"სააკაშვილის პერიოდში წამოვედი. ამის გამო მთელ მთავრობაზე არ გავნაწყენებულვარ. იყო რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ასე გადაწყვიტა, დღემდე ვერ ამიხსნია - რატომ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პერიოდში წამოვედი. ამის გამო მთელ მთავრობაზე არ გავნაწყენებულვარ. იყო რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ასე გადაწყვიტა, დღემდე ვერ ამიხსნია - რატომ"

"ვიღაც ყოველთვის მლანძღავს, ან "ქოცობას" დამაბრალებს, ან "ნაცობას". მე მაინცდამაინც არ განვიცდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები განიცდიან"

თორნიკე შარაშენიძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ბოლო წლები, ძირითადად, სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. "ჯიპაში" საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელია. პროფესორის ლექციებს დიდი ინტერესით ისმენენ მისი სტუდენტები. პარალელურად, წერას წიგნებს და მისი ავტორობით რამდენიმე საინტერესო წიგნი უკვე გამოიცა. ახლა ავტორი წიგნის გაგრძელებაზე მუშაობს, რომელიც ისევ დიპლომატიას ეხება და ამ სფეროთი დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა. მას, როგორც ექსპერტს, საინტერესო ანალიზის გაკეთებაში, როგორც ჩანს, გამოცდილება და საჯარო სამსახურში გატარებული წლებიც ეხმარება. იგი ეროვნული უშიშროების საბჭოში ანალიტიკოსად მუშაობდა და კარგად იცნობს ამ საკითხებს, 2005 წელს იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2006 წელს იგი საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი გახდა, თუმცა მოულოდნელად ამ თანამდებობის დატოვება მოუხდა. ამ ამბის დეტალების გახსენება არ სურს, ამბობს, არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ მათზე ნაწყენი ვარო. ბევრჯერ ჰქონია შეთავაზება პოლიტიკაში წასვლის, მაგრამ ყოველთვის უარით პასუხობს.

თორნიკე შარშენიძე: - საბჭოთა საქართველოში დავიბადე, ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ისტორიის ფაკულტეტზე არ და ვერ ჩავაბარე. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდი იყო, ვიცოდი, ისტორიას კარგად ვერ ვისწავლიდი, რადგან იდეოლოგიზირებული იყო, არაფერი საინტერესო და სასარგებლო ამაში არ იქნებოდა. თან ძალიან დიდი კონკურსი იყო, ისტორიის ფაკულტეტს ვინც ამთავრებდა, მათ დიდ ნაწილს რაიკომებსა და ქალაქკომებში სვამდნენ. პარტიული სკოლასავით იყო, არც ეს მინდოდა. თუ ვერ ჩაირიცხებოდი, საფრთხეც ახლდა, საბჭოთა ჯარში გაგიწვევდნენ, მაშინ ავღანეთში მიდიოდნენ, ამიტომ გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და არ ვნანობ. ეს პროფესია აშკარად დამეხმარა ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში. მთელმა ჩემმა სტუდენტობამ მიტინგების პერიოდში ჩაიარა, მერე იყო თბილისის ომი, ამას მოჰყვა შიმშილი და გაჭირვების წლები. სამსახურის შოვნაც ჭირდა. 1990-იან წლებში რამდენიმე ცუდი სამსახური გამოვიცვალე, კარგი - იშვიათად იყო. რამდენიმე წელი გაზეთ "რეზონანსშიც" ვმუშაობდი, საერთაშორისო ეკონომიკაზე ვწერდი, ვიცოდი ინგლისური და ვთარგმნიდი სტატიებს ეკონომიკაზე, თორემ მაშინ ეკონომიკის ბევრი არაფერი ვიცოდი.

ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი 2002 წელს დაიწყო, როცა "ჯიპა" დავამთავრე. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი იყო. მაშინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად თედო ჯაფარიძე დაინიშნა, ყოფილი ელჩი ამერიკაში. ბატონ თედოს აპარატში ახალი თანამშრომლების აყვანა უნდოდა, ამერიკელებთან ერთად ძალიან კარგი პროექტი გაკეთდა, რომელიც ამერიკის დეპარტამენტმა დააფინანსა. რამდენიმე ადამიანი ძალიან მკაცრი კონკურსით აგვიყვანეს. ასე მოვხვდი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და "ჯიპას" დამთავრების შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გადავერთე. მაშინ რეგიონზე ვმუშაობდი - რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ ინტერესი ზურაბ ჟვანიამ გამიჩინა, "ჯიპაში" ლექციებს კითხულობდა. აზრის გადმოცემის, ადამიანების მოხიბვლის დიდი ნიჭი ჰქონდა, ლაპარაკობდა ბევრ რამეზე - საქართველოზე, რეგიონზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე და ისე საინტერესოდ გადმოსცა საერთაშორისო ურთიერთობის რამდენიმე საკითხი, რომ ამ სფერომ ძალიან ჩამითრია. მერე გამიმართლა ამ მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მოვხვდი. ცოტა ხნით ამერიკაშიც ვიყავი, რაც ტრენინგს უკავშირდებოდა. ძალიან კარგი ტრენინგი ამერიკელებმა და ქართველებმა გაგვატარეს. ქართველებიდან ცხონებული ალექსანდრე რონდელი და გია ნოდია იყვნენ. იმდენად სერიოზულად მოვკიდე ხელი საერთაშორისო ურთიერთობის შესწავლას, მერე ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დავიწყე, რაც სტუდენტებს ძალიან მოეწონათ.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ სტუდენტებთან? მკაცრი ლექტორი ხართ?

- მგონი, არ ვარ ძალიან მკაცრი ლექტორი, მაქსიმალურად გახსნილი ვარ, ვცდილობ ლექციები საინტერესო იყოს და არ ვილაპარაკო მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებზე. სხვადასხვა საკითხთან პარალელს ვავლებ, რომ ფართოდ შეხედონ სტუდენტებმა საერთაშორისო ურთიერთობის თემას. ადამიანი რაც უფრო ნაკითხი და განათლებულია, ამის აღქმა უფრო უიოლდება. ეს თავის დროზე ძალიან კარგად დამანახა ცხონებულმა ალექსანდრე რონდელმა, რომელიც ძალიან ნაკითხი და განათლებული ადამიანი იყო, ამიტომაც მისი ლექციებიც გამორჩეულად საინტერესო იყო. მას ჰქონდა თვისება და განსაკუთრებული ნიჭი, ადამიანებში ცოდნის მიმართ წყურვილი და ინტერესი გაეღვიძებინა. მნიშვნელოვანია, საკითხი მხოლოდ ერთი კუთხით არ იყოს განხილული.

- ზურაბ ჟვანიასთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებთ? - სახელმწიფო სამსახურში რომ დავიწყე მუშაობა, სამწუხაროდ, იმ პერიოდში მალე დაიღუპა ბატონი ზურაბი. ჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. "ჯიპაში" ჩემს ჯგუფში მოაწყო სიმულაცია, დაჰყო ჯგუფი რამდენიმე ნაწილად. ჯგუფში იყვნენ შევარდნაძის მომხრეეები, ასევე - ზვიადისტები. ძალიან აქტუალური იყო ეს თემები, მე ვიყავი, ვისაც აფხაზების ინტერესები უნდა დამეცვა. მახსოვს, იმდენად კარგად დავიცავი აფხაზების ინტერესი, რომ ზურაბ ჟვანიამ თქვა, კიდევ კარგი, ეს კაცი აფხაზი არ არისო.

- ეროვნული უშიშროების საბჭოში დიდხანს მუშაობდით? - სულ 4 წელი დავყავი სახელმწიფო სამსახურში, მადლობა ღმერთს, კარგი საქმეების გაკეთება მოვასწარი. მერე ვიყავი ნატოს საინფორმაციო ცენტრის პირველი დირექტორი, ჩემმა მუშაობამ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა იმავე ნატოს შტაბისგან, მაგრამ მოხდა ისე, ჩემს მაგივრად სხვა დანიშნეს. ამაზე საუბარი ახლა არ მინდა, არ იფიქრონ, განაწყენებული ვარ... არანაირად. პირიქით, მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც მაშინ პრობლემები შემიქმნა რატომღაც. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო წამოვედი. სიმართლე რომ ვთქვა, ახლა დროც მეტი მაქვს და ფინანსურადაც უკეთესად ვარ.

