"მხოლოდ ქართველები კი არა, ოსებიც მიდიან. ხალხს არჩევნის გაკეთება სახლის მიტოვებასა და გადარჩენას შორის უწევს" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ქართველები კი არა, ოსებიც მიდიან. ხალხს არჩევნის გაკეთება სახლის მიტოვებასა და გადარჩენას შორის უწევს"

"ძალიან მძიმეა სახლის დატოვება, მაგრამ აქ აღარ დაგვედგომება"

"თუ ერთი კვირის წინ მაღაზიაში 5-6 კაცს ვხვდებოდი, დღეს ორი შემხვდა, სხვები წასულან. ერთმანეთს სურსათის მაღაზიაში ან გასვენებებში ვნახულობთ. ვიღაცებს სამსახურიც აქვთ, მაგრამ ახლა დისტანციურზე არიან. ისედაც არ ჰქონდათ სიარულის ვალდებულება. აქ საბჭოთა კავშირის დროინდელი წესებია, სამსახურში არაფრის საკეთებლად მიდიან. რაც დრო გადის, ყველაფერი იცვლება, აქაურობა თანდათან იცლება. რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად ისმის ხალხის ლაპარაკი. რაიონი თითქოს მუნჯდება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ახალგორელი ქალი. როგორც ამბობს, მას შემდეგ, რაც ჩორჩანის საგუშაგო გაიხსნა, ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ ჯავრი რაიონის მოსახლეობაზე იყარა, თუ წახვალთ, აღარ დაბრუნდებითო. წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები და ქართულ მხარესთან ჩაკეტილი გზაა მიზეზი, რის გამოც რაიონში მხოლოდ ასაკოვნები დარჩნენ, ახლა კი ისინიც კეტავენ სახლებს და წეროვანში შვილებთან გადმოდიან.

"ძალიან მძიმეა სახლის დატოვება, მაგრამ აქ აღარ დაგვედგომება"

მარი, ახალგორელი: - აქ დარჩენილები იმათ შენატრიან, ვინც აქედან 2008 წელს წავიდა, რადგან ისინი უკვე შეეჩვივნენ დევნილის სტატუსსა და ახალ გარემოს. ჩვენ კი ამ ნაჯაფარი, წლების განმავლობაში წვალებით შენარჩუნებული სახლ-კარისა და ბაღ-ბოსტნის დატოვება გვიწევს. აქ საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა, ამიტომ არც სახლებია დაზიანებული. წლების განმავლობაში იმ იმედით ვიცხოვრეთ, აქ დარჩენის და არსებობის უფლება გვექნებოდა. იარაღით არავინ გვდევნის, მაგრამ ელემენტარული პირობები არა გვაქვს. ფასები გასამმაგებულია, მხოლოდ ფიქციურად არსებობს სამედიცინო დაწესებულებები. დაზამთრება ჩვენთვის რამდენიმეთვიან იზოლაციას ნიშნავს და ერთმანეთს ორი წელია პურსა და წამლებს ვუნაწილებთ. ყველაფერს ერთბაშად ვერ მოიმარაგებ. ცხინვალში კვირაში ერთხელ პარასკეობით დადის "უაზი" და თუ გაგექცა, ცხინვალიდან ახალგორამდე ტაქსისთვის 50 ლარამდე გჭირდება. ახლა დელტა-შტამი მძვინვარებს და რომ კვდებოდე, რაიონში ექიმს ვერ იპოვი, მედიკამენტზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა, ზოგს დიაბეტი აქვს, წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ექიმისა და წამლის გარეშე როგორ ვიარსებებთ?!

- ხალხი აიცრა? - დიახ, ზოგმა, უფრო აქაურ "უწყებებში" დასაქმებულებმა, გარისკა და რუსული "სპუტნიკით" აიცრა. სხვა არჩევანი არც არის, რეგიონში მხოლოდ რუსული ვაქცინაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ ზოგს ორი წელია არ უნახავს ოჯახის წევრები, მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. უფროსმა თაობამ ინტერნეტის გამოყენება არ იცის, რომ იცოდეს, ყველგან არ იჭერს. მოკლედ, ძალიან მძიმე პირობები გვაქვს. შეიძლება ითქვას, გარე სამყაროს მოწყვეტილი ვართ. ძალიან მიყვარს ჩემი სახლ-კარი, მიწა-წყალი, მაგრამ დარჩენილ ცხოვრებას იზოლაციაში ვერ გავატარებ, მით უფრო, რომ ჩემი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები, აქ ვერ იცხოვრებენ და სანამ პირში სული მიდგას, შვილებით გავიხარებ. პირველი არა ვარ, ვინც დევნილი გახდა.

