სოლიდარობა "პალიტრა მედიას"! - კვირის პალიტრა

სოლიდარობა "პალიტრა მედიას"!

ტელეკომპანია "კავკასია"

ტელეკომპანია "კავკასია" იმედოვნებს, რომ შემოსავლების სამსახურის მოულოდნელი შემოწმების მიზანი ჰოლდინგის მუშაობის პარალიზება არ არის. “თუმცა, ქართული რეალობა და ბოლო წლების გამოცდილება ამ იმედის საფუძველს არ გვიტოვებს. ჩვენს მოვალეობად ვთვლით, მაყურებელს მუდმივად მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია "მედიაპალიტრის" შემოწმების პროცესში საგადასახადო სამსახურების ყოველი ქმედების შესახებ, ტელეკომპანია  "კავკასიის" თითოეული თანამშრომელი კი პირად მოვალეობად მიიჩნევს, გამოხატოს სოლიდარობა კოლეგების მიმართ. ტელეკომპანია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას კანონი და მედიაჰოლდინგის მუშაობა არ შეაფერხოს. იმედი გვაქვს, ყველა ერთად შევძლებთ, დავიცვათ სიტყვის თავისუფლების ის კუნძულები მაინც, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩა.

KvirisPalitra.Geტელეკომპანია "მაესტრო"

ტელეკომპანია  "მაესტრო" მიიჩნევს, რომ "მედიაპალიტრა" ის ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებლობით, ობიექტურად და მაღალპროფესიულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. "პალიტრამედიაში" დაწყებული ფინანსური შემოწმება არ უნდა გახდეს დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე რაიმე სახით ზეწოლის მიზეზი. "მაესტრო" განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს "პალიტრასთან" დაკავშირებულ მოვლენებს და ოპერატიულად მიაწვდის საზოგადოებას თითოეულ სიახლეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ შემოსავლების სამსახურის შემოწმება ჩატარდება სამართლიანად და არ შეუშლის ხელს მედიასახლ "პალიტრის" მუშაობას.

KvirisPalitra.Geტელეკომპანია "თრიალეთი"

ტელეკომპანია "თრიალეთს" მიაჩნია, რომ ხელისუფლება მედიასივრცის ძირითად სეგმენტს აკონტროლებს და სამწუხაროა, როდესაც თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლა ასეთი მეთოდებით მიმდინარეობს. ჩვენთვის ნაცნობია მსგავსი სიტუაცია, როდესაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები არაგეგმურ შემოწმებას ახორციელებდნენ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფისში, რაც წინა დღით ,,თრიალეთის" ეთერში გასულ იმ სიუჟეტებს ემთხვეოდა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა ან რეგიონში არსებულ მდგომარეობას ობიექტურად აშუქებდა. იმედს ვიტოვებთ, რომ შეწყდება მსგავსი დამოკიდებულება ყველა იმ მედიასაშუალების მიმართ, რომელიც პროფესიულ მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდება და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას აწვდის.

KvirisPalitra.Geრადიო "უცნობი"

რადიო "უცნობი" გმობს შანტაჟისა და ზეწოლის ნებისმიერ ფორმას და იმედოვნებს, რომ “ე.წ. გეგმური შემოწმება არ გახდება მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი საშუალება.”ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და თანადგომას ვუცხადებთ მედიასახლ  "პალიტრას". ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, რომ ე.წ. გეგმური შემოწმების მსხვერპლი არაერთი მედიასაშუალება გამხდარა. ამიტომ, მოვუწოდებთ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას მეტი ყურადღებისა და თანადგომისაკენ.

