"რა უფლება მაქვს, როგორც ექიმს, ან არ ავიცრა, ან სხვებს აუცრელობისკენ მოვუწოდო?" - კვირის პალიტრა

"რა უფლება მაქვს, როგორც ექიმს, ან არ ავიცრა, ან სხვებს აუცრელობისკენ მოვუწოდო?"

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც. არ უნდა შეგვიპყროს უიმედობამ და პანიკამ, რასაც სხვა, არაერთი ვერაგი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ხშირად "კოვიდზე" საშიშია"

"კოვიდით" გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის ზრდის გამო არატრადიციული მედიცინის მიმდევრებიც მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის არის ცნობილი ექიმი, ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი. რა განაპირობებს, რომ მოხუცების არცთუ მცირე ნაწილს "კოვიდი" იოლად გადააქვს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე კახა საბახტარიშვილი გვესაუბრა:

- საქართველოში ეპიდვითარება საგანგაშო ხასიათს იღებს, გარდაცვალების პროცენტულმა მაჩვენებელმა ძალიან იმატა. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ხალხმა დაივიწყა სიფრთხილე და მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია.

- თქვენგან განსხვავებით, ჰომეოპათების დიდი ნაწილი აცრებისკენ არ მოუწოდებს... - რა უფლება მაქვს, როგორც ექიმს, ან არ ავიცრა, ან სხვებს აუცრელობისკენ მოვუწოდო? კატასტროფაა, რაც საქართველოში ხდება... აცრა რომ იოლად გადავიტანოთ, შეგვიძლია, ორი დღით ადრე ჰომეოპათიური საშუალებები მივიღოთ, ამ დარგში არსებობს იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლებიც... "კოვიდი" სხვადასხვა ინდივიდზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამასთან, უკვე იმდენი შტამია გავრცელებული, ვითარება უფრო და უფრო მძიმდება. განსაკუთრებით ვერაგი აღმოჩნდა დელტა შტამი, თუმცა არ არის გამორიცხული, დროთა განმავლობაში დელტაც ახალმა შტამებმა ჩაანაცვლოს. ასე რომ, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ მასთან საბრძოლველად.

ჰომეოპათების უმრავლესობას კლასიკური სამედიცინო განათლება აქვს და ადეკვატურად აფასებს სიტუაციას. ისინი უფრო იმ გრიპის ვაქცინების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, რომელსაც "კოვიდ-19"-ის ვაქცინების დამტკიცებამდე იყენებდნენ. მეც ვთვლიდი, რომ მანამდე არსებული გრიპის ვაქცინები აბსოლუტურად უძლური იყო ახალ ვირუსთან და მხოლოდ ასუსტებდა იმუნიტეტს. რაც შეეხება "კოვიდ-19"-ის ვაქცინებს, დამტკიცებული ფაქტია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გაცილებით იკლო იმ ქვეყნებში, სადაც მასობრივად აიცრა ხალხი. ამიტომ ჩვენც უნდა ვენდოთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აცრილს 3-4 კვირის განმავლობაში მართებს თავშეკავება ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან, ამასთან, აუცილებელია, დაიცვას უსაფრთხოების ზომები, რადგან სანამ ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, იმუნური სისტემა სუსტია. როცა პაციენტი "კოვიდით" ავადდება, ფილტვის დაზიანებას მეტწილად თან ერთვის პნევმოკოკური ანთება. სწორედ ის ხდება სიკვდილის მიზეზი. ამიტომაც, მაგალითად, ანგელა მერკელმა თავის დროზე პნევმოკოკური ვაქცინაციაც ჩაიტარა...

ახლახან ამერიკელმა მკვლევრებმა საინტერესო კვლევა გამოაქვეყნეს ჟურნალ Science-ში, სადაც ახსნილია, თუ რატომ გადააქვს მოხუცების ნაწილს "კოვიდი" იოლად. არადა, ვიცით, რომ მოხუცები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. საქმე ის არის, რომ ვირუსი ვერ მოხვდება ორგანიზმში, თუ არ დაემაგრა უჯრედზე არსებულ რეცეპტორს, რომელსაც "ანგიოტენზინ-2", ე.წ. გარდამქმნელი ფერმენტი ჰქვია. ანუ "კოვიდი" თავისივე ეკლებით ჯდება რეცეპტორზე. როგორც იცით, არსებობს "პრილით" დაბოლოებული პრეპარატები, განსაკუთრებით წნევის დამწევი: "კაპტოპრილი", "ნოლიპრილი" და ა.შ., რომელთაც მოხუცები ხშირად იღებენ. წნევა დაბლა იწევს "ანგიოტენზინ 2"-ის ბლოკირების ხარჯზე და ამერიკელ მეცნიერთა კვლევების მიხედვით, ასეთი მოხუცების დაინფიცირების რისკი 30%-ით ნაკლებია. ასევე, კარგად მუშაობს "კარდიომაგნილი", რომელსაც გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონენი იღებენ და უმცირდებათ თრომბოზის განვითარების რისკი... ბოლოდროინდელი კვლევებიდან საყურადღებოა სინგაპურელი ექიმების დაკვირვებაც. ცნობილია, რომ შავი პილპილი იმუნიტეტს აძლიერებს. მოგეხსენებათ, აზიური ქვეყნების კერძებში ფართოდ გამოიყენება შავი წიწაკა, რომელიც შეიცავს ნივთიერება კაპსაცაინს. ამ უკანასკნელს შეუძლია მიემაგროს ზემოხსენებულ რეცეპტორს და, ხატოვნად რომ ვთქვათ, "კოვიდს" კბილანები მიუმტვრიოს, რადგან, სავარაუდოდ, მასთან რეაქციაში შედის...

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც. არ უნდა შეგვიპყროს უიმედობამ და პანიკამ, რასაც სხვა, არაერთი ვერაგი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ხშირად "კოვიდზე" საშიშია.

- აქვე შეიძლება გავიხსენოთ ის მითებიც, რომელიც "კოვიდის" გავრცელებას ახლდა და მალევე დაიმსხვრა... - მითი იყო ის, რომ პანდემია ზაფხულში შესუსტდებოდა, მაშინ, როცა პიკი სწორედ ამ პერიოდში იყო. ვხედავთ, როგორ გავრცელდა "კოვიდი" ისეთ ცხელ ქვეყანაში, როგორიც, მაგალითად, ბრაზილიაა. მითი გამოდგა ისიც, რომ კავკასიელ ხალხს ნაკლებად ემართება ან იოლად გადაგვაქვს, რადგან საბჭოთა პერიოდის აცრები გვიცავს და ა.შ. D ვიტამინზე გადაჭარბებული წარმოდგენაც გაცამტვერდა. აქამდე გვეგონა, რომ "კოვიდთან" ბრძოლაში ის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. ასე რომ, ძალიან ბევრი მითი დაიმსხვრა. ასეა თუ ისე, იმედი ვიქონიოთ, რომ ვირუსი მალე უკან დაიხევს. სამ წელზე მეტხანს არც "ისპანკას" უარსებია, რომელიც ბევრად ვერაგი დაავადება იყო. "კოვიდიც" შეჭამს საკუთარ თავს. დღესდღეობით საუკეთესოდ დაცულად ის ადამიანი ითვლება, ვისაც უკვე გადატანილი აქვს დაავადება და აცრილიც არის.