- სხვებიც ასე ფიქრობენ? - ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ბევრი ამ აზრზეა. ხშირად გალელებს გვადარებენ, აბა, ისინი როგორ ძლებენო. ორი წელია გზა არ გახსნილა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გალელები რისკავენ და მდინარით გადადიან. ჩვენ არა გვაქვს მსგავსი სიტუაცია, თორემ ჩვენც გავრისკავდით სიცოცხლის ფასად. ასეთი გზებიც არ არსებობს. მოკლედ, მძევლები ვართ. ძალიან მძიმეა სახლის დატოვება, მაგრამ აქ აღარ დაგვედგომება. ერთმა მეზობელმა მითხრა, არ ვიცი, რის იმედად, მაგრამ ერთ გასაღებს მაინც დაგიტოვებო... ვიცი, წასვლა კოშმარი იქნება, მაგრამ დარჩენაც საშინელებაა.

"მხოლოდ ქართველები კი არა, ოსებიც მიდიან. ხალხს არჩევნის გაკეთება სახლის მიტოვებასა და გადარჩენას შორის უწევს"

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი: - წასვლამდე მოქალაქემ ყველანაირი ვალი უნდა დაფაროს: კომუნალური ან საბანკო ვალდებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ წავა კანონიერად...

- დაცლილი რაიონი მძიმე სანახავია, არა? - ძალიან. მრავალბინიან კორპუსში ვცხოვრობ, სადაც მხოლოდ ორი კაცი დავრჩით. ერთ სართულზე კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობს. ჩემს ქუჩაზე რამდენიმე საჯარო დაწესებულებაა, ჩემი ბინის ფანჯრები მილიციის განყოფილებას უყურებს. ახალგორის ძველ ქუჩებს ბალახი მოედო. ხშირად ვაკეთებ ვიდეობლოგებს ამა თუ იმ უბანზე, ჩერნობილს რომ ჰგავს, მაგრამ რა?.. დევნილები ან შემდეგ წასულები მთხოვენ, მათი უბნებიც ვანახო და ვაფრთხილებ, რომ მძიმე სანახავია. ზოგჯერ ჩამოგლეჯილი დარაბების მიღმა ვიჭყიტები, რომელიც დრომ ან ქარმა ჩამოგლიჯა. ერთხელ კედლის საათი ვნახე, რომელიც ჯერაც მუშაობდა. უცებ წარმოვიდგინე, როგორ წიკწიკებდა საათი ცარიელ სახლში და შემეშინდა... ზოგჯერ ვნატრობ, მყიდველი მაინც იყოს, მაგრამ არავინაა. მხოლოდ ქართველები კი არა, ოსებიც მიდიან. ხალხს არჩევნის გაკეთება სახლის მიტოვებასა და გადარჩენას შორის უწევს. ჩემი მშობლები 5 წუთის სავალზე ცხოვრობენ, მათი აქ ყოფნა მაძლიერებს. ხანდახან დღეში რამდენჯერმე მივდივარ. დედას დიაბეტი აქვს და გაჭირვებით ვშოულობ მისთვის მედიკამენტებს. აქ დარჩენა ძნელია. ამას წინათ, კბილი მტკიოდა, მაგრამ ცხინვალამდე წასასვლელი ფული არ მქონდა, ახალგორში კი ვერ ვიმკურნალე და გამირთულდა. ძლივს შევაკოწიწე სამკურნალო ფული. ცხინვალში სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

- საყვარელი ხელსაქმეც გაქვთ...

- დიახ, ბროშებს ვამზადებ, რომელსაც მუშტარი ყოველთვის ჰყავს. ხანდახან მარტოობისგან რომ არ გავგიჟდე, საგარეო ტანსაცმელს ვიცვამ, მაკიაჟს ვიკეთებ, სამკაულებს ავისხამ... თუმცა მაინც არა ვარ უბედური, პირიქით, აქ უამრავი რამ ვისწავლე, ყველაზე მთავარი - უთანასწორო ბრძოლა.

"მას შემდეგ, რაც პირი გადაადგილდება, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს..."

"წითელი ჯვრის" საერთაშორისო პროექტის მიხედვით პირობა ასეთია: "საცხოვრებლის შეცვლა სამუდამოა. მას შემდეგ, რაც პირი გადაადგილდება, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. რაიონის ადმინისტრაციის კონტროლირებად მხარეს მცხოვრები მოქალაქე ხელს აწერს საბუთს, რომლის თანახმად, მას უკვე აღარ აქვს პრეტენზია არანაირ უძრავ თუ მოძრავ ქონებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. ამგვარად, მოსახლეობის სახლი, ფაქტობრივად, მესაკუთრის გარეშე რჩება და ამის თაობაზე თავად მესაკუთრეს აქვს გაცხადებული თანხმობა".