KvirisPalitra.Geრადიო "საქართველოს ხმა"

რადიო "საქართველოს ხმა" მიიჩნევს, რომ მედიასახლი "პალიტრა" საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გარანტიაა. ამიტომაც გვწამს, რომ ფინანსური შემოწმება დროულად დასრულდება და ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისთვის სათანადო პირობები ექნებათ. ამით საზოგადოება დარწმუნდება, რომ მასმედიაზე ზეწოლის განზრახვაც კი არ ჰქონია შემოსავლების სამსახურს, როცა არაგეგმური შემოწმების მიზნით შევიდა "პალიტრის" კომპანიებში. ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მუშაობს მედიაჰოლდინგში, წარმატებებს და პრობლემების დროულად მოგვარებას ვუსურვებთ.

KvirisPalitra.Geრადიო "ჰერეთი"

რადიო "ჰერეთი" მიიჩნევს, რომ "მედიაპალიტრას" მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ მედიასივრცეში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მართლაც ობიექტური გეგმური შემოწმებაა და არა - მედიის დასჯის სპეცოპერაცია.

KvirisPalitra.Geმედიაკავშირი "ობიექტივი"

მედიაკავშირი "ობიექტივი" ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი აიღოს "მედიაპალიტრის" დატერორების მცდელობაზე. მივიჩნევთ, რომ მედიის თავისუფლება ქართული დემოკრატიის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. საგადასახადო შემოწმება სახელმწიფო სამსახურების მიერ ჩვეულებრივი პროცედურაა, თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჰოლდინგის რამდენიმე საწარმოში ერთდროულად დაწყებული შემოწმება პასუხია 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების გაშუქებაზე. შემოწმების მასშტაბის და მოულოდნელი ხასიათის გამო საზოგადოებამ ეს ფაქტი აღიქვა, როგორც მცდელობა, დააშანტაჟონ არასასურველი მედიასაშუალება. მედიაკავშირი "ობიექტივი" კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს მოწოდებით - დაიცვან საქართველოში თავისუფალი სიტყვა!

KvirisPalitra.Ge"მედიაკლუბი" შეშფოთებულია

"მედიაპალიტრის" გარშემო მიმდინარე მოვლენებით "მედიაკლუბი" შეშფოთებულია. "ვფიქრობთ, შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" არაგეგმური შემოწმება ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხელისუფლებამ ყველა მეთოდით შეუშალოს ხელი და ტერორის ქვეშ ამყოფოს ის მედიასაშუალებები, რომლებიც მისი პროპაგანდისტული მანქანის შემადგენელი ნაწილი არ არის.

KvirisPalitra.Geგაზეთი "ასავალ-დასავალი"

მედიაკორპორაცია "ასავალ-დასავალი" სოლიდარობას უცხადებს "მედიაპალიტრას" და აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია! "მედიაპალიტრის" ექვს შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად შესვლა სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური მოტივით და მიზნად ისახავდეს საქართველოში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ კიდევ ერთი და გადამწყვეტი იერიშის განხორციელებას. მედიაკორპორაცია "ასავალ-დასავალი" მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ იმოქმედოს პოლიტიკური მოტივით. ასევე, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალი პრესის წარმომადგენლებს, ვიყოთ სოლიდარულნი, რათა აღვკვეთოთ ხელისუფლების შესაძლო განზრახვა - დაატეროროს და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალებები.

KvirisPalitra.Ge"ალია ჰოლდინგი"

"ალია ჰოლდინგი" "მედიაპალიტრას" სოლიდარობას უცხადებს და მედიასაშუალებების პროტესტს უერთდება. გაზეთ "ალიას" 8 ივნისის ნომერში არა მხოლოდ პოზიცია დაფიქსირდა, არამედ გამოქვეყნდა ამონარიდები იმ მედიასაშუალებების განცხადებებიდან, რომელთაც "მედიაპალიტრას" მხარდაჭერა გამოუცხადეს".

