"კლინიკაში მწოლიარე ბავშვების უმეტესობა მშობლებისგან არის ინფიცირებული" - კვირის პალიტრა

"კლინიკაში მწოლიარე ბავშვების უმეტესობა მშობლებისგან არის ინფიცირებული"

"პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით შეუძლებელია... უახლოეს ხანებში განვიხილავთ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, შემდეგში კი შესაძლოა რეკომენდებული გახდეს 6 თვის ასაკს ზემოთ ბავშვებშიც"

როგორ მიმდინარეობს ბავშვებში დელტა-შტამი და შეამცირებს თუ არა ვაქცინაციის მომატებული ტემპი საგანგაშო სტატისტიკას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება:

- "კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინის ეროვნული გეგმის თანახმად, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% აცრილი უნდა იყოს. ეს არის მსოფლიო სტანდარტი, რაც საკმარისია "კოვიდის" გავრცელების მინიმუმამდე შესამცირებლად. სწორედ ასე მოიქცა ისრაელი, სადაც ინფიცირების შემთხვევები ერთეულამდე ჩამოვიდა.

ჩვენი სამიზნეც ეს არის - წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ვაქცინირებული უნდა იყოს 1.696.000 კაცი. მარტში, ყოველდღიურად 400-500 კაცი იცრებოდა, ივლისში 5-6 ათასამდე ავიდა, აქტიურობით გამორჩეულია აგვისტო - ყოველდღიურად 22-23 ათასი იცრება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 30 555 კაცი. სექტემბერ-ოქტომბერში აცრილთა რაოდენობა კიდევ უნდა გაიზარდოს! ქვეყანაში პანდემიის მეოთხე ტალღამ პიკს 17 აგვისტოს მიაღწია, იმ დღეს 6200 ინფიცირებული გვყავდა. თუმცა, თუ ვაქცინაციის ტემპს გავზრდით, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბერში ინფიცირებულთა მაღალ მაჩვენებელს ველოდებით, შემდეგ კი სტაბილიზაცია დაიწყება. სექტემბერ-ოქტომბერში აცრილთა რაოდენობა იქნება განმსაზღვრელი, რამდენად სტაბილურად მივა წლის ბოლომდე ქვეყანა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რამდენიმე სცენარს განიხილავს - თვეში 600 000 ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რაც ყოველდღიურად 20 000 ვაქცინირებულს ნიშნავს. თუმცა აგვისტოს მონაცემებს თუ გადავხედავთ, გაცილებით მეტია. საშუალო ვარიანტია ყოველდღიურად 25-27 000 ვაქცინირებული, რაც თვეში, საშუალოდ, 800 000 ვაქცინირებულია; საუკეთესო ვარიანტია დღეში 30-35 000 ვაქცინირებული, რაც თვეში მილიონ აცრილს ნიშნავს. ჩვენ ახლა საშუალო სცენარით მივდივართ, თუ ასე გაგრძელდა, წლის მიწურულისთვის იმუნიზაციის პრობლემა თითქმის მოგვარებული იქნება. თუ მოსახლეობამ შეინარჩუნა ვაქცინაციის ტემპი, ეს იძლევა იმედიანი განწყობის საფუძველს. ესე იგი, ხალხმა დაიჯერა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, რომ არიან ვაქცინირებულები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან და არ დასნებოვდნენ.

რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოებას - ჩვენი მოქალაქეების თავის შეკავების მიზეზი სწორედ უსაფრთხოება და ვაქცინის ეფექტიანობაა. რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა? - ამ კითხვას სვამენ მასწავლებლები, რელიგიური ლიდერები, მედია... მათ დიდ ნაწილს გვერდითი მოვლენების ეშინია, განსაკუთრებით მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ვუპასუხებ: იმისათვის, რომ ვაქცინამ "რაღაც ცუდი გაგიკეთოთ", მან შესაბამის ბიოქიმიურ, მეტაბოლურ და ფიზიოლოგიურ პარამეტრებზე უნდა იმოქმედოს, ამას კი არ აკეთებს!..

