"ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნებიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია" - დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება? - კვირის პალიტრა

"ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნებიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია" - დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება?

"გამოქვეყნებულია კვლევები, თუ როგორ ცდილობს ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახური ანტივაქსერებით საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებას. სამწუხაროდ, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, ჩვენთან მილიონამდე ადამიანი აიცრა..."

"კვირის პალიტრის" ტრადიციულ რუბრიკაში ეპიდსიტუაციას განვიხილავთ. ჩვენი რესპონდენტია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

- ბატონო პაატა, როცა რეგულაციები გამკაცრდა, თქვით, ორ კვირაში გამოჩნდება, რა შედეგს უნდა ველოდოთო. ორი კვირა გავიდა და გთხოვთ, სიტუაცია შეაფასოთ.

- ფაქტია, დაავადებულთა რაოდენობა დღეში 6-5 ათასი ახალი შემთხვევიდან 4 ათას შემთხვევამდე შემცირდა, რაც დამაიმედებელია და, იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

- გარდაცვლილთა რაოდენობაზე რას გვეტყვით? - ეს ძალიან სამწუხაროა... საქმე ის არის, რომ გარდაცვალების პიკი დგება "კოვიდის" გავრცელების პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ... თუ ახლა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. სექტემბრის ბოლოსთვის, ალბათ, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი ათასის ფარგლებში უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს, თითქმის ერთადერთი, რამაც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებაზე იმოქმედა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. თბილისშიც აშკარაა კლება და აჭარაშიც. სხვაგან, სამწუხაროდ, ჯერ - არა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ტრანსპორტის შეჩერებამ შედეგი გამოიღო იქ, სადაც მაღალი იყო მობილობა.

- ყოველ 100 ათას ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში თუ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ... - როცა 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაღალი მაჩვენებელი გაქვს, რა თქმა უნდა, მაღალი გექნება სიკვდილიანობაც. არის ქვეყნები, რომელთა ავადობა ჩვენსას არ ჩამოუვარდება, მაგრამ იქ სიკვდილიანობა აღარ არის, იმიტომ, რომ აცრილები არიან. ბოლო კვლევით, აცრილ საზოგადოებაში 5-ჯერ ნაკლები შანსი გაქვს, დაგემართოს "კოვიდი" და 30-ჯერ ნაკლები საფრთხე, რომ მოხვდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

- აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი რამდენი პროცენტია? - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე არაფერია აბსოლუტური, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. თუ 30-ჯერ ნაკლებია საფრთხე, რომ აცრილი მოხვდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამაზე ნაკლებია გარდაცვალების საშიშროება. ორჯერ აცრილი და დაავადებული 1000 ადამიანიდან შეიძლება ერთი გარდაიცვალოს.

- რეინფიცირების და მესამედ ინფიცირების ფაქტები გვაქვს?

- საქართველოში ორჯერ ინფიცირების რამდენიმე ათეული ფაქტი გვაქვს. სამჯერ ინფიცირების შემთხვევა არ გვქონია. ამბობენ, რომ მსოფლიოში იყო სამჯერ ინფიცირების ფაქტი, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

- უნდა გკითხოთ ინფიცირებულ ორსულებზე... მათი გარდაცვალების უკვე მერამდენე შემთხვევა გვაქვს!.. რატომ ერჩის მაინცდამაინც ორსულებს "კოვიდი"? - შარშან მთელი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს - 13. ეს დელტა შტამის "დამსახურებაა", რომელიც, სამწუხაროდ, ორსულების მიმართ გაცილებით აგრესიული აღმოჩნდა. ის თითქმის წითელასავით გადამდებია. თავიდან მხოლოდ მაღალი რისკის ორსულებს, მაგალითად, ექიმებსა და ექთანებს ურჩევდნენ აცრას, ახლა კი ყველა ორსულს ემუქრება საფრთხე, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა აიცრან.