KvirisPalitra.Geგაზეთი "ახალი თაობა"

გაზეთი "ახალი თაობა" ბოლო დღეებში "მედიაპალიტრაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. დემოკრატია და თავისუფალი აზრი ის მონაპოვარია, რომელზეც დღევანდელი საზოგადოება დგას. მისი დაკარგვის შემთხვევაში მივიღებთ რთულ და, შესაძლოა, უმართავ პროცესებს. ამის შედეგად კი თანაბრად დაზარალდება როგორც ხელისუფლება, ისე - საზოგადოება. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება თავისუფალი მედიისა და თავისუფალი აზრის მიმართ.

KvirisPalitra.Geგაზეთი "ვერსია"

გაზეთი "ვერსია" "მედიაპალიტრას" მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც ფინანსური შემოწმება ხშირად სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული ფორმაა, საზოგადოებას დიდი საფუძველი აქვს, გარკვეული ეჭვი გამოთქვას 7 ივნისს "მედიაპალიტრაში" განხორციელებული ქმედებების გამო. აღსანიშნავია, რომ "ვერსია" "მედიაპალიტრის" სტამბაში იბეჭდება და შემოსავლების სამსახურის ქმედებების გამო დაზარალდა, კერძოდ, მკითხველმა "ვერსიის" 8 ივნისის ნომერი დაგვიანებით მიიღო.

KvirisPalitra.Geგაზეთი "რეზონანსი"

"მედიაპალიტრას" სოლიდარობა გაზეთმა "რეზონანსმაც" გამოუცხადა, რომელიც დეტალურად აშუქებდა "მედიაპალიტრის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს. "არის მცდელობა, გადაუხადონ სამაგიერო მედიას, რომელიც ისე მუშაობს, რომ არავის დაკვეთებს არ ასრულებს. ის, რაც დღეს "მედიაპალიტრის" საწარმოებში ხდება, დაუშვებელი და აღმაშფოთებელია და ხელოვნურად შეფუთულია კანონიდან ამოღებული სიტყვებით", - განაცხადა "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.

KvirisPalitra.Geმედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი"

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსს" იმედი აქვს, რომ "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად შესვლას და საგადასახადო ხასიათის შემოწმებას ხელისუფლება შემდგომში თავისუფალ მედიაჰოლდინგზე ზეწოლისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი შეტევის განხორციელების საბაბად არ გამოიყენებს.“მივმართავთ ქართული მედიის წარმომადგენლებს, ვიყოთ სოლიდარული, რათა ხელი შევუშალოთ ხელისუფლების განზრახვას, უხეშად ჩაერიოს კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის საქმიანობაში.

KvirisPalitra.Geაზეთი P.S.და ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი

გაზეთი P.S. (პოსტსკრიპტუმი) და ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი მედიასახლ "პალიტრას" სოლიდარობას უცხადებენ. გვინდა გვჯეროდეს, რომ "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის შესვლა მხოლოდ რიგითი კანონიერი შემოწმებაა და საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობას. იმედი გვაქვს, ხელისუფლება არ გადადგამს მცდარ ნაბიჯს და იმავე შეცდომას არ დაუშვებს, რაც მოხდა ტელეკომპანია "იმედის" შემთხვევაში. ამგვარი ნაბიჯი კიდევ უფრო ცუდ ზეგავლენას მოახდენს ქართული დემოკრატიისა და თავისუფალი მასმედიის განვითარებაზე.

KvirisPalitra.Geგაზეთი "ქართული სიტყვა"

გაზეთ "ქართულ სიტყვას" მიაჩნია, რომ კანონიერი ფინანსური შემოწმება და კონტროლი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი რგოლია, მაგრამ მსგავსი ფორმით ფინანსური შემოწმების დაწყება, ერთგვარად, სადამსჯელო ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. "ქართული სიტყვის" სარედაქციო კოლეგია და მედიაჯგუფი იმედოვნებს, რომ "ფინანსური შემოწმებები" პერმანენტულ სახეს არ მიიღებს. მივმართავთ ხელისუფლებას და მაკონტროლებელ ორგანოებს, რომ ფინანსური შემოწმების საბაბით ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და საჯარო გახადონ ფინანსური შემოწმების შედეგები.

