ოპრა უინფრი"ყველაზე კეთილი ფსიქიატრი" - კვირის პალიტრა

ოპრა უინფრი"ყველაზე კეთილი ფსიქიატრი"

ბოლო გადაცემაც იმავე სიტყვებით დაიწყო, როგორც ყოველთვის...

- მოგესალმებით! მე ოპრა უინფრი ვარ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოპრა უინფრის ყველაზე პირველ ნაციონალურ შოუზე!

ამერიკის ცნობილი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის შოუმ, რომელსაც 25-წლიანი ისტორია აქვს, არსებობა შეწყვიტა. 25 მაისს, ლეგენდარული ტელეწამყვანი 13-ათასიან აუდიტორიას ფინალური სანახაობით გამოემშვიდობა. ბოლო გადაცემის მთავარი გმირი თავად ტელეწამყვანი გახლდათ და ეს მისი რიგით 4 561-ე გადაცემა იყო.

ამ საოცარი ადამიანის შოუ პირველად 1986 წელს ჩაიწერა და გადაცემამ იმავე წელს 125-მილიონიანი აუდიტორია მოიპოვა. ეს იყო ნამდვილი რევოლუცია ტელესამყაროში. უინფრიმ იმ დღიდან მოყოლებული, ნამდვილი მედიაიმპერია შექმნა ამერიკაში. ოპრა უინფრის სტუმრები რიგითი ადამიანები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, პოლიტიკოსები, მომღერლები და სპორტსმენები ხდებოდნენ.

ისინი აქ ყველაზე უხერხულ შეკითხვებსაც კი გულახდილად პასუხობდნენ. ბოლოს დასამახსოვრებელი ინტერვიუ ოპრამ ბარაკ და მიშელ ობამებთან ჩაწერა, თუმცა ყველაზე რეიტინგული მაიკლ ჯექსონთან ჩაწერილი ინტერვიუ გახლდათ. პოპის მეფემ, რომელიც მედიას ახლოს არ იკარებდა, ოპრა უინფრის პირველი ინტერვიუ 1999 წელს მისცა და წამყვანს თავისი ცნობილი ცეკვის ილეთიც ასწავლა.

KvirisPalitra.Geსწორედ ასეთი გულახდილობისთვის შეარქვა მას საუკეთესო მეგობარმა, მაია ანჯელოუმ "ყველასთვის ხელმისაწვდომი ყველაზე კეთილი ფსიქიატრი"...

30 ათასი სტუმარი 25 წლის განმავლობაში... გულახდილმა საუბრებმა ოპრა უინფრი ყველაზე გავლენიან ადამიანად აქცია, ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში იგი წლების განმავლობაში პირველობას არავის უთმობდა. ყველა აღიარებს, რომ ოპრა უინფრი მართლაც ძალიან გავლენიანი ადამიანია, ზოგი იმასაც ამბობს, რომ არჩევნებზე ობამას 1 მილიონი ხმა სწორედ მან "აშოვნინა".

ბოლო დღესაც, მსოფლიოს 150 ქვეყნის 42-მილიონიანი აუდიტორია სულმოუთქმელად ადევნებდა თვალს ოპრას ბოლო შოუს. შოუების ისტორიაში ეს არნახული რეკორდი იყო. სტუდიაში მყოფი მაყურებლები, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, ცრემლად იღვრებოდნენ. დიასახლისებს გაუჭირდებათ მის გარეშე...

ერთი პერიოდი თაყვანისმცემლებისთვის ოპრა ვიზუალურადაც მისაბაძი გახდა. ეს მაშინ, როდესაც უინფრიმ წონაში დაიკლო და მისი დიეტით ყოველი მეორე ქალი სარგებლობდა. ოპრამ დიეტის სპეციალური წიგნიც კი გამოსცა, რომელმაც მილიონები მოუტანა.

მისი ბოლო გადაცემა ჩიკაგოს სტადიონზე ჩაწერეს, სადაც უამრავ ცნობილ სახეს მოეყარა თავი. ოპრას ბოლო შოუში ოცდაათწამიანი სარეკლამო რგოლის გაშვება რეკორდული თანხა - მილიონი დოლარი ღირდა.

გამოსამშვიდობებელ საღამომდე ცოტა ხნით ადრე, ჩიკაგოს მერმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას, ოპრას სახელი უწოდა. როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, მისთვის ეს ბევრად დიდი პატივია, ვიდრე "ოსკარი".

KvirisPalitra.Geჩიკაგოს სტადიონი ცნობილი თოქშოუს დროებით იმიტირებულ სტუდიად იქცა. ოპრა უინფრის დასკვნითი შოუს ჩაწერაზე დასწრების მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ არჩევანი საფეხბურთო მოედანზე შეჩერდა. ლეგენდარულ ტელეწამყვანთან დასამშვიდობებლად 13 ათასმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი. მაყურებელთა ასეთ სიმრავლეს თავად მასპინძელიც არ ელოდა.