- ორსულობის მერამდენე კვირიდან შეიძლება აცრა? - აცრა რეკომენდებულია ორსულობის მეათე კვირიდან. სამწუხაროდ, გვაქვს ჩვილების გარდაცვალების ფაქტებიც, ერთეული, მაგრამ მაინც... გახშირდა მოზრდილთა (23, 40, 33 წლის) გარდაცვალებაც, თუმცა, ძირითადად, ისევ ხანდაზმულთა სიკვდილიანობის შემთხვევები გვაქვს.

- ბევრისგან გავიგე, ადამიანი მეორე აცრიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გულით გარდაიცვალაო. ეს დამთხვევაა? - გულით გარდაცვალება საქართველოში პირველ ადგილზეა. ახლა, სამწუხაროდ, მას "კოვიდით" გარდაცვალებამ გადაუსწრო, თუმცა იმის თქმა, რომ ადამიანი აიცრა და ერთი კვირის შემდეგ აგური დაეცა, არასწორია. სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილზე ყოველთვის იყო გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევები, მეორეზე - ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვალება, მაგრამ კორონავირუსმა ორივეს გადაასწრო. ბოლო წლებში ყოველწლიურად დაახლოებით 46 ათასი ადამიანი იღუპებოდა, გასულ წელს კი 50 ათასზე მეტი გარდაიცვალა. "კოვიდის" არსებობის განმავლობაში ამ ვირუსით სულ 7000 ადამიანია გარდაცვლილი.

- "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის შემოტანა იგეგმება? - ამ ვაქცინას ის უპირატესობა აქვს, რომ ერთი ინიექციაა საკმარისი. ის "ასტრაზენეკას" ტიპის ვაქცინაა, იმავე ტექნოლოგიით დამზადებული და შესაძლოა ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს, ამიტომ, ალბათ, სექტემბრის ბოლოდან გვექნება.

- აცრების იძულებაზე ხომ არ მსჯელობთ? - იურიდიულად შეიძლება სავალდებულო არ იყოს, მაგრამ აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი. არასდროს ვეკამათები ანტივაქსერებს, თავიანთი უბედურება ეყოფათ. სამწუხაროდ, ჩემი პროფესიის ექიმები მათთან უძლური არიან, სხვა პროფესიის ექიმების დახმარება სჭირდებათ. თქვენ გგონიათ, ანტივაქსერობა მხოლოდ ის არის, რომ ვიღაცას ასე სჯერა? ბევრი მათგანი სხვა ქვეყნებიდან იმართება. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. გამოქვეყნებულია კვლევები, თუ როგორ ცდილობს ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახური ანტივაქსერებით საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებას. სამწუხაროდ, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, მილიონამდე ადამიანი აიცრა. თუ დააკვირდებით, როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი. სულ ვთხოვ, მომეცით მონაცემები, ვინ გარდაიცვალა-მეთქი - ჩვენ ხომ სრული ბაზა გვაქვს აცრილებისაც, გარდაცვლილებისაც - მაგრამ ვერ მეუბნებიან... სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთებს მედიაში ვუპასუხოთ.

ყველაზე გახმაურებული შემთხვევას გეტყვით... ყველა იცნობდა ვაჟა ოთარაშვილს. ჩემს თავს იმიტომ ვაძლევ მასზე საუბრის უფლებას, რომ მისმა შვილმა დაწერა, როგორ მოუგონეს ამ ადამიანს, თითქოს ორჯერ აცრილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის არ იყო ორჯერ აცრილი, იმიტომ, რომ კორონავირუსი მეორე აცრიდან რამდენიმე დღეში დაემართა, ანუ ვაქცინა ჯერ სრულყოფილად ვერ იმოქმედებდა. ამას შვილი ამბობს. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვერ ვპასუხობთ, არ გვაქვს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება. იმის უფლებაც არ გვაქვს, ვთქვათ, იყო თუ არა აცრილი, ჰქონდა კორონავირუსი თუ არა, ან რით გარდაიცვალა.

- გარკვეული პროფესიის ადამიანებს აიძულებთ აცრას?

