"ნამდვილი ბედნიერება სიყვარულია, სტუმრები კი მაშინ მოვლენ, როცა "კოვიდი" აღარ იქნება" - კვირის პალიტრა

"ნამდვილი ბედნიერება სიყვარულია, სტუმრები კი მაშინ მოვლენ, როცა "კოვიდი" აღარ იქნება"

პანდემიამ მთელი კაცობრიობა დაზაფრა, თუმცა მის დაპყრობილ სამყაროში მაინც დარჩა ნათელი სივრცეები, სადაც დაბუდებულ ბედნიერებას პანდემია ვერაფერს აკლებს. ეს სიყვარულია და ის წყვილები, რომლებიც ოჯახებს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მათ ქორწილში მიწვეული ახლობლების წრეს ამცირებს, ბევრი წყვილი მაინც არ აპირებს საქორწინო ცერემონიალის გადადებას. მართალია, პანდემიამ საზღვრები დააწესა, მაგრამ ბედნიერებას ხომ საზღვარი არ აქვს! ამიტომაც ვცადეთ გაგვერკვია, როგორია პანდემიური საქორწინო ცერემონიალი და მისი ფასები. ვესაუბრეთ ერთ-ერთი ცნობილი საქორწინო კომპანიის მენეჯერს, თაკო თვალთვაძეს.

- კარანტინმა ძალიან დააზარალა საქორწინო კომპანიები, ბევრ წყვილს დასწყდა გული და წარმომიდგენია, როგორი სიხარულით შეხვდით წელს შეზღუდვების გაუქმებას...

- ალბათ, იცით, რომ კოვიდშეზღუდვები 3 ივნისს მოგვეხსნა და შევბით ამოვისუნთქეთ, მაგრამ 22 ივლისს ისევ განახლდა და დავიზაფრეთ, თუმცა, გასული წლისაგან განსხვავებით, როცა სრულად გამოკეტილი ვიყავით, წელს წყვილების მომსახურება და გახარება შეგვიძლია, ოღონდ თუ ისინი ღია ცის ქვეშ დაგეგმავენ ცერემონიალს. ამ შემთხვევაში სტუმრების რაოდენობა შეზღუდული არ არის და დიზაინერების ფანტაზიაც ფრთებს შლის. რაც შეეხება რესტორნებს, აქ საქორწინო სუფრა მხოლოდ 10 კაცისთვის იშლება. ღია ცის ქვეშ ხელმოწერის ფასი 150 ლარია. საქორწინო დიზაინერების მომსახურება ორ ქალაქში - მცხეთასა და თბილისში, 450-დან 2.500 ლარამდეა, ამ ქალაქებს გარეთ კი ფასი იწევს. ერთი სიტყვით, საქორწინო დეკორაციების ფასი მანძილისა და აქსესუარების მრავალფეროვნების მიხედვით იზრდება, თუმცა ნებისმიერ დიზაინში აუცილებლად იგულისხმება საქორწინო თაღის და თაღთან მისასვლელი ბილიკის მოწყობა. სხვათა შორის, საქორწინო დიზაინის ფასს პრეტენზიული პატარძლები და სიძეებიც ზრდიან. გააჩნია, ისინი რას მოგვთხოვენ. მეტი ლამაზი საქორწინო აქსესუარი მეტი ფასია.

- ანუ სიძეებიც არიან პრეტენზიულები?

- დიახ. განსხვავება ის არის, რომ სიძეები პრეტენზიების დამალვას და ასპარეზის პატარძლებისთვის დათმობას ცდილობენ, თუმცა, ზოგი ისეთ მდიდრულ დიზაინსა და ფოტოგადაღებას ითხოვს, პატარძლები იხვეწებიან, ასე შორს ნუ წავალთო.