- სააკაშვილის პერიოდში მოგიწიათ სამსახურის დატოვება? - სააკაშვილის პერიოდში წამოვედი. ამის გამო მთელ მთავრობაზე არ გავნაწყენებულვარ. იყო რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ასე გადაწყვიტა, დღემდე ვერ ამიხსნია - რატომ. ახლა უფრო თავისუფალი რეჟიმი მაქვს, მეტი დროც, იგივე წიგნები რომ დავწერო და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები ვაკეთო.

- უშიშროების ეროვნული საბჭოში მუშაობამ რა გამოცდილება მოგცათ? - სულ სხვაა გარედან რაც გესმის და სხვაა, შიგნით რასაც ხედავ და ეცნობი. როცა მესმის საინფორმაციო გამოშვებებში ათასი ამბები იმაზე, როგორ მუშაობს საგარეო, თავდაცვა თუ უშიშროების სამსახურები, მეცინება. ხომ ვიცი, შიგნით რა ხდება, ხალხს სხვა რამე ჰგონია და ათასნაირ რამეს თხზავენ, შეთქმულების თეორიას თხზავენ, არადა, ასე არ არის, საქმე უფრო მარტივადაა - იქ მუშაობს წესიერი ხალხი, რომელიც დღედაღამეს ასწორებს. მათ არ შეუძლიათ ილაპარაკონ თავიანთ მუშაობაზე, გარეთ კი სხვები თხზავენ მათზე ათას სისულელეს, ჭორს. ხალხი ამას იჯერებს. ასე არ არის სინამდვილეში. ნამდვილად არ არის იქ მუშაობა იოლი, არც მაშინ იყო და არც ახლა, რაც უფრო დიდხანს ხარ იქ, უფრო და უფრო იაზრებ შენს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, რომ შენმა შეცდომებმა შეიძლება ცუდი რამ მოიტანოს. ამის გააზრება ნელ-ნელა მოდის, გამოცდილება სჭირდება იმასაც, მიხვდე, რომ შენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ შევარდნაძის დროს ძალიან კარგი თანამშრომლები მყავდა. იქ მუშაობის დროს მოხდა "ვარდების რევოლუციაც". მერე, ცოტა ხანი უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი იყო. მე რომ წამოვედი, მაშინ გელა ბეჟუაშვილი იყო, რომელთანაც დღესაც ვმეგობრობ და კარგი ურთიერთობები მაქვს. მას მერე ცოტა პერიოდი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის თანაშემწე ვიყავი, საგარეო ურთიერთობის საკითხებში. სამწუხაროდ, მას საგარეო პოლიტიკას არც ეკითხებოდნენ, თითქმის არანაირი შეხება არ მქონდა. იქ მუშაობის დროს შემომთავაზეს, გავმხდარიყავი ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და დავთანხმდი, ენთუზიაზმით მოვეკიდე ამ საქმეს, მერე რაც მოხდა, მოხდა.

შენ თუ არ გაქვს გატარებული რაღაც პერიოდი საჯარო სამსახურში, შენს გაკეთებულ ანალიზს არანაირი ფასი არ აქვს. თუ არ იცი, რა ხდება შიგნით, ჩათვალე, რომ რეალობას ვერასოდეს გაიგებ, სინამდვილეში იქ რა ხდება, არ გეცოდინება და დაიჯერებ ათას ზღაპარს, რაც ვრცელდება, შენც ამ ზღაპრებს ილაპარაკებ. რაღაც პერიოდი უნდა იმუშავო სისტემაში, რომ გაიგო, რა ხდება და მერე საღად შეხედო მოვლენებს.