KvirisPalitra.Geგაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" შეშფოთებას გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" არაგეგმური შემოწმების გამო, რაც დაიწყო მას შემდეგ, რაც ამ მედიაორგანიზაციამ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ეს ბადებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს თავისუფალი მედიასაშუალების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობასთან. გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" კატეგორიულად გმობს ხელისუფლების ქმედებას "მედიაპალიტრის" მიმართ და მომხდარს აფასებს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დემონსტრაციულ აქტს.

KvirisPalitra.Geგაზეთი "გურიის მოამბე"

გაზეთი "გურიის მოამბე" აცხადებს, რომ "მედიაპალიტრა", როგორც მდგრადი და განვითარებული მედიაბიზნესი მრავალი პლატფორმით, რეგიონული მედიასაშუალებებისათვის სამაგალითო და მისაბაძია. "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის მიერ 7 ივნისს დაწყებულმა საგადასახადო შემოწმებებმა როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებში უამრავი კითხვა გააჩინა. "გურიის მოამბე" იზიარებს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს მიზანმიმართული მცდელობა მედიასაშუალებაზე ზეწოლის მოსახდენად.

KvirisPalitra.Geგაზეთი "გურია ნიუსი"

გაზეთი "გურია ნიუსი" პროტესტს გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" არაგეგმური შემოწმების გამო. “ჩვენი აზრით, 26 მაისის მოვლენების შემდეგ ასეთი ქმედება მიზნად ისახავს მართალი სიტყვის ჩახშობას - საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური გაშუქება დიდ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს, მის მიერ არაკონტროლირებად მედიასაშუალებებს სხვადასხვა მეთოდით შეუშალოს ხელი პროფესიულ საქმიანობაში. "გურია ნიუსი" მოუწოდებს კოლეგებს, სოლიდარობა გამოიჩინონ პროფესიული ღირსების დასაცავად.

KvirisPalitra.Geგაზეთი "კახეთის ხმა"

გაზეთი "კახეთის ხმა" სოლიდარობას უცხადებს საგამომცემლო სახლ "მედიაპალიტრას" და გმობს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ჟურნალისტური ორგანიზაციების მიმართ. “ჩვენთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებს შემოსავლების სამსახური გეგმური შემოწმებისას, თუმცა მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი შემოწმება უნდა ხდებოდეს ღია და სამართლებრივი გზით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს შემოსავლების დეკლარირებაში არსებულ დარღვევებთან, საჯაროდ უნდა გაკეთდეს განცხადება, რათა არ გაჩნდეს კითხვის ნიშანი თავისუფალი მედიის პასუხისმგებლობაზე კანონის მიმართ.

KvirisPalitra.Geგაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" სოლიდარობას უცხადებს "მედიაპალიტრას" და ეჭვობს, რომ მედიაჰოლდინგი 26 მაისის ობიექტური შეფასების გამო დასაჯეს.

KvirisPalitra.Ge"ტრიბუნა.გე"

ინტერნეტგაზეთი "ტრიბუნა.გე"  იმედს გამოთქვამს, რომ შემოსავლების სამსახურის ქმედებები არ უკავშირდება "მედიაპალიტრაში" შემავალი მედიასაშუალებების საინფორმაციო პოლიტიკას, კონკრეტულად კი მაისის აქციებისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებას, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დაშინების მცდელობა.

KvirisPalitra.Ge"ბათუმელები" და "ნეტგაზეთი.გე"

გაზეთი "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი.გე" სოლიდარობას უცხადებენ "მედიაპალიტრას". გამოცემებს მიაჩნიათ, რომ "მედიაპალიტრაში" დაწყებული ფინანსური შემოწმება არ უნდა გახდეს დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე რაიმე სახის ზეწოლის საფუძველი. იმედია, ფინანსური შემოწმება არ გახდება ამ ჰოლდინგში გაერთიანებული მედიასაშუალებების მუშაობის შეფერხების მიზეზი და შემოსავლების სამსახური სამართლიანად და ოპერატიულად ჩაატარებს ამ შემოწმებას.

