულა... საქმე ისე წამივიდა, რომ დედაქალაქში მიწის ნაკვეთის შესაძენად ფული დავაგროვე, სადაც მამაჩემმა სახლი ამიშენა, ულამაზესი სახლი.

- როგორც ჩანს, გემოვნებით მამას ჰგავხართ, შრომისმოყვარეობით კი - დედას. - დედაჩემი ახლაც თავდაუზოგავად შრომობს, სულგუნებს აკეთებს, მერე კი აბაშის ბაზარში ყიდის. როდესაც დედა ბაზარში შედის, ხალხი ხუმრობით მიაძახებს ხოლმე, მოვიდა გერმანული სულგუნი, აწი დავიშალოთ, აქ ჩვენ ვეღარაფერს გავყიდითო. დროს ისე უფრთხილდება, ღამეებს ვათენებ შრომაში და ერთ დილის ძილსაც არ მპატიობს. სიცილით მეტყვის ხოლმე, მგონი, ცოტა მეტი ძილი მოგივიდაო. მამისგან კი მართლაც გამომყვა მხატვრული ნიჭი. მამიდაჩემიც მხატვარია და როგორც ჩანს, მათი ალღო მაქვს - ქსოვილს რომ დავინახავ, მაშინვე ვხვდები, რა უნდა შევკერო და რით გავაფორმო. ჩემი და-ძმაც ჩემთან მყავს. მიხარია, რომ დასაქმებული არიან. და კერვაში მეხმარება. დღეში რამდენიმე ათეულ კაბას ვყიდი საქართველოს სხვა ქალაქებშიც და შეკვეთაც უამრავი მაქვს.

- დედას არ უნდოდა სამშობლოში წასვლა, მაგრამ და-ძმამ რატომ არ მოინდომეთ? - ბებიამ დედას უთხრა, მე რომ შენი შვილები წავიყვანო, შენც ისევე დაიტანჯები უამათობით, როგორც მე ვიტანჯები უშენოდო. თანაც სამშობლოში უფრო ბედნიერები იქნებიან, ვიდრე უცხო მიწაზეო. ბებიაჩემი მართალი იყო. ჩვენ ნამდვილად ზღაპრული სამშობლო გვაქვს და სამშობლოში ყოფნაც ფუფუნებაა. აქაც ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ჩემი გერმანელი ნათესავები საქართველოზე გიჟდებიან, კახეთი კი ყველაზე მეტად მოსწონთ.A ამბობენ, აქ უსათუოდ უნდა ვიყიდოთ მიწა და ვენახიც გავაშენოთო. ჩემმა დეიდაშვილმა ქორწილიც კი საქართველოში გადაიხადა. ის ჩემს შეკერილ კაბებზე გიჟდება! გერმანიიდან ცარიელი ჩემოდნით ჩამოდის და უკან ჩემი კაბებით სავსე ჩემოდნით ბრუნდება.

- ძალიან ლამაზი და პრაქტიკულია თქვენი კაბები და ეს არც მიკვირს. - ვერ ვიტან არაპრაქტიკულ სამოსს. არავის სჭირდება კაბა, რომელიც ლამაზია, მაგრამ არაკომფორტული, ასუქებს ან მხრებს აფართოებს, ამიტომ ქსოვილს შევხედავ თუ არა, მაშინვე ვგრძნობ, როგორი ქალბატონი იქნება მასში ლამაზი. ქსოვილებისთვის თურქეთსა და დუბაიშიც წავსულვარ. ახლა, პანდემიის გამო, ვეღარსად მივდივარ, მაგრამ მაინც წარმატებით ვმუშაობ. მქონია შემთხვევა, რომ სამოსი, რომლის ხელით მორთვაზე 2-3 დღე ვიმუშავე, მანეკენამდე მიტანამდე გაყიდულა. სილამაზის შექმნის სურვილი ისე მაქვს გამჯდარი, რომ გზაში დანახული კაბის ლამაზი დეტალიც კი "მწიწკნის" მანამდე, ვიდრე შინ მისული ახალ კაბას არ მოვარგებ.

- ცნობილ ქართველ დიზაინერებთან თუ გაქვთ ურთიერთობა? - სამწუხაროდ, არც ერთს არ ვიცნობ. მინდა, რომ დიდი მაღაზია ავაშენო, სადაც შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანები იმუშავებენ. ასეთების მოძებნა ჭირს, მაგრამ არც ისე, რომ ვერ ვიპოვო.