- თქვენი რამდენიმე წიგნი უკვე გამოიცა, ახლაც მუშაობთ ახალ წიგნზე? - 2010 წელს დავიწყე წიგნის წერა, გადავწყვიტე ჩემი მთავარი სალექციო კურსი გამომეცა წიგნად - ეს არის დიპლომატიის ისტორია. საქართველოში, პრაქტიკულად, არ იყო მსგავსი ლიტერატურა, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებული საერთაშორისო ურთიერთობებზე მასალებით და ჩემი პირველი წიგნი 2013 წელს გამოიცა, რომელმაც მომცა სტიმული, გამეგრძელებინა. ახლახან გამოიცა ჩემი მესამე წიგნი. ჯამში, ალბათ, 5 წიგნი იქნება. ჩემს წიგნში მთავარი, რაც მომწონს, ყველას შეუძლია წაიკითხოს და არ არის რთული, სამეცნიერო ენით დაწერილი. მიმაჩნია, ყველას უნდა შეეძლოს წაკითხვა, უნდა იყოს იოლად აღსაქმელი ნებისმიერი ადამიანისთვის.

- პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ გქონიათ? ალბათ, შემოთავაზებები გექნებოდათ, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობიდან" გქონდათ შეთავაზება? - არა, "ნაციონალებისგან" შემოთავაზება არ ყოფილა. საერთოდ, ბევრ "ნაციონალთან" მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. გიორგი ვაშაძე ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ამ პარტიას ბევრი დააკლდა მისი წამოსვლით, მაგრამ მისი მესმის. არ არის ეს ადამიანი გაჩენილი პარტიული ცხოვრებისთვის, არის დიპლომატი, რომელსაც თავისი საქმე უყვარს. ძალიან ნაკითხია, უყვარს მუსიკა, პარტიული პოლიტიკა მისი საქმე არ არის. თავი გადადო რეალურად, როცა მივიდა პარტიაში და ჯანმრთელობაც კინაღამ მოისპო. პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსს ვიცნობ. 3-4 წელია, არავის შემოუთავაზებია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, რადგან იციან ჩემი დამოკიდებულება. ის კი არა, იმდენად პოლარიზებული გახდა გარემო, ბოლო დროს, პრაქტიკულად, ვერიდები შიდა პოლიტიკაზე საუბარსაც. ვიღაც ყოველთვის მლანძღავს, ან ქოცობას დამაბრალებს, ან ნაცობას. მე მაინცდამაინც არ განვიცდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები განიცდიან. ამიტომაც ჩავთვალე, საერთოდ არ ღირს გამოჩენა. ძალიან იშვიათად ვიძლევი ინტერვიუებს, განსაკუთრებით, გაზეთისთვის, თორემ ტელევიზიებში საერთოდ აღარც ვჩანვარ. ისეთი გარემოა, ხალხს ყველაფერი აღიზიანებს და სულაც არ მინდა, მათ ვეგონო ვიღაც ყოვლისმცოდნე, რომელსაც უნდა 24 საათი ტელევიზორში იყოს და ხალხს ჭკუა არიგოს. არასოდეს ვესწრაფვოდი ტელევიზორში გამოჩენას, ვინც მიცნობს, ის ჟურნალისტები დამერწმუნებიან, პირიქით, სულ ვარიდებდი თავს და ახლა, როცა ასეთი აგრესიული გარემოა, ჩავთვალე, ჯობდა საერთოდ უარი მეთქვა. გენიალური ნათქვამი აქვს ბომაშერს, მისი პერსონაჟი ამბობს, პოლიტიკაში ჩავერთო - ნიშნავს, თავი მოვიკატუნო, რომ არ მესმის ის, რაც ყველას ესმის და მესმის ის, რაც არავის ესმის. ეს არის პოლიტიკა. მეც არ მინდა, თავი მოვიკატუნო, ტყუილი ვიძახო და ვთქვა, არ მესმის ის, რაც ხდება და თავი მოვაჩვენო ხალხს, ყველაფერი ვიცი, ისიც, როგორ ვიხსნა სამშობლო, ოღონდ გამომყევით-მეთქი. ჩემს გარშემო ვინც არის, უმეტესობა, ერთი ორის გარდა, გადარჩა პოლიტიკაში ჩართვას, თუმცა მათაც ჰქონდათ შემოთავაზებები.