- არის კიდევ ერთი კატეგორია, რომლის აზრით, ორი-სამი წლის შემდეგ ვაქცინა ორგანიზმზე დამანგრევლად იმოქმედებს. - ღმერთმა ყველა დაიფაროს და, არის გარანტია, რომ ორი წლის შემდეგ მათ არაფერი დაემართება? მძიმე შედარებაა, მაგრამ იაშვილის საავადმყოფოში გვყავს ბავშვები, რომელთაც არც ისე დიდი ხნის წინ არაფერი აწუხებდა, მაგრამ ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ სისხლში ისეთი ცვლილებები აქვთ, რაც სიმსივნურ პროცესს ან სხვა ტიპის დაავადებას მოასწავებს. ასე რომ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმის პროგნოზირება შეუძლია, რომ აუცრელობის შემთხვევაში არაფერი დაემართება...

კიდევ ერთი მოსაზრებით, თითქოს ვაქცინა გენეტიკურ კოდს ცვლის. არადა, ვაქცინა არ შედის იმ უჯრედში, რომლის გარსში არის გენეტიკური კოდის სპეციალური ნაწილაკები. სწორედ ისინი წარმოადგენენ გენეტიკური ინფორმაციის მატარებლებს. მეტიც, არც ერთი ვაქცინა, რომლებსაც დღეს მსოფლიოში აწარმოებენ, უჯრედშიდა მექანიზმის მოქმედების არ არის. ყველა მათგანს მხოლოდ ანტისხეულების სტიმულირება შეუძლია, ანუ "ასწავლის" იმუნურ სისტემას, თუ ხვალ ადამიანს "კოვიდი" შეხვდა, როგორ უნდა ებრძოლოს.

- როგორ მიმდინარეობს ბავშვებში დელტა-შტამი? ყოველდღიურ სტატისტიკაში რამდენად საგანგაშოა ინფიცირებულ არასრულწლოვანთა მაჩვენებელი? - საქართველოში ჯერ არა გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალი მონაცემები, თუ როგორია ინფიცირებულებში ბავშვების წილი. ეს სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. აქამდე არსებული მონაცემებით, 9,5-10%-ია, ანუ 100 ინფიცირებულიდან 9-10 ბავშვია. როცა 5 000 კაცის ინფიცირებაზე ვლაპარაკობთ, აქედან 400-500 ბავშვია. დღეს არსებულთაგან დელტა-ვარიანტი ერთ-ერთი უმძიმესი, ვერაგი მუტაციაა და სწორედ ამით გამოირჩევა. მანამდე იყო ბრიტანული ვარიანტი, რომელიც მეტად გადამდები იყო, ვიდრე ჩინური და ლეტალობაც მეტი ახასიათებდა, მაგრამ დელტა-ვარიანტი, ბევრად მძიმეა, ვიდრე ჩინური და ბრიტანული ერთად აღებული. ამჯერად დელტა-ვარიანტი ყველაზე აგრესიული ფორმაა, თუმცა აქამდე ის ბავშვებში მაინც შედარებით იოლად მიმდინარეობდა, მაგრამ როდესაც თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის პედიატრებს ვესაუბრებით, ანუ იქ, სადაც ახლა კოვიდაფეთქებაა, ყველა ამბობს, რომ უკვე ბავშვებშიც აღარ არის მსუბუქი ფორმით. ინფიცირებულ ბავშვებს მეტად სჭირდებათ ინტენსიური თერაპია: აქვთ ფილტვების ანთება, სუნთქვის უკმარისობა, რაც ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას იწვევს... უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია სჭირდება და ყველა ის კომპონენტი აქვს, რაც დელტა-ვარიანტს ახასიათებს. სწორედ ეს გვაშინებს. დელტა-ვარიანტმა მნიშვნელოვნად უარესობისკენ შეცვალა როგორც ავადობის, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

- ლეტალობა ბავშვებშიც არის?