ტომ კრუზი, უილ სმიტი, მადონა, ბიონსე, აშერი და მაიკლ ჯორდანი - ეს იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩიკაგოში ჩავიდნენ და დასკვნითი შოუს სტუმრები გახდნენ. პირველი მაყურებელს და მასპინძელს ტომ ჰენქსი მიესალმა:

- მე მინდა, რომ ეს მომენტი მხოლოდ თქვენ მოგიძღვნათ, ოპრა უინფრი! თქვენ დღეს მხოლოდ სიყვარულით ხართ გარემოცული!

25-წლიანი ტელეშოუს დახურვა ოპრამ კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუთი გადაწყვიტა: დასკვნით ეპიზოდში, პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე, მეუღლის ღალატსა და დაგეგმილ განქორწინებაზე არნოლდ შვარცენეგერის ცოლი მარია შრაივერი ალაპარაკა.

მომღერალმა სტივ უანდერმა უინფრის ბოლო შოუზე ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერა. თავისი ახალი სინგლი შეასრულა ასევე, ბიონსემაც.

ხალხის სიყვარული ოპრამ თავისი გადაცემებით, ქველმოქმედებით და რიგითი ადამიანების გვერდში დგომით დაიმსახურა.

დღეისათვის ოპრას ქონება 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარს აღწევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქველმოქმედმა, ტელეწამყვანმა, ტელევარსკვლავმა და პროდიუსერმა ოპრა უინფრიმ 25 მაისს, 25-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, თავისი შოუ ოფიციალურად ფინალური გადაცემით დაასრულა, სადაც სტუმრის გარეშე წარდგა მაყურებლის წინაშე. თუმცა იგი აუდიტორიას არ ემშვიდობება.

მან ჩიკაგოში, მეგობრებთან ერთად, საკუთარი საკაბელო არხი დააარსა და მის ახალ გადაცემებს სწორედ ამ არხზე იხილავენ თაყვანიმცემლები. გარდა ამისა, ოპრა უინფრი მსახიობის ამპლუაშიც გააგრძელებს მოღვაწეობას. იგი წარდგენილი იყო "ოსკარზე" ფილმისთვის - Color Purple, რომლის პროდიუსერი სტივენ სპილბერგი გახლავთ... და ახლა ღიმილით ამბობს, რომ ამ წარმატების გამეორება სურს.

ოპრა უინფრი, ცნობილი აფრო-ამერიკელი წამყვანი და მსახიობი, 1954 წელს მისისიპიში დაიბადა. მას რთული ბავშვობა ჰქონდა, ცხოვრობდა სიღარიბეში და ხშირად უწევდა ტომრისგან შეკერილი კაბის ჩაცმა, რის გამოც სკოლაში დასცინოდნენ. გარდა ამისა, 9 წლის ასაკში, იგი ბიძამ და ძმებმა გააუპატიურეს, რამაც გოგონას ფსიქიკაზე სერიოზულად იმოქმედა. როდესაც 14 წლის გახდა, საცხოვრებლად მამასთან გადავიდა. როგორც თავად აღნიშნავს, მამამისი მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა. ოპრა ერთხანს კოლეჯში მუშაობდა, სადაც საკმაო გამოცდილება დააგროვა, რის შემდეგაც დაინტერესდა ჟურნალისტიკით და პირველი სამუშაო სწორედ ადგილობრივ სატელევიზიო არხზე დაიწყო.

მისი ემოციური სტილი წამგებიანი გამოდგა ნიუსების წამყვანის ამპლუაში, ამიტომ გადაიყვანეს ავადმყოფთა ჩატპროგრამაში. ამ გადაცემის შემდეგ ოპრამ დიდი გამოცდილება მიიღო. გავიდა რამდენიმე წელი და... 1986 წელს შექმნა საკუთარი გადაცემა - "ოპრა უინფრის შოუ".

ოპრა უინფრის შოუ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველა დროის წარმატებული სატელევიზიო პროგრამა. მან პირველად დაიწყო სატელევიზიო ეთერით საუბარი სოციალურ და კულტურულ თემებზე, რომელსაც ტაბუ მოხსნილი ჰქონდა (მაგალითად, ცისფერებსა და ლესბოსელებზე). ოპრა მალევე გახდა აფროამერიკელი ქალის იდეალი ამერიკელებისათვის.

ამის შემდეგ გახსნა წიგნის კლუბი და უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს კლუბი გახდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის კლუბი.

- მე არ ვამბობ, "მშვიდობით", მე ვამბობ "მომავალ შეხვედრამდე"... ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს"... - ასე დაემშვიდობა ამერიკის ყველაზე გავლენიანი ტელეწამყვანი თავის თაყვანისმცემლებსა და მთელ მსოფლიოს...

ქრისტინე შავლაყაძე

ჟურნალი "ბომონდი",

ივნისის ნომერი