KvirisPalitra.Ge"პრესა.გე.ტვ"

"პრესა.გე.ტვ"-ის განცხადებით, რედაქციამ რამდენიმე თვის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა ის წნეხი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის მიმართ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უამრავი გაზეთი და ტელევიზია დაიხურა, ხოლო დარჩენილების მნიშვნელოვან ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ "მედიაპალიტრის" ობიექტებში შემოსავლების სამსახურის შესვლა გარკვეულ მიზნებს ემსახურება.

KvirisPalitra.Geსააგენტო "პირველი"

საინფორმაციო სააგენტო "პირველი" "მედიაპალიტრას" სოლიდარობას უცხადებს. "პირველი" იმედოვნებს, რომ შემოწმება, რომელსაც შემოსავლების სამსახური "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში ატარებს, მართლაც გეგმური ხასიათისაა, მხოლოდ საგადასახადო შემოწმების მიზანს ემსახურება და არაფერი აქვს საერთო თავისუფალ მედიაზე ზეწოლასთან.

KvirisPalitra.Ge"LIVERPRESS.GE"

სამეგრელო-ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი LIVERPRESS.GE იმედს გამოთქვამს,  რომ მედიაჰოლდინგის რამდენიმე შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად შესვლა მხოლოდ საგადასახადო შემოწმებისთვის მოხდა და შემოსავლების სამსახურის ქმედება არ გასცდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს.

KvirisPalitra.Geსააგენტო "საქინფორმი"

მთავარი რედაქციის, ჟურნალისტებისა და თავისი მკითხველის სახელით, "საქინფორმი" "მედიაპალიტრას" სოლიდარობას უცხადებს და “საქართველოს ხელისუფლების არასამართლებრივი მოქმედების გამო უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს. “მივმართავთ აშშ-ის საელჩოს, მოთხოვნით: შეაჩეროს ეს თვითნებობა და შეაფასოს დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, რომლის მშენებლობაზეც აშშ-მა სერიოზული ძალისხმევა და ფინანსები დახარჯა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მედიის განადგურების ცნობილი სპეციალისტები მუშაობენ, მოვუწოდებთ მთელ ჟურნალისტთა კორპუსს, დამოუკიდებელ და არასამთავრობო მედიასტრუქტურებს, დადგნენ თავიანთი კოლეგების დასაცავად და არ დაუშვან ტელეკომპანია "იმედისა" და გამომცემლობა "სამშობლოს" დარბევის მსგავსი მოვლენის განმეორება.

KvirisPalitra.Geსააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"

"ჯი-ეიჩ-ენი", როგორც შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების თავმჯდომარე, ყველა მედიასაშუალებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საგადასახადო ხასიათის შემოწმება გამოყენებული არ იქნება სხვა ისეთი მოტივაციით, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა.

KvirisPalitra.Geსააგენტო "ექსპრესნიუსი"

ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსი" სოლიდარობას უცხადებს "მედიაპალიტრას"და იმედს იტოვებს, რომ შემოსავლების სამსახურის ქმედება გეგმურ შემოწმებას არ გასცდება. სააგენტოს რედკოლეგია იმედოვნებს, რომ ეს არ იქნება თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და შემოსავლების სამსახური უახლოეს მომავალში "მედიაპალიტრას" მისცემს საშუალებას, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს. შეშფოთებული ვართ "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის არაგეგმური შესვლის გამო და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას თავისუფალი მედიის მუშაობის შეზღუდვა.