- იშვიათად. საქართველოში 2021 წლის განმავლობაში სულ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გართულებები არის, მაგრამ ძალიან მცირე ლეტალობის მაჩვენებლით. რაც მთავარია, ინფიცირებული ბავშვების 80% ოჯახის წევრებისგან დასნებოვნდა. ახლა ბაღები და სკოლები დახურულია, შესაბამისად, ბავშვების ინფიცირების მთავარი წყარო ოჯახური კავშირებია. როგორ შეიძლება ჩვენი შვილები დავიცვათ? - ვაქცინაციით. ყველა ზრდასრული მოქალაქის გულამდე და გონებამდე უნდა მივიდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - აცრა სავალდებულო კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის. ვიღაც იტყვის, რომ ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. თუ მარტო ცხოვრობს და კონტაქტი არავისთან აქვს, კი ბატონო, არ აიცრას, მაგრამ, თუკი ოჯახის წევრია, ჰყავს შვილები და შვილიშვილები, აცრა მორალური, ფსიქოლოგიური და ემოციური პასუხისმგებლობაა, რადგან კლინიკაში მწოლიარე ბავშვების უმეტესობა მშობლებისგან არის ინფიცირებული. ასე რომ, ჩვენი შვილების დაცვის მთავარი გზა მოზრდილთა ვაქცინაციაა. ქვეყანაში უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხო ოჯახები უნდა იყოს.

ასევე, აუცილებელია უსაფრთხო სკოლა - იქ მისულ ბავშვს უნდა დახვდეს აცრილი პედაგოგი, ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაცია... ბავშვები ინფექციის ყველაზე სწრაფი და მარტივი გამავრცელებლები არიან. თუ ისინი დაინფიცირდებიან, ოჯახის სხვა წევრებშიც გაავრცელებენ. ასევე უსაფრთხო უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი კლინიკებსა და ჰოსპიტლებში.

- ფიქრობთ, აცრა სავალდებულო უნდა გახდეს? - დიახ, ამას გვაჩვენებს რეალობა... საყურადღებო საკითხია 12-15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციაც. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ჩრდილოეთი ამერიკა თუ იაპონია ატარებენ ვაქცინაციას ამ ჯგუფში. პირველი კანადა იყო. "ფაიზერის" კვლევის შედეგად, რომლის დროსაც 12-დან 15 წლამდე 2300 ბავშვი აიცრა, ეს ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა - არც ერთი მათგანი "კოვიდით" არ დაინფიცირებულა. ამას მოჰყვა ავტორიზაციებში ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის, ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს პასუხები. მათი პოზიცია, შეიძლება ითქვას, ჯანმოს პოზიციის ტოლფასია. ეს ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია შედეგიანი და უსაფრთხოა.

საქართველოში ჯერ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. ვნახოთ, სექტემბერ-ოქტომბერში რა ვითარება გვექნება. ჯანმოს პედიატრიულ ასაკად 16 წელი აქვს განსაზღვრული, თუმცა, თუ მომავალი ორი თვის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, შესაძლოა საქართველომ ამაზე ინდივიდუალურად იმსჯელოს: განიხილოს სხვა ქვეყნების მონაცემები და რისკები, შეისწავლოს, რამდენად ხშირია 12-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი და გადაწყვიტოს, არის თუ არა ამ ასაკის ბავშვების აცრა აუცილებელი.

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ეს მაინც დაგვჭირდება, რადგან პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით შეუძლებელია. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები. სავარაუდოდ, ნოემბერში გვექნება მონაცემები 12-15 წლამდე ასაკის, წლის ბოლოსთვის კი 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ. უახლოეს ხანებში განვიხილავთ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, შემდეგში კი შესაძლოა რეკომენდებული გახდეს 6 თვის ასაკს ზემოთ ბავშვებშიც.

გახდება თუ არა აცრა სავალდებულო, ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა. ჯერ არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო რეკომენდაცია, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით, ოღონდ ეს პრიორიტეტულ ჯგუფებს ეხება, მაგალითად, სამედიცინო პერსონალს, განათლებისა და ტურიზმის სფეროს. ბევრმა ქვეყანამ ამ სფეროებსა და სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულებისთვის ვაქცინა სავალდებულო გახადა. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ამაზე მსჯელობა აუცილებელია.

კონკრეტულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.