- ხშირად გსმენიათ თქვენზე ჭორები? - ერთი გენიალური ჭორი მოვისმინე. რუსულად დავწერე სტატია ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ვიღაცებს ეტყობა, არ მოეწონათ და რაღაცები შეთხზეს. მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდია, მისმა ადმინისტრაციამ გორში გამართა დისკუსია, რომელსაც "სტრატეგიული კურსები" ერქვა, ძალიან ციოდა, დამეზარა და, უბრალოდ, არ წავედი. ჭორი აუგორებიათ, სპეციალურად არ წავიდა, იმიტომ, რომ რუსეთთან თანამშრომლობს და იმ დისკუსიას ხომ ამერიკელები ესწრებოდნენო.

- რა არის თქვენი გატაცება? - ალბათ, კარგი წიგნები და ფილმები. "ჯიპაში" ახლახან კურსი გავაკეთე - "კინო და პოლიტიკა", სტუდენტებს ძალიან მოეწონათ და ზოგმა თავის მშობლებსაც მოასმენინა ლექციები. კურსი არის ფილმებზე, რომლებიც ასახავენ თავიანთ ეპოქას, ასახავენ მოცემულ პერიოდში რა ხდებოდა მსოფლიო პოლიტიკაში. ასევე, კურსში შედის წმინდა პროპაგანდისტული ფილმებიც. ჩემი მიზანი იყო, დავხმარებოდი სტუდენტებს და სხვანაირად შეეხედათ საერთაშორისო პოლიტიკისთვის, მათ შორის, ფილმებიდანაც დაენახათ და გაეაზრებინათ, რა ხდებოდა სინამდვილეში, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმების ყურება არის ჩემი ერთ-ერთი ჰობი. მე ეს პანდემია ადვილად გადავიტანე, რადგან შემიძლია, ვიჯდე წყნარად ტელევიზორთან. არ მაშინებს სახლში ჯდომა.

- ლექციებს დისტანციურად კითხულობთ? - ახლა დისტანციურად ვარ, სამწუხაროდ, და ცუდია. ამით ლექციების საქმე ძალიან ზარალდება. რთულია დისტანციურად. როცა აუდიტორიასთან ხარ და ხედავ რეაქციას, სახეებს როცა უყურებ, სულ სხვაა.

- ცოტა რამ თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ... - მყავს შვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლობს და ერთ წელიწადში ამთავრებს. ეს სულ მისი დამსახურებაა. ახლა საქართველოში იმყოფება, რამდენიმე ადგილას გადის ერთდროულად სტაჟირებას და თან ლექციებს კითხულობს ეკონომიკაზე უფროსი კლასელებისთვის. მაინცდამაინც არ მომწონს, ლექციებს რომ კითხულობს, ჯობია, გაყვეს ეკონომიკას, ამავდროულად, საერთაშორისო ურთიერთობების კურსებსაც გადის. ზოგადად, მიაჩნია, რომ ეკონომიკა უფრო რთულია, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობები. იმედი მაქვს, რომ ეკონომიკას გაჰყვება და უფრო მეტი ფული ექნება. ჩემი შვილი 22 წლის არის და ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელსაც შემიძლია აბსოლუტურად ყველაფერი გავანდო.

- საოჯახო საქმეები გეხერხებათ? - არ მეხერხება, ლამის არის ნათურის გამოცვლაზე მისტერ-მასტერი გამოვიძახო. საჭმლის კეთებაც მეზარება. ასე რომ, ცხადია, ცოლი მიმზადებს საჭმელსაც და ნათურასაც ცვლის. ჭამა-სმა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი საუკეთესო, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ეს არის კარგ მეგობრებთან, კარგ ადამიანებთან ერთად ცოტა ღვინის დალევა და პურის გატეხვა. ვცდილობთ, ეს ფუფუნება გვქონდეს. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, ადამიანები გადაეჩვივნენ ერთმანეთთან სიარულს და ამიტომაც, ძირითადად, გარეთ თუ ვახერხებთ ხოლმე, ეს სიამოვნება მივიღოთ.

- ვაქცინა გაიკეთეთ? - ჩემ გარშემო ყველა აიცრა. თავის დროზე ვაქცინამ გადაარჩინა მსოფლიო ყვავილს და ათას უბედურებას. ვურჩევ ყველას, რომ აიცრას.

(სპეციალურად საიტისთვის)