KvirisPalitra.Geსააგენტო "ჯეონიუსი"

ახალი ამბების სააგენტო "ჯეონიუსში" იმედოვნებენ, რომ აუდიტი მხოლოდ საგადასახადო შემოწმებას უკავშირდება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული აუდიტი განპირობებულია მხოლოდ საგადასახადო შემოწმებით. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგების პროფესიულ საქმიანობას ხელი არ შეეშლება.

KvirisPalitra.Geკახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის საინფორმაციო ცენტრი "მედიაპალიტრას" სოლიდარობას უცხადებს და შემოსავლების სამსახურს მოუწოდებს, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებების ფუნქციონირება.

KvirisPalitra.Geპოლიტიკოსთა მხარდაჭერა

"მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის შესვლის გამო, მედიასახლს სოლიდარობა პოლიტიკოსებმაც გამოუცხადეს. კერძოდ, "მედიაპალიტრის" მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს:

"თავისუფალმა დემოკრატებმა", "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ", "რესპუბლიკელებმა", "ეროვნულმა ფორუმმა", "ლეიბორისტებმა", "საქართველოს გზამ", "ქართულმა დასმა", "ქართულმა აკადემიამ", "თავისუფალმა საქართველომ", "ეროვნულმა საბჭომ", "ქართულმა პარტიამ", "სოციალ-დემოკრატებმა", "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ", "სახალხო კრებაში" შემავალმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, "წინააღმდეგობის მოძრაობამ", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ", "ახალმა მემარჯვენეებმა", “"მწვანეთა პარტიამ" და "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს".

პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამდნენ, რომ არაგეგმური შემოწმება, სინამდვილეში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ იყო. მათ მოუწოდეს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელონ მონიტორინგი, რათა სიტყვის თავისუფლება არ შეილახოს.

KvirisPalitra.Geომბუდსმენი ეჭვობს...

სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს "მედიაპალიტრის" 6 ობიექტის ერთდროულად შემოწმებასთან დაკავშირებული ეჭვები საფუძვლიანად მიაჩნია. "არ მინდა ვიფიქრო, თითქოს ეს შემოწმება განპირობებულია იმით, რომ რამე სახის ზეწოლა განხორციელდეს მედიაჰოლდინგზე. ამ შემოწმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს და არ უნდა შეაფერხოს ჰოლდინგის საქმიანობა. წინასწარ რამე დასკვნის გაკეთება რთულია. საგადასახადო სამსახურს კანონით აქვს უფლება, შეამოწმოს კომპანიები, თუმცა, რა ფორმით ხდება ეს, ცალკე მსჯელობის საგანია. ექვსივე ობიექტის ერთდროულად შემოწმებამ შეიძლება შეაფერხოს ჰოლდინგის მუშაობა. საფუძვლიანია, რომ ამან გარკვეული ეჭვები გამოიწვიოს. არ მინდა ვიფიქრო,  რომ შემოწმება 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან არის დაკავშირებული".

"საია" ზეწოლაზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”(საია)  აზრით, საგადასახადო სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" შემოწმება საზოგადოებამ აღიქვა, როგორც მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა. "საიას" განცხადებით, ამის საფუძველს იძლევა შემოწმების დაწყების დრო და ის მოვლენები, რომლებიც შემოწმებას წინ უძღოდა. "საია" საგადასახადო ორგანოებს მოუწოდებს, აღნიშნული კომპანიების შემოწმების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე.

"მედიაპალიტრაზე" კიშინიოვშიც ალაპარაკდნენ

კიშინიოვში, მედიის თვითრეგულირების მექანიზმებთან დაკავშირებით გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ "მედიაპალიტრაზე" ისაუბრა. მან საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უფლებების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს "სოლიდარობის აქციის" ამსახველი ფოტომასალაც აჩვენეს, რომელიც 9 ივნისს, "მედიაპალიტრის" ეზოში გაიმართა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

"ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მოულოდნელი იერიში "მედიაპალიტრაზე" არის ამ მედიაჰოლდინგის დასჯის მცდელობა. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, შეაჩეროს იერიში სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიაზე; მისცეს შეუფერხებელი მუშაობის საშუალება "მედიაპალიტრას". "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასევე მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური ადევნონ "მედიაპალიტრის" შემოწმების” პროცესს და მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელსაც, შესაძლოა, ამ მედიაჰოლდინგის დასუსტება და დაშლა ჰქონდეს განზრახული.