- კანონმდებლობა ამის უფლებას იძლევა, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - ექიმი ან ექთანი არ უნდა მუშაობდეს, თუ არ არის აცრილი. ეს არ არის ქართული გამოგონება, ასეა სხვაგანაც. საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან ყველა მედმუშაკს, ვინც აცრილი არ იქნება, კონტრაქტს გაუწყვეტენ. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული ნორმაა. აშშ-იც დაიწყეს ჯარის სავალდებულო აცრა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა ბრძენია და კარგად დაინახავს განსხვავებას აცრილებსა და აუცრელებს შორის, ამიტომ, ვფიქრობ, ვაქცინაციის ახლანდელი ტემპი (დღეში 20-25 ათასი ადამიანი) შენარჩუნდება. თუ სექტემბერში კიდევ 1 მილიონი იქნება აცრილი, დიდი იმედი მაქვს, რომ ზამთარში ძველებური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით, ისე, როგორც უბრუნდება ბევრი ქვეყანა, სადაც "კოვიდი" არის, მაგრამ რესტორნებშიც დადიან, ფეხბურთის მატჩებზეც და აღარც ხალხი იღუპება.

- სასწავლო წელი როდის დაიწყება? - ჩვეულებრივ, როცა იწყებოდა ხოლმე, ოღონდ ონლაინ. ბევრი რამ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პედაგოგია აცრილი. როცა მე ჩემს შვილს სკოლაში ვუშვებ, უნდა მქონდეს გარანტია, რომ სკოლა უსაფრთხოა.

- შეიძლება, "კოვიდი" გახდეს არჩევნების გადადების მიზეზი? - არჩევნები შარშან ხომ ჩატარდა ქვეყანაში? ამ დროს მობილობა კი იზრდება, მაგრამ თუ წესებს იცავ, საშიში არაფერია. შარშან ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ არჩევნების დროს კოვიდსაწინააღმდეგო წესებს უმაღლეს დონეზე ვიცავდით, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს წესები წინასაარჩევნო შეხვედრების დროსაც დავიცვათ. ისიც გვახსოვს, რა ხდებოდა არჩევნების შემდეგ... დიდი იმედი გვაქვს, რომ არჩევნები არ იქნება სიტუაციის გართულების მიზეზი, ამიტომ ჩვენ მისი გადადების რეკომენდაციას არ გავცემთ, მით უმეტეს, რომ უკვე მცირდება დაავადების შემთხვევათა რაოდენობა.

- თუმცა ოპოზიცია მაინც გსაყვედურობთ, რატომ არ სთხოვენ ღარიბაშვილს, ასეთი ეპიდვითარების ფონზე ქვეყანა ჩაკეტოსო. - ჩამოყალიბდნენ! ხან გახნასო, ხან ჩაკეტოსო... მე ყოველთვის მომხრე ვიყავი მობილობის მაქსიმალური შეზღუდვის, მაგრამ ახლა არის სხვა გამოსავალი - აცრა და პირბადე, რომელსაც ჩაკეტვა არ სჭირდება. ასევე მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი ისეთ ადგილებს, სადაც შეუძლებელია პირბადე გეკეთოს. მაგალითად, ქორწილში სუფრასთან პირბადე ვერ გეკეთება, არადა, იყო შემთხვევა, როცა ერთ ქორწილში 41 კაცი გახდა ავად; იყო შემთხვევა, როცა პატარძალი დაავადდა და ერთ-ერთი ბოლოს გარდაცვლილი ორსულიც სწორედ ქორწილში დაინფიცირდა.

გაჩერებული ავტობუსების ახალი ფუნქცია

თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებულ ავტობუსებში აცრა ნებისმიერ ადამიანს წინასწარი ჩაწერის გარეშე შეეძლება. ისინი ადგილზე გაივლიან ყველა იმ პროცედურას, რაც სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ამ დროისთვის სამი ავტობუსი გლდანში, ვარკეთილსა და სადგურის მოედანზეა განლაგებული. ავტობუსშია განთავსებული ყველა სამედიცინო აღჭურვილობა, რაც პირველადი დახმარებისთვის არის საჭირო.