- "შორს წასვლაში", ალბათ, ფოტოგადაღების ფასი იგულისხმება... - კარგი ფოტოგრაფის მომსახურება ძვირია. თუ "საშუალო" ფოტოგრაფის მომსახურება 700 ლარია, პროფესიონალისა 1.500 ლარს აღწევს და თუკი "დრონითაც" იღებენ - უფრო მეტსაც. მოყვარული ფოტოგრაფებიც არსებობენ, რომლებიც საქორწინო გადაღებებზე 300 ლარადაც მუშაობენ, მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებთ მათი დასახელებისაგან. ქორწინების ბედნიერება შეუდარებელია და ამ ბედნიერებას ყველაზე სრულყოფილად ფოტოკადრები იმახსოვრებს. მიმაჩნია, რომ ქორწილის დღეს ფოტაგადაღებასა და დიზაინში გადახდა არ უნდა დაგენანოს.

- ანუ წყვილების საქორწინო ცერემონიალის გაფორმებაში, საშუალოდ, 2.000 ლარი მაინც იხარჯება. ამას დავუმატოთ საქორწინო სამოსი, რომლის ღირებულება საშუალოდ 3.000 ლარამდეა. ეს ვისთვის იაფია, ვისთვის - ძვირი... მაგრამ ქართული ქორწილის სტუმრები ყველაზე დიდ მნიშვნელობას მაინც სუფრას და მენიუს ანიჭებენ. შარშანდელი აკრძალვების მოხსნისას ზოგიერთი რესტორანი 100-კაციანი ქორწილის მენიუზე ფასდაკლებასაც აწესებდა - კაცი 25 ლარი ღირდა. ახლა როგორ არის? - ყველაფერზე ფასების ზრდის პარალელურად, მცხეთა-თბილისის რესტორნების საქორწინო მენიუ ერთ კაცზე 60-70 ლარი გახდა, თუმცა ისეთი რესტორნებიც არსებობს, რომელთაც მენიუს თავად შეუკვეთ და, შესაბამისად, ან მეტს გადაიხდი, ან - ნაკლებს. სამწუხაროდ, შეზღუდვების გამო დიზაინერებს უფლება არ გვაქვს, რესტორნებში შევიდეთ და საქორწინო სუფრა გავაფორმოთ.

- არსებობს შემთხვევები, როდესაც სიძე-პატარძალი შეზღუდვებს არღვევს და ხალხმრავალ ქორწილს იხდის? - რა თქმა უნდა!K კანონს ყოველთვის აქვს "ხვრელი", მით უფრო - "პანდემიის კანონს". საქმე ის არის, რომ რესტორნებში 10 კაცზე მეტის მიყვანა მხოლოდ საქორწინო ცერემონიალისას იკრძალება, თორემ რესტორნის სხვა სტუმრებს შეუძლიათ, როცა უნდათ და რამდენიც უნდათ, იმდენი შებრძანდნენ რესტორანში. თუ სიძე-პატარძალი საქორწინო სამოსს გაიხდის და სტუმრებსაც გააფრთხილებს, რომ რესტორანში ქორწილი არ ახსენონ, მაშინ რამდენიც გნებავთ, იმდენი სტუმარი შეგიძლიათ დაპატიჟოთ.

- არა მგონია, ვინმე ასე მოიქცეს! სტუმართან ასე თავს ვინ შეირცხვენს? - ამ შემთხვევაში არსებობს ჯარიმა. ფიზიკურ პირებს, რომლებიც პანდემიის წესებს დაარღვევენ და რესტორანში ქორწილისთვის 10 კაცზე მეტს შეიყვანენ, 2.000 ლარი ეკისრებათ, იურიდიულ პირებს -10.000. ბევრი არც ამ თანხას დაინანებს, თუმცა მე არ ვარ ასე მოქცევის მომხრე. ნამდვილი ბედნიერება სიყვარულია, სტუმრები კი მაშინ მოვლენ, როცა "კოვიდი" აღარ იქნება. ყველა სიძე-პატარძალს წინ იმდენი სასიხარულო მოვლენა ელის, სტუმარი ნამდვილად არ გამოელევათ.