"42-ე მუხლი" შეშფოთებულია

ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" "მედიაპალიტრას" მხარდაჭერას უცხადებს. "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" პროტესტს გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრაში" მიმდინარე არაგეგმური შემოწმების გამო. ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ აღნიშნული შემოწმება, შესაძლოა, იყოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და  "მედიაპალიტრის" მიერ 26 მაისის მოვლენების გაშუქებას უკავშირდებოდეს.

საზოგადოებამ "კვირის პალიტრის" საიტსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში "მედიაპალიტრას" თანადგომა გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

ჯონდი: "იმის ალბათობა, რომ ზედიზედ 6 შპს ერთი ჰოლდინგიდან ლოტოტრონით ამოვიდეს, არის შემდეგნაირი. თუ საქართველოში დაახლოებით 10 ათასი შპს-ა (ალბათ გაცილებით მეტიცაა), ალბათობა ესე გამოითვლება: 6/10000x5/9999x4/9998x3/9997x2/9996x1/9995 ვინაიდან მივიღებთ რიცხვს მინუმუმ 24-ციფრიანს, ეს გავამარტივოთ შემდეგნაირად: 720/10ხარისხად 24=>0.0000000000000000000072.

ანუ ამის ალბათობა არის 1-ი სეპტილიონში (ამერიკული), ხოლო ევროპულად 1-ი კვადრილიონში (ტრილიონჯერ ტრილიონი) ამ ციფრს ეწოდება Yotta და ნებისმიერ პრაქტიკულ აპლიკაციებში ამ ალბათობას უტოლებენ ნულს. მაგალითად  NASA ამაზე 1000-ჯერ მეტ ალბათობას განიხილავს ნულად. ისე,  რომ წარმოიდგინოთ ეს რამხელა ციფრია, დედამიწის მასა უდრის 5973.6 Yotta გრამს.

ეს იმათთვის, ვისაც ეს უბრალოდ დამთხვევა ჰგონია. ისე, ამის უფრო დახვეწა შეიძლება, თუ დავუმატებთ 26 მაისის ალბათობას. ანუ პირობით ალბათობას, ამ შემთხვევაში მივიღებთ ციფრს, რომლის ნულები რომ გადაჭიმო პალიტრის ოფისიდად პრეზიდენტის სასახლემდე, თავისუფლად მივა. თუ ვინმეს უნდა დაგითვლით".

ვეტერანი: "თქვენ მართალ სიტყვას ამბობთ და ამიტომაც გებრძვიან. არაფერი გამოუვათ, რადგან ყველანი თქვენ გვერდით დავდგებით და დაგიცავთ! მერე ნახავენ, რამდენი გულშემატკივარი ჰყავს სიმართლეს..."

თათა: იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ ყველაზე ობიექტურები ხართ საქართველოში და მთელი გულით გისურვებთ ამ სიტუაციიდან უმტკივნეულოდ გამოსვლას".

დეა დადიანი: "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რაღაც ნაწილი ხომ მაინც დაგვრჩა ქვეყნისა ჩალით გადაუხურავი".

ზაზა: "თქვენ გვერდით ვართ", სიმართლეს ემსახურებით, მაგრები ხართ, ხალხს თუ დაუძახებთ თქვენ გვერდით გვიგულეთ!"

"მედიაპალიტრა" მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა და სოლიდარობა გამოგვიცხადა და მათაც, ვინც ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა, ან ამ დროისთვის, ხმა ვერ მოგვაწვდინა